Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1046(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ზ-ი

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 3 აპრილს დ. ზ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ დისციპლინური წესით დასჯის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2019 წლის 18 მარტის №MIA 4 19 00694064 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2019 წლის 18 მარტის №MIA 4 19 00694064 ბრძანება დისციპლინური წესით დასჯის შესახებ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, დ. ზ-ი მსახურობს ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში, ...ად. აღნიშნულ სამმართველოში, დადგენილია სამუშაო ცვლის განრიგი. თუმცა სამუშაო დღეების რაოდენობა, თითოეული დასაქმებულისთვის არ აღემატება თვეში 10 დღეს, რასაც სამინისტრო, სამმართველოში არსებული საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე, არაეფექტურად მიიჩნევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველოში დასაქმებულ მოსამსახურეებს ზეპირსიტყვიერად მიეცათ მითითება, საჯარო კანონმდებლობის სხვა დადგენილ სამუშაო დღეებშიც გამოცხადებულიყვნენ სამსახურში.

სამინისტრო, შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 მუხლსა და 62-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამინისტროს მოსამსახურის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. კასატორის მითითებით, აღნიშნული ჩანაწერის ნორმატიული შინაარსი გულისხმობს უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას - საქმეთა ნაკადიდან გამომდინარე შეცვალოს სამუშაო დრო. ამდენად, კასატორის განმარტებით, კონკრეტული დროის მონაკვეთში სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართ განხორციელებული მითითებები, შეესაბამება სამინისტროს სისტემაში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს.

შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ დისციპლინური წესით დასჯის შესახებ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს (კანონის პირველი მუხლი). ამავე კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. ხსენებული კანონის 59-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობას, კერძოდ, მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ზ-ის უკავია შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ...ის თანამდებობა. ასევე დადგენილია, რომ დ. ზ-ი, 2019 წლის 18-19 თებერვალს არ გამოცხადდა

სამსახურში, ხოლო 22 თებერვალს გამოცხადდა დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით, რის თაობაზეც არ აცნობა უშუალო ხელმძღვანელს.

შსს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, პოლიციის მაიორმა - დ. ზ-იმა ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობასა და დაგვიანებაში, ასევე აღნიშნულის შესახებ ხელმძღვანელობისათვის შეუტყობინებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დ. ზ-ის შეფარდებოდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - საყვედური.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2019 წლის 18 მარტის №MIA 4 19 00694064 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „თ“ (შრომის დისციპლინის წესის დარღვევა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელს, პოლიციის მაიორ დ. ზ-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად გამოეცხადა „საყვედური“.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი გახდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებითია, შეფასებულ იქნეს ის გარემოება, თუ რამდენად კანონშესაბამისად გამოეცხადა საყვედური მოსარჩელეს, და ზოგადად, ჩადენილია თუ არა დისციპლინური გადაცდომა დ. ზ-ის მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლი განსაზღვრავს სამინისტროს მოსამსახურის ვალდებულებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია: ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და სამსახურებრივი რეგლამენტით/ინსტრუქციებით, მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის (ასევე უშუალო უფროსის) დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს მიმართვები, საჩივრები და განცხადებები; დ) დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები; ე) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; ვ) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურეობრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან პირადი ინტერესების დაპირისპირებისას, თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

ამავე „წესის“ 62-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყების, დასრულებისა და შესვენების დრო, ასევე დასვენების დღეები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით/შინაგანაწესით. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეების სამუშაო დრო ასევე განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით ან სხვა აქტებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურის დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის მის მუდმივ მზადყოფნას ითვალისწინებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 69-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის საფუძველზე დადგენილია სამსახურის გავლის პირობები განსაკუთრებული რეჟიმის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, რომლის მიხედვით, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურე მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე გამოცხადებისათვის, ხოლო სამინისტროს სისტემაში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით, შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. განსაკუთრებული რეჟიმის დროს სამინისტროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ, სამსახურებრივი ფუნქციის განხორციელების ადგილას. სამუშაო ადგილის დატოვება შეიძლება მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვის საფუძველზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ 2019 წლის 31 იანვარს დამტკიცებული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომელთა 2019 წლის თებერვლის თვის მორიგეობის გრაფიკს, რომლითაც განსაზღვრულია აღნიშნული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მოსამსახურეების, მათ შორის, მოსარჩელის მორიგეობის დღეები. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, მოსარჩელე - დ. ზ-ი, 2019 წლის 18, 19 და 22 თებერვალს, მორიგეობის გრაფიკის გათვალისწინებით, არ უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის სხვა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მოსარჩელის განსხვავებულ სამუშაო გრაფიკს, გარდა მორიგეობის განრიგისა. დ. ზ-ის კი, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითების საფუძველზე დაევალა სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილ ყოველ სამუშაო დღეს გამოცხადება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი შემოწმების შესახებ გენერალური ინსპექციის დასკვნაში არ არის მითითებული, თუ რაში გამოიხატა მოსარჩელე დ. ზ-ის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება და შრომის დისციპლინის წესის დარღვევა, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე 2019 წლის 18-19 თებერვალს არ გამოცხადდა სამსახურში, ხოლო 22 თებერვალს გამოცხადდა დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით (აღნიშნული დღეები არ წარმოადგენდა მის სამორიგეო დღეებს). დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გენერალურ ინსპექციაში გამოკითხულმა დ. ზ-იმა ვერ დაასახელა სამსახურში გამოუცხადებლობისა და დაგვიანების საპატიო მიზეზი. ამასთან, არ დგინდება, თუ რომელი დავალების შესასრულებლად ან ფუნქციის განსახორციელებლად იქნა დაბარებული სამსახურში დ. ზ-ი დამატებით დადგენილი სამუშაო გრაფიკისგან განსხვავებული წესით.

საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და შესაძლებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საქმეთა სიმრავლის, სპეციფიკის და შესასრულებელ საგამოძიებო მოქმედებათა გათვალისწინებით, გამომძიებელი სამსახურში გამოცხადდეს განრიგით გათვალისწინებული სამუშაო დღეების გარდა, დამატებით სხვა სამუშაო დღეებშიც, თუმცა, საჭიროების გარეშე, განსაკუთრებული რეჟიმის არარსებობისას, ზეპირსიტყვიერი მითითების საფუძველზე, სისტემატურად მოხელის არასამუშაო დროს სამსახურში გამოცხადების პრაქტიკაში დანერგვა გაუმართლებელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-9 და 62-ე მუხლების შინაარსი გულისხმობს უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას - საქმეთა სიმრავლის გათვალისწინებით განუსაზღვრელად შეცვალოს სამუშაო დრო.

ამრიგად, საქმის მასალებით მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებისა თუ ფუნქციის შეუსრულებლობის ან სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების დაუდასტურებლობის პირობებში, არ არსებობდა მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას დისციპლინური წესით დასჯის შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2019 წლის 18 მარტის №MIA 4 19 00694064 ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე