Facebook Twitter

ბს-914(კ-21) 29 ივლისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-იმა 19.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 31.10.2019წ. წერილის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.2021წ. განჩინებებით, საქმის წარმოება შეწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 31.10.2019წ. წერილის ბათილად ცნობის ნაწილში, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა განსჯადობით საქმის რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 104-ე და 225-ე მუხლებით და საქმიდან ამოღებული იქნა სახელმწიფო ნომრების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის ფოტომასალა (ს.ფ. 20-დან ს.ფ. 29-ის ჩათვლით, ს.ფ. 67-დან ს.ფ. 76-ის ჩათვლით) და დაუბრუნდა მოსარჩელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2021წ. გადაწყვეტილებით, ნ. მ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 02.10.2019წ. MIA 71902615459 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება და განსჯად სასამართლოში გადაგზავნაზე უარის თქმისა და სსკ-ის 103.3 მუხლის შესაბამისად, საქმიდან მტკიცებულებების ამოღებაზე უარის თქმის შესახებ 16.02.2021წ. განჩინებები სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2021წ. გადაწყვეტილება, ასევე იმავე კოლეგიის 16.02.2021წ. განჩინებები (განსჯად სასამართლოში საქმის გადაგზავნაზე უარის თქმის შესახებ და სსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმიდან მტკიცებულებათა ამოღებაზე უარის თქმის თაობაზე). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 19.11.2019წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. მ-იმა, მოპასუხეების სსიპ მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შსს სსიპ მომსახურების სააგენტოს 02.10.2019წ. ბრძანების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 31.10.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ გამოიყენა არჩევანის უფლება და სარჩელი წარადგინა სსკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული განსჯადობის წესის დაცვით, რადგან იმ მომენტისათვის ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართია ქ. თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.02.2021წ. განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 31.10.2019წ. წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, შესაბამისად, სარჩელის წარდგენიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო გახდა არაგანსჯადი სასამართლო. განსახილველ შემთხვევაში 19.11.2019წ. სარჩელის წარდგენისას მხარის მიერ დაცული იქნა სსკ-ის 22-ე მუხლის პირობები - ტერიტორიული განსჯადობის წესი. სააპელაციო პალატამ მიუთითა ევროპული სასამართლოს მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით არაერთგზის გაკეთებულ განმარტებებზე, რომლის თანახმად, ზედმეტი პროცესუალური/ფორმალური წესების შესრულებას არ უნდა ეწირებოდეს უფრო მნიშვნელოვანი უფლებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც ეს წესები არსებობს. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს 16.02.2021წ. განჩინებით დამდგარი შედეგი განსჯად სასამართლოში საქმის გადაგზავნაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 16.02.2021წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ 117; 14:05:15 სთ) სსკ-ის 104-ე და 225-ე მუხლების საფუძველზე საქმიდან ამოღებული იქნა სფ-20-დან სფ-29-ის ჩათვლით, ასევე ს.ფ. 67-დან, ს.ფ 76-ის ჩათვლით სახელმწიფო ნომრების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის ფოტომასალა და დაუბრუნდა მოსარჩელე ნ. მ-ის. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო შედეგობრივი თვალსაზრისით ეთანხმება საქმის განმხილველ სასამართლოს, თუმცა არ იზიარებს სასამართლოს მიერ არჩეულ სამართლებრივ საფუძველს (სსკ-ის 104-ე მუხლი). სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად შეარჩია სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საჩივრის ავტორს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენით მოსარჩელეს არ დაურღვევია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონის 3.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, მართლმსაჯულების ინტერესებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე არ ვრცელდება მითითებული კანონის მოქმედება და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესს ვერ მოემსახურება პირველი ინსტანციის სასამართლოს 16.02.2021წ. (სსკ-ის 103.3 მუხლის შესაბამისად, საქმიდან მტკიცებულებათა ამოღებაზე უარის თქმის შესახებ) განჩინების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი დაედო იმ საფუძვლით, რომ მან უარი განაცხადა მისთვის მომსახურების სააგენტოს დებულებითა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებით გათვალისწინებული მოვალეობის სრული მოცულობით შესრულებაზე, კერძოდ, მონაცემთა სუბიექტზე ქუთაისის მომსახურების ცენტრში არ გადააგზავნა მოთხოვნილი სასამართლოს განაჩენი იმ მოტივით, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ მასალების გადაგზავნა ევალებოდა ამავე სამსახურის სხვა თანამშრომელს, რომელიც განაჩენის მოთხოვნის მომენტში სამუშაო ოთახში არ იმყოფებოდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა პირს დაეკისროს დისციპლინური სახდელი, სახეზე უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურდებდა, უპირველესად თუ რა ფუნქცია-მოვალეობები, რომელი წლიდან და რა პერიოდულობით ჰქონდა დაკისრებული მოსარჩელეს დაკავებულ თანამდებობაზე, ასევე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ ნ. მ-ის შსს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს სამართლებრივი შეზღუდვის სამსახურის უფროსის მიერ დავალებული ჰქონდა სასამართლო განაჩენის ასლის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გადაგზავნა. მართალია, დავალება უფროსის მხრიდან შეიძლება იყოს ზეპირსიტყვიერი, მაგრამ მისი სადავოობის შემთხვევაში იგი უნდა დასტურდებოდეს უტყუარად, შესაბამისად, ის გარემოება რომ შსს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს სამართლებრივი შეზღუდვის სამსახურის თანამშრომლებს გააჩნიათ ერთი და იგივე ფუნქცია-მოვალეობები ვერ იქნება გაზიარებული. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 28.02.2018წ. №24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულებით“ სააგენტოს სტრუქტურა და იურიდიული სამმართველოს ფუნქციები განისაზღვრა 15.07.2020წ. ცვლილებით, ხოლო სადავო ბრძანება მიღებულია მანამდე - 02.10.2019წ., რა დროსაც მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობები დებულებით საერთოდ არ იყო განსაზღვრული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „გადამისამართება სხვა თანამშრომელთან“ არ შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობად, ვინაიდან მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული იურიდიული სამმართველოს სამართლებრივი შეზღუდვის სამსახურის თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მომსახურების ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელსაც გააჩნდა იურიდიული სამმართველო, სამმართველოს გააჩნდა სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური და სწორედ აღნიშნულ სამსახურში იყო დასაქმებული მოწინააღმდეგე მხარე ნ. მ-იი უფროსი ინსპექტორის პოზიციაზე, კონკრეტულად არ იყო გაწერილი იურიდიული სამმართველოს ფუნქციები, სამართლებრივი შეზღუდვების სამსახურის ფუნქციები, უფროსი ინსპექტორის ფუნქციები, ასევე არ არსებობდა სამუშაოს აღწერილობა და აღნიშნული საკითხი წყდებოდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი დავალების გზით. ადმინისტრაციულ ორგანოში შექმნილი ამგვარი მოუწესრიგებელი ვითარება ქმნის არამდგრად გარემოს, იწვევს კონფლიქტებს და განუჭვრეტადს ხდის სამართლებრივ ურთიერთობებს. ზეპირსიტყვიერი დავალებების შესრულების პრაქტიკაში დანერგვა ბუნდოვანს, არაპროგნოზირებადს ხდის სამოხელეო საკითხებში ადმინისტრაციის სამომავლო მოქმედებებს, ვერ პასუხობს საჯარო შრომით ურთიერთობებში გარკვეულობის, სიზუსტის, ლეგიტიმური მოსალოდნელობის მოთხოვნებს, დაუცველს ხდის მოხელეებს - ხელმძღვანელის ზეპირსიტყვიერი დავალებით შეასრულონ წინანდელისაგან განსხვავებული ფუნქციები. ამდენად, კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ფუნქციის შეუსრულებლობა არ უნდა ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ 14.02.2012წ. პარლამენტის დადგენილების თანახმად, მომსახურების სააგენტოს მისამართი ექცევა ქ. რუსთავში. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დაუშვებლობის გამო საქმის წარმოება შეწყდა, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო საქმე განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოში, ვინაიდან საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლო აღარ წარმოადგენდა. სააპელაციო პალატას არ მიუთითებია ევროპული სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ევროპული სასამართლოს ზოგადი განმარტებები არ მოიცავს არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საკითხის განხილვის შეფასებებს. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს განჩინებებზე (საქმე №ბს-980-939(გ-07), №ბს-644-637(კ-16), №ბს-687-659(გ-08)) და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სსკ-ის 22-ე მუხლი არ გამოიყენება, იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, სასკ-ის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს, საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს. არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება გადაწყვეტილების უპირობო გაუქმების საფუძველია.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ეს რეგულაცია გაავრცელა მოსარჩელეზე. ნ. მ-იის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მომსახურების სააგენტოში დაცული სხვა პირის პერსონალური მონაცემები მტკიცებულების სახით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი უკანონო მტკიცებულება ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე შაბათ დღეს მუშაობდა, რაც არ იყო სადავო. მოპასუხის შუამდგომლობა ეხებოდა მტკიცებულებათა საქმიდან ამოღებას სსკ-ის 103.3 მუხლის საფუძველზე, რადგან მონაცემთა უსაფრთხოება ადმინისტრაციულ ორგანოში იქნა დარღვეული. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 13.04.2017წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-494-489(2კ-16)) და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოში გარკვეული პერსონალური თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დაცვის ფაქტი, ავტომატურად არ გულისხმობს მათზე ორგანოს მოსამსახურეთა შეუზღუდავი წვდომის, დამუშავებისა და გავრცელების შესაძლებლობას, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მოსარჩელემ სადავო გახადა ის ფაქტი, რომ მას კონკრეტული ფუნქცია უნდა შეესრულებინა მხოლოდ შაბათ დღეს და არა სხვა დღეებში, ხოლო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ასეთი ფუნქცია საერთოდ არ გააჩნდა. საქმეში დაცულია ნ. მ-იის, მისი უშუალო ხელძღვანელის და თანამშორმლის ახსნა-განმარტება, რომ მოსარჩელეს განაჩენის მიწოდების ფუნქცია ნამდვილად ჰქონდა დავალებული. ის ამ ფუნქციას ასრულებდა შაბათის გარდა სხვა დღეებშიც, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები. პირი, რომელიც დასაქმებულია ამ სტრუქტურულ ერთეულში, მისთვის იმათვითვე ცხადია რა ფუნქცია-მოვალეობები უნდა შეასრულოს. სასამართლოს მითითება იმაზე, რომ უფროსის მიერ მოსარჩელისთვის ფუნქციის დაკისრება არ დასტურდება, ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურში და განსაკუთრებით პოლიციურ სისტემაში ნორმალური სამუშაო პროცესის ელემენტარულ პრინციპებსაც. დადგენილია სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი და მოსარჩელე ვერ აქარწყლებს დასკვნაში მითითებულ არგუმენტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში, მათ შორის შსს მომსახურების სააგენტოში, თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალოებების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დისციპლინური სახდელის შეფარდება არ არის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია, ამასთან, მას აქვს პრევენციული ხასიათი, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეოებების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. ხელმძღვანელის კანონიერი მოთხოვნების განზრახ გაპროტესტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაინტერესებული პირის სამართლებრივი ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება, კერძოდ დროულად განაჩენის მიუწოდებლობამ შეიძლება გამოიწვიოს უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ნ. მ-იმა არ შეასრულა მისი სამსახურებრივი მოვალეობა და ამავდროულად დაარღვია სუბორდინაცია. მოსარჩელე დასაქმებულია სააგენტოს იურიდიული სამმართველოს შეზღუდვების სამსახურში და სამსახურის ძირითადი ფუნქციაა განაჩენების აღრიცხვა-სისტემატიზაცია, შესაბამისად, ამ საქმიანობის თანმდევი რა თქმა უნდა იქნება განაჩენის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები დაცულია, თუმცა გამოცემის საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული, რაც კასატორის მოსაზრებით ბუნდოვანებას იწვევს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - დისკრეციული უფლებამოსილება არ აქვს დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების კუთხით, დისკრეცია ვლინდება სახდელის შეფარდების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენებამდე უტყუარად უნდა დადგინდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-იისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 02.10.2019წ. ბრძანების გამოცემის საფუძველი არის მომსახურების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს 01.10.2019წ. დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით 26.09.2019წ. ნ. მ-იმა უარი განაცხადა მისთვის მომსახურების სააგენტოს დებულებით და უშუალო ხელმძღვანელის მითითებით გათვალისწინებული მოვალეობის სრული მოცულობით შესრულებაზე, კერძოდ, ქუთაისის მომსახურების ცენტრში არ გადააგზავნა კომუნიკაციის საშუალებებით მოთხოვნილი სასამართლოს განაჩენი იმ მოტივით, რომ აღნიშნული ფუნქციის შესრულება სხვა თანამშრომელს ევალებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც დასკვნაში, ასევე დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანებაში მითითებული არ არის მომსახურების სააგენტოს დებულების რომელი მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა არ შეასრულა მოსარჩელემ. რაც შეეხება ზეპირსიტყვიერ დავალებას, პალატა აღნიშნავს, რომ სადავოობის შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადასტუროს ასეთი დავალების გაცემის ფაქტი, ვინაიდან სწორედ ზეპირი მითითების შეუსრულებლობა შეფასდა დისციპლინურ გადაცდომად, რასაც შედეგად სახდელის დაკისრება მოჰყვა. საქმეში დაცული ახსნა-განმარტებების შინაარსიდან გამომდინარე ნ. მ-იმა ქუთაისის მომსახურების ცენტრის თანამშრომელი გადაამისამართა სხვა თანამშრომელთან - ნ. თათანაშვილთან. ნ. თ-ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ საგამოცდო მომსახურების ცენტრის თანამშრომელი მას დაუკავშირდა ნ. მ-ითან კომუნიკაციის შემდგომ და სთხოვა სასამართლოს განაჩენის გადაგზავნა, ამასთან, სამართლებრივი შეზღუდვების სამსახურის უფროსის პატაკი შედგა სწორედ ნ. თ-ის შეტყობინების საფუძველზე. ამდენად, დგინდება, რომ ქუთაისის მომსახურების ცენტრის თანამშრომელი იმავე დღეს დაუკავშირდა ნ. მ-იის მიერ გადამისამართებულ პირს და არ იკვეთება მოსარჩელის ქმედებით გამოწვეული რაიმე სახის უარყოფითი შედეგები. ნ. მ-იის ახსნა-განმარტებით, ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, იმავე წლის 27 სექტემბრიდან (შაბათის გარდა სხვა დღეებშიც) ის ასრულებს აღნიშნულ ფუნქციას (მოთხოვნისამებრ სასამართლო განაჩენების გადაგზავნა), ხოლო მანამდე ამ ფუნქციის შესრულება მხოლოდ შაბათ დღეს ჰქონდა დავალებული. მომსახურების სააგენტოს 17.03.2021წ. წერილის მიხედვით შიდა სამსახურებრივი „კომუნიკატორიდან“ ნ. მ-იის მიერ 2019 წლის 26 სექტემბრამდე თანამშრომლებისათვის განაჩენების გადაგზავნის თაობაზე ინფორმაციის მოძიება ვერ განხორციელდა, ხოლო მითითებულ პერიოდამდე გადაგზავნილ განაჩენებთან დაკავშირებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ გადაგზავნაზე უფლებამოსილი თანამშრომლის ოთახში არყოფნის შემთხვევაში, ის ასრულებდა მოთხოვნას განაჩენის გადაგზავნის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასკვნა სახდელის დაკისრების თაობაზე არ ეფუძნება დადასტურებად ფაქტობრივ გარემოებებს. სახდელის შეფარდების საფუძველი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებები და ზეპირსიტყვიერი მითითებებია, რის გამო საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ნ. მ-იის მიერ დისციპლინური გადაცდომის უტყუარად დადასტურების შესახებ. გადაცდომის ჩადენის დადასტურების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, ხელმძღვანელის მითითებების, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის, სუბორდინაციის დარღვევის გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები თავად ორგანოს უნდა წარმოედგინა. აღნიშნულის გარდა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შს მინისტრის 28.02.2018წ. №24 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დებულებაში 15.07.2020წ. ბრძანებით შეტანილ ცვლილებებზე, კერძოდ, დებულების 4.2 მუხლის მიხედვით სააგენტოს ერთ-ერთ სტრუქტურული ერთეულია იურიდიული სამმართველო, რომელშიც შედის სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური. ამ დებულების მე-121 მუხლით განისაზღვრა იურიდიული სამმართველოს ფუნქციები. მანამდე მოქმედი მომსახურების სააგენტოს დებულების რედაქციით სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური შედიოდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ სამმართველოში, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრული იყო სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაცია და რეგისტრაცია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სამართლებრივი შეზღუდვების სამსახურის, ამ სამსახურის უფროსი ინსპექტორის ფუნქციები დებულებით კონკრეტულად გაწერილი არ ყოფილა, ასევე საქმეში წარმოდგენილი არ არის სამუშაოს აღწერილობა, კერძოდ, ვინ რა ფუნქციას ასრულებდა, აღნიშნული საკითხი წყდებოდა ზეპირსიტყვიერი დავალების გზით, შესაბამისად, ნ. მ-იის ქმედების სამსახურებრივ ხარვეზად - სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარ და გულგრილ დამოკიდებულებად შეფასება (საქართველოს შს მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ დანართის ზოგადი ნორმების მე-18 პუნქტი) უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება ასეთი ფუნქციის/მოვალეობის მოსარჩელისთვის დაკისრება.

სასკ-ის 26.1 მუხლის მიხედვით, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. სასამართლო ვალდებულია თავისი ინიტიციატივით შეამოწმოს საქმის განსჯადობა სარჩელის დასაშვებობის სტადიაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. მ-იმა თავდაპირველად სარჩელი აღძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიმართ. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, რის გამო კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო აღარ წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს და საქმე განსახილველად უნდა გადაგზავნილიყო მომსახურების სააგენტოს ადგილმდებარეობის შესაბამისად განსჯად რუსთავის საქალაქო სასამართლოში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეს გააჩნდა ალტერნატიული ტერიტორიული განსჯადობის უფლება (სსკ-ის მე-20 მუხ.), ასევე პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-იის სარჩელი მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განიხილა საგნობრივად განსჯადმა სასამართლომ. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს მის მიერ მითითებული სუს Nბს-980-939(გ-07) და Nბს-687-659(გ-08) განჩინებები, რომლებიც მიღებულია განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა შორის დავაზე, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იხილავს არა დავას სასამართლოთა შორის, არამედ კასაციის ფარგლებში ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას. სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო განაცხადის ფარგლებში, ხოლო საკასაციო სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას (სსკ-ის 407 მუხ.). თბილისის სააპელაციო სასამართლო განსახილველ საქმეზე წარმოადგენდა, როგორც ტერიტორიულად, ასევე საგნობრივად განსჯად სასამართლოს, რის გამო კასატორის მითითება განსჯადობის წესების დარღვევის გამო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სუს Nბს-644-637(კ-16) განჩინებას, აღნიშნული განჩინება არ შეეხება განსჯადობის წესებს, ამ საქმეში განხილულია სამსახურიდან გათავისუფლებისა და აღდგენის თაობაზე მოთხოვნების კანონიერება, რასაც განსახილველ საკითხთან შემხებლობა არ გააჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.2021წ. განჩინებით საქმიდან ამოღებული იქნა სახელმწიფო ნომრების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის ფოტომასალა (ს.ფ. 20-დან ს.ფ. 29-ის ჩათვლით, ს.ფ. 67-დან ს.ფ. 76-ის ჩათვლით) და დაუბრუნდა მოსარჩელეს. სასამართლომ აღნიშნული განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 104-ე და 225-ე მუხლებით. კასატორი აღნიშნულ განჩინებას ეთანხმება შედეგობრივად, თუმცა დაუსაბუთებლად მიიჩნევს სსკ-ის 104-ე მუხლის გამოყენებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს საქმიდან მტკიცებულებების ამოღებისას უნდა გამოყენებინა სსკ-ის 103.3 მუხლი, ვინაიდან ნ. მ-იის მიერ სასამართლოში აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენით დაირღვა პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება. საკასაციო პალატა მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 3.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე. უსაფუძვლოა კასატორის მითითება სუს №ბს-494-489(2კ-16) 13.04.2017წ. განჩინებაზე, ვინაიდან ამ საქმეზე მონაცემთა დამუშავების კანონიერება შემოწმდა არა სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის, არამედ აღნიშნული დავა შეეხებოდა არასამსახურებრივი მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას და სხვა ფიზიკური პირისთვის გადაცემას. ამდენად, აღნიშნული საქმის მითითება განსახილველ განჩინებასთან მიმართებით უსაფუძვლოა. ამასთან, განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს ნ. მ-იის ქმედების მართლზომიერების შეფასება მის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მხრივ, დავის საგანს შეადგენს კომუნიკაციის საშუალებით მოთხოვნილი სასამართლო განაჩენის გადაგზავნაზე უარის თქმის გამო ნ. მ-იისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების კანონიერება, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს არ ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.07.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი