საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-829(კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - დ. გ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. გ-იმა 2019 წლის 4 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 3 ივნისის №MOD 9 19 00001464 ბრძანების ბათილად ცნობის, დ. გ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ...ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 3 ივნისის №MOD 9 19 00001464 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ი არ აკმაყოფილებდა ...ს თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და არ გააჩნდა მუშაობის გამოცდილება, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეორგანიზაციის მიუხედავად, ამ დრომდე არ ჰქონდა განსაზღვრული. ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლებამდე პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და დანიშნული იყო მეტი ვადით, ვიდრე იმავე თანამდებობაზე დანიშნული სხვა პირები (ქ. მ-ე და რ. ს-ი). იმის მიუხედავად, რომ თავდაცვის სამინისტროს სადავო აქტის გამოცემისას არ უმსჯელია დ. გ-ისა და მის თანამდებობაზე დანიშნული პირების ურთიერთშედარებაზე, დ. გ-ის განათლებაზე, სასამართლომ შეაფასა აღნიშნული საკითხი და გადაწყვეტილება მიიღო იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომელიც არც გასაჩივრებულ აქტში და არც აღნიშნული აქტის გამოსაცემად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას ყოფილა განხილული.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატისგან განსხვავებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, როდესაც დაადგინა, რომ 2019 წელს დ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების მომზადებისას მოპასუხეს არ გამოუკვლევია და არ გაუთვალისწინებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის ბს-464-464(კ-18) გადაწყვეტილების მითითებები, სადაც განიმარტა, რომ სამინისტრომ რეორგანიზაციისას უპირატესობა მიანიჭა არა კონკრეტულად ...ს თანამდებობაზე, არამედ ზოგადად სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დიდი ხნის სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს, რაც წარმოადგენდა კანონის დარღვევას. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენი ხანია მუშაობს მოხელე ზოგადად დაწესებულებაში, არამედ ის, თუ რამდენი ხანია და როგორ ასრულებს კონკრეტულ პოზიციაზე თავის ფუნქცია-მოვალეობებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას, თავდაცვის სამინისტროს მიერ არ არის გამოკვლეული მოსარჩელის პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის შესახებ გარემოებები, ასევე თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა კადრების განკარგულებაში მყოფ სხვა პირებს და რატომ არ დაინიშნა დ. გ-ი თანამდებობაზე, თუმცა სამინისტროს პოზიცია სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა სააპელაციო პალატამ, რითაც დაირღვა დ. გ-ის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით დაცული შრომისა უფლება, ასევე დაირღვა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს სასამართლოს მხრიდან, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია დღემდე არსებულ სასამართლო პრაქტიკასთან, მათ შორის, იმავე მხარეებს შორის იმავე ტიპის დავაზე უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის ბს-464-464(კ-18) გადაწყვეტილებასთან.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული თანამდებობების მხოლოდ რაოდენობრივად გაუქმება იმგვარად, რომ ახალ საშტატო ნუსხაში კვლავ არსებობდა იგივე თანამდებობა - ...ს საშტატო ერთეული, რომელიც იმავე იერარქიულ საფეხურზე იყო და მისთვის არ იყო გათვალისწინებული ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს განყოფილებაში კვლავ განისაზღვრა ...ს საშტატო ერთეული, რომელზეც შესაძლებელი იყო დანიშნულიყო სამოქალაქო პირი. განხორციელებული რეორგანიზაცია წარმოადგენდა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №4866 ბრძანების გამოცემის „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს, თუმცა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა წარმოადგენს დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის უპირობო საფუძველს, რამდენადაც სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. 97-ე მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლავს. ამასთან, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოცემული დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანებით უტყუარად უნდა დგინდებოდეს, რომ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობა და ახლად შექმნილი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მოხელე ვეღარ აკმაყოფილებს. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნულ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
კასატორი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაძლია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე 17 მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სადავო ბრძანების კანონიერების მტკიცების ტვირთი, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო და არასამართლიანი გადაწყვეტილება, შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს დ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მოსამსახურის შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კადრების განკარგულებაში გადაყვანას უკავშირებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებას).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 3 ივნისის №MOD 9 19 00001464 სადავო ბრძანება გამოიცა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნული ბრძანების თანახმად, დ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული რეორგანიზაცია, რა დროსაც განხორციელდა მათ შორის სამხედრო თანამდებობის (...ს) სამოქალაქო თანამდებობად გარდაქმნა, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სპეციალური სახელმწიფო წოდების მქონე პირის (დ. გ-ის) დანიშვნა ვერ მოხდებოდა სამოქალაქო საშტატო კატეგორიის მქონე თანამდებობაზე, რადგან ის ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 თებერვლის №38 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს“. შესაბამისად, სადავო ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ...ის ყოფილი ... (საშტატო კატეგორია „...“; შტატი №8/1134-01), თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... - დ. გ-ი ჩაითვალა სამსახურიდან გათავისუფლებულად 2017 წლის 1 მაისიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო დანაწესი, გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე მოიძიოს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, რომელიც არსებითად არ ცვლის მოსამსახურის შრომის პირობებს და რომლის განსახორციელებლად საკმარისია ის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელსაც კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე იყენებდა კადრების განკარგულებაში გადაყვანამდე მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, ამასთან ახალი თანამდებობა საჯარო მოხელეს არსებითად უნდა უნარჩუნებდეს მანამდე არსებულ მატერიალურ და სოციალურ სიკეთეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 3 ივნისის №MOD 9 19 00001464 ბრძანება გამოიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის ბს-464-464(კ-18) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და დ. გ-ის გათავისუფლების შესახებ საკითხის ხელახალი გამოკვლევის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, აკმაყოფილებდა თუ არა დ. გ-ი იმ მოთხოვნებს, რომელიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭირო იყო კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად. ამრიგად, ბრძანების კანონიერების თვალსაზრისით უნდა შემოწმებულიყო განახორციელა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მითითებული შესაბამისობის დადგენა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე პირთა შერჩევისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს როგორც კანდიდატთა კვალიფიკაცია, ასევე განათლება, სამუშაო გამოცდილება და კანდიდატის სხვა ისეთი უნარ-ჩვევები, რაც კანდიდატს ხელს შეუწყობს შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების ეფექტურად შესრულებაში შემდგომში საჯარო დაწესებულების გამართული საქმიანობის მიზნით, რა დროსაც „ადმინისტრაცია საშტატო ნუსხის განსაზღვრისას, ასევე ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებისას, კონკრეტული სუბიექტის თანამდებობაზე დანიშვნისას სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, სასამართლო კონტროლი ამ პროცესზე მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს“ (სუსგ 16.03.2022 საქმეზე №ბს-706(2კ-19)).
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება კადრების განკარგულებაში მყოფ პირებთან მიმართებაში მათი პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, კანდიდატთა სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანს დისკრეციას და მის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს. „სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციულ მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას“ (სუსგ 20.06.2019წ. საქმეზე №ბს-997(კ-18)).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა დაესაბუთებინა რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული ცვლილებით, მეორე ოპერატიულ განყოფილებაში გათვალისწინებული 27 საშტატო ერთეულში შემავალ ...ს ორ საშტატო თანამდებობაზე (... - თავდაცვის ... და ... - სამოქალაქო პირი) დანიშნულ ქ. მ-ეისა და რ. ს-ის კანდიდატურებს რატომ მიენიჭა უპირატესობა დ. გ-ითან მიმართებაში, რასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დავის არსებითად გადაწყვეტის მიზნით მოახდინა ხსენებული პირების მონაცემების შედარება ყველა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაზედაც მხარეები მოცემული დავის ფარგლებში აპელირებდნენ (სტაჟი, განათლება და ა.შ).
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციამდე ქ. მ-ეს ეკავა სამოქალაქო შტატით გათვალისწინებული თანამდებობა, ხოლო დ. გ-ი არ წარმოადგენდა სამოქალაქო შტატზე მომუშავე პირს, ასევე დ. გ-ითან შედარებით უფრო მეტი გამოცდილება გააჩნდა, შესაბამისად გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია სამოქალაქო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ქ. მ-ეის კანდიდატურისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. სააპელაციო პალატამ რ. ს-ის უპირატესობასთან დაკავშირებით ასევე გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი მეტი ხნის სამუშაო გამოცდილებისა და მაღალი სამხედრო წოდების (თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი) შესახებ და დავის საბოლოოდ გადაწყვეტის თვალსაზრისით მართებულად დაასკვნა, რომ ერთის მხრივ დ. გ-ის, ხოლო მეორეს მხრივ ქ. მ-ეისა და რ. ს-ის ზემოაღწერილი კრიტერიუმების კუთხით ურთიერთშეპირისპირების პირობებში გამოიკვეთა რა თანამდებობებზე უკვე დანიშნულ პირთა უპირატესობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სადავო საკითხის ირგვლივ ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების კვლავ დავალდებულება აზრს იყო მოკლებული სარჩელის უპერსპექტივობიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა