საქმე #ბს-459(2კ-22) 7 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 18 იანვარს გ.ო-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 14 სექტემბერს მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან 1999 წლის 15 დეკემბრის ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი...), 2020 წლის 13 აგვისტოს #... საარქივო ცნობა, ...ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 30 ნოემბრის #111 დადგენილება, საკადასტრო რუკა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელექტრონული ვერსიები და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული, 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთის (კოდი - #..., სექტორი - ... კოდი, #..., კვარტალი - #..., ნაკვეთის #...) რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... ის რეგიონული ოფისის 2020 წლის 24 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით გ.ო-ის მიერ წარდგენილ განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, ამავე დროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იყო დაცული სააღრიცხვო მასალა.
მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 2 ოქტომბერს და იმავე წლის 13 ოქტომბერს მან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა განმარტებითი ხასიათის განცხადება და კურორტ ...ოს ტერიტორიაზე სააგარაკე სახლის მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილი თანხების საფუძველზე გაცემული ქვითრების ასლები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 28 ოქტომბერს მიიღო #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2020 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის #... და 2020 წლის 28 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით გ.ო-ის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2020 წლის 28 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და ... ის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #... ) საზღვარში, შესაბამისად, თუკი ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგინდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ...ის რეგიონულმა ოფისმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #... ) საზღვრის კორექტირების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
...ის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტის მიერ 2020 წლის 22 ნოემბერს განხორციელდა ...ის მუნიციპალიტეტის კურორტ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ. #... ) ადგილზე დათვალიერება და #... ოქმის თანახმად, დადგენილ იქნა „ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია“.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე, 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე (კოდი - #..., სექტორი - ..., კოდი #..., კვარტალი - #.., ნაკვეთის #...) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რაც ასევე გასაჩივრებულ იქნა მის მიერ. თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილებით გ.ო-ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმავე საფუძვლებით, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს.
მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საკუთრების მოწმობა გ.ო-ის სახელზე და მის მიერ 1999 წლის 4 ნოემბერს გადახდილია საფასური (ქვითრის ასლი #... და ქვითრის ასლი #...), რაც არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ გ.ო-ე ნამდვილად არის განცხადებაში აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე, რომელმაც გადაიხადა 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთის შესყიდვის საფასური - 13 000 ლარი და დამატებით 1000 ლარი, ჯამში - 14000 ლარი. 1999 წლის 15 ნოემბერს პირველად განხორციელდა გ.ო-ის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 1 დეკემბერს მოახდინა 72 933 კვ.მ მიწის (ს.კ. #... ) აღრიცხვა საკუთრებაში, რომელშიც მოჰყვა გ.ო-ის უძრავი ქონება, რამაც გამოიწვია ზედდება და გ.ო-ის საკუთრება გახდა არაიდენტური. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #... (წინა საკადასტრო კოდი #... ), ასევე, მეორე ნაკვეთი საკადასტრო კოდით #... (წინა საკადატსრო კოდი #... ) არის იმავე სექტორში, რომელიც ესაზღვრება გ.ო-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და იქ სხვა თავისუფალი 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ფართობი ფიზიკურად არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
ამდენად, მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილების და ...ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის #... ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ...ის რაიონში, კურორტ ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გ.ო-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით გ.ო-ის სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბრის #... გადაწყვეტილების (რომლითაც გ.ო-ეს უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე (კოდი - #.., სექტორი - ..., კოდი #..., კვარტალი - #..., ნაკვეთის #...) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე), გ.ო-ის 2020 წლის 9 დეკემბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილებისა და ...ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის #... დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე (კოდი - #..., სექტორი - ..., კოდი #..., კვარტალი - #..., ნაკვეთის #...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გ.ო-ის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ო-ეს უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე (კოდი - #.., სექტორი - ... კოდი #..., კვარტალი - #..., ნაკვეთის #...) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ო-ეს უარი ეთქვა 2020 წლის 9 დეკემბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის #... დათვალიერების ოქმი; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება გ.ო-ის მოთხოვნა ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე (კოდი - #..., სექტორი - ..., კოდი #..., კვარტალი - #..., ნაკვეთის #..) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #... ოქმით არ დადგინდა გ.ო-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებულ მიწის ნაკვეთთთან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი არ შეიცავდა მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ ზუსტ მონაცემებს.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციისას, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მეშვეობით მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობას სწორედ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როდესაც უფლების დამდგენი დოკუმენტი არ შეიცავს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დასადგენად საჭირო მონაცემებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის (სპეციალისტის) 2020 წლის 22 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმი (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი #... ) ეწინააღმდეგებოდა კანონს და ზღუდავდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება - ...ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის #... ადგილზე დათვალიერების ოქმი. საჯარო რეესტრმა საერთოდ არ შეაფასა დაინტერესებული პირის - გ.ო-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საარქივო ცნობა, ქვითრების ასლები (შპს „... ის“ 04.11.1999წ. #... და #... ქვითრები), რომლითაც ირკვევა, რომ მოაგარაკე - გ.ო-ემ (მცხ: ...ის რაიონი, სოფელი ...) გადაიხადა გამოყოფილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვის თანხა - 13000 ლარი და 1000 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რეესტრმა ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის სხვა გარემოებები, ხოლო ზემოაღნიშნული ოქმი (22.11.2020წ. #... ) არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რატომ ვერ მოხდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ჩატარდა დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია და შეეფასებინა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეღო გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ, თუ წარდგენილი მტკიცებულებებითა და მის ხელთ არსებული მონაცემების ერთობლივი შეფასებით ვერ იქნებოდა დადგენილი განსახილველი მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობა ან გამოირიცხებოდა ამგვარი იდენტურობა. შესაბამისად, სააგენტო ვალდებული იყო, მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებთან და მონაცემებთან ერთობლიობაში შეეფასებინა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეების განცხადება, ემსჯელა, თუ რამდენად ხასიათდებოდა მოწმეების განმარტებები სარწმუნოობაზე მეტყველი კონკრეტული ნიშნებით, საამისოდ გამოეყენებინა მოწმეთა დამატებით გამოკითხვისა თუ საქმის გარემოებების გამოსაკვლევად სხვა სახის მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.
დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი 15.12.1999წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საარქივო ცნობით, მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველი უფლებადამდგენი დოკუმენტებითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტური იყო. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შეუძლებლობა დასახელდა, საქმის გარემოებების ყოველმხრივ სათანადო გამოკვლევა საფუძველი იქნებოდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შესახებ სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული კანონი, რადგან სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციას და აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, სააგენტოს უფლებამოსილებებს.
კასატორის განმარტებით, წინამდებარე შემთხვევაში, არც სისტემური რეგისტრაცია არსებობდა და არც უტყუარად დგინდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის მდებარეობა. კერძოდ, ...ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 30 ნოემბრის #111 დადგენილებაში არ არის მითითებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა, კონფიგურაცია, ნაკვეთის მომიჯნავეები ან ისეთი პირობითი აღნიშვნები, რომლებიც უტყუარად დაადგენდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას და იდენტურობას. შესაბამისად, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო ამ მიზნით მიემართა ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, რომელსაც სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება, ემსჯელა და შეეფასებინა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მდებარეობა/იდენტურობა.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სისტემური რეგისტრაცია დაიწყო 2022 წლის 1 იანვრიდან, სწორედ აღნიშნული თარიღიდან შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეაჩერა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უფლებამოსილება - მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების უფლება გადაეცა საჯარო რეესტრს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთებზე. საყურადღებოა, რომ სადავო აქტები მიღებულია 2020 და 2021 წელს. ამდენად, 2022 წლიდან დაწყებული სისტემური რეგისტრაციის განხორციელების მიზნით კანონით გათვალისწინებულ საჯარო რეესტრის უფლებამოსილებებს უკუძალა ვერ ექნება. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სისტემური რეგისტრაციის განხორციელების მიზნით საჯარო რეესტრისათვის არ მიუმართავს, ხოლო „„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის #798 ბრძანებით დადგენილი გეოგრაფიული არეალების ადმინისტრაციულ ერთეულებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დროის განსაზღვრის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის #... (22.02.2022წ.) ბრძანებით დამტკიცებული #1 დანართის შესაბამისად, დაბა ...ში სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის აგვისტოში.
კასატორის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებების საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლო სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის/იდენტურობის დადგენის მიზნით, დაეყრდნო მხოლოდ მოწმეების - ც.ც-სა და დ.ჟ-ის ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებს. აღნიშნული მოწმეებიდან - ც.ც-ეს ...ის მუნიციპალიტეტში, მათ შორის, დაბა ...ში არ აქვს საკუთრების უფლება რეგისტრირებული, ხოლო დ.ჟ-ს ...ში, ... ის ქუჩაზე #... საკადასტრო კოდით, საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებული ჰქონდა 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2010 წელს მიატოვა საკუთრების უფლება და არსებული მონაცემებით, ის რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებაში. ასევე, #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არ არის რეგისტრირებული. ამასთან, კასატორის მითითებით, აღნიშნულ თანხმობებში საუბარია ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ და არა ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებაზე. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად ...ის მუნიციპალიტეტმა, როგორც მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამდგენმა ორგანომ, არ დაადასტურა სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობა/მდებარეობა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიწის ნაკვეთის იდენტურობის/ადგილმდებარეობის თაობაზე მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით მსჯელობა პირდაპირ ეწინააღმდეგება გასაჩივრებულ განჩინებაშივე მითითებულ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის შესახებ სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დანაწესს, ვინაიდან სასამართლო ისე დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომ არ იმსჯელა და არ შეაფასა, იყვნენ თუ არა აღნიშნული მოწმეები შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ზედდება დგინდება სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს.კ. #... ), ხოლო აღნიშნული რეგისტრაცია მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა.
კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული დანაწესის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ ისე დაავალა მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია, რომ საერთოდ არ შეუფასებია სახელმწიფოს სახელზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებისა და მოქმედების პირობებში მოსარჩელის სახელზე სადავო ტერიტორიის დარეგისტრირების შეუძლებლობა.
ამდენად, კასატორის შეფასებით, ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლობა წარმოშობს საფუძვლიან ვარაუდს, რომ სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სისტემური რეგისტრაციისათვის დადგენილი საკანონმდებლო ნორმა მიუსადაგა სპორადულ რეგისტრაციას, როდესაც ეს ორი სარეგისტრაციო წარმოება აბსოლუტურად დამოუკიდებელ საკანონმდებლო რეგულაციაში ექცევა, ამ ნორმების ანალოგიით გამოყენება არ წარმოადგენს კანონის სწორ განმარტებას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ შეიძლება გახდეს ადგილმდებარეობის დადასტურების საფუძველი მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონით ამ უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანო არ ადასტურებს უფლების დამდგენ დოკუმენტებსა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობას.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილ იქნა, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ... ) საზღვარში, გ.ო-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კი არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტებს და საჯარო რეესტრში არ იყო დაცული სააღრიცხვო მასალა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნო ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შედგენილ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #... ოქმს, რომელშიც მიეთითა, რომ დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება, რომელზეც კერძო პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება და არ არსებობს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. კასატორი განმარტავს, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მეტიც, სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელეს სადავოდ არც გაუხდია სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი/კანონიერება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ისე დაავალა გ.ო-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომ საერთოდ არ უმსჯელია რეგისტრაციის საფუძვლების შესახებ, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი - ბრძანება ძალაშია და მხარის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბრის #... გადაწყვეტილების (რომლითაც გ.ო-ეს უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე (კოდი - #..., სექტორი - ..., კოდი #..., კვარტალი - #.., ნაკვეთის #...) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე), გ.ო-ის 2020 წლის 9 დეკემბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილებისა და ...ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის #... დათვალიერების ოქმის კანონიერება, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე (კოდი - #..., სექტორი - ..., კოდი #..., კვარტალი - #.., ნაკვეთის #...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გ.ო-ის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 14 სექტემბერს გ.ო-ის წარმომადგენელმა #... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა, სატყეო ფონდი, ელ. ვერსია, საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
15.12.1999წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის #...) დადგენილია, რომ სარეგისტრაციო ზონა - ...ის რაიონი, კოდი - ..., სექტორი ..., კოდი - .., კვარტლის #..., ნაკვეთის #..., ფართობი 10 000 კვ.მ, მის: ...ის რაიონი კურორტი ..., უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - დასასვენებელი სახლი, მესაკუთრედ რეგისტრირებულია გ.ო-ე (მცხ: ...ის რაიონი, სოფელი ...). უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია: 1. მიწის გამოყოფის შესახებ ...ის რაიონის გამგეობის 30.11.2019წ. #... დადგენილება და 2. მიწის გამოყოფაზე შესატანი თანხის ქვითარი #...
13.08.2020წ. #... საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ...ის რეგიონულ არქივში დაცული ...ის რაიონის გამგეობის 1999 წლის 30 ნოემბრის #... სხდომის ოქმი, დადგენილება #...-ის თანახმად, ...ის რაიონში, სოფელ ...ში მცხოვრებ გ.ო-ეს კურორტ ...ში ...ის მშენებლობისათვის გამოეყო 1 (ერთი) ჰექტარი მიწის ფართობი.
საქმეში დაცული 15.12.1999წ. საკადასტრო რუკით ...ის რაიონის კურორტ ...ში (კვარტალი #..., ნაკვეთი #...) 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ რეგისტრირებულია ო-ე.გ
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ოქტომბერს და ამავე წლის 13 ოქტომბერს გ.ო-ის წარმომადგენლის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარდგენილ იქნა განმარტებითი ხასიათის განცხადებები და ნოტარიალურად დამოწმებული შპს „...ის“ 04.11.1999წ. #... და #... ქვითრები (მოსაკრებელი კურორტ ...ის ტერიტორიაზე სააგარაკო სახლის მშენებლობის ნებართვისათვის), რომლითაც დადგენილია, რომ მოაგარაკე - გ.ო-ემ (მცხ: ...ის რაიონი, სოფელი ...) გადაიხადა გამოყოფილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვის თანხა - 13000 ლარი და 1000 ლარი.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამდენად, 2020 წლის 19 ნოემბერს ...ის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ იქნა #460098 წერილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #... ოქმით არ დადგინდა გ.ო-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებულ მიწის ნაკვეთთთან. შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით გ.ო-ეს უარი ეთქვა ...ის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში მდებარე 10 000 კვ.მ (1 ჰა) მიწის ნაკვეთზე კოდი - #..., სექტორი - ..., კოდი #..., კვარტალი - #... ნაკვეთის #..., საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რაც ასევე გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის მიერ. თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილებით გ.ო-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმავე საფუძვლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, მოსარჩელე გ.ო-ის მიერ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი მოწმის - ც.ც-ს (პ/ნ ...) 2021 წლის 19 მაისის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებებით ც.ც-ემ დაადასტურა, რომ გ.ო-ეს ნამდვილად აქვს საკუთრებაში ...ის რაიონში, კურორტ ...ში ...ის მიმდებარედ დიდი მიწის ფართობი, რომელიც შემოსაზღვრული იყო სამიჯნე ბოძებით. გ.ო-ეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნამდვილად ჰქონდა სამუშაო იარაღების შესანახი სათავსო (ფარდული), რომელიც დიდთოვლობის გამო დაინგრა. სხვადასხვა წლებში აღნიშნულ ნაკვეთზე, რომელიც ნაწილობრივ იყო დაჭაობებული, გ.ო-ემ მიიყვანა ტრაქტორი, ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები ჭაობის დაშრობის მიზნით და გაიყვანა სადრენაჟე არხი.
დ.ჟ-ის (პ/ნ ...) 2021 წლის 24 მაისის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებებით დადგენილია, რომ გ.ო-ეს ნამდვილად აქვს ...ის რაიონში, კურორტ ...ში ...ის მიმდებარედ 1 (ერთი) ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, რომელიც შემოსაზღვრული იყო ლითონის ბოძებით. გ.ო-ეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნამდვილად ჰქონდა სამუშაო იარაღების შესანახი სათავსო (ფარდული), რომელიც დიდთოვლობის გამო დაინგრა. სხვადასხვა წლებში აღნიშნულ ნაკვეთზე, რომელიც ნაწილობრივ იყო დაჭაობებული, გ.ო-ემ მიიყვანა ტრაქტორი, ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები ჭაობის დაშრობის მიზნით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ ...ის რაიონის კურორტ ...ში მდებარე 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის ფუნქცია - დასასვენებელი სახლი) საჯარო რეესტრში 15.12.1999წ.-დან რეგისტრირებულია მოსარჩელის გ.ო-ის სახელზე, სარეგისტრაციო ზონა ...ის რაიონის, კოდი - ..., სექტორი ..., კოდი - ..., კვარტლის #..., ნაკვეთის #...; უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია - 1. ...ის რაიონის გამგეობის 30.11.2019 წლის #... დადგენილება მიწის გამოყოფის შესახებ და 2. მიწის გამოყოფაზე შესატანი თანხის ქვითარი #...
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2013წ. #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ „მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.“
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ გ.ო-ეს სადავო უძრავი ქონება თავად გადასცა არა დროებით სარგებლობაში, არამედ საკუთრებაში განსაზღვრული საფასურის გადახდის სანაცვლოდ, რის შედეგადაც ...ის რაიონის კურორტ ...ში მდებარე 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის ფუნქცია - დასასვენებელი სახლი) საჯარო რეესტრში 1999 წლის 15 დეკემბრიდან დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებაში. საგულისხმოა, რომ გ.ო-ე მთელი ამ პერიოდის მანძილზე უცვლელი ფაქტობრივი საზღვრებით ფლობს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთს, ხოლო მიწის ნაკვეთის კონკრეტული საზღვრებით ფლობისა და მისით სარგებლობის ფაქტი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასევე დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ იხელმძღვანელა მხოლოდ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2020 წლის 22 ნოემბრის #... ადგილზე დათვალიერების ოქმით, თუმცა საერთოდ არ შეაფასა დაინტერესებული პირის - გ.ო-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საარქივო ცნობა, ქვითრების ასლები (შპს „... ის“ 04.11.1999წ. #... და #... ქვითრები), რომლითაც ირკვევა, რომ მოაგარაკე - გ.ო-ემ (მცხ: ...ის რაიონი, სოფელი ...) გადაიხადა კონკრეტული საზღვრებით გამოყოფილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვის თანხა - 13 000 ლარი და 1000 ლარი. რეესტრმა ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის სხვა გარემოებები, ხოლო ზემოაღნიშნული ოქმი (22.11.2020წ. #... ) არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ჩატარდა დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე იქნა დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთის გ.ო-ის საკუთრებაში არსებობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ.ო-ეს სახელმწიფომ კონკრეტულად განსაზღვრული საზღვრებითა და მიზნით (...ის მშენებლობისათვის) გადასცა საკუთრებაში ...ის რაიონში, კურორტ ...ში მდებარე 1 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს არა სადავო უძრავი ქონების გ.ო-ის საკუთრებაში არსებობის, არამედ იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელე სწორედ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო საზღვრებში ფლობს 1 ჰა მიწის ნაკვეთს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი 15.12.1999წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საარქივო ცნობით, მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველი უფლების დამდგენი დოკუმენტებითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შეუძლებლობა დასახელდა, საქმის გარემოებების ყოველმხრივ სათანადო გამოკვლევა საფუძველი იქნებოდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 24.05.2022წ. #... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.05.2022წ. #... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა