ბს-1011(კ-20) 21 ივლისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 26.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.12.2017წ. №6050 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის შეუსრულებელი სახით 03.02.2010წ. სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ. ჯ-ეის ქმედების უკანონოდ აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. შ-ა და ნ. შ-ა. ამავე კოლეგიის 21.12.2018წ. განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ბო. შ-ა.
26.02.2019წ. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.12.2017წ. №6050 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო 03.02.2017წ. №2/1210-07 სააღსრულებო ფურცლის მოსარჩელისთვის შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ. ჯ-ეის ქმედების უკანონოდ ცნობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.02.2010წ. №2/1210-07 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.2019წ. გადაწყვეტილებით, შპს ,,...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.12.2017წ. №6050 ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა შპს „...ის“ საჩივართან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „...ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და ბო. შ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2019წ. განჩინებით, ბო. შ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2019წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 15.02.2010წ. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. №2/1210-07 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ 03.02.2010წ. სააღსრულებო ფურცელზე. 25.10.2017წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა წერილით მიმართა კრედიტორს და მიუთითა, რომ შპს „...მ“ ვერ განახორციელა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება, რის გამო შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 35.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შპს „...ს“ დაუბრუნდა უკან შეუსრულებელი სახით. აღსრულების ეროვნული ბიუროს 25.10.2017წ. ქმედება, კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების თაობაზე, შპს „...მ“ გაასაჩივრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 18.12.2017წ. №6050 ბრძანებით შპს „...ს“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანების თანახმად, აღმასრულებელმა არაერთხელ გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა ქონების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების და შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით აღმასრულებელმა ვერ განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. №2/1210-07 გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი მიმართვების პასუხად უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განმცხადებლისგან ითხოვდა უძრავი ქონების დამატებითი მახასიათებლების მითითებას ან ქონების მაიდენტიფიცირებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას, თუმცა საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ქონების ზუსტი იდენტიფიცირება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე ვერ მოხერხდა. მიუხედავად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა, აღმასრულებელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოსთვის - სასამართლოსთვის არ მიუმართავს გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით, რისი უფლებამოსილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად გააჩნდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების იდენტიფიცირებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების ვალდებულების მხოლოდ კრედიტორზე გადაკისრება, მისთვის სააღსრულებო წარმოებაზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობის გამო სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის შეუსრულებელი სახით დაბრუნების გზით, წინააღმდეგობაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლთან, ასევე 27-ე მუხლთან, რომლის თანახმად, აღმასრულებელს შეუძლია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება, რაც მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ორგანოს არ განუხორციელებია. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.12.2017წ. №6050 ბრძანების გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დარღვეულია სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 03.02.2010წ. №2/1210-07 სააღსრულებო ფურცლის შპს „...ისათვის“ შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში, აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის ქმედების კანონიერების საკითხი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 17.7, 27-ე მუხლების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. მითითებული ნორმა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას თავად გამოიკვლიოს სადავო და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა დავის არსებითად გადაწყვეტისათვის აუციელებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა დავა არსებითად არ გადაწყვიტა. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 27-ე და სსკ-ის 262-ე მუხლები. აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების/ქმედების ზუსტ რეალიზაციას/განხორციელებას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული პირს, ამასთან უმთავრესი პირობაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების/ქმედების თაობაზე. ვინდიკაციური სარჩელის მქონე პირი და შესაბამისად, მისგან გამომდინარე უფლების რეალიზატორი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მესაკუთრე. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების მომენტისათვის ზუსტად უნდა დადგინდეს კრედიტორის/მესაკუთრის ვინაობა მიუხედავად სააღსრულებო ფურცელში ამა თუ იმ პირის კრედიტორად მითითებისა, ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს ამ ქმედების განხორციელების ეტაპზე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს, ასევე მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების ობიექტის ზუსტი იდენტიფიცირება. უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების არსებობა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა დასტურდება მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სადავო უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მესაკუთრის დადგენის მიზნით უნდა გამოყენებულიყო გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობა საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სასამართლო არ მიუთითებს სხვა სააღსრულებო მოქმედებაზე, რომელიც აღმასრულებელს არ განუხორციელებია. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალების თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.06.2008წ. გადაწყვეტილებაზე 03.02.2010წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2/1210-07), რომლის მიხედვით ბ. და ნ. შ-აების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბ. და ნ. შ-აებს დაევალათ შპს „...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მათი კუთვნილი შენობის ნაწილის დემონტაჟი, ასევე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდათ 140 ლარი მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე 752 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (№...) არის ...ის საკუთრება, ხოლო მის მეზობლად მდებარე 353 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - ნ. და ბ. შ-აების საკუთრება, ამ უკანასკნელთა მფლობელობაშია 402,53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც 46,44 კვ.მ.-ით შეჭრილია აკადემიის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, საიდანაც 10,22 კვ.მ. დაკავებული აქვს მოპასუხეების კუთვნილ შენობას. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.10.2006წ. დასკვნით, ასევე ექსპერტების განმარტებებით. განსახილველ საკასაციო საჩივარში კასატორი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს მესაკუთრის დადგენისა და უძრავი ნივთის იდენტიფიცირების შეუძლებლობაზე, შესაბამისად, უნდა შეფასდეს სააღსრულებო ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებები ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული გარემოებების დადგენას. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ 06.06.2017წ. წერილით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ..., ... და ... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთების თაობაზე, ასევე 26.06.2017წ. წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 46,44 კვ.მ. ფართზე შპს „...ის“ საკუთრების შესახებ და მოითხოვა აზომვითი ნახაზი კონკრეტული ქონების მონიშვნით. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 46,44 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა ცალკე უფლების ობიექტს, არამედ 752 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილს, ერთ შემთხვევაში - სააღსრულებო ორგანომ გამოითხოვა ინფორმაცია ბინებზე, ხოლო მეორე შემთხვევაში ბიურომ ისე მოითხოვა საჯარო რეესტრისგან 46,44 კვ.მ. ფართის იდენტიფიცირება და ინფორმაციის მოწოდება, რომ საჯარო რეესტრისთვის არ უცნობებია სასამართლოს გადაწყვეტილების ან/და ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 752 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 46,44 კვ.მ. ფართის გამოთხოვაზე. მარეგისტრირებელი ორგანოსაგან გამოთხოვილი იქნა ისეთი ინფორმაცია, რომელზეც პასუხი (ადგილმდებარეობის დაუდგენილობის თაობაზე) იმთავითვე იყო მოსალოდნელი. №2/1210-07 საქმეზე მარეგისტრირებელი ორგანო არ წარმოადგენდა დავის მხარეს, შესაბამისად, 752 კვ.მ.-დან რა ნაწილის (რომელი 46,44კვ.მ.-ის) გამოთხოვაზე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (მაგ. ექსპერტიზის დასკვნის, სიტუაციური ნახაზის) წარდგენის გარეშე, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ვერ იქნებოდა ცნობილი და ბიუროსათვის თავიდანვე სავარაუდო უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრის პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
20.07.2017წ. აღსრულების პოლიციელმა მიმართა შპს „...ის“ წარმომადგენელს უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების თაობაზე ინფორმაციისა და მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდების მოთხოვნით, განმცხადებელს მიეთითა ბ. და ნ. შ-აების უფლებამონაცვლეების დადგენის საჭიროებაზე, ასევე ეცნობა, რომ ერთი თვის ვადაში აღნიშნული ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 35.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი უკან დაუბრუნდებოდა. 25.07.2017წ. განცხადებით მოსარჩელემ სააღსრულებო ორგანოს მიუთითა ექსპერტიზის დასკვნაზე, ექსპერტის მიერ შედგენილ ნახაზებზე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებზე, სიტუაციურ ნახაზზე. მიუხედავად ამისა, სააღსრულებო ბიურომ 11.09.2017წ. წერილით საჯარო რეესტრისაგან გამოითხოვა ინფორმაცია ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინებზე (საკადასტრო კოდები ... და ...). ამდენად, არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში სააღსრულებო ორგანოს არ უცდია დაედგინა შპს „...ის“ სამართლებრივი სტატუსი 752 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილი (44,46 კვ.მ.) სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. და ბ. შ-აების უკანონო მფლობელობიდან იქნა გამოთხოვილი. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის 21.02.2019წ. წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე 972 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ №1 მშენებარე შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია შპს „...ის“, ბინების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეთა თანასაკუთრების უფლება. ამავე წერილში მითითებულია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე თითოეული თანამესაკუთრის საკუთრების უფლება განისაზღვრება შენობა-ნაგებობაში თითოეული თანამესაკუთრის საკუთრებაში არსებული წილის პროპორციულად. აღსანიშნავია, რომ უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი ფართის ოდენობა (46,44 კვ.მ.), შესაბამის დანართებზე მითითებით, დადგინდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 22.11.2006წ. დასკვნით, თუმცა აღნიშნული დასკვნის შესაბამისად ინფორმაცია საჯარო რეესტრისგან გამოთხოვილი არ ყოფილა. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილებით გამოთხოვილი ინფორმაცია არ იყო შესაბამისი და საკმარისი სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრის დადგენისა და უძრავი ნივთის იდენტიფიცირებისათვის. მართალია, საჯარო რეესტრში დაცულია უძრავ ნივთებზე უფლებათა შესახებ მონაცემები, რაზეც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელში მითითებულ უძრავ ნივთზე ინფორმაციის გაცემის თაობაზე აღმასრულებლის მიერ მოთხოვნები იმგვარად იქნა ფორმირებული, რომ უძრავი ნივთის იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიღება ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი მიმართვების პასუხად უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განმცხადებლისაგან ითხოვდა უძრავი ქონების დამატებითი მახასიათებლების მითითებას ან ქონების მაიდენტიფიცირებელი შესაბამისი დოკუმენტების მიწოდებას. საბოლოოდ სააღსრულებო ორგანომ 25.10.2017წ. წერილით შპს „...ს“ სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით უკან დაუბრუნა იმ საფუძვლით, რომ ვერ განხორციელდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება, ასევე ბ. და ნ. შ-აების უფლებამონაცვლის დადგენა სააღსრულებო ფურცლით დადგენილი დემონტაჟის ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაცია აღმასრულებელს აძლევს შესაძლებლობას შუამდგომლობით მოითხოვოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო საქმეში არსებული მასალები არ იყო საკმარისი თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირებისათვის. მიუხადავად აღნიშნულისა, აღმასრულებელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოსათვის არ მიუმართავს გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.12.2017წ. ბრძანების გამოცემისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახის დაბრუნების თაობაზე შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2019წ. განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.01.2020წ. №00405 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი