Facebook Twitter

ბს-323(კ-22) 30 ივნისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.გ-მა და ნ.ლ-მა 09.03.2021წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №21 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე მ.გ-ისა და ნ.ლ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გამოცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავალდებულება.

საქალაქო სასამართლოში 22.06.2021წ. გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხედ დასახელდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მ.გ-ისა და ნ.ლ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გამოცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2021წ. გადაწყვეტილებით, მ.გ-ის და ნ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანება, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების მ.გ-ის და ნ.ლ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2022წ. განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 საოქმო გადაწყვეტილებით, განხილული ოჯახების დაზიანებული საცხოვრებელი სახლისა და მათი სოციალური მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ნ.ლ-ს, მ.გუ...-ს, თ.გ-ს და მ.გ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი სახლის შესყიდვაზე, ვინაიდან არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას, აქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლონ ამჟამინდელი საცხოვრებლით (...ში, ...ის I ჩიხი, №4-ში არსებული უძრავი ქონებით). ...ის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლს 2015 წელს მომზადებული შეფასების შედეგად მეწყრის გამო დაზიანების I კატეგორია მიენიჭა, ამასთან, 01.10.2020წ. გადამოწმების ოქმით დგინდება, რომ სახლის პირველი სართულის ყველა კედელი გამსკდარია, მარანში გამსკდარია ქვევრი, ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობები სერიოზულად არის დაბზარული და დანგრევის პირზეა, სახლის მეორე და მესამე სართულები ხისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გახსნილია, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მითითებული სახლი საცხოვრებლად უვარგისია სადავო არ არის. აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელეთა ოჯახი დროებით ცხოვრობს ნათესავის - ა.ლ-ის საცხოვრებელ ბინაში. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ა.ლ-ის განმარტების შესაბამისად, ამ უკანასკნელს სურს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვა, რის შემდგომ მოსარჩელეები დარჩებიან ღია ცის ქვეშ, რადგან მათ არ გააჩნიათ საცხოვრებლად ვარგისი არანაირი უძრავი ქონება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ“ საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების თაობაზე შევსებული განცხადებისა და მონიტორინგის საფუძველზე განიხილა მ.გ-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. მოსარჩელის ოჯახის შეუზღუდავ სარგებლობაშია ნ.ლ-ის დისშვილის ა.ლ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. კომისიის მიერ მოკვლეული მასალითა და მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი. ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ოჯახი შესაძლოა თავშეფასრის გარეშე დარჩეს. სასამართლო პროცესზე ვერ იქნა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ა.ლ-ი მათ გამოსახლებას აპირებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად დაკმაყოფილდებიან ის ოჯახები, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და არ გააჩნიათ საცხოვრებელი. მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ ვერ იქნა დადგენილი მ.გ-ის ოჯახის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება, რადგან მის ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1.2 მუხლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის 2.1 მუხლის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. „დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე“ 17.03.2015წ. განცხადებაში (ს.ფ. 97-98) მ.გ-მა მიუთითა, რომ ...ში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არის დაბზარული და დეფორმირებული, სახლი დგას მეწყერზე, ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობები თითქმის დანგრეულია, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ( ც.ყ-ი) უჭირს გადაადგილება, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. 2015 წლის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის მიხედვით, მ.გ-ის, ნ.ლ-ის, ც.ყ-ის, თ.გ-ის და მ.გ-ის ...ში, სოფ. ...ში მდებარე სახლმა დაზიანება მიიღო მეწყრის შედეგად, სახლის დაზიანების თარიღად მითითებულია 2013წ.. 11.02.2020წ. განცხადების შეფასების ფორმის მიხედვით, მ.გ-ის ოჯახს მიენიჭა სულ 16 ქულა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორიის გამო 10 ქულა და სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არარსებობის გამო 6 ქულა. 01.10.2020წ. გადამოწმების ოქმის თანახმად, ...ში, სოფ. ...ში მდებარე მ.გ-ის საცხოვრებელი სახლი არის სამ სართულიანი, რომელიც ნახევრად კაპიტალური ნაგებობაა, პირველი სართულის ყველა კედელი გამსკდარია, მარანში გამსკდარია ქვევრი, ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობები დაბზარულია და დანგრევის პირასაა, სახლის მეორე და მესამე სართული არის ხის, მაგრამ მიუხედავად ამისა გახსნილია, მ.გ-ის ოჯახი ცხოვრობს ნათესავის - ნ.ლ-ის დისშვილის ა.ლ-ის სახლში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 სხდომის ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მ.გ-ის ოჯახს, რომელიც შეფასებულია 16 ქულით და ...ში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელს სახლს მინიჭებული აქვს I კატეგორიის დაზიანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის მ.გ-ის ოჯახი. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ...ში, ...ის I ჩიხ. №4-ში მდებარე უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. დადგენილია, რომ მ.გ-ის ოჯახი შეფასდა 16 ქულით და ...ში, სოფ. ...ში მდებარე მოსარჩელეთა საცხოვრებელს სახლს მიენიჭა I კატეგორიის დაზიანება. ამდენად, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან შეუზღუდავად სარგებლობს ა.ლ-ის საკუთრებაში არსებული სახლით, ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება ეკომიგრანტი ოჯახის გამოსახლების საშიშროება, უსაფუძვლოა, აღნიშნული მითითებები არ ქმნის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. პირველი ინსტანხიის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა.ლ-ი. მოწმის განმარტებით მას სურს მის საკუთრებაში არსებული იმ საცხოვრებელი სახლის გასხვისება, სადაც ამჟამად მ.გ-ის ოჯახი ცხოვრობს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები ოჯახთან ერთად ცხოვრობენ ...ის რაიონში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც არ წარმოადგენს მათ საკუთრებას. 02.12.2019წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ...ში, ...ის I შეს. №4-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა არის ა.ლ-ის საკუთრება (ს.ფ. 29-30). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ.გ-თან და ნ.ლ-თან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მათ არასრუწლოვან შვილებს მ.გ-ს და თ.გ-ს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ.გ-ის ოჯახი არის სტიქიური მოვლების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი, რომლის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი