Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1201(კ-20) 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - ი. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. პ-ი, ბ. ც-ე, კ. ც-ე

სარჩელზე მოპასუხე - ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 10 თებერვალს მ. პ-იმა, ბ. ც-ემ და კ. ც-ემ სარჩელით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მესამე პირად - ი. ც-ე მიუთითეს.

მოსარჩელეებმა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 25 მარტის N5 საოქმო გადაწყვეტილების ი. ც-ეის ნაწილში და 2008 წლის 28 მარტის N0087 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. პ-ის, ბ. ც-ეის და კ. ც-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. პ-იმა, ბ. ც-ემ და კ. ც-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. პ-ის, ბ. ც-ეის და კ. ც-ეის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 25 მარტის N5 საოქმო გადაწყვეტილება ი. ც-ეის ნაწილში და 2008 წლის 28 მარტის N0087 საკუთრების უფლების მოწმობა. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა, ი. ც-ემ.

კასატორის განმარტებით, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლად ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად მიიჩნია დედის - კ. ც-ეის მიერ 2008 წლის 13 თებერვალს შედგენილი ანდერძი და ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 6 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს, 2008 წლის მარტში სადავო ქონება სსიპ საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. კასატორის მითითებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღიარებულ იქნა, რომ მას, დაბა ...ში, ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნდა, როგორც მართლზომიერ მფლობელს. კასატორის განმარტებით, ის გარემოება, რომ თვითმმართველობის ორგანოში დაუდევრობის გამო არ იძებნება ადმინისტრაციული წარმოების სრული მასალები, არ უნდა გახდეს მისი უფლების რეალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოება. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეები - მ. პ-ი, ბ. ც-ე და კ. ც-ე, როგორც არაუფლებამოსილი პირები უნდა ამოირიცხონ იმ კომლის შემადგენლობიდან, სადაც არასდროს უცხოვრიათ და რომლის ქონებაც უსამართლოდ მიითვისეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ი. ც-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ც-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 25 მარტის N5 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გამოცემული 2008 წლის 28 მარტის N0087 საკუთრების უფლების მოწმობის, რომლითაც ი. ც-ეს საკუთრებაში აღიარებულ იქნა დაბა ...ში, ...ის ქ. #...-ში მდებარე ქონებაზე საკუთრების უფლება, კანონიერების შემოწმება. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე აღიარა ი. ც-ეის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, როგორც მართლზომიერ მფლობელს, რომ მას არ ჰქონდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, სადავო ქონება წარმოადგენდა კომლის წევრთა საერთო საკუთრებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანხმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა არის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე; ხოლო ამავე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა ეს არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ამავე მუხლის ,,ე" პუნქტის თანახმად კი, დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, აგრეთვე ის პირი ან მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

ამავე კანონის მე-5 მუხლის (2008 წელს მოქმედი რედაქციით) მე-3 ნაწილის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, კანონმდებლობა მართლზომიერი მფლობელობის დროს ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უშვებდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 6 მარტს ი. ც-ემ განცხადებით მიმართა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა სახლსა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა 2008 წლის 13 თებერვლის, დედის - კ. მ-ის მიერ შედგენილი ანდერძი და 2008 წლის 6 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 13 თებერვალს კ. მ-ის მიერ შედგენილია ანდერძი, რომლის შესაბამისად, კ. მ-იმა მთელი მისი უძრავ-მოძრავ ქონება უანდერძა შვილს - ი. ც-ეს. დადგენილია, რომ კ. მ-ი გარდაიცვალა 2011 წელს.

2008 წლის 6 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ი. ც-ე არის ვ. ც-ეის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე და მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, თავისი აქტივებით და პასივებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის დაინტერესებული პირის ცნების განმარტებიდან და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალიდან გამომდინარე, განცხადების წარდგენის დოისთვის (2008 წლის 6 მარტი) ი. ც-ე ვერ მიიჩნეოდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე დაინტერსებულ პირად, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, კონკრეტულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი - კ. მ-ი გარდაიცვალა 2011 წელს, სადავო გადაწყვეტილება კი მიღებულია 2008 წლის 25 მარტს. რაც შეეხება განცხადებაზე დართულ 2008 წლის 6 მარტს გაცემულ სამკვიდრო მოწმობას, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული არის ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, რომელიც საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა მხოლოდ მაშინ, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნებოდა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ვ. ც-ეის (მამკვიდრებლის) საკუთრების/ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება ქონებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქმეში არსებულ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 27იანვრის ცნობაზე, რომლის თანახმად, ახალციხის რეგიონულ არქივში დაცული ...ის რაიონის დაბა ...ის საკრებულოს 1998-2000 წლებში საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ც-ე ვ. პ.-ს ძე, კომლში ირიცხებიან: ც-ე ვ. პ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; მ-ი კ. გ.-ს ასული - მეუღლე; ც-ე მ. ვ.-ს ძე - შვილი; პ-ი მ. შ.-ს ასული - რძალი. ც-ე ბ. მ.-ს ძე - შვილიშვილი; ც-ე კ. მ.-ს ასული - შვილიშვილი; 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ირიცხებოდა ც-ე ვ. პ.-ს ძე, რომელიც გადახაზულია, გარდაიცვალა 2003 წელს და კომლის უფროსად ჩაწერილია მ-ი კ. გ.-ს ასული, კომლში ირიცხებიან: ც-ე ვ. პ.-ს ძე - ოჯახის უფროსი (გადახაზულია); მ-ი კ. გ.-ს ასული - მეუღლე; ც-ე მ. ვ.-ს ძე - შვილი; პ-ი მ. შ.-ს ას - რძალი; ც-ე ბ. მ.-ს ძე - შვილიშვილი; ც-ე კ. მ.-ს ას - შვილიშვილი; 1998-2000 წლებში და 2001-2005 წლებში საკომლო წიგნებში კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება. დაბა ...ის საკრებულოს მიერ 1998 წელზე ადრე პერიოდის საკომლო წიგნები ან მიწის განაწილების სიები საქართველოს ეროვნულ არქივში არ წარდგენილა. აღნიშნული ცნობით დასტურდება, რომ სახეზეა კომლის ქონება. აღნიშნული კი წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მაგრამ მასში ი. ც-ე მოხსენიებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ როდესაც არსებობს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება სადავო უძრავ ქონებაზე ეღიარებინა სხვა პირის საკუთრების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ი. ც-ეის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი ანუ განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი დოკუმენტები, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ც-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად,

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე