Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1214(კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილება

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ. ფ-ა

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

დ. ფ-ამ 2020 წლის 30 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ჩხოროწყუს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების მიმართ 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრის, ასევე 2020 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის გაუცემელი პენსიის თანხის - 1055 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონულ განყოფილებას დ. ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1055 ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონულმა განყოფილებამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონულმა განყოფილებამ.

კასატორის განმარტებით, იმის გამო, რომ მოსარჩელე დ. ფ-ა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ბუღალტრად იყო დასაქმებული და შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეუწყდა პენსია.

კასატორი მიუთითებს „საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტი იქვე აკონკრეტებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე. სწორედ ასეთი ხელშეკრულებები დაიდო დ. ფ-ასთან და მართალია, ის არ არის საჯარო მოხელე, თუმცა ახორციელებდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად განმარტებულ საჯარო საქმიანობას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა იმაზე მითითებით, რომ არ წარმოადგენდა საჯარო მოხელე, თუმცა პენსიის შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება და არა საჯარო მოხელის სტატუსი, რომლის არქონაც მხარეთა შორის სადავო არ არის.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 და 23-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვით სარგებლობის უფლება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. დასახელებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას. ამრიგად, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების არა შეჩერების, არამედ შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს ქმნის საჯარო საქმიანობის განხორციელება. ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის მიერ განხორციელებული საქმიანობა ქმნიდა თუ არა დ. ფ-ას მიმართ სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის წინაპირობას, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N2/2012 დადგენილებით დამტკიცებული „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის“ მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 22 აგვისტოს №006/2018 განკარგულებით დ. ფ-ა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის შესრულების მიზნით დაინიშნა შტატგარეშე მოსამსახურედ - ბუღალტრად 2018 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. ამდენად დადასტურებულია, რომ დ. ფ-ა დაინიშნა არა საჯარო საქმიანობის, არამედ საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად.

საკასაციო პალატა საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ბუღალტრის სტატუსთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის №ბს-1510(კ-18) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „ბუღალტერი არ განსაზღვრავს კონკრეტული საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის მიმართულებებს, იგი თავის უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია მხოლოდ ფინანსების ხარჯვასა და შესაბამისი ანგარიშების წარდგენაზე. შესაბამისად, წარმოადგენს არამუდმივი ამოცანების შესრულებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც არის უშუალო შემსრულებელი მასზე დაკისრებული ფუნქციების და არა მათი განმსაზღვრელი“.

„საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-10 ნაწილით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. პირის საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად კვალიფიკაცია საჭიროებს საკითხის კუმულაციურ შეფასებას, კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სტატუსის, მისი თანამდებობის, მისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების ხასიათისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ერთიან გამორკვევას (სუსგ 23.01.2020 წ. Nბს-1510(კ-18)).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დ. ფ-ა №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრად მუშაობის პერიოდში არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ვინაიდან იგი არ იყო დანიშნული მოხელისათვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე, არამედ კონკრეტული პირობების - საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის შესრულების მიზნით, გარკვეული ვადით იყო დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შტატგარეშე მოსამსახურედ, ამასთან არ ეწეოდა საჯარო საქმიანობას - ხსენებული პირის საჯარო სამსახურის სისტემაში საქმიანობა უკავშირდებოდა არა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების უშუალოდ მისი მხრიდან განხორციელებას, არამედ დამხმარე ან არამუდმივი ფუნქციების შესრულების გზით საჯარო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, ვინაიდან მოსარჩელე არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, კასატორი პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, რა გარემოებებიც მართებულად შეაფასა ქვედა ინსტანციის სასამართლომ.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა