Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-86(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. რ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის №1000435475/2 გადაწყვეტილების - გ. რ-ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტის - გ. რ-ისათვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N1 000435475/2 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გ. რ-ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე არსებითად მსჯელობა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნატურალიზაციის სახეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად, ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად. ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებით უფლებამოსილ ორგანოს -სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მიმართავს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

კასატორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, თავის კომპეტენციის ფარგლებში, დაიწყო საქმის წარმოება გ. რ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს გაცემული N4657 ცნობით დადგინდა, რომ გ. რ-ი, დაბადებული ... წლის ...ს, არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და „რუსეთის ფედერაციის 1991 წლის 28 ნოემბრის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით მას 2002 წლის 31 მაისს რუსეთის მოქალაქეობა არ მიუღია. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ფაქტები, რომ გ. რ-ის კონკრეტული თარიღით, კონკრეტული კანონის საფუძველზე არ მიუღია მოქალაქეობა არ ადასტურებდა იმას, რომ ის არასდროს ყოფილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ გარემოების დადგენა, იყო თუ არა გ. რ-ი ოდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და რის საფუძველზე იყო გაცემული მის სახელზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი N..., რომელიც წარმოდგენილია საქმეში, რის შესახებაც სათანადო პასუხი ვერ მიიღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის N1 000435475/2 გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ გ. რ-ის განცხადება განუხილველად დარჩა, კანონიერების შემოწმება.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი; ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. ხოლო ამავე მუხლის მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით. ამავე კანონის 21-ე მუხლი თანახმად, კი საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებულია „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება“, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას და განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს. მითითებული ,,დებულების“ მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი; ხოლო მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს, გარდა საქართველოს იმ მოქალაქისა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული „დებულების“ II თავით მოწესრიგებულია საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების წარდგენის წესი, III თავით კი განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცედურა. მითითებული ,,დებულების“ 18.1. მუხლის მიხედვით, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს განმცხადებელი ან დაინტერესებული პირი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს განსახილველ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება; ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე სხვა ორგანიზაციებიდან მიიღოს აუცილებელი დოკუმენტაცია და წერილობითი დასკვნები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. ამავე დებულების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სააგენტოს მოტივირებული დასკვნა პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შესახებ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ამავე დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა კანონქვემდებარე აქტით დადგენილ მოთხოვნებთან, საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საპატიო მიზეზის არსებობისას - სათანადო შეფასება მისცეს ასეთი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო თუ განმცხადებლი ვერ უზრუნველყოფს მისი საპროცესო უფლების რეალიზებას და დამატებითი მტკიცებულებისა თუ ინფორმაციის წარდგენას, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით ნორმატიულად დადგენილი უფლება - განცხადება დატოვოს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ გ. რ-იმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგინა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ დადასტურებული ინფორმაცია, იმის შესახებ გ. რ-იი იყო თუ არა ოდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და რის საფუძველზე გაიცა გ. რ-იზე რუსეთის ფედერაციის პასპორტი N.... გ. რ-ის ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა - 2016 წლის 2 მაისამდე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა განიხილა 2015 წლის 07 აპრილის N1000435475 განცხადება გ. რ-ის (დაბ: ...წ. ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 9 თებერვლის წერილით გ. რ-ის დაავალა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ დადასტურებული ინფორმაციის წარდგენა, გ. რ-იი იყო თუ არა როდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ასევე მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გაიცა გ. რ-იზე რუსეთის ფედერაციის პასპორტი N.... მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც განემარტა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სხვა დოკუმენტის წარდგენა, გარდა უკვე წარდგენილი შვეიცარიის საელჩოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთან სექციის 2014 წლის 6 ნოემბრის N4657/კს ცნობისა, არ შეეძლო; ამასთან მიუთითა, რომ თანახმა იყო გამოეთხოვათ გ. რ-ის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან და მოთხოვნის შემთხვევაში მზად იყო, განეცხადებინა თანხმობა შესაბამისი ფორმით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ იქნა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთან სექციის 2014 წლის 6 ნოემბრის N4657/კს ცნობა, რომლის თანახმად, გ. რ-ი (დაბადებული ...წ.) არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა დადგენილი წესით არ მიუღია რფ-ის 28.11.1991 წლის ,,რფ-ის მოქალაქეობის შესახებ’’ კანონისა და 31.05.2002 წლის N62-ფზ ,,რფ-ის მოქალაქეობის შესახებ’’ კანონის თანახმად. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურის უფროსმა 2016 წლის 4 მაისს N01/111545 წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სადაც ითხოვა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოებთან შუამდგომლობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, გ. რ-ი (დაბ.: ... წ.) ითვლებოდა თუ არა ოდესმე რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ, ფლობდა თუ არა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, ასევე მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გაიცა გ. რ-იზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი N.... აღნიშნულის შემდგომ სააგენტომ ისე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ მიუღია, გამოსცა სადავო ინდივიდუალური აქტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 მაისის №1000435475/2 გადაწყვეტილება ,,გ. რ-ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის/ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობას გ. რ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მან წარადგინა მის ხელთ არსებული ცნობა და ასევე განმარტა, რომ სხვა სახის დოკუმენტების წარდგენას იგი ვეღარ შეძლებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა მოქალაქეობის აღსადგენად მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნებს, ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად უნდა ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მით უფრო მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ გ. რ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო იგივე გადაწყვეტილება და იმავე საფუძვლით დატოვა განუხილველად გ. რ-ის განცხადება.

საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის საკონსულო განყოფილების მიერ 2018 წლის 17 მაისს წარმოდგენილ იქნა N1150 ცნობა, რომლის თანახმად, გ. კ.-ს ძე რ-ი (დაბ. ...), არ არის და არასდროს ყოფილა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

საკასაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება არის გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვებას, გადაწყვეტილების მომზადებას და გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას. თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. სავალდებულოა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველ საქმეზე არ განხორციელდა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებული განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ ემყარება შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გრიგორ რაისიანის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების განცხადებაზე არსებითად უნდა იმსჯელოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 20.01.21წ. №00277 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.01.21წ. №00277 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. სტურუა


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე