Facebook Twitter

ბს-1166(2კ-19) 20 ოქტომბერი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 18.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ც. ჩ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ც. ჩ-ასათვის ჯარიმის 28 000 ლარის დაკისრება, ასევე 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული პირგასამტეხლოს 28 000 ლარის 0,2%-ის გადახდის ვალდებულების დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის სრულ ანაზღაურებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ც. ჩ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარისა და 2018 წლის 19 მარტიდან, დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა ც. ჩ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილებით ც. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2018წ. გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ც. ჩ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. სამხედრო მოსამსახურის პროფესიული მომზადებისათვის, ტექნიკური აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფოლი ფინანსური რესურსები საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით არის დეტერმინირებული, შესაბამისად, აღნიშნული დიდი საჯარო მიზნიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურესთან დადებული სამხედრო სამსახურის კონტრაქტში პირგასამტეხლოს გათვალისწინება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ გაითვალისწინოს უსაფუძვლოდ სამხედრო სამსახურის შეწყვეტის და მის პროფესიულ განვითარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრების უშედეგობის დაუშვებლობა. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ც. ჩ-ას შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურის მივლინების შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის 09.03.2014წ. გაფორმებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ ხელშეკრულების 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით ან სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. 27.02.2018წ. მოპასუხე ც. ჩ-ამ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურს და განუმარტა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რაც გამომდინარეობდა შესაბამისი ხელშეკრულებიდან, სურდა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.03.2018წ. ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის S-3-ის საბრძოლო მომზადების უფროსი ც. ჩ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობას, ამასთანავე ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხები. ც. ჩ-ა პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში, შესაბამისად, სახეზეა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც. თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ჯარიმას ცალკე, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას, სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. 09.03.2014წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3. და 7.4. პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხელშეკრულების არსებობა ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. პირგასამტეხლო ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი, რამაც განაპირობა კონტრაქტის შეწყვეტა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც. ჩ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში - 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ც. ჩ-ას მიერ.

კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნულ მუხლში არაფერია ნათქვამი პირგასამტეხლოს მთლიანად გაუქმებაზე. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს მთლიანად გაუქმების შესაძლებლობას. სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, არ გამოიკვლია მხარის ქონებრივი მდგომარეობა და ინტერესები, რაც შეიძლება პირგასამტეხლოს გაუქმების საფუძველი ყოფილიყო. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე. განსახილველ საქმეზე დადგენილია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩიჩუას შორის დადებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის დადების საფუძვლებსაც კანონი განსაზღვრავს, ხოლო მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ თანხმობას ხელშეკრულების თითოეულ პირობაზე. სწორედ, ხელშეკრულების 7.4 პუნქტით არის გათვალისწინებული 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, საჯარიმო თანხის - 28 000 ლარის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტომ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც ც. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 09.03.2014წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ც. ჩ-ას შორის დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა 8 წლით (ხელშეკრულების 3.1 მუხ.). ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა შეიარაღებული ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აენაზღაურებინა ჯარიმა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4 მუხლიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე პუნქტებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში დაცული მასალებით 27.02.2018წ. ც. ჩ-ამ პატაკით მიმართა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს და შემდგომი სამხედრო კონტრაქტის გაგრძელების სურვილის არქონის გამო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა მოითხოვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.03.2018წ. ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის S-3-ის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი, მაიორი ც. ჩ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხერდო სამსახურიდან რეზერვში. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოწმდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სამხედრო სამსახურში 09.03.2014წ. ხელშეკრულების საფუძველზე იმსახურა 4 წელი, სამსახურებრივი მოვალეობების პირნათლად შესრულების გამო ხდებოდა მისი წახალისება და მორიგი სამხედრო წოდებ(ებ)ის მინიჭება. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა ც. ჩ-ას პირადი პატაკის გამო, კონკრეტულად მას აღარ სურდა შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, სკ-ის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს, ასევე პირსგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულებაა გათვალისწინებული ამავე ხელშეკრულების 7.4 მუხლით, ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მოკლებულია დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ც. ჩ-ას პატაკის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტა და პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 19 მარტიდან დაკისრებული თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზეა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2019წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე