საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-31(2კ-21) 7 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - მ. ტ-ე, შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს „ზ...“, შპს „ს...“, სს „სა...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ტ-ემ და შპს „...მ“ 2017 წლის 3 თებერვალს სარჩელებით მიმართეს თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სადავო ქონებაზე მ. ტ-ეისა და შემდეგ შპს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციების ბათილად ცნობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №..., გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 368.49 მეტრ რკინიგზის ჩიხზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 16 დეკემბრის №..., №... და ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 16 თებერვლის №..., №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოსარჩელეების მითითებით, საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დაცული საპრივატიზებო მასალების შესაბამისად, დადასტურებულია, რომ 1996 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, როგორც გამყიდველმა, შპს „ს...ს“, როგორც მყიდველს გადასცა გარდაბნის რაიონის ...ის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო კორპორაციის თხევადი გაზის სასაწყობო მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონება, რომლის ჩამონათვალშიც შედიოდა სადავო ქონებაც - რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა, ფართოლიანდაგიანი რკინიგზა და რკინიგზის ჩიხი. 1996 წლის 26 ნოემბერს, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს „ს...ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საკონკურსო პირობებით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002 წლის 2 ივლისის №1-3/467 ბრძანებით, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონისა“ და მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 იანვრის №43 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გაყიდვის შესახებ“ დებულების საფუძველზე, შპს „ს...ს“ დაუდასტურდა საკუთრების უფლება გარდაბნის რაიონში მდებარე თხევადი გაზის სასაწყობო მეურნეობის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2002 წლის 8 ივლისს გაიცა №1001 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამრიგად, დასახელებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა წარმოადგენდა 1996 წელს შპს „ს...ს“ მიერ განხორციელებული პირივატიზაციის ობიექტს და სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი ესტაკადით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული ლიანდაგით) შპს „ს...ს“ საკუთრებაში გადასაცემად.
მოსარჩელეთა მითითებით, ზემოაღნიშნული ქონება შპს „ს...მ“ 2016 წლის 5 ივლისს დადებული გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მ. ტ-ეს, ხოლო 2016 წლის 1 ნოემბერს დასრულდა მ. ტ-ეის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული წარმოება და გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. 2016 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იგივე ქონება მ. ტ-ემ გადასცა შპს „...ს“. იმავე წლის 29 ნოემბერს საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა შპს „ზ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... და 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა იმავე სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მიღება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის №... და ... გადაწყვეტილებებით, განმცხადებლებს უარი ეთქვათ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 368.49 მეტრ რკინიგზის ჩიხის რეგისტრაციაზე.
დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გარდაბნის რაიონის ...ის დასახლებაში მდებარე რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტისა და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადის პრივატიზაცია შპს „ს...მ“ განახორციელა მანამ, სანამ სს „სა...“ დაფუძნდებოდა (27.10.1997წ.). ამდენად, სადავო ჩიხის ამ უკანასკნელისა და შემდეგ სს „ზ...ის“ სახელზე რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ მათ კანონიერ უფლებას, რის გამოც მოითხოვენ ამავე აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით მ. ტ-ეის სარჩელი, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „სა...“, შპს „ს...“, შპს „ზ...“ და შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „...ს“ სარჩელი, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ასევე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით №... და №3-54-17 ადმინისტრაციული საქმეები, მოსარჩელეები - მ. ტ-ე და შპს „...“, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გაერთიანდა ერთ საქმედ და მიენიჭა ნომერი ....
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №..., 2016 წლის 16 დეკემბრის №..., №... და 2017 წლის 16 თებერვლის №..., №... გადაწყვეტილებები და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე მ. ტ-ეის 2016 წლის 27 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 368.49 მ. რკინიგზის ჩიხი დარეგისტრირდა მ. ტ-ეის საკუთრებად. იმავე ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა შპს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
- 2016 წლის 1 ნოემბრამდე სადავო ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ სს „სა...“ და შპს „ზ...“. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „სა...ს“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი იყო სსიპ საწარმოთა მართვის ეროვნული სააგენტოს №33-418/7-10 წერილი.
- დადგენილია, რომ 2016 წლის 8 დეკემბრის №324680 გადაწყვეტილებით შპს „ზ...ის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... და 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
- საქმის მასალებში დაცული 1996 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის საფუძველზე, შპს „ს...ს" გადასცა გარდაბნის რაიონის ...ის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფო კორპორაციის თხევადი გაზის სასაწყობო მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის, რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა, ფართოლიანდაგიანი რკინიგზა და რკინიგზის ჩიხი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს „ს...ს“ შორის 1996 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება საკონკურსო პირობებით.
- ზემოაღნიშნული ქონება შპს „ს...მ“ 2016 წლის 5 ივლისს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულების თანახმად, გადასცა მ. ტ-ეს, რომელმაც ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზის ჩიხი გადასცა შპს „...ს“.
- აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა წარმოადგენდა 1996 წელს შპს „ს...ს" მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ობიექტს და სწორედ აღნიშნულმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი ესტაკადით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებულ ლიანდაგთან ერთად, შპს „ს...ს" საკუთრებაში გადასაცემად. გარდაბნის რაიონის ...ის დასახლებაში განთავსებული რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტის და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადის პრივატიზაცია განხორციელდა შპს „ს...ს" მიერ, სანამ სს „სა...“ დაფუძნდებოდა (1997 წლის 27 ოქტომბერი). თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით.
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... და 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 368.49 მეტრ რკინიგზის ჩიხზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრებით გასაჩივრდა მ. ტ-ეისა და შპს ,,...ს“ მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №... და №... გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არც გადაწყვეტილების მიღებისას და არც ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დროს არ გამოიკვლია და არ შეაფასა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სადავოდ გახადა შპს „ს...ს“ საკუთრების უფლება მის სახელზე რეგისტრირებული 49918.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №... ) 2757 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რაც ზედდებაში იყო მის მიერ 2012 წელს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა, რომელიც 1996 წლის მიღება-ჩაბარების აქტით და პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „ს...ს“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც მითითებული უძრავი ქონების, ასევე მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართის (თავდაპირველად 6ჰა, შემდგომ 5 ჰა) საჯარო რეესტრში შპს „ს...ს“ სახელზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წელს, შემდეგ 2003 წელს, ხოლო 2009 წელს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტით განხორციელდა მხოლოდ დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაცია UTM კოორდინატთა სისტემაში. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარეების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი იმ უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება, რომლებიც საფუძვლად უდევს სადავო მიწის ნაკვეთზე შპს „ს...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა წარმოადგენდა 1996 წელს შპს „ს...ს“ მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ობიექტს, რამაც შემდგომ შექმნა სამართლებრივი საფუძველი ესტაკადით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის შპს ,,ს...ს“ საკუთრებაში გადასაცემად.
სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილება შპს „ს...ს“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების UTM კოორდინატთა სისტემაში რეგისტრაციის შესახებ, კანონიერია და ამ აქტის გამოცემის დროს სახეზე არ იყო ისეთი წანამძღვრების არსებობა, რომელთა გამოც სარეგისტრაციო სამსახურს უარი უნდა ეთქვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე. საკავშირო საწარმო „ც...ის“ უფლებამონაცვლეა სახაზინო საწარმო - სახელმწიფო კომპანია „სა...“, რომლის ბაზაზეც 1997 წლის 27 ოქტომბერს დაფუძნდა სს „სა...“. სახაზინო საწარმო „სა...ს“ ბალანსზე გადაცემული ქონების ნაწილის, მათ შორის, სადავო ტერიტორიაზე განთავსებული რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტის და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადის პრივატიზაცია განხორციელდა მანამ, სანამ სს „სა...“ დაფუძნდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა მის საწესდებო კაპიტალში აღნიშნული ქონების შესატანად ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №..., 2016 წლის 16 დეკემბერის №... და №... და 2017 წლის 16 თებერვლის №... და №... გადაწყვეტილებები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დავალებოდა ახალი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ, ვინაიდან განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა გარდაბანში, ...ის დასახლებაში მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე - 368.49 მეტრ რკინიგზის ჩიხზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების არსებობა, მიზანშეწონილად მიიჩნია მისი სამართლებრივი ბუნების შეფასება. კერძოდ, განმარტა, რომ ხაზობრივი ნაგებობა 2007 წლამდე მიიჩნეოდა ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად. შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა ძირითადი ნივთის ბედი. 2007 წლის შემდეგ კი, იგი წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამოუკიდებელ ობიექტს და მასზე საკუთრების უფლების გადასვლისთვის მხარეთა შორის ცალკე, დამოუკიდებლად უნდა მომხდარიყო შეთანხმება ხაზობრივი ნაგებობის გადაცემაზე და იგი ავტომატურად არ ხდებოდა ძირითადი ნივთის სამართლებრივი ბედის გამზიარებელი.
სააპელაციო პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ფაქტის მიხედვით - შპს „ს...ს“ საკუთრება მოიცავდა რკინიგზის ჩიხსაც, განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იყო ის გარემოება, გადასცა თუ არა შპს „ს...მ“ მ. ტ-ეს ხაზობრივ ნაგებობაზე უფლება, რის დასტურადაც მხარეები გაცვლის ხელშეკრულებას ასახელებდნენ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლისთვის ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენდა რა ცალკე უფლების ობიექტს, მასზე საკუთრების უფლების გადასვლისთვის მხარეები სპეციალურად უნდა შეთანხმებულიყვნენ ასეთი ნაგებობის გადაცემაზე და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა არ გულისხმობდა რკინიგზის ხაზის გადაცემასაც. მხარეთა მიერ მითითებულ გაცვლის ხელშეკრულებაში კი არავითარი შეთანხმება არ არსებობს ხაზობრივი ნაგებობის გადაცემაზე.
სააპელაციო სასამართლომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 21-ე-23-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სათანადოდ არ შეფასებულა სადავო მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებული მონაცემები, კერძოდ, ხომ არ ხდებოდა საკუთრების უფლების ობიექტთა ზედდება, მათ შორის, სს „სა...ს“ და შპს „ზ...ის“ საკუთრებასთან, მარეგისტრირებელმა ორგანომ ასევე ყურადღება არ გაამახვილა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში, რადგან 2016 წლის გაცვლის ხელშეკრულებით ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება არ გადასულა მ. ტ-ეზე, ხოლო ამ პერიოდისთვის ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს, ამიტომ, საჭიროებდა სპეციალურ შეთანხმებას საკუთრების უფლების გადასვლისთვის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით მ. ტ-ეის სახელზე არასწორად დარეგისტრირდა გარდაბანში, ...ში მდებარე 368,49 მ. რკინიგზის ჩიხი (საკადასტრო კოდი: ...). ამრიგად, მ. ტ-ეის სახელზე ისე აღირიცხა ხაზობრივი ნაგებობა, რომ იგი არ ფლობდა მასზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს. რაც შეეხება მ. ტ-ესა და შპს „...ს“ შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, მართალია, აღნიშნული ხელშეკრულების საგნად პირდაპირ იქნა გათვალისწინებული რკინიგზის ხაზი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მ. ტ-ე არ ფლობდა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს ხაზობრივ ნაგებობაზე და მის სახელზე არასწორად მოხდა საკუთრების უფლების აღრიცხვა, მ. ტ-ე არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა ის ნივთი, რომელიც მისი საკუთრების უფლების ობიექტი არ იყო. შესაბამისად, საკუთრების უფლება არც შპს „...ს“ წარმოეშვა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ტ-ესა და შპს „...ს“ სახელზე არასწორად განხორციელდა საკუთრების უფლების აღრიცხვა.
სააპელაციო სასამართლომ კანონიერი ნდობის პრინციპის განსაზღვრებაზე მითითებით, დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. ამასთან, რადგან აღნიშნული რეგისტრაციები პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენდა მესამე პირთა უფლებებზე, მათ შორის, შპს „ზ...ის“ საკუთრებაზე, კანონიერ ნდობაზე მითითებით ვერ მოხდებოდა არსებული ვითარების შენარჩუნება და უკანონო აქტების ძალაში დატოვება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ტ-ემ და შპს „...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. საქალაქო სასამართლომ საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტისას მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება - რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა, ფართოლიანდაგიანი რკინიგზა და რკინიგზის ჩიხი შედიოდა იმ ქონების ჩამონათვალში, რომელიც 1996 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „ს...ს“. ამასთან, ამ უკანასკნელმა გარდაბნის რაიონის ...ის დასახლებაში არსებული რკინიგზის ჩიხისა და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადის პრივატიზაცია განახორციელა მანამ, სანამ სს „სა...“ დაფუძნდებოდა (1997წ.). ამდენად, სადავო ჩიხის სააქციო საზოგადოებისა და შემდეგ შპს „ზ...ის“ სახელზე რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავო გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობაში გამორიცხავდა სადავო ქონებაზე შპს „ს...ს“ საკუთრების უფლებას და სწორედ ამ საფუძვლით უთხრა რეგისტრაციაზე უარი „მ. ტ-ესა და შპს „...ს“, თუმცა შპს „ს...ს“ საკუთრების უფლება როგორც მიწის ნაკვეთზე, ასევე მასზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე სასამართლო სხდომებზე არაერთხელ აღიარა და დაადასტურდა. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არც გადაწყვეტილებების მიღებისას და არც ადმინისტრაციული საჩივრების განხილვისას არ შეაფასა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია.
კასატორების მოსაზრებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო ქონებაზე, მიუხედავად შპს „ს...ს“ საკუთრების უფლების დადასტურებისა, გადამწყვეტი იყო, გადასცა თუ არა შპს „ს...მ“ მ. ტ-ეს საკუთრების უფლება ხაზობრივ ნაგებობაზე, რადგან იგი 2007 წლამდე მიიჩნეოდა ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად და შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა ძირითადი ნივთის ბედი. 2007 წლის შემდეგ კი, წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამოუკიდებელ ობიექტს და მასზე საკუთრების უფლების გადასვლისთვის მხარეთა შორის ცალკე, დამოუკიდებლად უნდა მომხდარიყო შეთანხმება ხაზობრივი ნაგებობის გადაცემაზე, რადგან იგი ავტომატურად არ ხდებოდა ძირითადი ნივთის სამართლებრივი ბედის გამზიარებელი. ამასთან დაკავშირებით, კასატორები აღნიშნავენ, რომ მათთვის გაუგებარია, თუ გაცვლის ხელშეკრულებაში ცალკე არ იყო ნახსენები ხაზობრივი ნაგებობა, რაც მოგვიანებით წარმოადგენდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, რატომ არ მოითხოვა საჯარო რეესტრმა დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა, მით უფრო ხელშეკრულების არსებობის პირობებში აღნიშნულის წარდგენა სირთულეს არ წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ დასახელებულ საკითხზე სადავო აქტებში საერთოდ არ არის ნამსჯელი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზეც, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ქონება გადაეცა შპს „...ს“, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია. ამასთან დაკავშირებითაც, დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრის პოზიცია, რომლის თანახმად, შპს „...ს“ უნდა სცოდნოდა ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე, რადგან რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, მ. ტ-ე წარმოადგენდა ქონების მართლზომიერ მფლობელს. ამრიგად, დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მოსარჩელეებს, რის გამოც მართებულად მიიჩნევენ საკითხის ადმინისტრაციულ ორგანოში გამოსაკვლევად დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განხილულ იქნებოდა არსებითად მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხაზობრივ ნაგებობაზე - გარდაბნის რაიონში, ...ის დასახლებაში მდებარე 368,49 მეტრ რკინიგზის ჩიხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა საკუთრების უფლების გაუქმების კანონიერება. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოსარჩელეების - მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ მიერ, რომელთაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტის შესახებ) სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. იგი გასაჩივრდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო საჩივრების ფარგლებში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაფასოს სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის - სადავო აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმის მასალებში დაცული 1996 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის საფუძველზე, შპს „ს...ს" გადასცა გარდაბნის რაიონის ...ის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფო კორპორაციის თხევადი გაზის სასაწყობო მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის, რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა, ფართოლიანდაგიანი რკინიგზა და რკინიგზის ჩიხი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს „ს...ს“ შორის 1996 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება საკონკურსო პირობებით. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. დასახელებული აქტით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა წარმოადგენდა 1996 წელს შპს „ს...ს" მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ობიექტს და სწორედ აღნიშნულმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი ესტაკადით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებულ ლიანდაგთან ერთად, შპს „ს...ს“ საკუთრებაში გადასაცემად. ამავე გადაწყვეტილებით აღინიშნა, რომ გარდაბნის რაიონის ...ის დასახლებაში განთავსებული რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტის და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადის პრივატიზაცია განხორციელდა შპს „ს...ს“ მიერ, სანამ სს „სა...“ დაფუძნდებოდა (1997 წლის 27 ოქტომბერი).
აღსანიშნავია, რომ მითითებული ქონება შპს „ს...მ“ 2016 წლის 5 ივლისს გაფორმებული გაცვლის ხელშეკრულების თანახმად, გადასცა მ. ტ-ეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით გარდაბანის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 368.49 მეტრი რკინიგზის ჩიხი დარეგისტრირდა მ. ტ-ეის საკუთრებად, რომელმაც ქონების სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, რკინიგზის ჩიხი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა შპს „...ს“. ამდენად, იმავე ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა შპს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრიდან 2010 წლის 22 ივნისის ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ 2010 წლის 22 ივნისიდან სს „სა...ს“ საკუთრებად რეგისტრირებულია გარდაბნის რაიონის დაბა ...ში მდებარე 2261.2 მეტრი ფართოლიანდაგიანი რკინიგზის ჩიხი (ს/კ ...). საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2010 წლის 9 ივნისის №33-418/7-10 წერილი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 მარტის №A12032236-017/006 განკარგულების თანახმად, მოვალის - სს „სა...ის“ საკუთრებაში რიცხული აღნიშნული ქონების (ს/კ ...), შემძენი იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს „ზ...“.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 8 დეკემბრის №324680 გადაწყვეტილებით შპს „ზ...ის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... და 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 15 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის №... და 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის №... და №... გადაწყვეტილებებით განმცხადებლებს უარი ეთქვათ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 368.49 მეტრ რკინიგზის ჩიხზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრებით გაასაჩივრეს მ. ტ-ემ და შპს ,,...მ“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №... და №... გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხაზოვან ნაგებობაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დადგენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეფასება, რომლითაც დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა წარმოადგენდა 1996 წელს შპს „ს...ს" მიერ განხორციელებული პრივატიზაციის ობიექტს და სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი ესტაკადით განაშენიანებული მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებულ ლიანდაგთან ერთად, შპს „ს...ს“ საკუთრებაში გადასაცემად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, მოპასუხემ არც სადავო გადაწყვეტილებებს მიღებისას და არც ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დროს არ გამოიკვლია და არ შეაფასა სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ამავე გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სადავოდ გახადა შპს „ს...ს“ საკუთრების უფლება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 49918.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 2757 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რაც ზედდებაში მოვიდა სამინისტროს მიერ 2012 წელს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან. ამასთან, დადგენილია , რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს რკინიგზის ჩიხი და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადა, რომელიც 1996 წლის მიღება-ჩაბარების აქტით და პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „ს...ს“. აღსანიშნავია, რომ როგორც აღნიშნული უძრავი ქონების, ასევე მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართის (თავდაპირველად 6ჰა, შემდგომ 5ჰა) შპს „ს...ს“ სახელზე პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2002 წელს, შემდგომ 2003 წელს, ხოლო 2009 წელს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტით განხორციელდა მხოლოდ დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაცია UTM კოორდინატთა სისტემაში. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აგრეთვე, იმ გარემოების მითითებას, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი იმ უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერება, რომლებიც საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთზე შპს „ს...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ საკავშირო საწარმო „ც...ის“ უფლებამონაცვლეა სახაზინო საწარმო - სახელმწიფო კომპანია ,,სა...“, რომლის ბაზაზეც 1997 წლის 27 ოქტომბერს დაფუძნდა სს „სა...“. სახაზინო საწარმო „სა...ს“ ბალანსზე გადაცემული ქონების ნაწილის, მათ შორის, სადავო ტერიტორიაზე განთავსებული რკინიგზის ჩიხის ერთი ტოტის და რკინიგზის ჩამოსასხმელი ესტაკადის პრივატიზაცია განხორციელდა მანამ, სანამ სააქციო საზოგადოება „სა...“ დაფუძნდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა მის საწესდებო კაპიტალში აღნიშნული ქონების შესატანად ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
მიუხედავად საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბათილად ცნო 2016 წლის 1 და 18 ნოემბრის გადაწყვეტილებები, რომლებითაც განხორციელდა მ. ტ-ეის და შემდგომ შპს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სააგენტომ დაინტერესებული პირის - შპს „ზ...ის“ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით წარმოებული მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ როგორც №..., ისე №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი წარმოადგენდა ერთი სახის - სარკინიგზო ტიპის ხაზოვან ნაგებობას. 2016 წლის 16 დეკემბერს კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რადგან განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ხაზოვან ნაგებობაზე №... საკადასტრო კოდით უკვე რეგისტრირებული იყო სხვისი - შპს „ზ...ის“საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და იმავე კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 16 თებერვალს მიღებულ იქნა №... და №... გადაწყვეტილებები მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო საკითხის სასამართლოს მიერ დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, მოპასუხემ, როგორც შესაბამისი უფლება-მოვალეობების მქონე სუბიექტმა, უნდა უზრუნველყოს საკითხის შემდგომი შესწავლა, სრულყოფილად გამოკვლევა და სათანადოდ შეფასება, რათა ზუსტად განსაზღვროს სადავო ქონებაზე მხარეთა საკუთრების უფლებების არსებობა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვისას მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაზეც ადმინისტრაციული წარმოებისას ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული. კერძოდ, აღნიშნა, რომ ხაზობრივი ნაგებობა ცალკე უფლების ობიექტად განისაზღვრა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 მაისის კანონით, რომლის თანახმად, ამავე კანონის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მითითებული ნორმით განისაზღვრა უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს „ს...ს“ საკუთრების უფლების არსებობის დადასტურების მიუხედავად, სადავო შემთხვევაში გადამწყვეტი იყო, რამდენად მოხდა ხაზობრივ ნაგებობაზე შპს „ს...ს“ მიერ მ. ტ-ეისთვის საკუთრების უფლების გადაცემა მაშინ, როცა საკუთრების უფლების წარმოშობის დოკუმენტად მხარეები ასახელებენ 2016 წლის გაცვლის ხელშეკრულებას. ამ დროისთვის კი ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენდა რა ცალკე უფლების ობიექტს, მასზე საკუთრების უფლების გადასვლისთვის მხარეები სპეციალურად უნდა შეთანხმებულიყვნენ ასეთი ნაგებობის გადაცემაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს „ს...ს“ საკუთრება დადასტურებულია, ამ უკანასკნელს კი მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელეების - მ. ტ-ეისა და შემდეგ შპს „...ს“ სახელზე ხაზოვანი ნაგებობის რეგისტრაციის კანონიერებისთვის, შეუძლია მოითხოვოს ამავე ხაზოვან ნაგებობაზე დამატებით საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა ქონების თავდაპირველი მესაკუთრისგან. მოპასუხემ ასევე უნდა გამოიკვლიოს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შპს „ს...ს“ 1996 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით რკინიგზის ჩიხის მხოლოდ ერთი ტოტი გადასცა, თუ მთლიანი ჩიხი, ამასთან, დააზუსტოს სულ რამდენი ტოტისგან შედგებოდა სადავო ხაზოვანი ნაგებობა და განსაზღვროს თითოეულ მათგანზე მოდავე მხარეთა საკუთრების უფლება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხემ უნდა გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №..., 2016 წლის 16 დეკემბრის №..., №... და 2017 წლის 16 თებერვლის №..., №... გადაწყვეტილებები და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის განაწილებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამრიგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელებსა და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის №..., 2016 წლის 16 დეკემბრის №..., №... და 2017 წლის 16 თებერვლის №..., №... გადაწყვეტილებები და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ. ტ-ეისა და შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელებსა (100+100) და საკასაციო საჩივრებზე (300+300) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 800 (რვაასი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე