ბს-959(კ-21) 29 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. დ-იმა 25.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 07.11.2018წ. გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 30.11.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიუთითა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. ამავე კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომელიც არ არის ამომწურავი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მე-11 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების გარდა უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით საქართველოში შემოსვლის მსურველ პირს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ა. დ-ის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიულ საფუძვლად მიეთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. პალატამ აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ორგანოს აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსავლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა ა. დ-ითან დაკავშირებით იმ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 07.11.2018წ. გადაწყვეტილებას. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს, ამასთან, საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები გადაწყვეტილებაში არ აისახა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გაეცნო აღნიშნულ ინფორმაციას, რის შედეგად სასამართლომ პრიორიტეტულად მიიჩნია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები. პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული ინფორმაცია იყო თანმიმდევრული, მასში ასახული გარემოებები ქმნიდა ა. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. ამასთანავე, პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ სადავო აქტში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიუთითებლობით, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. დ-ის მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ შეუმოწმებია სადავო აქტების მატერიალური კანონიერება კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა სამართლის მოთხოვნებთან მიმართებაში. სასამართლომ სათანადო კონტროლი არ განახორციელა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაზე, დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება თვითნებობას არ გულისხმობს. ა. დ-ი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიუთითებდა გამოხატვისა და თანასწორობის უფლების დარღვევაზე. ა. დ-ის საქართველოში შემოსვლა არ ქმნიდა რაიმე საფრთხეს, ამასთანავე, იგი აკმაყოფილებდა ქვეყანაში შემოსვლის თაობაზე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს. ა. დ-ი ჟურნალისტია, იგი სადავო აქტების გამოცემამდე იმყოფებოდა საქართველოში და ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტებს არ აქვს რაიმე სახის დასაბუთება, ამასთანავე, სასამართლოს კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე არ იყო სათანადო. არა მხოლოდ სადავო აქტებში, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებებშიც არ არის მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარისათვის მისი უფლების შეზღუდვის საფუძველი არაგანჭვრეტადია და მას სრულად ერთმევა შესაძლებლობა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები თუ კონტრარგუმენტები.
კასატორი აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტები გამიჯნულია საქართველოში უცხოელის შემოსვლაზე უარის თქმის ორი დამოუკიდებელი საფუძველი. „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ხოლო „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. სადავო აქტებში გამოყენებულია მხოლოდ „ი“ ქვეპუნქტი სხვა კონკრეტულ ნორმაზე მითითების გარეშე, თუმცა შინაარსობრივად სასამართლოც და მოწინააღმდეგე მხარეც უარის თქმის დასასაბუთებლად მიუთითებენ „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობაზე. კასატორი თვლის, რომ ხსენებული ქვეპუნქტების გამოყენებას თან ახლავს ამავე მუხლით გათვალისწინებული განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, რის გამო პუნქტების სწორად მითითებას არსებითი სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, „ე“ ქვეპუნქტზე მითითება მოხდა სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემა ამ ქვეპუნქტის საფუძველზე არ მომხდარა. კასატორის მოსაზრებით ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადად აქვს შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიული უფლებამოსილება, არ ადასტურებს სადავო აქტების კანონიერებას, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში შემოსვლის დამაბრკოლებელი საფუძვლები არ დადგენილა. კასატორმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის ყველა შემთხვევა დაკავშირებული უნდა იყოს კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმასთან. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ნორმა უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. კასატორის მოსაზრებით გამოყენებული ნორმები არ აკმაყოფილებს განსაზღვრულობის სტანდარტს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, როცა სადავოდ არის გამხდარი საიდუმლო დოკუმენტაციის საფუძველზე გამოცემული აქტების კანონიერება, საიდუმლო დოკუმენტაციაში მოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების შეფასება და მისი გამოკვლევის შედეგების ასახვას სასამართლო გადაწყვეტილებაში, არსებითი მნიშვნელობა აქვს. სასამართლოს არ შეუმოწმებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვნილ საიდუმლო დოკუმენტაციაში ასახული საფუძვლების რაციონალური კავშირი წარმოდგენილ ფაქტებთან, არ დადგენილა მოსარჩელის უფლების შეზღუდვის დასაბუთებული მიზეზები. საიდუმლო დოკუმენტის გამოყენებისას ეფექტური კონტროლისა და სპეციალური მექანიზმის აუცილებლობაზე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში „Chahal v. the United Kingdom“. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ ისეთი საქმეებში, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას, შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება აუცილებელი იყოს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს შესაბამისი ორგანოების სასამართლოს ეფექტური კონტროლისგან გათავისუფლებას. ამავე საქმეში სასამართლომ მიუთითა კანადაში მოქმედ სპეციალური ადვოკატის მექანიზმზე, რომლის ფარგლებში შესაბამის ადვოკატს დაშვება აქვს საიდუმლო დოკუმენტაციაზე, რის გამო შესაძლებელი ხდება რეალური შეჯიბრებითობის პროცესის წარმართვა. მსგავს განმარტებებს აკეთებს ევროპული სასამართლო აგრეთვე საქმეში „Al-nashif v. Bulgaria“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის 4.1 მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში (12.1 მუხ.), ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რის შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში დაშვებაზე და უკან აბრუნებს მას (12.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ა. დ-ის 07.11.2018წ. უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 11.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ დასაბუთებით, რომ იგი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. ამასთანავე, დასტურდება, რომ ა. დ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეფუძნება გასაიდუმლოებულ ინფორმაციას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 22.06.2022წ. მიმართვებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ა. დ-ისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმას, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გამოთხოვილი ინფორმაცია წარუდგინეს საკასაციო პალატას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმა დასაბუთებულია. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში კონკრეტულად ხდება იმ გარემოებებზე მითითება, რამაც ა. დ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი განაპირობა. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის დაშვების დამაბრკოლებელი გარემოებების დამდგენი მონაცემები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოსატანი განაჩენის „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. მთავარია საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნიდეს სავარაუდოობის გარკვეულ ხარისხს, რაც შექმნის გონივრულ ეჭვს, დასაბუთებულ მოლოდინს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი, აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავდა აქტის დასაბუთებაში კონკრეტული მონაცემების მითითების შესაძლებლობას. სადავო აქტის დასაბუთებაში საიდუმლო მონაცემების მითითება იმთავითვე გამოიწვევდა მათ განსაიდუმლოებას, რის გამო სადავო აქტებში ან სასამართლო გადაწყვეტილებებში საიდუმლო დოკუმენტაციაში ასახული მონაცემების მითითება ვერ მოხდებოდა. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგან აღნიშნული გამოიწვევდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების გასაჯაროებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა განმარტების მიხედვით, სადავო აქტების გამოცემის საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული ოპერატიული ინფორმაცია. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების შესახებ („დ.ა“ ქვ.პ.). სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით (9.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მონაცემები, რომლებიც საფუძვლად დაედო ა. დ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას გასაიდუმლოებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება (სზაკ-ის 99-ე მუხ.), საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აგრეთვე ადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ორ შემთხვევაში: როდესაც მასალები არის უშუალოდ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი, ა. დ-ის არ მოუთხოვია სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოება ან საიდუმლოებასთან დაშვება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იცნობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუთითა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესზე, თუმცა შემდგომ განმარტა, რომ აღნიშნულ ინტერესზე ყურადღების გამახვილება მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციის გათვალისწინებით და არა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 11.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის კონტექსტში. ამდენად, კასატორის მითითება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადასტურეს 11.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობის არსებობა და ამ საფუძვლით ა. დ-ისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა, არ არის მართებული.
მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ საზღვარზე წარადგინა საქართველოში შემოსვლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტი, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას, რადგან დაინტერესებული პირის მიერ საზღვარზე კონკრეტული დოკუმენტაცის წარდგენა იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოში უცხოელის შემოშვების ვალდებულებას. საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არქონა არის უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საფუძველი („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 11.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.).
უცხოელის საქართველოში შემოსვლის უფლება არ არის აბსოლუტური, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეზღუდვას ექვემდებარება. ის, რომ სახელმწიფოს აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის კასატორის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებებში: საქმეებზე „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114) და „Chahal v. the United Kingdom“ (§73) აქვს განმარტებული. გადაწყვეტილებაში „Al-Nashif v. Bulgaria“ ევროპულმა სასამართლომ მართალია მიუთითა სამართლებრივი საფუძვლის ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის საჭიროებაზე (§119,), თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ნორმატიული საფუძვლის განჭვრეტადობა არ მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, ზედმიწევნით მოახდინოს ყველა იმ ქმედების სახეების განსაზღვრა, რომელთა განხორციელებამაც ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით პირის დეპორტირება შეიძლება გამოიწვიოს. ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის წარმომშობი ქმედებები შესაძლოა თავისი ბუნებით და მახასიათებლებით არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ამასთანავე, მათი წინასწარი იდენტიფიცირება შესაძლოა ვერც განხორციელდეს (§121). ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ნორმატიული საფუძვლიდან ყველა შემთხვევაში აუცილებელია იკვეთებოდეს შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი არ არის დასაბუთებული, რადგან საფუძველთა მრავალფეროვნების გათვალისწინებით ნორმატიულად მათი ამომწურავად ჩამოთვლის შესაძლებლობა არ დასტურდება.
ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქმედებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება („Al-Nashif v. Bulgaria“ §123, Chahal v. the United Kingdom“ §127, 145), დაინტერესებულს პირს უნდა შეეძლოს სათანადო საჩივრის წარდგენა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა ჰქონდეს რეაგირების შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირის მიმართ განხორციელებული ქმედებები თვითნებური და დაუსაბუთებელია („Al-Nashif v. Bulgaria“ §124). ამდენად, ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ დაინტერესებული პირი შეძლებს აღნიშნული ქმედების გასაჩივრებას და საჩივრის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებებზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, ა. დ-ითან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია. ა. დ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რასაც საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული გასაიდუმლოებული ინფორმაცია. ამასთანავე, ა. დ-ის მიეცა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისთვის ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ აისახა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციას გაეცნო აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამდენად, სასამართლო კონტროლი სრულყოფილად განხორციელდა. მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უკეთუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, ა. დ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა კასატორისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმა დასაბუთებულია, სასამართლოში წარმოდგენილ საიდუმლო დოკუმენტაციაში კონკრეტულად ხდება იმ გარემოებებზე მითითება, რამაც ა. დ-ის საქართველოში შემოსვლაზე უარი განაპირობა, ამასთანავე, საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვსა და დასაბუთებულ ვარაუდს საქართველოს ტერიტორიაზე ა. დ-ის შემოსვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის, საქართველოში დაშვების მიზანშეუწონლობის შესახებ.
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებზე სასამართლო კონტროლის სათანადოდ განხორციელების პირობებში, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მან ვერ უზრუნველყო თავისი უფლებების სათანადოდ დაცვა, არ არის დასაბუთებული. მართალია, კერძო პირის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვება არ ხდება, თუმცა სადავო გადაწყვეტილებები დაექვემდებარა სამინსტანციურ, სრულ სასამართლო კონტროლს, რა დროსაც სასამართლომ მოახდინა საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. ასეთ დროს პირის მიერ სათანადო შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლება დაცვის გარეშე არ რჩება, რადგან სასამართლო აფასებს არა მხოლოდ საჯარო ინტერესს, არამედ კერძო პირის ინტერესებსაც, რის შემდეგაც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ინფორმაციის საიდუმლოების გათვალისწინებით სათანადო დასაბუთების ასახვა გადაწყვეტილების ტექსტში არ ხდება. საიდუმლოების დაცვა ილუზორული იქნებოდა, თუ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობით გახდებოდა ცნობილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უფლებაში ჩარევა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე უმნიშველოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა, როგორც თავად უფლების დაცვის, ისე კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებისთვის, რადგან სასამართლო არის არაპოლიტიკური ხელისუფლება, რაც განაპირობებს მის ნეიტრალურობას, პერსონალურად და არსებითად დამოუკიდებელ მოსამართლეს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევის აუცილებლობის თაობაზე (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.12.2007წ. გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ე. ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-24). ამასთანავე, სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანად მიჩნევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის სასარგებლო შედეგის დადგომაზე, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მოთხოვნა გულისხმობს, რომ სულ მცირე, კომპეტენტური დამოუკიდებელი ორგანო ინფორმირებული იყოს დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლებზე, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მონაცემი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამასთანავე, მითითებული ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებების უარყოფის შესაძლებლობით, თუ იგი ამ მოსაზრებებს დაუსაბუთებლად და თვითნებურად ჩათვლის (ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Al-Nashif v. Bulgaria“, §132, 137). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ორგანო სასამართლოა, რადგან იგი დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, აღჭურვილია ქვეყანაში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის და არასარწმუნოობისა თუ დაუსაბუთებლობის შემთხვევაში საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციაში ასახული მონაცემების გაზიარებაზე უარის თქმის, შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლებამოსილებით, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. დ-იმა ისარგებლა თავისი უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალებით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო შეზღუდულია დავის ფარგლებით, რომელსაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე განსაზღვრავს (სასკ-ის 3.1 მუხ., სსკ-ის 3.1 მუხ.). განსახილველი დავის საგანს შეადგენს ა.დ-ისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება და არა საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების, მოსარჩელის ასეთ ინფორმაციასთან დაშვების საკითხი, რის გამო სასამართლო მოკლებულია ამ მიმართულებით საკასაციო საჩივარში არსებულ არგუმენტაციაზე მსჯელობის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს სწორედ დავის საგნის და იმ მოცემულობის ფარგლებში, რომ ა. დ-ისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას საფუძვლად უდევს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია.
კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „Chahal v. the United Kingdom“, აგრეთვე არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას. კასატორი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე უთითებს ორ კონტექსტში, ერთი მხრივ იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილებაში ხაზი ესმება საიდუმლო დოკუმენტის გამოყენებისას მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეფექტური კონტროლის აუცილებლობას, ხოლო მეორე მხრივ კანადაში არსებული სპეციალიზებული ადვოკატის მექანიზმთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში სპეციალიზირებულ ადვოკატს აქვს დაშვება საიდუმლო ინფორმაციასთან. საკასაციო პალატა ადასტურებს საიდუმლო დოკუმენტის გამოყენებისას მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეფექტური კონტროლის საჭიროებას და ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ ადმინისტრაციულ აქტებზე სათანადო, ეფექტიანი სასამართლო კონტროლი განხორციელდა. რაც შეეხება კანადაში არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმის წარმოებას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების უსწორობა ვერ დასაბუთდება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაძლოა საკითხის განსხვავებული მოწესრგება არსებობდეს. სასამართლო ახდენს სამართალშეფარდებას, ნორმათშემოქმედება სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება („Al-Nashif v. Bulgaria“, „Chahal v. the United Kingdom“) შეეხებოდა უფლებაში ჩარევის უფრო მძიმე შემთხვევებს, ვიდრე ეს განსახილველ დავაში განხორციელდა, კერძოდ, საქმეში „Al-Nashif v. Bulgaria“ დავა შეეხებოდა 7 წლის განმავლობაში ქვეყანაში მცხოვრები, ქვეყნის მოქალაქეებთან ოჯახური ურთიერთობების მქონე (ჰყავდა ორი შვილი, რომლებიც ბულგარეთის მოქალაქეები იყვნენ) პირის დაკავებას, მიმოწერის აკრძალვასა და დეპორტაციას სათანადო გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის გარეშე. საქმეში „Chahal v. the United Kingdom“ განმცხადებელი ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს იმ დასაბუთებით, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ის გახდებოდა დევნისა და წამების მსხვერპლი, საფრთხე დაემუქრებოდა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოგვიანებით კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განმცხადებლის დეპორტაციის შესახებ, განმცხადებელი თვეების განმავლობაში იყო დაკავებული, ამასთანავე, დადგინდა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში განმცხადებელი დაექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას. განსახილველ შემთხვევაში ა. დ-ის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მისი დაკავება, კომუნიკაციის შეზღუდვა ან მის მიმართ სხვა რაიმე მსგავსი უფლებაშემზღუდავი ხასიათის ღონისძიება არ განხორციელებულა. საფუძველსაა მოკლებული და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. დ-ისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა ზემოაღნიშნული მიზნებით განპირობებული არ ყოფილა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს თავის საზღვრებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლისა და ცხოვრების კონტროლის განხორციელების უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Chahal v. the United Kingdom“, §73).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება;
3.ქ. ჩ-ის (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 23.08.2021წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი