Facebook Twitter

ბს-247(3კ-22) 21 ივლისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ხ.ბ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2021წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ.ბ-ემ 24.08.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 11.03.2020წ. №ბ38.01200718 ბრძანების სრულად ბათილად ცნობა, გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის ხ.ბ-ის სასარგებლოდ 2016-2018 წლებისათვის დაკისრებული კუთვნილი, გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილისა, ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 22.10.2020წ. №1524 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსის სპეციალისტის ან ტოლფას თანამდებობაზე ხ.ბ-ის აღდგენა, მიუღებელი ხელფასის - განაცდურის, 21.02.2018წ. ბრძანების გამოცემის დღიდან სამსახურში აღდგენის შესახებ საქმეზე მისაღები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, დაუქვითავი სახით სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიყენებული ზიანის სახით ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს - 1300 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გამგეობისათვის დაკისრება, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება - 2019-2025 წლების გამოუყენებლი შვებულებისათვის თითოეული წლისათვის 1300 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ გამგეობისათვის დაკისრება, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის ხ.ბ-ის სასარგებლოდ 2016-2018 წლებისათვის დაკისრებული, კუთვნილი გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 11.03.2020წ. ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება და მისი არარად აღიარების მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთწმინდის რაიონის გამგეობის 04.09.2020წ. წერილით მიღებული გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2021წ. გადაწყვეტილებით, ხ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხ.ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 11.03.2020წ. №238.01200718 ბრძანება, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ხ.ბ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე ხ.ბ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2018 წლის 21 თებერვლიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.10.2020წ. №1524 ბრძანება, არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა აღიარებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 11.03.2020წ. №238.01200718 ბრძანება, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით მოპასუხე მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის ხ.ბ-ის სასარგებლოდ 2016-2018 წლებისათვის დაკისრებული კუთვნილი, გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა აღიარებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 04.09.2020წ. №38-01202482869 წერილი, ხ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ხ.ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯი (სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაური) 100 (ასი) ლარის ოდენობით და მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისთვის - 216 (ორას თექვსმეტი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხ.ბ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2021წ. გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2021წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2021წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი და არ დაკმაყოფილდა ხ.ბ-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 11.03.2020წ. №238.01200718 ბრძანების „კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით, მოპასუხე მთაწმინდის რაიონის გამგეობისთვის ხ.ბ-ის სასარგებლოდ 2016-2018 წლებისათვის დაკისრებული კუთვნილი, გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 04.09.2020წ. №3801202482869 წერილის არარად აღიარების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.06.2021წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, აპელანტებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას აპელანტის - ხ.ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება და 60 ლარი - დოკუმენტების ასლების მომზადებასა და წარმოდგენაზე გაღებული ხარჯებისათვის.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილების (საქმე №3/2812-18) აღსრულების მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 11.03.2020წ. მიღებულ იქნა №238.01200718 ბრძანება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხ.ბ-ის 2018 წლის 22 თებერვლიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და მისი მოხელეთა რეზერში ჩარიცხვის თაობაზე“. ხ.ბ-ე ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში 2018 წლის 22 თებერვლიდან. მითითებულ ბრძანებაში აღინიშნა, რომ შეფასების შედეგად, ხ.ბ-ეს, მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიენიჭა მეორე დასაქმებულზე დაბალი შეფასება, კერძოდ, ხ.ბ-ე შეფასდა 4.00 ქულით (16 ქულა), ხოლო მეორე თანამშრომელი 4.25 ქულით (17 ქულით). მოხელეთა შეფასება განხორციელდა, კანდიდატების მთაწმინდის რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალიტის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მეორე კანდიდატის შეფასება დასაბუთებულად და ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან შესაბამისად იქნა მიჩნეული, ასევე, დასაბუთებულად და კრიტერიუმების შესაბამისად იქნა მიჩნეული ხ.ბ-ის შეფასება კონკურენტთან შედარებით დაბალი ქულით, ვინაიდან მისი პირადი საქმის გამოკვლევისას არ გამოვლინდა ხ.ბ-ის ინიციატივა და აქტივობები შესრულებული სამუშაოს ხედვასთან და მოტივაცისთან მიმართებაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის ხელახლა განხილვისა და საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას დამატებით რაიმე ახალი გარემოება დადგენილი და შეფასებული არ ყოფილა. ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა იმ გარემოებებით, რაც საქმის მასალებით სასამართლოს მიერ დადგენილი და სამართლებრივად შეფასებული იყო, კერძოდ, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ „ხ.ბ-ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 21.02.2018წ. №ბ38.01180529 ბრძანება მიჩნეული იქნა კანონსაწინააღმდეგო ადმინისტაციულ აქტად, ხოლო საკითხის ხელახლა განხილვის დროს დამატებით საქმის არსებითი რაიმე გარემოება ვერ დადგინდა, ვერ გამოვლინდა. გასაჩივრებულ ბრძანებაში აღნიშნულია მხოლოდ ის გარემოებები, რომელთა შეფასებაც ერთხელ უკვე მოახდინა სასამართლომ და მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილ მასალებში არ იყო მსჯელობა, რომლის მიხედვითაც დასაბუთდებოდა რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ (კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელმა პირმა) ხ.ბ-ის შეფასებისას, კერძოდ, ქულების განსაზღვრისას. ამდენად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 11.03.2020წ. №238.01200718 ბრძანება მოსარჩელე ხ.ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის უფლებების დაცვის მექანიზმები. პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 11.03.2020წ. №238.01200718 ბრძანება, მოსარჩელის მოთხოვნა მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იძულებით განაცდურის ანაზღაურების საკითხზე შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ წესს და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2019-2025 წლების ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით მოხელეს აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური, დამატებით შვებულების ანაზღაურების წესს კანონი არ ითვალისწინებს.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით მოპასუხე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია). ხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ.ბ-ეს შეეზღუდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება, ამავე დროს, სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წელს, შესაბამისად, მოპასუხე მთაწმინდის რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მხოლოდ 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილების, როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებში მითითებულია 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, ,,კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით, მოპასუხე მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის ხ.ბ-ის სასარგებლოდ 2016-2018 წლებისათვის დაკისრებული კუთვნილი, გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 11.03.2020წ. ბრძანების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 04.09.2020წ. წერილის არარად აღიარება იმ საფუძვლით, რომ ხსენებული აქტებით მოწესიგებული იქნა ისეთი საკითხი, რომლის თაობაზეც არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმის მასალებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მითითება გამოუყენებელ შვებულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, დაედგინა გამოუყენებელი შვებულების ნაწილი და უზრუნველყო მისი ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. რაც შეეხება სსკ-ის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს, ნორმაში მითითებული გარემოებები შეფასებითია და სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებით ხელმძღვანელობს. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება განსაკუთრებული გარემოებების არსებობა, რომლის შესაბამისადაც შუამდგომლობა იქნებოდა საფუძვლიანი.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 24.08.2020წ. დაიდო იურიდიული და საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, ასევე წარმოდგენილია 05.05.2018წ. №... სანოტარო აქტი (მინდობილობა), რომლებითაც დასტურდება ხ.ბ-ის მიერ ი.პ-სთვის სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭება. 24.08.2020წ. №168196424 შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ ხ.ბ-ემ იურიდიული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ განახორციელა 3600 ლარის გადარიცხვა შპს ...ის იურიდიული კომპანიის ანგარიშზე. საქმეში წარმოდგენილია 01.09.2020წ. მიღება-ჩაბარების აქტი და გადახდის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ ხ.ბ-ის მიერ სასამართლოს საბუთების ქსეროასლების გადაღებისათვის გადახდილია მომსახურების საფასური - 216 ლარის ოდენობით. ამდენად, პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გადაწყვეტილი საადვოკატო მომსახურების თანხის ანაზღაურების საკითხი, ასევე სწორად იქნა გადაწყვეტილი სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის (სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაური) 100 (ასი) ლარის და მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისთვის - 216 (ორას თექვსმეტი) ლარის ანაზღაურების საკითხი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რომელთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე ხ.ბ-ის მოთხოვნა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია, კერძოდ, მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში მოწინააღმდეგე მხარისთვის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ოდენობას წარმოადგენს 500 ლარი, ხოლო ხ.ბ-ის შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე სხვა ხარჯის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მხარეს უნდა აუნაზღაურდეს 60 ლარი სააპელაციო შესაგებელთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლების მომზადებასა და წარმოდგენაზე (ფოსტის მეშვეობით) გაღებული ხარჯებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხ.ბ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ.

კასატორმა - ხ.ბ-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ შეცვალა ერთხელ უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შედეგები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიაზე უფლებამოსილ ორგანოს და მისთვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით მოპასუხე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია). მიუხედავად იმისა, რომ 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხეს, გამგეობამ გამოსცა ბრძანება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საპირისპიროდ დაადგინა, რომ გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა არ ანაზღაურდებოდა, აღნიშნულის გამო მოთხოვნილი იქნა აქტების არარად აღიარება. კასატორის მოსაზრებით ამ ნაწილში თანმდევი შედეგით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.10.2020წ. ბრძანებაც, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატმ არ განსაზღვრა 22.10.2020წ. ბრძანების სამართლებრივი მდგომარეობა. კასატორმა მოითხოვა მთაწმინდის რაიონის გამგეობის 11.03.2020წ. ბრძანების ნაწილობრივ და 04.09.2020წ. წერილის არარად აღიარების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორმა - ხ.ბ-ემ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე უკიდურესად მცირე მოცულობით განსაზღვრეს ადვოკატის დახმარებისათვის გათვალისწინებული ხარჯი. დავა აღძრულია, როგორც არაქონებრივი, ისე ქონებრივი მოთხოვნებით, რამდენიმე სუბიექტის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებდა. კასატორმა ასევე მოითხოვა საკასაციო ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადვოკატის დახმარებისათვის 4500 ლარის კასატორისათვის ანაზღაურება, ვინაიდან ქართული საპროცესო სამართლის საფუძვლით, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებითაც გამართებულია ხსენებული მოთხოვნის სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილება. ადვოკატის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარუდგენლობის შემთხვევაშიც, ადვოკატის ხარჯი ექვემდებარება პროცესში წარუმატებელი მხარისათვის დაკისრებას, რამეთუ სახეზეა ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა - ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ფარგლებში კლიენტს შემსრულებლისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულება აქვს, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ჯერ კიდევ გადაუხდელი ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ადვოკატის დახმარებისათვის განკუთვნილი ხარჯების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. კასატორმა ასევე მოითხოვა საკასაციო საჩივრის, შესაგებლის და სხვა დოკუმენტების მომზადებაზე დახარჯული ქაღალდის ფურცლებისათვის 100 ლარის, დოკუმენტების ასლის მომზადებაზე გაღებული ხარჯებისთვის 50 ლარის, აკინძვაზე გაღებული ხარჯის 5 ლარის, საფოსტო გადაგზავნით გაღებული ხარჯის 50 ლარის, საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის 10 ლარის, სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანსპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის 100 ლარის, სასამართლო გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების 300 ლარის, სასამართლოში მოცდენილი დროისათვის 7000 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხელეთა შეფასების პროცესში გამოკვლეული იქნა მთაწმინდის რაიონის გამგეობის კულტურის, სპროტისა და განათლების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო შეფასების კრიტერიუმებთან შესაბამისობის კუთხით, შესწავლილი იქნა შესაფასებელ მოხელეთა პირადი საქმეები. ვინაიდან ხ.ბ-ის პირადი საქმის გამოკვლევისას არ გამოვლინდა მისი ინიციატივა და აქტივობები შესრულებული სამუშაოს ხედვასთან და მოტივაციასთან მიმართებით, აღნიშნული პირი შეფასდა ამავე განყოფილებაზე დასაქმებულ სხვა უფროს სპეციალისტზე უფრო დაბალი შეფასებით. ხსენებული შეფასება თავის მხრივ საფუძვლად დაედო მთაწმინდის რაიონის გამგებლის 11.03.2020წ. ბრძანების გამოცემას და რეორგანიზაციის ფარგლებში ხ.ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულების შემცირებისას ერთი და იგივე თანამდებობაზე მყოფი ორი თანამშრომელი სრულყოფილად შეაფასა და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. კასატორის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.10.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს არ მიუთითებია ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა გაუქმდა მართლზომიერად რეორგანიზაციის საფუძველზე, შესაბამისად, არ არის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ...ის განყოფილებაში შემცირდა უფროსი სპეციალისტის ორი შტატიდან ერთი შტატი, დარჩენილ ერთ შტატზე შეფასების შედეგად შერჩეული მოხელე დღემდე განაგრძობს მუშაობას, ამასთან, მთაწმინდის გამგეობაში არ არსებობს ხ.ბ-ის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტით - თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე მთაწმინდის რაიონის გამგებლის 11.03.2020წ. ბრძანებით სრულად იქნა აღსრულებული სასამართლოს გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხ.ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ფაქტობრივად ვერ განხორციელდება, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად დარჩა გამგეობის ...ის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ერთი შტატი, რომელიც არ არის ვაკანტური. აღნიშნულის გარდა, გამგეობაში არ არსებობს მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

ხ.ბ-ე საკასაციო შესაგებლით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო განაცხადებს არ დაეთანხმა, ასევე მოითხოვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის თითოეულ კასატორზე მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 2400-2400 ლარის დაკირება, მოცემულ საქმეზე დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯის 27,24 ლარის, საკასაციო შესაგებლის საამართლოში წარდგენის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის 70 ლარის, მესამე ინსტანციის სასამართლოში საკასაციო შესაგებლის და სხვა დოკუმენტების მომზადებაზე დახარჯული ქაღალდის ფურცლებისათვის 20 ლარის, დოკუმენტების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის 20 ლარის, მათ აკინძვაზე გაღებული ხარჯის 0,10 ლარის, საფოსტო კავშირისათვის გაღებული ხარჯის 30 ლარის, საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის 10 ლარის, სააღსრულებო ორგანოში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის 200 ლარის კასატორებისათვის სოლიდარულად დაკისრება მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ.ბ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 24.11.2017წ. №1-2701 ბრძანებით დაიწყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების - თბილისის რაიონის გამგეობების რეორგანიზაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ 16.01.2018წ. №10-2 და №10-21 დადგენილებების ურთიერთშედარებით დგინდება, რომ 2018 წლის 22 თებერვლიდან მთაწმინდის რაიონის გამგეობის ...ის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის ორი საშტატო ერთეულის ნაცვლად განისაზღვა ერთი საშტატო ერთეული. მთაწმინდის რაიონის გამგეობის 21.02.2018წ. ბრძანების მიხედვით, გამგეობის ...ის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ხ.ბ-ე 2018 წლის 22 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებითა და უსწორობის გასწორების შესახებ 28.09.2018წ. განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.05.2018წ. №162 ბრძანება „ხ.ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ხ.ბ-ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 21.02.2018წ. №ბ38.01180529 ბრძანება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოპასუხე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია). აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მიიღო 11.03.2020წ. ბრძანება, რომლითაც გამგეობის ...ის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ხ.ბ-ე 2018 წლის 22 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა საჯარო სამსახურის მოხელეთა რეზერვში. ამდენად, განსახილველი დავის საგანს შეადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიღებული ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოებისა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია. სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. №1/2/596 გადაწყვეტილება, II-9). კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი მასალების შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება უფლებამოსილი პირის მიერ პროპორციულობისა და თანაზომიერების დაცვა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც გულისხმობს თითოეული შესაფასებელი პირის შეფასების დასაბუთებას უშუალოდ ამ პირთან დაკავშირებით არსებულ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე მითითებით, პირი უფლებამოსილია იცოდეს, რა მიზეზით არ აარჩია დამსაქმებელმა. განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი შეფასების ფორმა და ქულების დაწერა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებად. საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხრიდან ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციის ფარგლებში საშტატო ერთეულის შემცირებისას ერთიდაიგივე თანამდებობაზე მყოფი ორი თანამშრომლის არასრულყოფილად შეფასებას და დაუსაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, საქმეში დაცული მასალა არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ (კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელმა პირმა) ხ.ბ-ის შეფასებისას, კერძოდ, ქულების განსაზღვრისას, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით საბუთდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დავის გადაწყვეტილების კონკრეტული შედეგის მართლზომიერება, სარეზოლუციო ნაწილში აისახება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი სამართლებრივი მსჯელობის შედეგი. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების გადამოწმებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პირველი ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის - მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის მიცემულ მითითებებს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემულ 11.03.2020წ. ბრძანებაში (ხ.ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში) კანდიდატების შეფასებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სადავო არ იყო მეორე კანდიდატისათვის მოსარჩელესთან შედარებით უფრო მაღალი შეფასების მინიჭება, შესაბიმისად, მეორე კანდიდატის შეფასება დასაბუთებულად მიიჩნია, ასევე დასაბუთებულად მიიჩნია ხ.ბ-ის შეფასება კონკურენტთან შედარებით დაბალი ქულით, ვინაიდან მისი პირადი საქმის გამოკვლევისას არ გამოვლინდა ხ.ბ-ის ინიციატივა და აქტივობები შესრულებული სამუშაოს ხედვასთან და მოტივაციასთან მიმართებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 17.05.2021წ. წერილის შინაარსზე, რომლის მიხედვით, საჯარო მოხელის (დასაქმებული) პირად საქმეში, ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების გარდა, ინახება ავტობიოგრაფია, 2 ცალი ფოტოსურათი, ფოტოსურათი - დისკი, მოხელის პირადობისა და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კადრების აღრიცხვის ფურცელი და მოხელის შეფასების შედეგები, ასევე, მის მიმართ გამოცემული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (საკადრო, შვებულების, მივლინებისა და დისციპლინური ხასიათის ბრძანებები). სწორედ, მსგავსი შინაარსის დოკუმენტებია დაცული სასამართლოს მიერ გამგეობიდან გამოთხოვილ მოსარჩელის პირად საქმეში. კასატორი ადმინისტრაციული ორგანოები არ მიუთითებენ ხ.ბ-ის პირად საქმეში, ან ზოგადად მთაწმინდის რაიონის გამგეობაში პირად საქმეებში მოხელის ინიციატივის და აქტივობების ასახვის წესზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 22.01.2018წ. შეფასების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს ხედვასა და მოტივაციაში შეფასების ხუთბალიანი სისტემით ხ.ბ-ე შეფასდა 5 ქულით. ამდენად, მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილებაში ასახული მითითებებისა, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 11.03.2020წ. ბრძანება მიღებულია დასაბუთების გარეშე, დასაბუთებად ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმის შესახებ, რომ პირადი საქმით არ გამოვლინდა ხ.ბ-ის ინიციატივა და აქტივობები შესრულებული სამუშაოს ხედვასთან და მოტივაციასთან მიმართებით. ამასთან, კასატორები არ მიუთითებენ იმაზე, რომ ზოგადად პირადი საქმე უნდა შეიცავდეს მსგავსი სახის ინფორმაციას. სხვა რაიმე ახალ გარემოებაზე ან შეფასებაზე სადავო აქტში მითითებული არ არის. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც მიუთითებს ხ.ბ-ის სამსახურიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გათავისუფლებაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 22.10.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით განსაზღვრულია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის უფლებების დაცვის მექანიზმები. აღნიშნული ნორმა კონრეტულ ფაქტობრივ მოცემულობას უკავშირებს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხ.). მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება უპირობოდ არ ნიშნავს მოხელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას. სადავო თანამდებობის ვაკანტურობის საკითხი ერთმანეთისაგან განასხვავებს სამუშაოზე აღდგენის პროცედურებს და მექანიზმს. მხოლოდ სადავო თანამდებობის ვაკანტურობის შემთხვევაში არის შესაძლებელი მოხელის პირდაპირ სადავო თანამდებობაზე აღდგენა. მოხელის თანამდებობაზე აღდგენაში არ შეიძლება მოიაზრებოდეს სადავო პოზიციაზე დანიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილი მოხელე იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყონებლივ მიმართოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. კასატორების მითითება იმის შესახებ, რომ ხ.ბ-ის გათავისუფლებამდე ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა ვერ განხორციელდება ტოლფასი თანამდებობის ვაკანტურობის არარსებობის გამო, არ არის დასაბუთებული. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.01.2020წ. განჩინებაში, რომლითაც საბოლოოდ ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილება, აღინიშნა, რომ ვაკანტური თანამდებობების შესახებ საქმეში დაცული მონაცემებით ხ.ბ-ის გათავისუფლების და შემდგომში მობილობის მიმდინარეობის პროცესში არსებობდა იმავე რანგისა და კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არა ერთი ვაკანტური შტატი, მიუხედავად აღნიშნულისა გამგეობამ შეარჩია მხოლოდ ერთი ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც მობილობა ვერ განხორციელდა ამ თანამდებობის დაკავების მიზნით მიმდინარე კონკურსის გამო, არ იკვეთება ხ.ბ-ის მობილობის განხორციელების მიზნით გამგეობის მიერ მხოლოდ ერთი, კონკრეტული თანამდებობის შერჩევის დასაბუთება. მიუხედავად აღნიშნული მითითებისა, გასაჩივრებულ აქტში (11.03.2020წ. ბრძანება) გამგეობამ კვლავ 2018წ. მობილობის განხორციელების შეუძლებლობაზე მიუთითა ამ თანამდებობის კონკურისის წესით დაკავების მიზნით მიმდინარე პროცედურების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტოლფასი თანამდებობის შეფასებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები განსაზღვრავს. ტოლფასი თანამდებობა იდენტურს არ ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტოლფასი თანამდებობის რეალური მოძიება გართულდებოდა. აღნიშნული შეესაბამება საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 3.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ტოლფასი თანამდებობა არის იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ ვაკანტური არ არის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა, ხ.ბ-ე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მიხედვით ექვემდებარება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. მითითებული ნორმა ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევებს თანამდებობის არარსებობის ან ამ თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო. ამდენად, მოპასუხემ ხ.ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურების დაცვით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო . სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე (სუსგ №ბს171-160(კ-07), 13.09.2007წ., №ბს-1512(კს-18), 05.02.2019წ., №ბს-139(4კ-19), 08.06.2020წ.). ვინაიდან ხ.ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული და მოპასუხეს მისი სამსახურში აღდგენა დაევალა, მართებულია მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. ამდენად, კასატორების (მოპასუხეების) მითითება იმის შესახებ, რომ არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლები, დაუსაბუთებელია.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით, მოპასუხე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპენსაცია). ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.06.2016წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-35-34(2კ-2კს-16), სადაც ყურადღება გამახვილდა პირის უფლებაზე მოითხოვოს კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება დამსაქმებლის მიზეზით ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზების შეუძლებლობის შემთხვევაში. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გამოუყენებელი და არა გამოყენებული შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია 2016-2018 წლების გამოყენებული და გამოუყენებელი შვებულების განსაზღვრა. საქმეში დაცულია გამგებლის ბრძანებები 2016 და 2017 წლებში მოსარჩელის შვებულების შესახებ. გამგებლის 22.02.2016წ. ბრძანებით მოსარჩელეს მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 2016 წლის 22 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით (ტ. 3 - ს.ფ. 301, ტ. 4 - ს.ფ. 46, 90), 11.07.2016წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 11 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით (ტ. 3 -ს.ფ. 302, ტ. 4 - ს.ფ. 48, 92), 15.08.2016წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 15 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით (ტ. 3 - ს.ფ. 298, ტ. 4 – ს.ფ. 50, 94), 31.08.2016წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება პირველი სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით (ტ. 3 - ს.ფ. 299, ტ. 4 - ს.ფ. 51, 95), 24.10.2016წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 24 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით (ტ. 3 - ს.ფ. 300, ტ. 4 - ს.ფ. 52, 96), 20.12.2016წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 21 დეკემბერს (ტ. 3 - ს.ფ. 297, ტ. 4 - ს.ფ. 46, 100), ასევე მოსარჩელემ ისარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით 2016 წლის 21 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით (ტ. 3 -ს.ფ. 296, ტ. 4 - ს.ფ. 54, 98), გამგებლის 03.05.2017წ. ბრძანებით მოსარჩელეს მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 2017 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით (ტ. 2 - ს.ფ. 299, 422, ტ. 3 - ს.ფ. 303, ტ. 4 - ს.ფ. 58, 102), 17.07.2017წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 18 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით - 4 სამუშაო დღე (ტ. 2 - ს.ფ. 420, ტ. 3 - ს.ფ. 304, ტ. 4 - ს.ფ. 68, 112), 25.08.2017წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 29 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით - 14 სამუშაო დღე (ტ. 2 – ს.ფ. 418, ტ. 3 - ს.ფ. 306, ტ. 4. - ს.ფ. 74, 118), 09.11.2017წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 10 ნოემბერს - 1 სამუშაო დღე (ტ. 2, ს.ფ. 416, ტ. 3 - ს.ფ. 305, ტ. 4 - ს.ფ. 80, 124), 14.12.2017წ. ბრძანებით - ანაზღაურებადი შვებულება 15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით - 2 სამუშაო დღე (ტ. 2 - ს.ფ. 414, ტ. 4 - ს.ფ. 82, 126). ამდენად, საქმეში დაცული მასალებით ხ.ბ-ემ 2016 წელს ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო 2017 წელს - ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით, რაც მიუთითებს მის მიერ აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, 2016-2017 წლებში ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენებაზე. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.08.2018წ. გადაწყვეტილების, როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილებში მითითებულია გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, სადავო აქტების არარად აღიარება იმ საფუძვლით, რომ ამ აქტებით მოწესრიგებული იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოწესრიგებული საკითხი, საქმის მასალებით არ დასტურდება, ადგილი არ აქვს კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია პრეტენზია ან იმ გარემოების საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ხ.ბ-ეს 2016-2018 წლების ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია, ასევე საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას 2019-2025 წლების ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთანავე, დაუსაბუთებელია კასატორის ხ.ბ-ის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 22.10.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. განსახილველ დავაში აღნიშნული აქტი ბათილად იქნა ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც ამ ნაწილში ხ.ბ-ის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, აღნიშნულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ამდენად, საკასაციო ეტაპზე ხ.ბ-ის მიერ 22.10.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობაზე მითითება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ განუსაზღვრავს, უსაფუძვლოა. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, საკასაციო საჩივრის ამ ნაწილის მიმართ არ იკვეთება კასატორის უფლებადამცავი ინტერესი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით (სსკ-ის 53.1 მუხ.). უკეთუ მოსარჩელის მოთხოვნა მართლზომიერია, მაშინ სწორედ მოპასუხე ხდება იმ ხარჯის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი, რომელიც მისი დაუსაბუთებელი მოქმედების/უმოქმედობის შედეგად წარმოიშვა და პირიქით - მოპასუხის პოზიციის საფუძვლიანობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მიერ გაღებულ ხარჯს მოსარჩელე ანაზღაურებს. ამდენად, პირს, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, უნდა აუნაზღაურდეს სასამართლო წარმოების ფარგლებში წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების მოპასუხეებზე დაკისრებისას გათვალისწინებული იქნა საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ის გარემოება, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო ინსტანციაში მოწინააღმდეგე მხარისთვის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისთვის გონივრულ ოდენობად 500 ლარის მიჩნევისა და დოკუმენტების ასლების მომზადებასა და წარდგენაზე გაწეული ხარჯებისათვის 60 ლარის დაკისრების თაობაზე. მოპასუხეებისთვის ხარჯების ანაზღაურების დავალება სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სამართლიანად დაკმაყოფილების პრინციპის დაცვით განახორციელა. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში კასატორმა (მოსარჩელემ) ვერ დაასაბუთა მისთვის ასანაზღაურებელი თანხის არაგონივრულობა. ამდენად, არ არსებობს საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული საადვოკატო და სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხ.ბ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა საკასაციო შესაგებლის ან სხვა დოკუმენტების წარმოდგენა. საკასაციო პალატაში წარმოდგენილი 24.02.2022წ. სალაროს შემოსავლის ორდერი არ ასაბუთებს შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რადგან ხარჯი ანაზღაურდება გონივრულ ფარგლებში დავის სირთულის, წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების ინტენსიურობის გათვალისწინებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელეს აუნაზღაურდა ადვოკატის მომსახურების თანხა და სხვა საპროცესო ხარჯები. საკასაციო პალატაში სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა, საკასაციო შესაგებელს რაიმე დოკუმენტაცია არ ერთვის, შესაბამისად კასატორის მითითება საკასაციო ინსტანციაში სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპორტირების, სხდომაზე გამოცხადების, დოკუმენტაციის ასლების გადაღებაზე გაწეული და სხვა ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხ.ბ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.ბ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2021წ. გადაწყვეტილება;

3. ხ.ბ-ის შუამდგომლობა საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე