Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბ-1247-4(გან-22) 03 აგვისტო, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ქ-იის წარმომადგენლის ე. თ-ის 2022 წლის 27 ივლისის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე №ბს-1321(2კ-20)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ქ-იმა 2019 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მის სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა მ. ქ-იის ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 22 ნოემბრის №484406 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.05.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სათანადო ცვლილების შეტანის დავალება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში და მ. ქ-იის საკუთრებაზე - ანდერძით მიღებული უძრავი ქონების, მისამართზე ბორჯომის რაიონი სოფელი ..., ს/კ ..., სახლის 6/7 წილიდან ½ წილზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 253 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ქ. ტ-ე და კ. მ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ. ქ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილება ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) 6/7 წილიდან ½ წილზე ქ. ტ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მ. ქ-იის სასარჩელო მოთხოვნები სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - ქ. ტ-ემ და კ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. ტ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ქ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის №... გადაწყვეტილება ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) 6/7 წილიდან ½ წილზე ქ. ტ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; მ. ქ-იის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ქ-იმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით მ. ქ-იისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

2022 წლის 27 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ქ-იის წარმომადგენელმა ე. თ-იმა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების აღსრულების შესაძლებლობის განმარტება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-იის წარმომადგენლის -ე. თ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამრიგად, მითითებული მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას.

განსახილველ შემთხვევაში მ. ქ-იის წარმომადგენლის - ე. თ-ის განცხადება შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის განჩინების განმარტებას, რომლითაც სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა. საკასაციო პალატის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ქ-იისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივრები. ამდენად, საკასაციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, ზემოაღნიშნული განჩინება არ ექვემდებარება აღსრულებას, რადგან საკასაციო სასამართლოს საქმე არსებითად არ განუხილავს და არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ქ-იის წარმომადგენლის - ე. თ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-იის წარმომდგენლის - ე. თ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ნ. სხირტლაძე