Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1136(კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზ. ჩ-ემ 2019 წლის 2 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე ამავე სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №04/7327 წერილის, დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულ პირად მონიშვნის თაობაზე 2019 წლის 13 მარტის №04/1303 წერილის, მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე 2019 წლის 2 აპრილის №04/17811 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მონაცემთა ბაზაში ზ. ჩ-ეისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის შესახებ ჩანაწერის გაუქმების (კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვის) დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №04/7327 წერილი საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 მარტის №04/1303 წერილი დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომპენსირებულ პირად მონიშვნის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №04/17811 წერილი მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მონაცემთა ბაზაში ზ. ჩ-ეისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის შესახებ ჩანაწერის გაუქმება (კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვა). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში/სააგენტოში არსებული დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ხოლო, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განმარტებულია დევნილი ოჯახის დეფინიცია, კერძოდ: დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმების არასწორი გამოყენებისა და განმარტების შედეგად, როგორც სააპელაციო, ასევე საქალაქო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ჩ-ე არ წარმოადგენდა ვ. ზ-ას ოჯახის წევრს, ის დამოუკიდებლად იყო რეგისტრირებული სასტუმრო „...ში“ და განცალკევებულად საჭიროებდა შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფას, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელე დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალო, სასტუმრო „...“, სარეგისტრაციო ნომრით №..., იგივე სარეგისტრაციო ნომერი გააჩნია ვ. ზ-ას (იხ. საოჯახო ანკეტა). საოჯახო ანკეტის მიხედვით, ოჯახის უფროსად მითითებულია ვ. ზ-ა, ხოლო მისი ოჯახის წევრს წარმოადგენს ზ. ჩ-ე. 2004 წელს, ვ. ზ-ასა და სასტუმრო „...ის“ გენერალური დირექტორის წარმომადგენელს - დ. ს-ას შორის დადებული ხელშეკრულებით №... ოთახის გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახმა ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღო 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის შესაბამისი კურსით დადგენილი 12 775 ლარი. ამავე ხელშეკრულებით, ვ. ზ-ა ადასტურებდა, რომ იგი წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იძლეოდა გარანტიას, რომ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მას მიღებული ჰქონდა №... ოთახში განთავსებული ყველს სრულწლოვანი წევრის თანხმობა. საქმეში წარმოდგენილია სახელობითი სია, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას და რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ზ. ჩ-ე, ვ. ზ-ასთან ერთად, წარმოადგენდა №... ოთახში მცხოვრებ პირს. დევნილთა მონაცემთა ბაზაში კომენტარი მოსარჩელის კომპენსაციის შესახებ აისახა 2009 წლის 29 ოქტომბერს.

კასატორის აღნიშნავს, რომ მართალია, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია დევნილის უფლება უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით (მუხლი 13), მაგრამ ამავე დროს, ხსენებული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით ან ფულადი კომპენსაციით. ამდენად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ, მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები შესრულებულია. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში დაკავებული საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, კერძო ინვესტორისაგან შესაბამისი კომპენსაციის მიღებით, მოსარჩელეს ვერ ექნებოდა გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით განმეორებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსარჩელის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, მისი თანხმობის არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 აპრილს გაცემული ცნობის მიხედვით, არ დგინდება, რომ სწორედ მოსარჩელე ზ. ჩ-ემ (პ/ნ ...) გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი 2002 წელს და დაბრუნდა 2005 წელს, რადგან ვერ ხდება მოსარჩელის იდენტიფიცირება.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. ზემომითითებული წესი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულების 2.1.9 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ძირითადი რესურსი მიმართულია უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი, ოჯახის განმეორებით უზრუნველყოფა ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს არის მოკლებული. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, 2004 წლის ხელშეკრულების დადების დროს, არ არსებობდა არანაირი უკანონო სახის ზეგავლენა, რომელიც მხარეს აიძულებდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ მოეწერა ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ მოსარჩელე უკვე დაკმაყოფილებულად მიიჩნევა და ის ხელახლა სააგენტოსთვის მიმართვით ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, კერძოდ მისი დაკმაყოფილებულთა სიიდან ამორიცხვის მიუხედავად, ვერ იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით თუ ფულადი კომპენსაციით, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს უკვე ერთხელ უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახის ხელმეორედ დახმარებას და უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რადგანაც ისინი გამოცემულია კანონის სრული დაცვით. საქმეზე მოპოვებულ და შეკრებილ იქნა საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მტკიცებულებები, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოიკითხა მოსარჩელე, შედეგად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომლის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რაც გამოიწვევდა სადავო აქტების ბათილად ცნობას, შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია დევნილთა მონაცემთა ბაზაში ზ. ჩ-ეის კომპენსირებულად მიჩნევისა და მისთვის საკომპენსაციო თანხის გაცემის შესახებ ჩანაწერის გაუქმების თაობაზე მოპასუხის მიერ მიღებული აქტების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს ასევე შეიცავს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9 პუნქტი, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

რაც შეეხება ოჯახის ცნებას, პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის გაცემის დროს მოქმედი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები დევნილი ოჯახის (მისი წევრების) ამგვარი სახის დანაწესს საერთოდ არ ითვალისწინებდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ჩ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის თაობაზე მოთხოვნის პასუხად, სსიპ მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 14 თებერვლის №04/7327 წერილით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მას, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ვ. ზ-ას (№... ოთახის მფლობელი) ოჯახის წევრს, მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია სასტუმრო „...ში“ მდებარე №... ოთახის განთავისუფლების სანაცვლოდ.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2004 წლის 19 ოქტომბერს სასტუმრო „...ს“ გენერალურ დირექტორსა და ვ. ზ-ას, როგორც ქ. თბილისში, ...ზე №1-ში მდებარე სასტუმრო „...ს“ №... ოთახში დროებით მცხოვრები ოჯახის წარმომადგენელს შორის დადებული ხელშეკრულებით, ვ. ზ-ამ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 12 775 ლარის სანაცვლოდ იკისრა №... ოთახის გამოთავისუფლების ვალდებულება, თუმცა ნოტარიუს ლ. გ-ის 2020 წლის 25 ივნისის წერილით, რომლითაც დადასტურებულია ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, ასევე დადგენილია, რომ ზ. ჩ-ეის მიერ ვ. ზ-ას სახელზე გაცემული თანხმობა სანოტარო არქივში არ არსებობს. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ვ. ზ-ას იმგვარ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დაადასტურებდა, რომ კომპენსაციის მიღების დროს ზ. ჩ-ეის სახელით მოქმედებდა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მოსარჩელე საქართველოში არ იმყოფებოდა, რაც დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 აპრილის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით, რომლის მიხედვითაც, ზ. ჩ-ე საქართველოდან გავიდა 2002 წლის 11 აგვისტოს და შემოვიდა 2005 წლის 28 აპრილს. საკასაციო პალატა, მოსარჩელისა და ვ. ზ-ას ერთ ოჯახად მიჩნევის შესახებ მოპასუხის მოსაზრებასთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე საქმეში არსებულ ვ. ზ-ას განცხადებაზე და სასამართლოში მოწმის სახით მიცემულ მის ჩვენებაზე, სადაც ვ. ზ-ამ განმარტა, რომ ვინაიდან დევნილთა შემწეობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღებისთვის სავალდებულო იყო დროებითი მისამართის განსაზღვრა, მის ოთახზე დაამისამართა ზ. ჩ-ე, რომელიც არასოდეს ყოფილა მისი ოჯახის წევრი და არ ცხოვრობდა მასთან ერთად.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზ. ჩ-ე და ვ. ზ-ა არ არიან და არასდროს ყოფილან ოჯახის წევრები, ისინი არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (რა გარემოებაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო პირობაა დევნილი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის), მათ დევნილობამდე პერიოდშიც ჰქონდათ სხვადასხვა საცხოვრებელი მისამართები, კერძოდ, ვ. ზ-ას საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა სოხუმი, ...ს №16, ხოლო ზ. ჩ-ეის მისამართი იყო სოხუმი, ...ს №14. ამდენად, დევნილობის შემდგომ გარკვეულ პერიოდში სოციალური დახმარების მიღების მიზნით ზ. ჩ-ეის სასტუმრო „...ში“ №... ოთახში დამისამართების ფაქტი, არ ქმნის მის კომპენსირებულ პირად მიჩნევის საფუძველს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ 2004 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებას, რომლითაც ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო ვ. ზ-ას ოჯახმა, თუმცა არ გაითვალისწინა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მოსარჩელის თანხმობის არარსებობა, ასევე დასახელებულ პერიოდში მოსარჩელის საქართველოში არ ყოფნა, რითაც ზ. ჩ-ეს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ კანონით გარანტირებული უფლება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზ. ჩ-ეისთვის ზემოაღნიშნული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, დასტურდება, რომ სადავო აქტები გამოცემულია დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რასთან დაკავშირებითაც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა