Facebook Twitter

№ბს-727(2კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და დ.ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის გადაწვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 20 ივლისს დ.ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის ოქმის (გადაწყვეტილების) დ.ტ-ის ნაწილში (რომლის თანახმად ...ის მიმართულებაზე კონკურსის მესამე ეტაპზე გადავიდა 20 კონკურსანტი, ხოლო მოსარჩელემ დაიკავა 21-ე ადგილი) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაშვებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კონკურსში წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელში იშუამდგომლა დროებითი განჩინების მიღებაზე, კერძოდ: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის 2017 წლის 4 აგვისტომდე მოსარჩელის კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაშვებისა და ...ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის 1920 აშშ დოლარის და საცხოვრებლად 20 830 აშშ დოლარის დაფინანსების დავალების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის დროებითი განჩინებით დ.ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა 2017 წლის 4 აგვისტომდე მოსარჩელე დ.ტ-ე დაეშვა კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის №2 სხდომის ოქმის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც დ.ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, ამასთან, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ამავე ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს №10 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 23 680 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში და 27 470,18 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით დ.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ტ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით დ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება; დ.ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის №2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც დ.ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს №10 სხდომის ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 28 აპრილს მიღებული იქნა №14-17 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

მითითებული ბრძანების დანართის №1-ის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ განაცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

დანართით ასევე დადგინდა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 09 ივნისს მიღებული იქნა №21-17 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018-ის“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომელიც განისაზღვრა 10 კომისიის წევრით. აღნიშნული ბრძანებით ასევე დადგინდა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი.

სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 2017 წლის 28 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ცენტრში გადაგზავნილი იქნა 208 კონკურსანტის განაცხადი, რომელთა შორის იყო დ.ტ-ე.

მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების ფორმები, ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად.

დანართი №2 მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე).

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შესახებაც შედგა ოქმი №2.

მითითებული ოქმის თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე კომისიასთან გასაუბრების მიზნით მოწვეული იქნას ყველა კონკურსანტი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე შეფასდა შინაარსობრივად პრიორიტეტულად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე/სპეციალობებზე: განათლება, ინჟინერია, არქიტექტურა, აგრარული მიმართულებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, საჯარო მმართველობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №2 ოქმის დანართით დგინდება, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე დ.ტ-ის შეფასება შეადგენდა 32.4 ქულას და ...ის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე იყო, რის გამოც მან ვერ გადალახა მეორე ეტაპი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის №3/5045-17 დროებითი განჩინების საფუძველზე დ.ტ-ე დაშვებული იქნა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მესამე ეტაპზე. 2017 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო კომისიამ დ.ტ-ესთან ჩაატარა გასაუბრება, რის შესახებაც შედგა ოქმი N10. აღნიშნული ოქმის თანახმად, კონკურსის მესამე - გასაუბრების ეტაპზე დ.ტ-ის შედეგი განისაზღვრა 27.9 ქულით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკონკურსო კომისიის ცალკეული წევრი, კომპეტენციის შესაბამისად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აფასებდა კონკურსანტს თითოეულ კომპონენტთან მიმართებაში. ამასთან, შეფასება უნდა დაყრდნობოდა შესაბამის ფაქტობრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით კომისიისათვის აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა მოსარჩელის დ.ტ-ის მიერ, კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან 0 ქულით შეფასდა, ხოლო ამ სადავო კომპონენტში ერთ-ერთი კომისიის წევრი მოსარჩელეს 10 ქულით აფასებდა, სცდებოდა გონივრულობის ფარგლებს და 0 ქულის დაწერა თავისთავად უკავშირდებოდა შემთხვევას, როდესაც საერთოდ შეუძლებელი იყო რაიმე სახის ინფორმაციის დადგენა კონკრეტულ კრიტერიუმთან მიმართებაში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა მხოლოდ აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ პოზიციის გაურკვევლობას, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მხრიდან პოზიციის წარუდგენლობას. ამდენად, კომისიის წევრის მხრიდან შეფასებას შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა მხოლოდ კონკურსანტის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გარკეულობის ხარისხი, რაც გონივრულ პირობებში გამორიცხავდა 0 ქულით შეფასების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სადავო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს №10 საოქმო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, კონკურსის მესამე ეტაპზე დ.ტ-ის შეფასებამ შეადგინა 27,9 ქულა, შესაბამისად, მან გასაუბრების ბოლო ეტაპი - გასაუბრება ვერ გადალახა. ოქმის შინაარსის თანახმად, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, დ.ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას, კერძოდ, კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №2 საოქმო გადაწყვეტილებით, ...ის მიმართულებაზე, კონკურსის მე-3 ეტაპზე გადავიდა საუკეთესო რეიტინგის მქონე 20 კონკურსანტი. აღნიშნულ მიმართულებაზე სრულყოფილი განაცხადი წარდგენილი ჰქონდა სულ 37 კონკურსანტს. მიღებული ქულის მიხედვით (32.4) დ.ტ-ემ დაიკავა 21-ე სარეიტინგო ადგილი. ცენტრს დაევალა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის დროებითი განჩინების საფუძველზე, დ.ტ-ის დაშვება გასაუბრების ეტაპზე. კომისიამ კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე დ.ტ-ის შეფასება აწარმოა 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმების მეშვეობით. დ.ტ-ის გასაუბრების ეტაპის შედეგია იყო - 27,9 ქულა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს №10 საოქმო გადაწყვეტილება არ შეიცავდა სათანადო დასაბუთებას მოსარჩელესთან გასაუბრების შედეგების თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაურკვეველი იყო იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა საბოლოოდ მოსარჩელისათვის 27,9 ქულის განსაზღვრას და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის №2 სხდომის ოქმის (იმ ნაწილში, რომლითაც დ.ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მეორე ეტაპი) და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს №10 სხდომის ოქმის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა და დ.ტ-ემ.

კასატორი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. იგი დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით. სასტიპენდიო კონკურსის შედეგები ეფუძნება კონკურსის ეტაპებზე კომისიის მიერ ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მინიჭებულ ქულობრივ შეფასებებს. კონკურსანტის შეფასებისას კომისია იკვლევს და აფასებს წარმოდგენილ განაცხადს, შესაბამისად ანიჭებს კონკურსანტებს ქულებს წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებისა და განსაზღვრული ქულობრივი სპექტრის ფარგლებში. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული ქულა კი წარმოადგენს კონკურსანტის საკონკურსო შეფასებას, რაც უზრუნველყოფს კომისიის წევრების მიერ მინიჭებული შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.

კასატორი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის №2 სხდომის ოქმის იმ ნაწილში, ბათილობასთან დაკავშირებით, რომლითაც დ.ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის სხდომის №1 ოქმით დამტკიცებული კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების ფორმის ერთ-ერთ კრიტერიუმს მართლაც წარმოადგენდა „აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები“, რაც თავის მხრივ მოიცავს კონკურსანტის აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მზაობის კომპონენტის შეფასებას. შესაბამისად, თითოეული კომისიის წევრი კონკურსანტის აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნებსა და მზაობას წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე აფასებს მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, პირადი პროფესიული შეფასების, შინაგანი რწმენისა და პირადი აღქმის საფუძველზე, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ შეიძლება შეფასდეს კანონთან მიმართებაში, შესაბამისად, კასატორის მიიჩნევს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს მინიჭებული ქულის მიზანშეწონილობა. თუმცა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობით პირდაპირ იჭრება საკონკურსო კომისიის დისკრეციაში და აწესრიგებს კონკრეტული ქულის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხს, რითაც ეწინააღმდეგება კანონს და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებს.

რაც შეეხება, სადავო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს №10 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის თანახმად, კონკურსის მესამე ეტაპზე დ.ტ-ის შეფასებამ შეადგინა 27,9 ქულა, შესაბამისად, მან გასაუბრების ბოლო ეტაპი - გასაუბრება ვერ გადალახა, კასატორი აღნიშნავს, რომ კონკურსანტი შეფასდა კომისიის მიერ დადგენილი წესით და მინიჭებული ქულა აისახა შესაბამის ოქმში, ხოლო კონკურსანტისათვის მინიჭებული თითოეული ქულის დასაბუთება საკონკურსო კომისიის წევრებს არ ევალებათ. სააპელაციო სასამართლო კი პირდაპირ იჭრება საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში და ადგენს არა მის მიერ საქმიანობის განხორციელებისა და შეფასების პროცესის მართლზომიერების, არამედ მიზანშეწონილობის საკითხს.

კასატორი - დ.ტ-ე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს აღნიშნული ნორმა, როდესაც სასამართლოს თავად არ შეუძლია გარემოებების გამოკვლევა. გარდა აღნიშნულისა, კასატორის მითითებით, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძვლები და მიზანშეწონილობა, რაც სააპელაციო სასამართლოს, მისი აზრით არ გაუკეთებია.

კასატორის მითითებით, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს საკითხის გადაწყვეტაზე ეთქვა უარი, საქმეზე დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა უნდა ყოფილიყო შეუძლებელი. განსახილველ შემთხვევაში კი აქტების უკანონობა (მართლსაწინააღმდეგო ქმედება) ფაქტობრივად დადგენილი არის. შესაბამისად, კასატორის მითითებით, დავის საგნიდან გამომდინარე მისთვის გაუგებარია რა საკითხის გამოკვლევა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლომ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი. სარჩელის დაზუსტების შემდეგ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აქტების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და აქტების ბათილად ცნობის ნაცვლად ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებით უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვაზე იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხევვაში დადგენილია მოპასუხის მიერ კონკურსის წესების უხეში დარღვევა და ზიანის ფაქტი, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

კასატორი სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩათვალა გადახდილად და არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ეტაპზე გადახდილი ბაჟი არ დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯის გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებზე უარს. მიუთითებს ასევე მტკიცების ტვირთის განაწილების წესის დარღვევაზეც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2020 წლის 14 სექტემბერის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.ტ-ის საკასაციო საჩივარი.

კასატორმა - დ.ტ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარმოუდგინა განცხადებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის №ბს-763(კ-20) გადაწყვეტილებაზე მითითებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და დ.ტ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება, რომლის თანახმადაც, განათლების საერთაშორისო ცენტრი შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. დებულების მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ცენტრის ფუნქციებში შედის საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცდა „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა”, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესსა და ზოგად პირობებს. აღნიშნული პროგრამის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 2.1 მუხლის თანახმად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 28 აპრილს მიღებული იქნა №14-17 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

მითითებული ბრძანების დანართის №1-ის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ განაცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

დანართით ასევე დადგინდა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 09 ივნისს მიღებული იქნა №21-17 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018-ის“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომელიც განისაზღვრა 10 კომისიის წევრით. აღნიშნული ბრძანებით ასევე დადგინდა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი. აღნიშნული კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით, კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები. აღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგინდა, რომ ოთხი კრიტერიუმის (მოტივაცია, მიმართულების/დარგის ცოდნა, გამოცდილება, საზოგადოებრივი ხედვა) შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-5 ქულამდე, ხოლო მეხუთე კრიტერიუმის (აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) შეფასება ხდებოდა 0-10 ქულამდე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად, განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი.

სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 2017 წლის 28 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ცენტრში გადაგზავნილი იქნა 208 კონკურსანტის განაცხადი, რომელთა შორის იყო დ.ტ-ე.

მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების ფორმები, ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად.

დანართი №2 მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე).

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შესახებაც შედგა ოქმი №2.

მითითებული ოქმის თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე კომისიასთან გასაუბრების მიზნით მოწვეული იქნას ყველა კონკურსანტი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე შეფასდა შინაარსობრივად პრიორიტეტულად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე/სპეციალობებზე: განათლება, ინჟინერია, არქიტექტურა, აგრარული მიმართულებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, საჯარო მმართველობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართლის- საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №2 ოქმის დანართით დგინდება, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე დ.ტ-ის შეფასება შეადგენდა 32.4 ქულას და ...ის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე იყო, რის გამოც მან ვერ გადალახა მეორე ეტაპი.

საკასაციო სასამართლო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის №2 სხდომის ოქმის ბათილობის ნაწილში, რომლითაც დ.ტ-ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საკონკურსო კომისიის ცალკეული წევრი, კომპეტენციის შესაბამისად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აფასებს კონკურსანტს თითოეულ კომპონენტთან მიმართებაში. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით კომისიისათვის აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაწილში, დ.ტ-ე კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან 0 ქულით შეფასდა, ხოლო ამ სადავო კომპონენტში ერთ-ერთი კომისიის წევრი მოსარჩელეს 10 ქულით აფასებს, 0 ქულის დაწერა სცდება გონივრულობის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კასაციის მოტივს, სასამართლოს მიერ კომისიის შეფასების სფეროში ჩარევის დაუშვებლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, „მართალია კონკურსანტთა შეფასებისას კომისია მოქმედებს შეფასების თავისუფალი სივრცის ფარგლებში და დაუშვებელია სასამართლოს მიერ კომისიის ფუნქციების შეთავსება, თუმცა შემფასებლის მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში უფლებამოსილების გადაჭარბება ან არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია, შემფასებლის უფლებამოსილება შებოჭილია სქემაში მოცემული კრიტერიუმებით, სქემაში მოცემული ცნებებისათვის იმანენტურია სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. სასამართლო იცავს რა შეფასების თავისუფალ სივრცეს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტის აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, უკიდეგანო შეფასების სივრცე, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. კონკურსის ჩატარების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კონტროლი ფორმალურ ხასიათს არ ატარებს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გადასინჯვა და სასარჩელო წარმოებით უფლების დაცვა ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. კონკურსის შედეგად პირის შეფასება არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა მის მიმართ უშეცდომო გადაწყეტილების მიღების მოთხოვნა“ (სუსგ 24.12.2021წ. №ბს-590(კ-20)).

ამდენად, კომისიის წევრთა თავისუფალი სივრცე არ არის შეუზღუდავი და თავის მხრივ ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, იმ პირობებში, როდესაც შეფასება იმთავითვე სცდება გონივრულობის ფარგლებს (შეფასება - 0 ქულითა და მაქსიმალური 10 ქულით).

თუმცა ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ შეითავსებს შემფასებლის ფუნქციას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შეფასების კონკრეტული კომპონენტი იძლევა სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავოდ ქცეული შეფასების კომპონენტი - აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები იძლევა სუბიექტური შეფასების შესაძლებლობას, განსხვავებით, კომპონენტებისაგან, რომელიც ცალსახად ობიექტურ ფაქტობრივ მოცემულობას ეფუძნება. ამდენად, სადავო საკითხი განსახილველ შემთხვევაში უკავშირდება კომისიის წევრთა შეფასების თავისუფალ სივრცეს, რაც ერთის მხრივ გამორიცხავს, შემფასებელთა მიერ ცალსახად არაგონივრული შეფასების განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მეორეს მხრივ, კონკურსში მონაწილის სასამართლოს მიერ შეფასებისა და ავტომატურად მესამე ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო აქტის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის №ბს-763(კ-20) გადაწყვეტილებასთან. კერძოდ, კასატორის მიერ მითითებულ საქმეზე, სასამართლოს მსჯელობის და შეფასების საგანს ობიექტურ კრიტერიუმზე დაფუძნებული კომპონენტი - განათლების კომპონენტი წარმოადგენდა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის მეორე ეტაპის განაცხადის ხელახლა განხილვა დაევალა. ამდენად, შესაბამისი გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ მოსარჩელის შეფასება ან ავტომატურად მესამე ეტაპზე გადაყვანა არ განხორციელებულა, რაც სრულ შესაბამისობაშია განსახილველ საქმეზე დამდგარ შედეგთან.

რაც შეეხება, მოცემულ საქმეზე ასევე სადავოდ ქცეულ 2017 წლის 7 აგვისტოს №10 სხდომის ოქმს, საკასაციო სასამართლოს იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, სასამართლოს ართმევს გასაუბრების პროცესის ანალიზის, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და სადავო აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისად გამოცემის დადგენის შესაძლებლობას. ამავდროულად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, საკონკურსო პროცედურის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ გასაუბრების ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ გასაუბრების მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტის დასაბუთებულობის კანონიერების შემოწმება და შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტები, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის ხელახლა შეფასებას უკავშირდება, არ არსებობს მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვისა და მოწმეთა დაკითხვის საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხთან დაკავშირებულ პრეტენზიაზე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ პირობებში, როდესაც სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ (აქტების ბათილად ცნობის ნაწილში) შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის დ.ტ-ის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ.ტ-ეს (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 30.09.2020წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 5080 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ.ტ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 3556 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და დ.ტ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;

3. დ.ტ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.09.2020წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5080 ლარის 70 პროცენტი - 3556 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი