№ბს-1089(კ-20) 13 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ს-ე; მესამე პირი (სასკ 16.2) - ნ. შ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 ივლისს თ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევისთვის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №181 დადგენილებისა და „თ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 22 ივნისის №02/163 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. შ-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №181 დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 22 ივნისის №02/163 ბრძანება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება ეწინააღმდეგებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის პრინციპისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით დადგენილ წესებს.
2014 წელს თ. ს-ეს სასამართლოში მოპასუხე ნ. შ-ის მიმართ აღძრული ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ნ. შ-ის საერთო საკუთრების ფართით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აკრძალვასა და შენობის მეორე სართულის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/ბ-910-2014) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნ. შ-ის დაევალა, მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი, რამდენადაც სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების 2015 წლის 20 ივლისის დასკვნის შესაბამისად, დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. შ-ის მიერ აგებული, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ამავალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კიბე ამორტიზებული და საფრთხის შემცველი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამორტიზებული და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ნაგებობა თ. ს-ეს საზიარო ეზოთი სარგებლობაში ხელს უთუოდ შეუშლიდა, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. შესაბამისად, ნ. შ-ის დაევალა ამ კიბის დემონტაჟი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების 4.53 პუნქტში მითითებული იყო, რომ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნის უფლება გააჩნდა ზედამხედველობის სამსახურს და თ. ს-ეს ამ ორგანოსთვის უნდა მიემართა პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი. მოცემულ საქმეზე მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სადავო შენობა-ნაგებობაში არსებული მეორე სართულზე ასასვლელი კიბის დემონტაჟი დადგინდა მისი ავარიულობის გამო. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ორგანო დაადგენს შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის ავარიულობას. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/3-910-2014 წ.) ნ. შ-ი დავალდებულდა განახორციელოს ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში არსებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი. შენობა-ნაგებობის სხვა ნაწილების მიმართ ავარიულობა არ დადგენილა. შესაბამისად, გაუგებარია და ალოგიკურია დამატებით რა გარემოება უნდა დაადგინოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 მაისის დასკვნის თანახმად, შპს „...“-ის საექსპერტო დასკვნით დადგენილი დარღვევების გამოსავლენად აუცილებელი იყო კონსტრუქციული და ლაბორატორიული კვლევა, რაც შპს „...“-ს არ განუხორციელებია. შპს „...“-ის საექსპერტო დასკვნას ეწინააღმდეგება ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნა, რომელიც სასამართლოს ინიციატივით ჩატარდა. შპს „...“-ის საექსპერტო დასკვნით დადგენილი გარემოების გამომრიცხავი გარემოებაა დადგენილი ნ. შ-ის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით. ამ გარემოებების გათვალისწინებით ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა ახალი გარემოება უნდა დადგინდეს, როცა შენობა-ნაგებობის ავარიულობა არ დგინდება.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ი დავალდებულდა განახორციელოს ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში არსებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული იქნა შპს „...“-ის 2013 წლის 16 დეკემბრის საექსპერტო დასკვნის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 მაისის დასკვნის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადგინდა მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟის აუცილებლობა მისი ავარიულობის გამო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ყოველივე, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ნ. შ-ი დავალდებულდა განახორციელოს ავარიული რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხეველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ავარიული რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟის ნაწილში შეეწყვიტა მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს „სამშენებლო სამართალდარღვევისთვის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №181 დადგენილებისა და „თ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 22 ივნისის №02/163 ბრძანების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ნივთი 251 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო მოსარჩელე თ. ს-ეის და ნ. შ-ის თანასაკუთრება. თ. ს-ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხებოდა ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობის ნაწილი - 41,36 კვ.მ. (საკადასტრო კოდით: ....), ხოლო 33,35 კვ.მ. იყო თანასაკუთრება; ნ. შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას შეადგენდა - 62,77 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდით: ....), ხოლო თანასაკუთრება მარინე ნემსიწვერაძესთან ერთად - 39.59 კვ.მ. ფართი.
2014 წელს თ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. შ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნ. შ-ისათვის საერთო საკუთრების ფართით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აკრძალვა და შენობის მეორე სართულის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულება. კერძოდ: ტექნიკური პასპორტის მიხედვით, მეორე სართულზე №1 ოთახის გვერდით არსებული დამხმარე კიბისა და საპირფარეშოს აღდგენა. საერთო საკუთრების №1 ოთახის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალება, მისი №2 ოთახისაგან იზოლირების გზით. №7 ოთახის მიმდებარედ საერთო საკუთრების შუშაბანდში მოწყობილი გადატიხვრის მოშლა და №2 და №4 ოთახებს შორის მოწყობილი კიბის მოშლა, განაშენიანების გარეშე არსებულ საერთო საკუთრების ეზოში აშენებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოშლა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. სახლის პირველ სართულზე თ. ს-ეის საკუთრებაში არსებულ ოთახში უნებართვოდ მოწყობილი კოლონების მოშლის დავალება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე№2/ბ-910-2014) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნ. შ-ის დაევალა, მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი.
2016 წლის 22 დეკემბერს თ. ს-ემ №37694/25 განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, განცხადებას თან დაურთო შპს „...-ის“ 2013 წლის 16 დეკემბრის დასკვნა და შპს „ო...ის“ 2015 წლის 23 სექტემბრის დასკვნა №ER R_15_09_NA01, ასევე, შპს „ო...ის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში №IR_15_09_A1, რომელთა საფუძველზე მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, ნ. შ-ის კუთვნილი, ავარიული, უკანონო და ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი შენობა- ნაგებობის დემონტაჟი.
2017 წლის 23 იანვრის წერილით თ. ს-ეს ეცნობა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 52-ე მუხლის შესაბამისად, ნ. შ-ის მიმართ 2017 წლის 17 იანვარს გამოიცა №08 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალდებულებასთან დაკავშირებით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №181 დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, ნ. შ-ის მიერ წარდგენილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/ბ-910-2014წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 მაისის და 2015 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული შპს „...-ის“ საექსპერტო დასკვნა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ სახლის მეორე სართულზე ამავალი რკინა-ბეტონის კიბე იყო ამორტიზებული და საფრთხის შემცველი და ვინაიდან ნ. შ-ის სასამართლოს მიერ დავალებული ჰქონდა კიბის დემონტაჟი, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევაზე, რომელზეც უკვე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვერ მოახდენდა რეაგირებას.
თ. ს-ემ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №181 დადგენილება გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ მერის 2017 წლის 22 ივნისის №02/163 ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №181 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა ამავე აქტით განსაზღვრული საფუძვლებით არის უკანონო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნიეს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის კონკრეტულ სამოქალაქო დავაზე განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო და სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებამ სამოქალაქო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად მხარეთა შორის წარმოშვა სამოქალაქოსამართლებრივი შედეგი - ხელშეშლის აღკვეთის საფუძვლით შენობა-ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული წესით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ჩატარებისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №24 დადგენილებით (ძალადაკარგულია - 16.03.2018, №20) დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ბ“, „ე“და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებებია - ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე ან/და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ე) უკანონო, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ან დემონტაჟის ორგანიზება ან/და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობა; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ დადგენილი ზომების განხორციელება.
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით („რ“ ქვეპუნქტი). სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება („ს“ ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
მითითებული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება უნდა დაფუძნებოდა არა მხოლოდ მხარეთა შორის დასრულებულ სამოქალაქო დავაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, არამედ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში გამოკვეთილ გარემოებებსა და შეფასებას - რამდენად იკვეთებოდა ადმინისტრაციული, საჯაროსამართლებრივი - სამშენებლო კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, ხოლო შესაბამისი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ემოქმედა სამშენებლო, ადმინისტრაციული, კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი