Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-410(კ-21) 7 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ტ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ტ. ლ-იმა 2010 წლის 13 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების არაერთგზის დაზუსტების შედეგად, საბოლოოდ, „2010 წლის 6 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის №321/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის დასახელებული ადმინისტრაციული საჩივრის ხელახლა განხილვის დავალება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ადმინისტრაციული საქმე არაერთხელ იყო შეჩერებული ტ. ლ-ის მიერ სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული წესით აღძრულ სხვა სარჩელებზე სამართალწარმოების მიმდინარეობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „2010 წლის 6 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის №321/ო ბრძანება და მოპასუხეს ამავე ადმინისტრაციული საჩივრის ხელახალი განხილვა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განსახილველ საქმეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 2 აგვისტოს ტ. ლ-იმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, 2022 წლის 20 ივლისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

განმცხადებელი არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრი არის ჯანდაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქვემო ქართლში და შესაბამისად წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, რომელსაც არაფერი აკავშირებს ქალაქ რუსთავის ადგილობრივ თვიმმართველობასთან, ასევე მისი ლიკვიდაცია დღემდე არ მომხდარა და იგი იმყოფება თავის კანონიერ უფლებებში, რაც გამორიცხავს განმცხადებლისათვის სარჩელზე უარის თქმას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი ითხოვს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტქის შესაბამისად, გამოტანილ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით, აღმოფხვრას არსებითი გადაწყვეტილების ხარვეზი.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 5 ოქტომბრის №321/ო ბრძანების კანონიერების შეფასება, რომლითაც ტ. ლ-ის უარი ეთქვა 2010 წლის 6 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებასა და დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერების დასაბუთებას. სამართლებრივი შედეგი კი რომელიც ექვემდებარება აღსრულებას, აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა განმცხადებლის მითითება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაწესზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა, რადგან ტ. ლ-ის მიერ არ ყოფილა დასახელებული არც ერთი მოთხოვნა და მასთან დაკავშირებული მტკიცებულება ან ახსნა-განმარტება, რომლის შესახებაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია დავის გადაწყვეტისას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება რეალურად წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების კრიტიკას და ის ფაქტი, რომ განმცხადებელი არ ეთანხმება ზემოხსნებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწვეტილებით დასრულდა მოცემული სამართალწარმოება და აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაწყვეტილ საკითხებზე ხელმეორედ იმსჯელოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დაადგინა:

1. ტ. ლ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

ნ.სხირტლაძე