საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-489(კ-22) 20 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...მა“ 2019 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის N04/20552 წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით N3/3691-19 საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის N04/20552 წერილის ...ის საავადმყოფოსათვის შესაბამის შემთხვევებზე ანაზღაურებული თანხის-9077,99, უკან დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში, განსჯადობით განხილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 15 აპრილის №04/20552 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 21 მაისის №04/26830 გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში N3ბ/322-20 აპელანტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის გამზირი N144) და 2022 წლის 11 მაისს ჩაბარდა ადმინისტრაციული ორგანოს - საქმისწარმოებისა და არქივის სამმართველოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 12 მაისიდან და ამოიწურა 2022 წლის 18 მაისს, 24 საათზე (ოთხშაბათი). კასატორმა 2022 წლის 25 მაისს (საპროცესო ვადის დარღვევით), Nბ-845-22 განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა ბაჟის ქვითრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადებას აგრეთვე ერთვოდა კონვერტი, რომლითაც არ დგინდებოდა რომელი ფოსტის მეშვეობით იქნა წარმოდგენილი განცხადება Nბ-845-22 და როდის იქნა საფოსტო განყოფილებაში შეტანილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც ფოსტაში Nბ-845-22 განცხადების (2022 წლის 10 მაისის განჩინებით დადგენილი საპროცესო ხარვეზის შევსების თაობაზე) შეტანის თარიღს დაადასტურებდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა 2022 წლის 7 ივნისს და ადმინისტრაციული ორგანოს - საქმისწარმოებისა და არქივის სამმართველოს ჩაბარდა 2022 წლის 8 ივნისს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 9 ივნისს და ამოიწურა 2022 წლის 16 ივნისს, 24 საათზე (ხუთშაბათი). აღნიშნულ პერიოდში, კასატორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც 2022 წლის 10 მაისის განჩინებით განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსებას დაადასტურებდა. ასევე, კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს 2022 წლის 16 მაისის №11096 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე