#ბს-1069 (კს-21) 08 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ ...“
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2021წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ ...ომ“ 24.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 04.01.2018წ. N04/426 გადაწყვეტილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 24.07.2018წ. N04/42166 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა შპს „...ს“ მიერ ლ.პ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 24.07.2018წ. N04/42166 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 04.01.2018წ. N04/426 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.2019წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2021წ. განჩინებები სააპელაციო საჩივრის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა 01.06.2021წ.. სააპელაციო საჩივრის ავტორს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2021 წლის 11 ივნისის ჩათვლით უნდა მოემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების თაობაზე, თუმცა აღნიშნულ ვადაში მას არც ხარვეზის შევსების და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ მოუმართავს სასამართლოსთვის. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ხარვეზი არ აღმოფხვრილა სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილ 10 დღიან ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2021წ. განჩინება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 01.06.2021წ. არ ჩაბარებია ხარვეზის შესახებ განჩინება. სააგენტოს ჩაბარდა 19.05.2021წ. განჩინებები, თუმცა ორივე განჩინება იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს არ ჩაბარებია 19.05.2021წ. განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2021წ. განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც აპელანტს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2021წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ზემოაღნიშნული განჩინებები სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და 01.06.2021წ. ჩაბარდა ადრესატს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია მისთვის 01.06.2021წ. ჩაბარებული ორი, იდენტური შინაარსის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2021წ. განჩინება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობის თაობაზე. ორივე განჩინება დამოწმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 20.05.2021წ. კანონით დადგენილი წესით, ლურჯი ბეჭდით.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2021წ. განჩინება არ ჩაბარებია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2021წ. განჩინება და საქმე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2021წ. განჩინება და საქმე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი