საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-728(გ-21) 12 ივლისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „...ს“ სარჩელთან (საჩივართან) დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „...ს“ წარმომადგენელმა ზ. გ-იმა 2021 წლის 9 ივლისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, შპს „...ს“ ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 24 ივნისის N1-1/263 ბრძანების ბათილად ცნობისა და საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ს“ კუთვნილი აირგასამართი სადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №დად-153/06 დადგენილებით, მოსარჩელე დაჯარიმდა 2000 ლარით, ხოლო მისი გადაუხდელობის გამო, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანიას ჰყავს ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც არ იყო ინფორმირებული ჯარიმის თაობაზე, 2021 წლის 11 მარტის №დად-46/09 დადგენილებით დაეკისრა ჯარიმის სამმაგი ოდენობა 6000 ლარი. აღნიშნული დადგენილებები გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა სამინისტროს 2021 წლის 24 ივნისის №1-1/263 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის მიმართ გამოტანილი აქტი აყენებს ზიანს და არის უკანონო, შესაბამისად, მოითხოვა აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად, ხოლო იმავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობის წესით, განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც თავის მხრივ გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლი ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595 -1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილული იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად, შპს „...ს“ მიერ სავარაუდო სამართალდარღვევა განხორციელდა ქალაქ გორში. აქედან გამომდინარე, ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ მოწესრიგებას და დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით შპს „...ს“ საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა გორის რაიონული სასამართლო.
გორის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შპს „...ს“ სარჩელის საჩივრად მიჩნევისა და განსჯად სასამართლოდ გორის რაიონული სასამართლოს დადგენის შესახებ და 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით, შპს „...ს“ სარჩელი (საჩივარი) განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის „ბ“ და ,,ბ1“ ქვეპუნქტების მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს: 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, და 2. სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით (ანუ საჩივრისათვის დადგენილი წესით) განიხილება მხოლოდ ის საქმეები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ასევე, განიხილება საქმეები, სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე, სსიპ ,,ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ დადგენილებებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 271 მუხლისა და მე-19 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შპს ,,...“ დაჯარიმდა 2 000 და 6 000 ლარით, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, დაჯარიმების შესახებ დადგენილებები წარმოადგენს არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ აქტებს და მათი განხილვა-გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის წარდგენის გზით, ვინაიდან გამოვლენილი დარღვევები, რის გამოც დაჯარიმებულია მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არ არის.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადებაზე და მიიჩნია, რომ საქმე უნდა განხილულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, სასარჩელო წარმოების წესით, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012 წ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი). „სასამართლოს არჩევის უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სასამართლოების ალტერნატიულ განსჯადობასთან - როცა საქმე სხვადასხვა საფუძვლებით თანაბრად რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. ეს უფლება არ მოქმედებს, თუ რომელიმე სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე აქვს ექსკლუზიური სპეციალური განსჯადობა“ (ავტორთა კოლექტივი, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2020).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. №ბს-430 (გ-19)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი).
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალში არსებობს ტერიტორიული განსჯადობის შესახებ ზემოთ მოყვანილი პრინციპიდან გამონაკლისიც; მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი საჩივრის განსჯად სასამართლოში წარდგენას ძირითადად უკავშირებს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს, ამდენად, დავის განსჯად სასამართლოსთვის დაქვემდებარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ სწორად იქნას დადგენილი მისი განხილვის საპროცესო წესი, რადგანაც საქმის განხილვის ამ ორ საპროცესო წესს (საჩივრის ან სარჩელის წარდგენის სახით) გარდა საგნობრივი თუ ტერიტორიული განსჯადობისა, ასევე განასხვავებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, ინსტანციურობა და სხვა. ამრიგად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადი სასამართლო განისაზღვრება დავის საგნიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რას ხდის მოსარჩელე სადავოდ, ასევე არსებითია სადავო აქტების გამოცემის საფუძვლები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლში 2012 წლის 26 აპრილს შეტანილი იქნა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად დადგინდა პირველი ინსტანციით მაგისტრატი მოსამართლეების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განხილვა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით (,,ბ“ქვეპუნქტი).
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სახდელის დადების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის) კანონიერების თაობაზე დავის განხილვის საპროცესო წესის (საჩივრის ან სარჩელის წარდგენა) არჩევა დაინტერესებული პირის პრეროგატივას წარმოადგენდა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ამ სახის დავები მხოლოდ საჩივრის წესით განხილვას დაექვემდებარა, შესაბამისად ამ მიმართებით სამართალწარმოება სრულად მოექცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციის ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული გადაცდომების ჩამონათვალს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს. სამართალდარღვევები გათვალისწინებულია ასევე სხვა კანონმდებლობითაც (მაგ. საარჩევნო კოდექსით, საგადასახადო კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და სხვ.).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი იძლევა დავათა საპროცესო წესის განხილვის თვალსაზრისით ადმინისტრაციულ გადაცდომათა ორ ნაწილად დაჯგუფების და შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: 1. სამართალდარღვევები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, განიხილება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის გზით და 2. სხვა საკანონმდებლო აქტებში მოცემული სამართალდარღვევები, განიხილება საერთო სასარჩელო წესით. მეორე შემთხვევიდან ასევე არსებობს გამონაკლისიც - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ასევე განიხილება იმ საკანონმდებლო აქტებში მოცემული სამართალდარღვევები, რომელთა განხილვაც, აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოებით არის დაშვებული; მაგ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კოდექსის მეათე თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასარჩელო და არასასარჩელო წესით საქმეთა დიფერენცირების ნათელი მაგალითია ასევე საგადასახადო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დავები; კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავით გათვალისწინებულია საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა, რომლის თანახმად, ამ სახის სამართალდარღვევებზე საქმის წარმოება არ ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სამართალდარღვევის ოქმის) გამოცემის შემთხვევაში, მისი გასაჩივრება, განხილვა-გადაწყვეტა წარმოებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი სასარჩელო წარმოების წესით, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო დათქმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული განსჯადობის წესების გამოყენების თაობაზე.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტას არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს, ხოლო საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივი შეხედულებები მხედველობაში არ მიიღება; განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უპირობოდ საკასაციო ინსტანციის პრეროგატივაა, მათ შორის ამ სახის დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს კანონით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესი და ამის შესაბამისად საქმე განსახილველად დაუქვემდებაროს განსჯად სასამართლოს.
განსახილველ საქმეზე საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2020 წლის 26 ივნისს, ქ. გორში, ...ის ქ. №6-ში მდებარე შპს „...ს“ კუთვნილ აირგასამართ სადგურზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დაუმონტაჟებლობის საფუძვლით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ 181 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისთვის, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №06/137 ოქმი და მის საფუძველზე 2020 წლის 24 ივლისის №დად-153/06 დადგენილება, რომლის მიხედვით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 271 მუხლის შესაბამისად, შპს „...“ დაჯარიმდა 2000 ლარით. აღნიშნული დადგენილებით, რომელიც კომპანიის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2020 წლის 1 აგვისტოს, შპს „...ს“ დაევალა მისი ჩაბარებიდან 30 დღეში ჯარიმის გადახდა და შესაბამისი დოკუმენტის 15 დღეში სააგენტოსთვის წარდგენა, თუმცა მისი მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა.
ვინაიდან შპს „...მ“ №დად-153/06 დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა ჯარიმა, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2021 წლის 11 მარტის №დად-46/09 დადგენილებით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 6000 ლარით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 271 მუხლის თანახმად, ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით თანახმად, დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნების საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ უნდა იმსჯელოს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №06/137 ოქმის, 2020 წლის 24 ივლისის №დად-153/06 და 2021 წლის 11 მარტის №დად-46/09 დადგენილებების კანონიერებაზე და ამდენად, უნდა დაადგინოს მისი შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 271 მუხლისა და მე-19 მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნებთან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ არ ითვალისწინებს მასში მოცემული სამართალდარღვევების განხილვის შესაძლებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესით, შესაბამისად ცალსახაა, რომ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება სამართალდარღვევის ჩადენისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ განხილული უნდა იქნეს საერთო სასარჩელო წესით, ამდენად, ამ სახის დავის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით (საქმის განხილვის ადგილი), არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო სასარჩელო წესით უნდა დადგინდეს.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმა დამტკიცებულია კონკრეტული ორგანოს ნორმატიული შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მასში მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა უფლება-მოვალეობების განმარტებაზე, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების განხილვისათვის საპროცესო წესის დამდგენ საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია სასამართლომ გაითვალისწინოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი ადმინისტრაციულ გადაცდომათა განხილვის თავისებურების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, დოქტრინის მიხედვით, როდესაც სარჩელით სადავოა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოში მოპასუხეს წარმოადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც სამართლებრივად პასუხი უნდა გასცეს ამ აქტის გამოცემის კანონიერებაზე. ამასთან, მართალია, უმეტეს შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით არსებობს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვის კომპეტენციის დასადგენად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობა არ არის განმსაზღვრელი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ,,ძირითადი აქტის“ გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო.
მოცემულ შემთხვევაში, 2020 წლის 24 ივლისის №დად-153/06 და 2021 წლის 11 მარტის №დად-46/09 დადგენილებები გამოცემულია სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომლის ადგილსამყოფელის მისამართი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის №1-1/1527 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არის ქ. თბილისი, ...ს №8.
,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისი №3 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ სარჩელი, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით, არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა