საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-550(კს-22) 7 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი(მოსარჩელე): მ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე): საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი: მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ა-ემ 2017 წლის 4 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, მოპასუხედ დაასახელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 6 ოქტომბრის №21-02-1/100913 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის №1931 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის, საქართველოს ძეგლთა პოპულარიზაციის და საზკვების კომპლექსური კოოპერატივი ,,...ის“ თავმჯდომარის - მ. ა-ეის 2016 წლის 29 სექტემბრის №04-1/1 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2022 წლის 25 მარტს აპელანტმა - მ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩართვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, მ. ა-ეის შუამდგომლობა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-ემ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის 2016 წლის 29 დეკემბრის N174073-21-02-21 სამსახურეობრივი ბარათიდან (ს.ფ 114-115) ირკვევა, რომ 2010 წლის პირველი იანვრიდან იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო-სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ინახება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლოს საშუალება მიეცეს სრულყოფილად გამოიკვლიოს რა სახის დოკუმენტაცია ინახება დღესდღეობით საქართველოს ძეგლთა პოპულარიზაციის და საზკვების კომპლექსური კოოპერატივი ,,...ის“ შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩართვა არის პირდაპირ კავშირში დავის საგანთან, რადგან მან ერთხელ უკვე მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კოოპერატივი ...ის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონდარღვევით და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. იგი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პირველი და მეორე ნაწილების დანაწესის სამართლებრივ საფუძვლებზე და სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორედ ამ საფუძვლებით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება. მ. ა-ე ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მასალები, რომლებიც ადასტურებენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესამე პირად მოწვევის აუცილებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ეის კერძო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ, მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტის არსებობა უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის.
სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად(სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ (სუსგ 16.01.2020წ. Nბს-1170(კს-18)). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, ჩართოს საქმის განხილვაში მესამე პირები მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში აუცილებელი ფორმით ჩაბმულ მესამე პირებს უფლება აქვთ წარადგინონ დამოუკიდებელი სარჩელი, დამოუკიდებლად გაასაჩივრონ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და სხვა. საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლოა მხარეს შეეზღუდოს ხსენებული მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებები ან უსაფუძვლოდ მიენიჭოს იგი. ამდენად, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შუამდგომლობს განსახილველ დავაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. ამდენად, მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა, სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მისი მესამე პირად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში კი, დაინტერესებულმა პირმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს (სუსგ 12.02.2015წ. Nბს-145-138(კ-13)).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, მასზედ რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც მას უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე და ამავე სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, საჯარო ინფორმაციის გაცემის სახით. შესაბამისად, არც სადავო აქტები და არც ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართული ქმედების განხორციელების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ ეხება მოსარჩელის მიერ შუამდგომლობით გათვალისწინებულ სუბიექტს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სუბიექტის სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მესამე პირად მოწვევისათვის აუცილებელია მისაწვევი პირი იყოს სასამართლოში განსახილველი მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილე და გადაწყვეტილება გავლენას ახდენდეს მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე. დავაში მონაწილეობის ხარისხს განსაზღვრავს ის, რომ ასეთ პირთან მიმართებაში სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა უნდა იყოს შესაძლებელი. მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურისგან მოთხოვნილი ინფორმაცია შესაძლოა ინახება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, არ ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის კანონიერ ინტერესს ამ დავის მიმართ და არც იმ ფაქტს, რომ სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ამ სუბიექტთან მიმართებით.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი მოწვევა ხორციელდება სასამართლო შეხედულების მიხედვით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დავის საგნიდან გამომდინარე ცალსახად იკვეთება კონკრეტული პირის სამართლებრივი ინტერესი, სასამართლომ იმავე პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უზრუნველყოს მე-3 პირის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მისაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივესთან, ან კი მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წაგებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, შელახული სამართლებრივი ინტერესი საკუთარი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დავის საგნის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მატერიალური სამართალურთიერთობის განვითარების არც ერთ ეტაპზე სადავო საკითხთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტის ინტერესს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეეხება.
საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ორივე მოწვევის მესამე პირების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს მათივე სამართლებრივი ინტერესის დაცვის საჭიროება. აღნიშნულთან მიმართებით, პალატა დამატებით მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებას საქმეზე Nბს-992(კს-21), სადაც განიმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირების კონკრეტული სტატუსით ჩაბმის უმთავრესი მიზანი აღნიშნულ პირთა ინტერესების დაცვაა. მართალია, პროცესში მესამე პირის ჩართულობა ხელს უწყობს სამართალწარმოებაში მხარეთა აქტიურ მონაწილეობას, აგრეთვე, სასამართლოს მიერ დავის მართებულ გადაწყვეტას, თუმცა მესამე პირის ჩაბმის საჭიროების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა სამართალწარმოების რომელიმე მხარის უშუალო დაინტერესება პროცესში მესამე პირის მონაწილეობასთან მიმართებით, არამედ ის, თუ რამდენად არსებობს სწორედ აღნიშნული მესამე პირის მხრიდან კონკრეტულ დავასთან მიმართებით დაცვის ღირსი რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესები.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეში არ იკვეთება საჯარო რეესტრის სადავო საკითხთან სხვა რაიმე კუთხით შემხებლობა და არც მოსარჩელის მიერ ყოფილა რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაასაბუთებდა ამას. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმეში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ. ა-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე