№ბს-80(2კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო;
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 2 აგვისტოს შპს „ ...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №16/7835 გადაწყვეტილების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის №1-1/346 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის - მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შპს „...“-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „... “-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრმა შპს ,,...“-ის განცხადების გამო ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რადგან სადავო უძრავი ქონების პრივატიზაცია ეწინააღმდეგებოდა საჯარო ინტერესს და ამასთან, არსებითად უარი კი არ განაცხადა შპს ,,...“ განცხადების დაკმაყოფილებაზე, არამედ ,,დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო განიხილავდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხს“.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №16/7835 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში შპს ,,..."-ის 2017 წლის 30 იანვრის №18/01-17 განცხადებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის №1-1/346 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქმეზე დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,...“ ფლობს ციფრული მიწიზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას აწვდის სამაუწყებლო სიგნალს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მეტი რეგიონის დაფარვის მიზნით, შპს ,,...“-ს მიენიჭა დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიო სარელე სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი არის ...ის რაიონის სოფელ ...ში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდა 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების დაზუსტება/დაკორექტირება კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებაში.
შპს ,,...“-მა 2017 წლის 30 იანვარს №18/01-17 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტში სოფელ ...ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოხსენებითი ბარათით მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრში შესულია განცხადება, რომელიც შეეხება ...ის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის მიწები“ მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ. ... დანიშნულების შეცვლისა და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულებით პრივატიზების საკითხს, სატელეკომუნიკაციო ანძის მოწყობის მიზნით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის სამსახურებრივი ბარათით დაევალა ამავე სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელს ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლა/დათვალიერება, სიტუაციური ნახაზის, ფოტო მასალის და დათვალიერების ოქმის მომზადება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მის მიერ 2018 წლის 2 თებერვალს დათვალიერებულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის“ 500 კვ.მ. ფართობის მიწა ს/კ .... აღნიშნული უძრავი ქონება არ არის შემოღობილი, არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე ხვდება საკომუნიკაციო ანძა, რომელზეც განთავსებულია გადამცემი ანტენები.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 500 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ...ის რაიონი, სახელმწიფო მარაგის მიწები, ს/კ ... (წინა ნომერი: ...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ბრძანება №1/2-80, დამოწმების თარიღი 14/03/2017, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება №....
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის დასკვნის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი ...ის რაიონში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე 500 კვ.მ. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ ..., საბაზრო ღირებულება 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით შეადგენს 2500 ლარს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის №16/7835 გადაწყვეტილებით, შპს ,,...“ დირექტორს განემარტა, რომ მისი განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ...ის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე მდებარე 500 კვ.მ. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ ...) პრივატიზებას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დაინტრესებაში არსებული ქონების პრივატიზება. ამასთანავე, დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო განიხილავდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის №16/7835 გადაწყვეტილება შპს ,,...“ მიერ 2018 წლის 13 მარტს გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის №1-1/346 ბრძანების თანახმად ,,...“-ის 2018 წლის 13 მარტის N4356/21 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიაზიარა მოპასუხეთა არგუმენტი პრივატიზებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებაზე, რომ ქონების მმართველი გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს და სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას მიეკუთვნება მისი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვას, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს კერძო ინტერესის დაცვა საჯარო ინტერესის ხარჯზე, ან პირიქით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ დაუსაბუთებიათ რა უპირატესი საჯარო ინტერესი არსებობდა მცირე ფართობის და დაბალი საბაზრო ღირებულების მქონე სახელმწიფო მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე უარის თქმისათვის იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება შპს ,,...“-ის მიერ მოთხოვნილ იქნა სატელეკომუნიკაციო ანძის მოსაწყობად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე უფასო ქართულენოვანი სატელევიზიო სამაუწყებლო ციფრული სიგნალის მიწოდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის №1-1/346 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. იმ პირობებში, როდესაც დადგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №16/7835 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის №1-1/346 ბრძანების უკანონობასაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
კასატორი ბათილად ცნობილ აქტთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული აქტის გამოცემისას სამინისტრო დაეყრდნო იმ პოსტულატს, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მმართველის უფლებამოსილებას წარმოადგენს და შესაბამისად, ქონების მმართველი იღებს გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქონების გასხვისების თუ უფლებრივად დატვირთვის შესახებ. შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ქონების მმართველი ვალდებული იყო ნებისმიერ შემთხვევაში განეხორციელებინა ქონების პრივატიზება, რაც არ შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესს. კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მითითებას შპს ,,...“-ს მაუწყებლობის განხორციელების ინტერესზე, რადგან მხოლოდ შპს ,,...“ არ ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის ზედა ციფრულ მაუწყებლობას, ხოლო იგივე მიზანი რატომ ვერ მიიღწევა უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემით, მოსარჩელე მხარე ვერ მიუთითებს.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
კასატორი შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებზე მითითებით ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილებაზე, კერძოდ, სააგენტოს უფლებამოსილებაზე, რომ განიხილოს ქონებაზე სახელმწიფო ინტერესების არსებობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, აგრეთვე, სააგენტოს ვალდებულებაზე, რომ რაციონალურად განკარგოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო კანონმდებლობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ქონების ამა თუ იმ ფორმით განკარგვისა თუ დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
კასატორი განმარტავს სახელმწიფო ქონების განკარგვისა და პრივატიზების ფორმებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას სახელმწიფო ქონების მისთვის ელექტრონული აუქციონის ფორმით საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მხარეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე აცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა განეხორციელებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება, არამედ, მზად იყო დაინტერესების არსებობის შემთხვევაში განეხილა უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხი.
კასატორი განმარტავს, რომ პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქონების მმართველის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რის ფარგლებშიც, საჯარო და კერძო ინტერსების პროპორციულობის გათვალისწინებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნდა მოეხდინა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა. კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი დაინიშნა განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ პროცესუალურ შესაძლებლობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-166-165(კ-16) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც „საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლს სასამართლო იმ შემთხვევაში იყენებს, როდესაც აშკარაა და სასამართლოს დასაბუთებიდან ცალსახად გამომდინარეობს ადმინისტრაციული აქტის უკანონობა და დარღვეული უფლებების ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო კომპეტენციას სცილდება დისკრეციას მიკუთვნებული საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, სასამართლო ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლოს კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლევა, რომ არსებითად შეფასდეს გასაჩივრებული აქტების კანონირება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს „...“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია. შესაბამისად, იგი წარმოადგენს კერძო მულტიპლექს ოპერატორს, რომელიც ეროვნულ დონეზე უფასოდ ავრცელებს მაუწყებლობას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „...“-ს მიენიჭა არაკომერციული დანიშნულების რადიო სარელეო სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი მდებარეობს სწორედ ...ის რაიონში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზება შპს „...“-ის მხრიდან ძირითადი საქმიანობის (ტელე და რადიო მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფა) უკეთ განხორციელების მიზანს ემსახურებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება არ ექცევა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იმ სახელმწიფო ქონების ჩამონათვალში, რომელიც არ ექვემდებარება განკარგვას, მათ შორის პრივატიზებას და სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე დებულების მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვაში იგულისხმება სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ამ მიზნით განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის №1-1/193 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, (1) ამ წესის შესაბამისად განკარგვას ექვემდებარება უძრავი ნივთი, რომლის საერთო ფართობი არ აღემატება 500 კვ.მ-ს; (2) უძრავი ნივთის განკარგვა ხორციელდება პრივატიზების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის გზით. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთის პრივატიზება ხორციელდება ელექტრონული ან საჯარო აუქციონის, ასევე პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთის განკარგვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების პირობით. აღნიშნული პირობის შესრულების ვადები განისაზღვრება უძრავი ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმდენად რამდენდაც არარსებობს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის განკარგვის დამაბრკოლებელი გარემოებები, გასახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, ყურადღება უნდა გამახვილდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის №1-1/193 ბრძანებით დამტკიცებულ სპეციაურ წესსა და პირობებზე, რისი რეგულირების ქვეშაც ექცევა მიმდინარე დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული წესი ითვალისწინებს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი პრივატიზების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმას, ამასთან, დამატებით არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში რომელი განკარგვის ფორმა შეიძლება იქნეს გამოყენებული, რაც ერთმნიშვნელოვნად აქცევს აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტას ქონების განმკარგავი დაწესებულების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს გასაჩივრებულ ორივე აქტის დასაბუთებაზე ერთობლიობაში და მიუთითებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წერილზე, რითაც მოსარჩელეს მიზანშეუწონლობის მოტივით, სხვა დამატებითი განმარტების გარეშე, უარი ეთქვა უთხრა უძრავი ქონების პრივატიზებაზე, ხოლო რაც შეეხება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შედეგად გამოცემულ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებას (№1-1/346, 04/07/2018), აღნიშნული ბრძანებით მართალია შედეგობრივად არ შეცვლილა მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, დამატებით განიმარტა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რა დროსაც გათვალისწინებული იქნა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, კერძოდ, ბრძანებაში მითითებულია, რომ განაცხადისა და ადმინისტრაციული საჩივრის შესაბამისად კომპანიის მიზანი იყო სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისათვის ანძის განთავსება, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაცემით გრძელვადიანი პერიოდით, რისი მზაობაც გამოხატული ჰქონდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ზემოაღნიშნული წერილით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების სრულ თავისუფლებას, კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა შეფასდეს, ერთის მხრივ დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უარის კანონიერება, მეორეს მხრივ კი, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების განმკარგავი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უძრავი ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორ განკარგვის ფორმების განსაზღვრა, შესაბამისი დაინტერესების არსებობისას წარმოადგენს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, ხოლო რაც შეეხება საჯარო და კერძო ინტერესებს შორის პროპორციულობის დაცვის საკითხს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაკეთებული დამატებითი განმარტებები ექცევა დასაბუთების იმ სტანდარტებში, რაც ამ საფუძვლით მის უკანონოდ მიჩნევას გამორიცხავს; კერძოდ, ზემდგომმა ადმინისტრაციული ორგანომ ჩათვალა რა სადავო საკითხის გადაწყვეტა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებად, სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელის (კომპანიის) მიზანი მიუღწეველი ვერ იქნებოდა თუ მოხდებოდა უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა, ნაცვლად პრივატიზებისა. აღნიშნულით კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, როგორც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შეამოწმა ქვედმგომი ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერება და მიზანშეწონილობა და დაასაბუთა დამატებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის №ბს-208-200(კ-13) განჩინებაზე, სადაც აღინიშნა, რომ ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით (XIII) განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.“
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის გარემოება, თუ რატომ იყო აუცილებელი სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზება და რატომ არ მიიღწეოდა მოსარჩელისათვის სასურველი მიზანი - მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ისევე როგორ მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული აქტების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „..."-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა