№ბს-1141(კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე- ბ.მ-ი (მოსარჩელე); მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიურო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) -ნ.მ-ე, სს ,, მ...“, სსიპ შემოსავლების სამსახური).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 20 ივნისს ბ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 18 იანვარსა და 2009 წლის 18 თებერვალს შპს „ ტ...ის“ სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მასში ცვლილების რეგისტრაციის (უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №1/12, საკადასტრო კოდი: ...), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 29 მაისსა და 2014 წლის 8 მაისს განხორციელებული საკუთრებისა და იპოთეკის უფლების რეგისტრაციის (უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №12, საკადასტრო კოდი: ...) და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს №A12001156017/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2014 წლის 4 აგვისტოს ბ.მ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ, დამატებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის №4912 და 2009 წლის 12 თებერვლის №319 მიწერილობების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 მაისისა და 2014 წლის 24 ივნისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შეწყვეტის შესახებ მიღებული №... და №... გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 9 ივლისის №... და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული აქტების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 იანვრის უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ფიზიკური პირის ბ.მ-ის მიერ 2014 წლის 15 მაისის №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენნ. ნ.მ-ე, შპს „მ...“, სსიპ შემოსავლების სამსახური და შპს „ტ...“.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის №4912 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი ..., რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა შპს ,,ტ...ის“ (100% სახელმწიფო წილი) სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 18.01.2008 წელი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 თებერვლის №319 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 თებერვლის №... გადაწყვეტილება, საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი ..., რომლითაც უძრავი ქონება დარეგისტრირდა შპს ,,ტ...ის“ სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი ბ.მ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2014 წლის 13 ივნისს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის №1170 დაკმაყოფილებაზე უარი; დანარჩენ ნაწილში ბ.მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ბ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ბ.მ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემთა ბაზა გადაცემული ჰქონდა საჯარო რეესტრს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებსა და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შედეგად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის №4912 და 2009 წლის 12 თებერვლის №319 აქტების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების აღრიცხვით დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა იმ ქონებაზე, რომელიც უკვე აღრიცხული იყო თ.ა-ის სახელზე და მემკვიდრეობით გადაეცა ბ.მ-ს.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ნ.მ-ემ უძრავი ქონება შეიძინა აუქციონზე, მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის ქონების იძულებით გასხვისების შედეგად. მესამე პირების მიერ ქონების შეძენა მოხდა მესაკუთრედ რეგისტრირებული პირებისგან, კეთილსინდისიერად მოქმედების ფარგლებში და მათ სახელზე უფლების რეგისტრაციაც შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა. ამდენად, მოცემული რეგისტრაციებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბ.მ-ს, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა საკუთრების უფლება - 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში თ.ა-ის სახელზე აღრიცხული იყო 356 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტ იდენტიფიცირება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ ხერხდება.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მართალია, სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციით, თუმცა, უფლების რეგისტრაციის შესახებ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, თუკი სააგენტო დაადგენდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას, იგი უარს იტყოდა უფლების რეგისტრაციაზე. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული - სამინისტროს მიმართვის ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაშვებობის საფუძვლების შემოწმება, ხდება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №1-ში მდებარე 356 კვ.მ. ნაკვეთის (ფუნქცია - გაურკვეველი), 32.90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 8.10 კვ.მ. დამხმარე ფართის მესაკუთრედ აღრიცხულია თ.ა-ი.
2012 წლის 13 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ბ.მ-მა, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო თ.ა-ის სამკვიდრო ქონება - ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №1-ში მდებარე უძრავი ნივთი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ბ.მ-ის საკუთრებას წარმოადგენს: ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №1-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართი: 111 კვ.მ. (მიწის საკადასტრო კოდი ...). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია სამკვიდრო მოწმობა №...
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ 2007 წლის 10 დეკემბრის №4912 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა შპს „ტ...ის“ საკუთრებად (100%-იანი წილის მესაკუთრე - სახელმწიფო) ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ...ის დარეგისტრირება და ამონაწერის გაცემა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №1-ში მდებარე უძრავი ნივთი (დაუზუსტებელი ფართობი 78 კვ.მ., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №...) და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (საერთო ფართით: 53,95 კვ.მ.) საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „ტ...ის“ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 10 დეკემბრის №4912 წერილი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №12-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ღია აუქციონის წესით რეალიზებული იქნა შპს „ტ...ის“ ყადაღადადებული ქონება. აღნიშნულზე გაიცა ასევე სააღსრულებო ფურცელი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს №A12001156-017/001 განკარგულებით დგინდება რომ შპს „ტ...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №12, საკადასტრო კოდი: ..., 2012 წლის 16 მაისს დასრულებულ პირველ იძულებით აუქციონზე შეიძინა ნ.მ-ემ.
საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 8 მაისის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №12-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 78 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 53 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე (...), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №A12001156-017/001 განკარგულების საფუძველზე, დარეგისტრირებულია ნ.მ-ის საკუთრების უფლება, ასევე, ქონებაზე დარეგისტრირებული იყო იპოთეკა, იპოთეკარს წარმოადგენდა სს „ მ...“.
2014 წლის 02 დეკემბერს მოვალე ნ.მ-ემ, 2014 წლის 07 მაისს გაფორმებული №... სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გაქვითვის ანგარიშში, კრედიტორს საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი უძრავი ქონება: დაზუსტებული ფართობი - 78,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა - 53.00 კვ.მ. (...), მისამართი: ქ. სიღნაღი, ...ის ქ. №12, საკადასტრო კოდი: ....
2014 წლის 15 მაისს ბ.მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №1-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებული ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების გამო, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრებში, ასევე ნაკვეთი იცვლიდა კონფიგურაციასა და ფართს. განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
ბ.მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №... და 2014 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 09 ივლისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 აპრილის №50017521116 დასკვნიდან დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაციის და ექსპერტიზაზე კვლევისთვის წარდგენილ, სიღნაღის რაიონული სასამართლოს საქმეში (ს.ფ. №32) არსებული ამონაწერის თანახმად, სააგენტოში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობდა ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №12-ში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში 2014 წლის 15 მაისს №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები) მდებარეობდა №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების ადგილას, რომლებიც შესაბამისად მდებარეობდნენ ქ. სიღნაღში, ...ის ქ. №12-სა და №1-ში.
საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის და განმარტების თანახმად, „რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია - კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).
ამდენად, ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. ამდენად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბ.მ-ზე განხორციელებულ რეგისტრაციას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების მიღება შპს „ტ...ის“ სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს, შპს „ტ...ის“ (100% სახელმწიფოს მონაწილეობა) საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოეკვლია საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის დაუზუსტებელი რეგისტრაციის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის №ბს-451(კ-20) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი