საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1188(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ.ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 22 მარტს ჯ.ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 14 თებერვლის №MIA 8 19 00394269 აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სწავლის და 1982-1983 წლებში შს ორგანოებში მუშაობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ.ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 1 თებერვლის №MIA 8 19 00394269 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ჯ.ხ-ის სწავლისა და 1982-1983 წლებში შს ორგანოებში მუშაობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი". ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ,,წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან". ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროში 1982-1983 წლებში მუშაობის და სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობის საერთო სტაჟში ჩათვლას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება, რომ ჯ.ხ-ი ამ პერიოდში მსახურობდა წოდებით, რაც კანონმდებლობის ერთ-ერთი მოთხოვნაა. საქმეში წარმოდგენილია 1982 წლის 3 მაისის ჯ.ხ-ის დანიშვნის N372 პ/ნ ბრძანება, აღნიშნულ ბრძანებაში არ არის მითითებული ჯ.ხ-ის წოდების თაობაზე.
რაც შეეხება სწავლის პერიოდს, კასატორის განმარტებით, "სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ", კანონის მოცემული ჩანაწერი ეხება იმ მოსამსახურეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 20-წლიანი სტაჟი, შესაბამისად, მოცემული სასარჩელო მოთხოვნა დაკავშირებულია პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან, რომელიც ეხება 1982-1983 წლების სადავო პერიოდს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, სწავლის პერიოდი ჩაითვლება მხოლოდ საერთო წელთა ნამსახურობაში სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის და არა სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, მისი წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს, მოსარჩელე ჯ.ხ-ი წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს და ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, კერძოდ, წელთა ნამსახურობის 20-წლიან სტაჟში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თუ არა სწავლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში 1982-1983 წლებში მუშაობის პერიოდი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამომავლო უფლება კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, უკავშირდება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაბამისი კომპენსაციის დასანიშნად შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია, მისი შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის დაწყების პერიოდი და ნამსახურობის წლების საერთო ჯამი. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რომელზეც არის დამოკიდებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, ხდება პირის სამსახურში ჩარიცხვისა და ამორიცხვის ბრძანებებით გათვალისწინებული თარიღების მხედველობაში მიღებით. ამდენად, ნამსახურობის წელთა გამოანგარიშების მიზნებისთვის მნიშვნელობა არ ენიჭება პირისთვის სპეციალური წოდების მინიჭების მომენტს, არამედ გადამწყვეტია მისი შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის დაწყების თარიღი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ.ხ-ის სახელზე 1979 წლის 15 ნოემბერს გაცემულია ... დიპლომი, რომლითაც დგინდება, რომ იგი 1974-1979 წლებში სწავლობდა ... უნივერსიტეტში ...ის სპეციალობაზე. ასევე, 1981 წლის 25 ივნისს გაცემული ... სამხედრო ბილეთით დგინდება, რომ მან გაირა სამხედრო მომზადება ...ში 1979 წელს, პროფილით .., ... სპეციალობა (სსს)-0001.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების ... განყოფილების მიერ 2013 წლის 25 მარტს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ჯ.ხ-ი ნამდვილად მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე, აქედან 1990 წლის 31 ივლისიდან 1991 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისის ...ის შს ...ის უფროს ინსპექტორად, 1991 წლის 1 ივნისიდან 1992 წლის 10 ივლისამდე სრ შსს ...ის განყოფილების ... ქვეგანყოფილების უფროსად, 1992 წლის 10 ივლისიდან 1995 წლის 17 მარტამდე სრ შსს ...ის ქვეგანყოფილების უფროსად, ხოლო 1995 წლის 17 მარტიდან 1995 წლის 24 ოქტომბრამდე სრ შსს ... სამსახურის უფროსად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების ... განყოფილების მიერ 2013 წლის 15 მაისს გაცემული №... ცნობითაც დგინდება, რომ ჯ.ხ-ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე.
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ნამსახურობის ნუსხით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 1982 წლის 3 მაისის №372 პ/შ ბრძანებით ჯ.ხ-ი დაინიშნა ქ. თბილისის ...ის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ... ქ/განყოფილებაში ...ის ხაზით ...ის ...ის ინსპექტორად. ამავე ნუსხით დგინდება, რომ 2002 წლის 25 ივნისიდან ჯ.ხ-ი დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების“ 67-ე მუხლის „ე“ პუნქტით (სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით) 20 წლის, 1 თვის და 22 დღის ნამსახური წლებით. ამავე დეპარტამენტის კადრების სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 2002 წლის 25 თებერვლიდან 2002 წლის 25 ივნისამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მის მიმართ სწავლის პერიოდისა და 1982-1983 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე.
შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე