№ბს-720(კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს " ჯ..."; მოპასუხეები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 თებერვალს სს „ჯ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელის მიერ, მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოპასუხე მხარეებად მიეთითა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 1 თებერვლის №1/2-67 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 2016 წლის 8 თებერვლის №1/2-71 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის №1-1/123 ბრძანების (სს „ჯ...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2016 წლის 04 თებერვლის №..., 2016 წლის 12 თებერვლის №... და 2016 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეებს დაევალათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით არ დაუდგენიათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, არ ყოფილა გამოკვლეული, ხომ არ ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება კერძო პირის საკუთრებაში, ხომ არ ყოფილა გასხვისებული სახელმწიფოს მიერ ხსენებული მიწის ნაკვეთები, რადგან კერძო პირის სახელზე არსებული რეგისტრაცია გამორიცხავდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2016 წლის 1 თებერვლის №1/2-67 ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ყოფილი ...ის ტერიტორიაზე არსებული 6452 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №...), ხოლო 2016 წლის 8 თებერვლის №1/2-71 ბრძანების საფუძველზე - ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ყოფილი ...ის ტერიტორიაზე არსებული 119 კვ.მ. (ს/კ ...) და 7569 კვ.მ. (ს/კ ...) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. დასახელებული აქტების გამოცემამდე სააგენტომ მიმართა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დასარეგისტრირებელი უძრავი ნივთების თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით. საჯარო რეესტრის 2016 წლის 28 იანვრის №... წერილის თანახმად, მითითებულ მიწის ნაკვეთებზე არ იყო რეგისტრირებული კერძო პირთა საკუთრების უფლება.
2017 წლის 24 აგვისტოს სს „ჯ...ის“ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა №... სარეგისტრაციო განაცხადი ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციის მიზნით. წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადზე საჯარო რეესტრის მიერ 2018 წლის 4 ივლისს მიღებული №... გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დადგენილ იქნა ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებთან, მათ შორის, №..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. სს „ჯ...მ“ 2016 წლის 16 ივნისის №... და ამავე წლის №... განცხადებებით მიმართა სააგენტოს ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ყოფილი ...ის ტერიტორიაზე არსებული 6452 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო მონაცემების კორექტირების მოთხოვნით. „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 16.10.2012 წ. №ო1/1-90 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ...ის რაიონის დაბა ...ში, ყოფილი ...ის ტერიტორიაზე მდებარე 6452 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან, წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტაციით სს „ჯ...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააგენტოში №... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ სს „ჯ...ს" ეცნობა სააგენტოს 2016 წლის 06 ოქტომბრის №ო... წერილით. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეს არ გაუსაჩივრებია.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, №..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მათზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება.
არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, უძრავი ქონების ზედდებისას წარმოშობილი დავების დროს, უნდა განხორციელდეს დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული უძრავი ქონებისა (მოცემულ შემთხვევაში, სს - ჯ...ის საკუთრების უფლებით დაუზუსტებელი მახასიათებლებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება) და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების (მოცემულ შემთხვევაში №... განაცხადით საჯარო რეესტრში მიმდინარე წარმოებისას წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი) საკადასტრო მონაცემთა იდენტურობის საკითხის განხილვა და მხოლოდ მათი იდენტურობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დადგინდეს არის თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (განსახილველ შემთხვევაში, №..., №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებები) სრულად ან ნაწილობრივ იდენტური, რაც მხარის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში შეფასებული და შესწავლილი არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2000 წლის 06 იანვრიდან, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ,,ჯ...ის" საკუთრების უფლება 35 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა -...ი, კოდი .., სექტორი - დაბა ... კოდი ..., კვარტალი №..., ნაკვეთი №..., მისამართი - ...ის მიმდებარედ. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის 1984 წლის 7 მარტის ბრძანება №250, საქართველოს მინისტრთა საბჭოს მიერ 1980 წ. 12 თებერვალს გაცემული №106 დადგენილება. პირველადი რეგისტრაციის შემდეგ სს ,,ჯ...ის" სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მონაცემებში რაიმე ცვლილება რეგისტრირებული არ ყოფილა.
2016 წლის 22 იანვარს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №16/3050 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ...ის მუნიციპალიტეტის, დაბა ...ში ყოფილი „...ის ტერიტორიაზე“ მდებარე 119 კვ.მ, 7569 კვ.მ, 1207 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიების მიზნით. საჯარო რეესტრის 2016 წლის 28 იანვრის №... წერილის თანახმად, მითითებულ მიწის ნაკვეთებზე არ იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება. აქვე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლეოდა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 01 თებერვლის №1/2-67 ბრძანების საფუძველზე, ,,რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ყოფილი „...ის“ ტერიტორიაზე არსებული 6452 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...).
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 08 თებერვლის №1/2-71 ბრძანების საფუძველზე, ,,რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ყოფილი „...ის“ ტერიტორიაზე არსებული 119 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (ობიექტი №1 (ნანგრევი)), ს.კ. .... ხოლო №... გადაწყვეტილებით - „რეგისტრაციის შესახებ“, სახელმწიფოს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ყოფილი „...ის“ ტერიტორიაზე არსებული 7569 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ობიექტი №1 (ნანგრევი); ობიექტი №2 (ნანგრევი); ობიექტი №3 (ნანგრევი); ობიექტი №4 (ნანგრევი)) (ს.კ. ...).
2017 წლის 24 აგვისტოს სს „ჯ...მ“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №... სარეგისტრაციო განაცხადი ...ის მუნიციპალიტეტში, დაბა ...ში, ყოფილი „...ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, რაზეც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივლისის №... გადაწყვეტილების თანახმად სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დადგენილ იქნა ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებთან, საკადასტრო კოდებით - ..., ... და ....
2018 წლის 13 ივლისს სს „ჯ...ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 1 თებერვლის №1/2-67 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 2016 წლის 8 თებერვლის №1/2-71 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის №1-1/123 ბრძანებით ს.ს „ჯ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მათზე კერძო პირთა საკუთრების უფლება არ ფიქსირდებოდა, ასევე არ დადასტურდა სს „ჯ...ის“ საკუთრებაში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების საკადასტრო საზღვრის იდენტურობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო, „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი როგორც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებები, რითაც, მიწის ნაკვეთებზე, საკადასტრო კოდებით - №..., №... და №..., დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ასევე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2016 წლის 1 თებერვლის №1/2-67 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 2016 წლის 8 თებერვლის №1/2-71 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის №1-1/123 ბრძანება.
საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის და განმარტებების შესაბამისად, „რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია - კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართვის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ეტაპზე, სადავო უძრავ ქონებებზე არ ფიქსირდებოდა დაზუსტებულად რეგისტრირებული საკუთრების უფლება, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული იყვნენ ყოველმხრივ გადაემოწმებინათ სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, რათა არ დაეშვათ ერთსა და იმავე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, დაუზუსტებელი მონაცემებით, 2000 წლის 06 იანვრიდან სს ,,ჯ...ის" სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 35 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა - ...ი, კოდი ..., სექტორი დაბა ... კოდი ..., კვარტალი №.., ნაკვეთი №..., მისამართი - ...ის მიმდებარედ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივლისის №... გადაწყვეტილების თანახმად კი, სს „ჯ...ის მიერ“ ცვლილების სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, დადგენილ იქნა ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებთან, რომელთა საკადასტრო კოდებია ..., ... და .... თუმცა, ამ საკადასტრო კოდებზე, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მოპასუხეებს დეტალურად არ გამოუკვლევიათ სხვა პირთა უფლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, უძრავ ქონებაზე ორი ურთიერთგამომრიცხავი უფლების რეგისტრაციის პირობებში, უპირატესია პირველად რეგისტრირებული საკუთრების უფლება და სახეზეა მომდევნო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ბს-381(4კ-20) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაფასებელ საკითხს, სწორედ მიწის ნაკვეთების იდენტურობის, მათი საკადასტრო მონაცემების გადაფარვის საკითხი წარმოადგენს. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, მოპასუხეებმა უნდა დაადგინონ თუ სად მდებარეობს სს „ჯ...ზე“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება და ხდება თუ არა მისი საკადასტრო მონაცემების ზედდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ, სახელმწიფოს საკუთრებად დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოებს, სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვისა და რეგისტრაციის გადაწყვეტილებების მიღებისას, უნდა გამოეკვლიათ საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია ნაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის, დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა