№ბს-313(კ-22) 16 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.ნ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 7 აგვისტოს ი.ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის №03/9060 წერილობითი მიმართვის (მოსარჩელის ი.ნ-ის ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა, მოსარჩელე ი.ნ-ის, 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელის - ი.ნ-ის და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში უზრუნველყოფის თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის №03/9060 წერილობითი მიმართვა, მოსარჩელის ი.ნ-ის ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე და მოსარჩელე ი.ნ-ი ცნობილ იქნა 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულად; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის - ი.ნ-ის და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის №03/9060 წერილობითი მიმართვა, მოსარჩელის ი.ნ-ის ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, მოსარჩელე ი.ნ-ი ცნობილი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულად და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - მოსარჩელე ი.ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ქ. თბილისში უზრუნველყოფის თაობაზე, ქულათა რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლსიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ, ქ. თბილისში გადმომისამართებასთან დაკავშირებით ნება გამოხატული იყო 2013 წლის 1 ივნისამდე, კერძოდ, 2013 წლის 07 მარტს სამინისტროში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც სამინისტროდან პასუხი მიიღო 2013 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 5 თვის შემდეგ. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2013 წლის 01 ივნისამდე მოსარჩელის რეგისტრაცია ქ. ...ში ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. ი.ნ-ს 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში გადმომისამართება არ განხორციელდა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა 2013 წლის მარტის თვეში წარდგენილი განცხადების განხილვა. აღნიშნულს კი შედეგად მოყვა ის, რომ მოგვიანებით მიღებული საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად, მოსარჩელეს მოესპო შესაძლებლობა შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე დაკმაყოფილებულიყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი განცხადების დამუშავება გულისხმობდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი ოჯახის საფუძვლიან და ობიექტურ შეფასებას აღნიშნულ წესში მითითებული ყველა კრიტერიუმის მიხედვით და სათანადო ქულის მინიჭებას, ასევე საჭიროებისა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახის დამატებით გამოკვლევას და მინიჭებული ქულის კორექტირებას. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის ოჯახი საერთოდ არ იყო გამოკვლეული და შეფასებული შეფასების კრიტერიუმის მიხედვით, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ი.ნ-მა 2013 წლის 7 მარტს, განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა თბილისში გადმომისამართება, ვინაიდან, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ქ. თბილისში, სადაც მუშაობდა და შვილი დაჰყავდა სკოლაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართების გადაცემა მხოლოდ იმ დევნილებისთვის ხორციელდება, რომელთა საცხოვრებელი ადგილი სამინისტროში/სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული (დამისამართებული). სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ი.ნ-ი თბილისში დამისამართდა 2013 წლის 30 აგვისტოს. მოცემულ დავაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა არსებობდა თუ არა ი.ნ-ის ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ 1996 წლიდან მოსარჩელე დამისამართებული იყო ...ის მუნიციპალიტეტში და მხოლოდ 2013 წლის 30 აგვისტოდან დამისამართდა ქ. თბილისში. მიუხედავად მოსარჩელის ქ. თბილისში ფაქტობრივად ცხოვრებისა, აღნიშნული ვერ ჩაანაცვლებს მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნისათვის, კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის სავალდებულოობას.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსგს საინფორმაციო ბარათით ვერ დადგინდება მისი 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, პირის დევნილობის პერიოდში მის დროებით საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია მხოლოდ დევნილთა სააგენტო და არა სერვისების განვითარების სააგენტო. ამ ორ უწყებაში არსებული, დამოუკიდებელი, თვისობრივად განსხვავებული მონაცემთა ბაზების შედარება კი შეუძლებელია.
დევნილი ოჯახების თბილისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თბილისში მათი საცხოვრებელ ადგილად რეგისტრაციის ფაქტს და დროს. კერძოდ, ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართების გადაცემა მხოლოდ იმ დევნილებისათვის ხორციელდება, რომელთა საცხოვრებელ ადგილად, სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში, თბილისი 2013 წლის 1 ივნისამდეა რეგისტრირებული (დამისამართებული). თუმცა ი.ნ-ის ოჯახს აქვს შესაძლებლობა განცხადების საფუძველზე, უკვე შევსებული განაცხადი გადაიტანოს საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რის შემდეგაც სააგენტოს შესაძლებლობა ექნება იმსჯელოს ოჯახისათვის საცხოვრებლის გადაცემის თაობაზე უკვე სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში გარდა თბილისისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ი.ნ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ნ.ც-ის დაბადების მოწმობით დგინდება, რომ ნ.ც-ე (პ/ნ...) დაიბადა ... წლის ... ...ს ქ. თბილისში, მშობლები: მამა - გ.ც-ე (პ/ნ...), დედა - ი.ნ-ი (პ/ნ...). ...ის დაბადების მოწმობით დგინდება, რომ მ.ც-ე (პ/ნ...) დაიბადა ... წლის ... ...ს ქ. თბილისში, მშობლები: მამა - გ.ც-ე (პ/ნ ...), დედა - ი.ნ-ი (პ/ნ...).
2019 წლის 25 სექტემბრის №... განქორწინების მოწმობის თანახმად, ცოლი - ი.ნ-ი (პ/ნ ...) და ქმარი - გ.ც-ე (პ/ნ ...) განქორწინდნენ 2019 წლის 25 სექტემბერს. 2013 წლის 7 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №12ა-12ბ საკადასტრო კოდი №... შესაბამისად თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ა.ც-ე (პ/ნ ...) და ა.ც-ე (პ/ნ ...). 2013 წლის 7 მარტის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის შესაბამისად, ა.ც-ე თანახმაა, კუთვნილ ბინაში მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქ.№12ა-12ბ, ბინა №..., დროებით დარეგისტრირდეს ი.ნ-ი.
2011 წლის 15 აგვისტოს ... უნივერსიტეტის №... ცნობის თანახმად ი.ნ-მა ნამდვილად დაამთავრა ... უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, მიენიჭა ...ის ბაკალავრის კვალიფიკაცია, სპეციალობით „ ...“ (ბრძანება №..., 24.06.2011წ).
ი.ნ-მა 2013 წლის 7 მარტს, განცხადებით მიმართა სამინისტროს და მიუთითა, რომ ცხოვრობდა ქ. თბილისი, ...ის ქ. №12ა, ბინა ... და მოითხოვა ქ. თბილისში გადმომისამართება, ამასთანავე განმარტა, რომ ორ წელზე მეტია ცხოვრობდა ქ. თბილისში. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2021 წლის 12 მარტის წერილით დგინდება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ი.ნ-ი დევნილად რეგისტრირებული იყო 1996 წლიდან ...ის მუნიციპალიტეტში ...ის ქ. №10-ში, დევნილთა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით 2013 წლის 30 აგვისტოს მას შეეცვალა დევნილის მიმდინარე იურიდიული მისამართი, 07.03.2013 წლის №... პირადი განცხადების საფუძველზე და დამისამართდა ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №12ა/12ბ, ბინა №.... 2019 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელე ი.ნ-მა განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ითხოვა, ოჯახის შემადგენლობა განისაზღვრა ოჯახის უფროსი - ი.ნ-ი, შვილი - ნ.ც-ე.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 2019 წლის 11 მაისის ელექტრონული ფორმის შესაბამისად, ი.ნ-ი, მცხოვრები ქ. თბილისი, ..., ...ის ქ. №12ა/12ბ, ბინა №..., შეფასდა 0 ქულით.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 ივლისის №03/9060 წერილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4. პუნქტის თანახმად, ქ. თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. მოსარჩელეს ეთქვა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე და განემარტა, რომ დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, თბილისში დარეგისტრირდა 2013 წლის 30 აგვისტოს, ვინაიდან ი.ნ-ი ქ. თბილისში რეგისტრირებული იყო 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი განეხილა ი.ნ-ის განცხადება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-13 მუხლზე (მუხლი 13. ოჯახის ერთიანობის პატივისცემისა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებები), რომლის თანახმად, 1. ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ. 2. იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. 3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. 4. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-30/ნ 2021 წლის 8 აპრილი) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი.ნ-ის ოჯახისთვის ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მისი ოჯახი დამისამართებული იყო - ქ. თბილისში ...ის ქ. №12ა/12ბ ბ. №... 2013 წლის 30 აგვისტოდან. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.4. პუნქტის თანახმად კი, ქ. თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. ამდენად, მოსარჩელეს ეთქვა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაზე და განემარტა, რომ დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, თბილისში დარეგისტრირდა 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ, 2013 წლის 30 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს-479-459(კ-10) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად ცალსახად დგინდება, რომ ი.ნ-მა 2013 წლის 7 მარტს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ დევნილობის დღიდან რეგისტრირებული იყო ...ში. თუმცა ორ წელზე მეტია ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №12ა, ბინა №...ში და მოითხოვა ქ.თბილისში გადმომისამართება. ასევე განმარტა, რომ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში, სადაც მუშაობდა და შვილი დაყავდა სკოლაში. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 2013 წლის 30 აგვისტოს და მოსარჩელე, ...ის მუნიციპალიტეტიდან გადმოამისამართა თბილისში.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ი.ნ-ის ოჯახის, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში ფაქტობრივად ცხოვრება და ამავდროულად, 2013 წლის 7 მარტს, 2 თვით ადრე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადმომისამართების მოთხოვნით მიმართვა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკმაყოფილდა, დევნილი ოჯახის თბილისში საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნებისთვის, ქმნიდა ი.ნ-ის თბილისში რეგისტრირებულ პირად მიჩნევის და შესაბამისად, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა