Facebook Twitter

№ბს-900(კ-20) 16 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; (მესამე პირები (სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; შპს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 იანვარს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2017 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სს ,,...ის’’ 2017 წლის 01 ივნისის №... განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების განახლება/გაგრძელება და მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ....) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (იმავე განცხადებით მოთხოვნილი პირობებით, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების/მასალების შესაბამისად)) გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ შპს "..." და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სს „...ს“ საკუთრებაში გააჩნდა მხოლოდ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის ნაწილი 369.30 კვ.მ ფართით, ხოლო შპს „...ს“ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის ნაწილი 114.73 კვ.მ ფართით, თუმცა შენობის მიღმა მიწის ნაკვეთზე მათ უფლება არ უდგინდებოდათ. ამასთან, დაინტერესებული პირი ითხოვდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მის და შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრაციას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტომ დაადგინა, რომ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები და მოითხოვა დაინტერესებული პირისაგან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ იქნა წარდგენილი და რის გამოც შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილება, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნახაზები, რომლის მიხედვითაც, საინვენტარიზაციო გეგმის ობიექტები ემთხვევა სურათზე ასახულ ობიექტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ დგინდებოდა ამავე დოკუმენტებში აღნიშნული უძრავი ნივთების იდენტურობა და ადგილმდებარეობა.

საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის მიერ უძრავ ქონებაზე ს/კ ..., 18.02.2010 წელს გაცემული ამონაწერი, რომლის შესაბამისად, სს „გ...ის“ სასარგებლოდ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თანასაკუთრება შპს „...სთან“ ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ სს „გ...ის“ და შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილები (1126.5 კვ.მ. და 635.00 კვ.მ.) არ იყო გამიჯნული, 1126.5 კვ.მ. დაუზუსტებელ ფართზე ს/კ ... დარეგისტრირდა საკუთრება სს „გ...ის“ სასარგებლოდ, ხოლო 635.00 კვ.მ. დაუზუსტებელ ფართზე ს/კ ... - ...ის სასარგებლოდ. ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონებები წარმოადგენს ერთ მთლიან მიწის ნაკვეთს, თითოეული მათგანის საკუთრების ტიპში ფიქსირდება თანასაკუთრება. ამონაწერების მიხედვით, სს „...ისა“ და შპს „...ის“ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი საერთო ჯამში შეადგენს 1761,50 კვ. მეტრს (1126.5 კვ.მ. + 635.00 კვ.მ. = 1761.50 კვ.მ) ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ცნობა-დახასიათების და მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების გეგმის მიხედვით ...ში ...ის ქ. მდებარე მიწის ფართი შეადგენს 1778 კვ.მ.-ს, ხოლო 2016 წლის 15 ივნისის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ...ში ...ის ქ. მდებარე მიწის ფართი შეადგენს 1778.2 კვ.მ.-ს. „...ის“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით სს „...ისა“ და შპს „...ის“ თანასაკუთრებაში მიწის ნაკვეთის (მდებარე ...ი, ...ის ქ.) მთლიანი ფართი შეადგენს 1567 კვ.მ.-ს. ამასთან, ეს უკანასკნელი აზომვა შესრულებულია ლაზერული მანძილმზომის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს იმ მეთოდებზე უფრო მაღალ სიზუსტეს რომლებიც მითითებული დოკუმენტების შედგინისას არის გამოყენებული.

1971 წლის ცნობა-დახასიათების შესაბამისად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. 1995 წლის ივნისში, საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს სისტემის რეორგანიზაციის შედეგად, დაფუძნებული იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები: „საქართველოს ელექტროკავშირი (1999 წელს გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ხოლო შემდგომ 2005 წელს შეეცვალა დასახელება და ეწოდა სს „ს...“) და „...“. 1999 წლის გაცემულ შენობა-ნაგებობის გეგმებზე მითითებულია, რომ უძრავი ქონება ეკუთვნის გარდაბნის კავშირგაბმულობის კვანძს, ხოლო ამავე გეგმებით გათვალისწინებული შენობის ნახაზებზე აღნიშნულია ელ. კავშირის და ფოსტის, როგორც შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეების სახელები.

კასატორი მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ სს „...სა“ და შპს „...ს“ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე უფლება არ უდგინდებათ.

გაუგებარია, თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება არ ყოფილა სს ს...ის კაპიტალში რიცხული, მაშინ ...ის რომელ კავშირგაბმულობის შენობასა და სადიზელეზეა საუბარი 2006 წლის 14 ივნისს დადებულ სს ს...ის აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ამასთან, მართალია მითითებულ ხელშეკრულებას არ ერთვის უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა გაუგებარია აღნიშნული რა სახით გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სს „...ის“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვითი ნახაზზე მოცემული უძრავი ქონება არ არის ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნული ...ის კავშირგაბმულობის შენობა და სადიზელე.

კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა დადგენილი და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ საქმეში, ძირითად სადავო საკითხს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სს „...ისთვის“ ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სს „...ისთვის“ ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმა ეფუძნება დასარეგისტრირებელ ქონებაზე, შესაბამისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარუდგენლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (18.02.2010) შესაბამისად, სს „გ...ის“ საკუთრებაში იყო 369,30 კვ.მ ფართი სართული 1-2. უძრავი ნივთი - მდებარე ქ. თბილისი, ...ი. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო. დაუზუსტებელი ფართობი: 1126.50. საკადასტრო კოდი: ....

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (12.11.2014) შესაბამისად, შპს ,,...ის“ საკუთრებაში იყო 114,73 კვ.მ. ფართი. უძრავი ნივთი - მდებარე ქ. თბილისი, დაბა ...ი, ...ის ქ. №9. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი: 635.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ....

2017 წლის 01 ივნისს სს „...ის“ წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ თბილისში, დაბა ...ში მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: ...) მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ შპს ,,...ს“ უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ №... აქტით (გარიგება) გამოეყო პირველი და მე-2 სართულები (ფართობი: 369.3 კვ.მ), ხოლო ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ცნობა-დახასიათების მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მოსარგებლედ აღრიცხული იყო გარდაბნის კავშირგაბმულობის კვანძი, რის გამოც, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ცნობა-დახასიათების თანახმად, დაბა ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1778 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები („ა“, „ბ“ და „გ“ ლიტერები) ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მოსარგებლედ ფიქსირდებოდა გარდაბნის კავშირგაბმულობის კვანძი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, დაბა ...ი, 873 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა №1.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (25.07.2016) დგინდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაშია 873,00 კვ.მ. ფართი უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დაბა ...ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი: 873.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1. საკადასტრო კოდი: ....

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (15.03.2017) დგინდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაშია 105,00 კვ.მ. ფართი. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დაბა ...ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი: 105.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1. საკადასტრო კოდი: ....

2017 წლის 14 ივლისს სს ,,...ის“ წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 25 ივლისის №... და 2017 წლის 15 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა №... სარეგისტრაციო განცხადებას დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის მონაცემებთან ზედდების ნაწილში, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ივლისის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სს „...ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) წარმომადგენელს მ. კ-ის (პირადი ნომერი ...) 2016 წლის 25 ივლისის №... და 2017 წლის 15 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განხილვაზე.

ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული გარდაბნის კავშირგაბმულობის კვანძის შენობა-ნაგებობის როგორც პირველი, ისე მე-2 სართულის გეგმები ედრებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლებში დაცულ აზომვით ნახაზებს, თუმცა საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით ვერ დგინდებოდა №... სარეგისტრაციო განცხადებას დართულ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის იდენტურობა ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმასთან და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში არსებულ გეგმებთან.

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 18 აგვისტოს №... და 2017 წლის 12 სექტემბერს №... წერილებით მიმართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1) იყო თუ არა სარეგისტრაციო ქონება (როგორც მიწის ნაკვეთის, ისე შენობა-ნაგებობების) განკარგული/პრივატიზებული სახელმწიფოს მიერ, კანონით დადგენილი წესით; 2) იყო თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ს/კ ... სააქციო საზოგადოება „...ის“ საკუთრებაში და ს/კ ... შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების იდენტური; 3) იყო თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ტექნიკური აღრიცხვის არქივში სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (გარდაბნის კავშირგაბმულობის კვანძი) იდენტური; 4) იყო თუ არა ... საკადასტრო კოდით სააქციო საზოგადოება „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული და ... საკადასტრო კოდით შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთები ტექნიკური აღრიცხვის არქივში სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების/შენობა-ნაგებობის (გარდაბნის კავშირგაბმულობის კვანძი) იდენტური; 5) ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს წილი ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობაში. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული წერილებით აგრეთვე მოითხოვა ინფორმაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის მიწოდება.

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 სექტემბრის №6/48319 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2006 წლის 14 ივნისს დადებული სს „ს...ის“ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პრივატიზებულ იქნა ამ უკანასკნელის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები (90.65 %). ხსენებული ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული იყო სს „ს...ის“ კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი, მათ შორის ...ის კავშირგაბმულობის შენობა და ...ის სადიზელე. ამასთან, მითითებულ ხელშეკრულებას არ ერთვოდა უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ზემოხსენებული კორესპონდენციით დასმულ საკითხთან დაკავშირებით მიეწოდებინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში დაცული სართულის გეგმებზე მითითებულია სს „ს...ისა“ და შპს „...ის“ ფართობების განლაგება, თუმცა ... საკადასტრო კოდით შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის გეგმებისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში დაცული სართულის გეგმების შედარების შედეგად დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობაში დარჩენილი იყო სხვა ფართობებიც, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული არც სს „...ის“ და არც შპს „...ის“ საკუთრებად.

ადმინისტრაციული წარმოების დროს დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის მონაცემების ზედდება ... და ... საკადასტრო კოდებით სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან, ამასთან, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, სადაც მდებარეობდა ძირითადი შენობა-ნაგებობა, არ ჰქონდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ... საკადასტრო კოდით სს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული იყო ქალაქ თბილისში, დაბა ...ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველი და მე-2 სართულები (ფართობი: 369.30 კვ.მ, საფუძველი: უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ აქტი (გარიგება), რეესტრში რეგისტრაციის ნომერი - ..., თარიღი - 17.03.2010, ნოტარიუსი - ე.ც-ე). აღნიშნული უძრავი ნივთი (369.30 კვ.მ) თავდაპირველად რეგისტრირებული იყო სააქციო საზოგადოება „ს...ის“ (შემდგომში - სააქციო საზოგადოება „გ...ი“, საიდენტიფიკაციო ნომერი ...) საკუთრებაში, შემდგომ, უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) კაპიტალში გადაცემის შესახებ აქტით (გარიგება), შეტანილ იქნა სს „...ის“ კაპიტალში. რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი შეადგენდა დაუზუსტებელ 1126.50 კვ.მ-ს და იყო თანასაკუთრებაში (ნაკვეთის საკუთრების ტიპი).

2017 წლის 20 ოქტომბრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისათვის, აუცილებელი პირობაა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ქმნიდეს უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით ვერ დგინდებოდა №... სარეგისტრაციო განცხადებას დართულ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის იდენტურობა ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმასთან და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში არსებულ გეგმებთან.

2006 წლის 14 ივნისს დადებული სს „ს...ის“ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პრივატიზებულ იქნა ამ უკანასკნელის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები (90.65 %). ხსენებული ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული იყო სს „ს...ის“ კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი, მათ შორის ...ის კავშირგაბმულობის შენობა და ...ის სადიზელე. ამასთან, მითითებულ ხელშეკრულებას არ ერთვოდა უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში დაცული სართულის გეგმებზე მითითებულია სს „ს...ისა“ და შპს „...ის“ ფართობების განლაგება, თუმცა ... საკადასტრო კოდით შპს „...ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის გეგმებისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საფუძვლებში დაცული სართულის გეგმების შედარების შედეგად დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობაში დარჩენილი იყო სხვა ფართობებიც, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული არც სს „...ის“ და არც შპს „...ის“ საკუთრებად.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე მხარეს საკუთრების უფლება უდგინდება 369,30 კვ.მ ფართზე (სართული 1-2. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ი. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო. დაუზუსტებელი ფართობი: 1126.50. საკადასტრო კოდი: ....), ხოლო, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებისა და აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების განხორციელების საფუძვლებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერც ადმინისტრაიცული წარმოების და ვერც სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე ვერ უზრუნველყო სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების უტყუარად დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 26.08.2020 წ. საგადასახდო დავალება №9754881462-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.05.2020 წ. საგადასახდო დავალება №873952521-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი