საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-320(კ-22) 20 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „...“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - შპს „...ს“ მიმართ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 41483.84 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2018 წლის 7 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა: 1. ქალაქ ...ში მდებარე 1764 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 2. ქალაქ ...ში ...ის №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 3. ქალაქ ...ში მდებარე 303 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...); 4. ქალაქ ...ში, ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 5. ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...). ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო საპრივატიზებო თანხის - 218 336 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლის მიხედვით, 2.1 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „...მ“ წერილებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპრივატიზებო თანხის გადახდის გადავადების თხოვნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილებით, საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფისთვის, შპს „...ს“ რამდენიმეჯერ მიეცა დამატებითი ვადა, რომელიც, საბოლოოდ, განისაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბრამდე. ამავე წერილებით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადა არ შეაჩერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. მიუხედავად დამატებითი ვადის განსაზღვრისა, შპს „...მ“ არ გადაიხადა საპრივატიზებო თანხა, რის გამოც, ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 41483.84 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებით სააგენტოსა და შპს „...ს" შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა. მოსარჩელემ მიჩნია, რომ დასახელებული გარემოებები ქმნიდა მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე შპს „...ს“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა ადმინისტრაციული საქმე - შპს „...ს" სარჩელისა გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, სადავო იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანება, რომლითაც შეწყდა 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხის მოსაზრებით, მითითებული საქმის განხილვას, შესაძლოა, გამოეწვია მხარეთა შეთანხმება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, შპს „...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა - საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული პირგასამტეხლოს - 4000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2018 წლის 7 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: ქალაქ ...ში მდებარე 1764 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); ქალაქ ...ში ...ის №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); ქალაქ ...ში მდებარე 303 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...); ქალაქ ...ში, ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...). ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო საპრივატიზებო თანხის - 218 336 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლის მიხედვით, 2.1 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2. შპს „...ს“ დირექტორმა 2018 წლის 17 მაისს წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესყიდული მიწის ნაკვეთის ღირებულების გადახდისთვის დამატებითი ვადა ითხოვა, ჯარიმის გამოყენების გარეშე, რაზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 31 მაისის №4/30720 წერილით მოპასუხეს თანხის გადახდისთვის განესაზღვრა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილით შპს „...ს“ დირექტორს ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამავე წერილით ასევე მიეთითა საბანკო რეკვიზიტებისა და თანხის გადახდის ვადის თაობაზე;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებით მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, 36-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 251-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 65-ე, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე, 361-ე, 327-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებული იყო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხისა და მისი გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაასკვნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 41483,84 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც იგი შეამცირა 4000 ლარამდე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 7 მარტს, ხოლო იმავე წლის 14 დეკემბერს იგი შეწყდა. სწორედ ამ დროის შუალედში მოსარჩელის მიერ განხორციელდა საპრივატიზებო თანხის გადავადება. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას გაფრთხილების ჩაუბარებლობის თაობაზე, საქალაქო სასამართლომ აღნიშნული არგუმენტი არ გაითვალისწინა და განმარტა, რომ 2018 წლის 12 ივნისისა და 31 აგვისტოს შპს „...ს“ დირექტორის წერილების შინაარსის შესაბამისად, მხარისთვის ცნობილი იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 31 მაისის №4/30720 და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილების შესახებ, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ, ასევე მიეთითა საბანკო რეკვიზიტები და განემარტა პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „...ს“, ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, უცილობლად ეკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის ოდენობაც სასამართლომ 4000 ლარით განსაზღვრა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ასევე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს „...მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად იმსჯელა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შეჩერების საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილებოდა საქმე №3-282-19, შპს „...ს“ სარჩელის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სადაც სადავო იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანება, რომლითაც შეწყდა 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოცემულ სამართალწარმოებას კი, შესაძლოა, გამოეწვია მხარეთა შორის შეთანხმება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „...სათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო თანხის გადახდის ვადები, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსახილველ №3-282-19 ადმინისტრაციულ საქმეზე სადავოა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება (2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე შპს „...სთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების და სისწორის შემოწმება არ იყო შეუძლებელი №3-282-19 ადმინისტრაციული საქმის საბოლოო განხილვა-გადაწყვეტამდე.
რაც შეეხებოდა დავის ძირითად არსს, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ისე დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლო მოსარჩელის სასარგებლოდ, რომ არ გაითვალისწინა იმავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი, რომლის თანახმად, მყიდველის სასარგებლოდ წარმოდგენილი იყო სს „...ის“ მიერ 2018 წლის 7 მარტს გაცემული № ... საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ხელშეკრულების 2.1 და 3.1.1. მუხლებით ნაკისრი შპს „...ს“ ვალდებულებების შესრულებასა ან/და ამ ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას. იმავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში კი მითითებული იყო, რომ მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 6.7 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა სრულიად ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია,რომ ვინაიდან შპს „...ს“ ვალდებულება მყიდველის წინაშე პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე უზრუნველყოფილ იქნა სს „...ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის საგნიდან გამომდინარე, თავდაპირველად უნდა გამოერკვია, სს „...ის“, როგორც გარანტის მიერ ხომ არ იყო გადახდილი შპს „...ს“ ნაცვლად მოსარჩელის სასარგებლოდ, როგორც ბენეფიციარისთვის პირგასამტეხლო. ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა პროცესის დისპოზიციურობის და ინკვიზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით მოცემული სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებში გარანტის, კერძოდ, სს „...ის“ პროცესუალური სტატუსის თაობაზე.
სააპელაციო პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე შპს „...ს“ მიერ წარდგენილ იქნა ასევე სს „...ის“ 2019 წლის 8 იანვრის საგადასახადო დავალება, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის სს „...ის“ მიერ 2019 წლის 8 იანვარს ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაირიცხა 30 000 ლარი, გადახდის დანიშნულებად მითითებულია სს „...ის“ № ... საბანკო გარანტიაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შპს „...სთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 4000 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება, სანამ არ გაირკვეოდა, სს „...ის“ მიერ, გაცემული საბანკო გარანტიის ფარგლებში, ხომ არ მოხდა უკვე აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საქმეს ხელახალი განხილვისთვის აბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან მოცემულ საქმეში ჩასართავ სს „...ს“ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებსა და ამ პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განსაზღვრაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით, კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერია პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული. ამდენად, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, ვისი ნებითაა იგი წარმოშობილი - კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რაც კასატორის მოსაზრებით, ვალდებულების დამრღვევი მხარისთვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, თუმცა გასაჩივრებული განჩინებიდან არ დგინდება, რა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო განსაზღვრა არა 30 000, არამედ - 4000 ლარით.
კასატორი მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მყიდველის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ხელშეკრულების 2.1 და 3.1.1 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ამავე ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულის პირგასამტეხლოს გადახდას. ამდენად, ხელშეკრულების თანახმად, საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილია შპს „...ს“ მიერ შესასრულებელი ორი ვალდებულება, რომელთაგან არც ერთი არ არის შესრულებული, ხოლო პირგასამტეხლო კომპანიას დაეკისრა მხოლოდ 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ამასთან, 5.1 მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. თავის მხრივ, შპს „...ს“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა უდავოა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების თანახმად, საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილია ვალდებულების შესრულება და არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ არ არის გამოკვლეული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ჩამოჭრის საკითხი, დაუსაბუთებელია. ამრიგად, კასატორი, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, შპს „...სთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების შეფასება მაშინ, როცა მოპასუხის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია. ამრიგად, დავის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია სწორედ ამ გარანტიით გადახდილი თანხის პირგასამტეხლოდ მიჩნევის საკითხი.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2018 წლის 7 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა: 1. ქალაქ ...ში მდებარე 1764 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 2. ქალაქ ...ში ...ის №30ა-ში მდებარე 979 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 3. ქალაქ ...ში მდებარე 303 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...); 4. ქალაქ ...ში, ...ის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 5. ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...). ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო საპრივატიზებო თანხის - 218 336 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლის მიხედვით, 2.1 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შპს „...ს“ დირექტორმა 2018 წლის 17 მაისს წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესყიდული მიწის ნაკვეთების ღირებულების გადახდისთვის დამატებითი ვადა ითხოვა ჯარიმის გამოყენების გარეშე, რაზეც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 31 მაისის №4/30720 წერილით მოპასუხეს თანხის გადახდისთვის განესაზღვრა დამატებითი ვადა 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილით შპს „...ს“ დირექტორს ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამავე წერილით მიეთითა საბანკო რეკვიზიტებისა და თანხის გადახდის ვადის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებით მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აგვისტოს განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას არა თუ ეთანხმება, არამედ მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები ქმნის მისი დაშვებისა და სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ამასთან, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 4000 ლარის ოდენობით მყიდველისთვის დაკისრების მართლზომიერება წარმოადგენდა მაშინ, როცა მყიდველის სასარგებლოდ წარმოდგენილი იყო სს „...ის“ მიერ 2018 წლის 7 მარტს გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფდა ხელშეკრულების 2.1 და 3.1.1 მუხლებით ნაკისრი შპს „...ს“ ვალდებულებების შესრულებას ან/და ამ ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას. გარდა ამისა, დავის არსებითად განხილვის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიუთითებდა, რომ თავდაპირველად გამოერკვია სს „...ის“, როგორც გარანტის მიერ საბანკო გარანტიის გაცემით ბენეფიციარისთვის ხომ არ იყო გადახდილი პირგასამტეხლო, ამასთანავე, პროცესის დისპოზიციურობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, ემსჯელა სს „...ის“ პროცესუალური სტატუსის თაობაზე. დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული საკითხების გამოკვლევა და შეფასება სააპელაციო სასამართლოს თავადვე შეეძლო.
საკასაციო პალატის მითითებით, დავის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მართალია, სადავო არ არის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო თანხის გადახდის (მუხლი 2.1.) და ინვესტიციის განხორციელების (მუხლი 3.1.1.) ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისა ან/და ამავე ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, მყიდველის მიერ წარდგენილია სს „...ის“ მიერ 2018 წლის 7 მარტს გაცემული №... საბანკო გარანტია. ამასთანავე, სააპელაციო პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე შპს „...ს“ მიერ წარდგენილ იქნა სს „...ის“ 2019 წლის 8 იანვრის საგადასახადო დავალება, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელისთვის სს „...ის“ მიერ 2019 წლის 8 იანვარს ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაირიცხა 30000 ლარი, გადახდის დანიშნულებად მითითებულია - სს „...ის“ № ... საბანკო გარანტიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ს“ მიმართ წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო და არა ნორამტიული ხასიათის, მისი სამართლებრივი შინაარსის, ფუნქციისა და დანიშნულების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ თავად უნდა იმსჯელოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების საჭიროებაზე. ამ გარემოების შეფასებამდე კი, თავადვე განსაზღვროს საქმეში წარმოდგენილი სს „...ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ნამდვილად დაიფარა თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
რაც შეეხება განსახილველ საქმეში სს „...ის“ - როგორც გარანტის პროცესუალური სტატუსის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზს სწორედ სს „...ის“ საქმეში ჩართვის დავალება წარმოადგენდა, იმ საფუძვლით, რომ მას საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების სარგებლობის შესაძლებლობა მისცემოდა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო სასამართლოს მითითებით კი, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარანტის უფლების (პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდის მოთხოვნა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით) მხედველობაში მიღებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში ჩააბას სს „...“ და განუსაზღვროს მას პროცესუალური სტატუსი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა აღნიშნულ გარემოებას, აგრეთვე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სს „...ის“ შესაძლო მონაწილეობას და ასევე მის მიერ საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მიიჩნევს, რომ მოპასუხე მინიმუმ ორი ინსტანციით სრულად შეძლებს საპროცესო უფლებების რეალიზებას და ამ გარემოებისა გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება საქმის განხილვის გაჭიანურებასა და მხარეთა უფლებების უსაფუძვლო შელახვას გამოიწვევს. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლითაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372, 385-ე, 394-ე და 412-ე მუხლებით
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აგვიტოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე