Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-528(2კ-22) 28 ივნისი, 2022 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - 1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

2. ო.ა-ა, გ.ა-ა, ს.ა-ა, ლ.ა-ა, ლ.ლ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ო.ა-ამ, გ.ა-ამ, ს.ა-ამ, ლ.ა-ამ და ლ.ლ-მა 2021 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2020 წლის 19 ნოემბრის №03/18247 და 2020 წლის 31 ივლისის №09/9977 წერილობითი მიმართვების, 2020 წლის 10 დეკემბრის №03/19496 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, ო.ა-ას, გ.ა-ას, ს.ა-ას, ლ.ა-ას, ლ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 ნოემბრის №03/18247 წერილობითი მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 31 ივლისის №09/9977 წერილობითი მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2020 წლის 10 დეკემბრის №03/19496გადაწყვეტილება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო.ა-ას, გ.ა-ას, ს.ა-ას, ლ.ა-ას, ლ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 19 ნოემბრის №03/18247 და 2020 წლის 31 ივლისის №09/9977 წერილობითი მიმართვები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 დეკემბრის №03/19496 გადაწყვეტილება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ასევე მოსარჩელეებმა.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, მოსარჩელეები არიან სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული, კერძოდ, ო.ა-ას განაცხადში მითითებულ მეუღლეს - ლ.ლ-ს და მის შვილებს 2006 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოეყოთ ფულადი კომპენსაცია. ლ.ლ-ი დაკმაყოფილდა მისი ოჯახის წევრებთან: ძმასთან - გ.ბ-თან და დედასთან - დ.გ-სთან ერთად, ხოლო ვარაუდი იმის თაობაზე, რომ რომელიმე ოჯახის, რომელიმე წევრს არ სცოდნოდა დაკანონების შესახებ - მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას და საფუძველს, შესაბამისად, სააგენტოს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, აღარ ეკისრება დაკმაყოფილებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით ხელახალი დაკმაყოფილების ვალდებულება.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 06 თებერვლის 01-19/27 წერილი, რომლითაც სააგენტოს გაეგზავნა 2006 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს ფულადი კომპენსაციის მიმღებ პირთა სახელობითი სია, სადაც, ერთი საოჯახო ნომრით ... ფიქსირდება ლ.ლ-ი მის ძმასთან - გ.ბ-თან და დედასთან - დ.გ-ასთან ერთად. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად 2021 წლის 29 ივნისს მიიღო 2009 წლის 06 თებერვლის 01-19/27 წერილის შინაარსის იდენტური პასუხი, ასევე სს „ა...ის“ 2021 წლის 3 აგვისტოს წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ფიზიკური პირი ლ.ლ-ი ფიქსირდება სან. „ ა...ში“ საოჯახო ნომრით ... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით 2006 წლის 13 აპრილს აღებული აქვს ფიზიკურ პირს გ.ბ-ს (ლ.ლ-ის ძმა). ამავე წერილითვე სააგენტოს ეცნობა, რომ ამჟამად აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით სხვა დოკუმენტაცია არ მოეპოვებათ. ამდენად, საკომპენსაციო თანხა გაიცა გ.ბ-ზე და მის ოჯახზე, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ასევე ლ.ლ-იც. წარდგენილი მტკიცებულებების შინაარსის მიუხედავად, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად მოსარჩელეთა დაკმაყოფილებულად ჩასათვლელად.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს არა ოჯახის ცალკეული წევრების, არამედ დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას, ამრიგად, ლ.ლ-ზე ფულადი კომპენსაცია გაიცა მისი ოჯახის წევრებთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან ერთად სწორედ იმ მდგომარეობით, რა ფაქტობრივი და იურიდიული მდგომარეობითაც ფიქსირდებოდა საცხოვრებელ ადგილზე, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, არასრულწლოვანთა არაკომპენსირებულ პირებად მიჩნევის შესახებ მსჯელობა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება, არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის მოთხოვნების დარღვევას და მისთვის გვერდის ავლას.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტზე, რომლითაც სააგენტოს დაევალა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებით, ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე და განმარტავს, რომ უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ივსება განაცხადი, ხოლო შემდეგ ხდება აღნიშნულის დამუშავება, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ დევნილი ოჯახის საფუძვლიან და ობიექტურ შეფასებას 2013 წლის 9 აგვისტოს 320-ე ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და სათანადო ქულის მინიჭებას, საჭიროებისა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დევნილი ოჯახის დამატებით გამოკვლევას და მინიჭებული ქულის კორექტირებას. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი განაცხადის არარსების პირობებში, შეუძლებელია სააგენტოს, ყოველგვარი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, კანონით გათვალისწინებული სათანადო პროცედურების გავლის გარეშე, ავტომატურად დაევალოს აქტის გამოცემა და მხარეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფას.

კასატორები - ო.ა-ა, ლ.ლ-ი, გ.ა-ა, ს.ა-ა და ლ.ა-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - იყო თუ არა ლ.ლ-ი (ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი) კომპენსირებული და გაიცა თუ არა მათზე ფულადი კომპენსაცია (ფულის გაცემის ფაქტი). აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არაერთხელ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ფაქტის დასადგენად დამატებით ვერ ჩაატარებდა ადმინისტრაციულ წარმოებას და ვერ მოიპოვებდა შესაბამის მტკიცებულებებს, ამის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს დაევალა აღნიშნული ფაქტის გამოკვლევა.

კასატორების განმარტებით, ლ.ლ-ზე თანხის გაცემის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცების ტვირთს, თუმცა სათანადო მტკიცებულებით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო გადარიცხვა) ვერ იქნა დადასტურებული ...ის ოჯახზე ფულადი კომპენსაციის გაცემა იმ მიზეზით, რომ ოჯახზე თანხა არ გაცემულა. ლ.ლ-ის, ასევე მისი დედის და ძმის განმარტებით კი დგინდება, რომ მათ ჰქონდათ რეგისტრაციის მისამართი აჭარის რესპუბლიკაში, თუმცა იქ ფაქტობრივად არ უცხოვრიათ და მხოლოდ რეგისტრაციის მისამართის გამო მოხვდნენ ხელშეკრულების დანართად არსებულ სიაში. კომპენსაციის თაობაზე ოჯახისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც ო.ა-ას ოჯახს უარი ეთქვათ ფართით უზრუნველყოფაზე ლ.ლ-ის კომპენსირებულ პირად მიჩნევის გამო.

კასატორების მოსაზრებით, არასწორია ასევე სააგენტოს სადავო აქტში მითითებული ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ო.ა-ას უარი ეთქვა ფართით უზრუნველყოფაზე ჩანაწერით „განაცხადი დარჩა განუხილველი“. მოქმედი წესის თანახმად, განხილვას არ ექვემდებარე იმ ოჯახების განაცხადი, რომლებსაც მიღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია ან საკუთარი სახსრებით აქვთ შეძენილი საცხოვრებელი ფართი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, სააგენტოს არ უნდა განეხილა წარდგენილი განაცხადი. ამასთან კასატორებისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის გამოყენება, რადგან მოცემულ შემთხვევაში სადავო პერიოდია 2006 წელი, რა დროსაც მოქმედი კანონი საერთოდ არ განსაზღვრავდა ოჯახის ცნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2022 წლის 20 მაისის განჩინებით ო.ა-ას, ლ.ლ-ის, გ.ა-ას, ს.ა-ასა და ლ.ა-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ასევე ო.ა-ას, ლ.ლ-ის, გ.ა-ას, ს.ა-ასა და ლ.ა-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანია დევნილთა მონაცემთა ბაზაში ლ.ლ-ის კომპენსირებულად მიჩნევის საფუძვლით ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს ასევე შეიცავს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.9 პუნქტი, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის კონკრეტული წევრის მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

რაც შეეხება ოჯახის ცნებას, პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო.ა-ას ოჯახი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვის თაობაზე მოთხოვნის პასუხად, 2020 წლის 19 ნოემბრის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/18247 წერილობითი მიმართვით ეცნობა, რომ ო.ა-ას შევსებული განაცხადი დარჩა განუხილველი იმის გამო, რომ აპლიკანტს განაცხადში შეყვანილი ჰყავდა მეუღლე, რომელსაც დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზით, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, განსახლების სანაცვლოდ მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია 2006 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციისას.

საქმეში წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 29 ივნისის №05/3962 წერილის თანახმად ირკვევა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებზე ფინანსური კომპენსაციის გაცემა განხორციელდა კომპანია „...“-სა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვალს დადებული „აქციათა ნასყიდობის“ ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების დანართს წარმოადგენდა დევნილი ოჯახების სია, რომლებზეც ინვესტორს უნდა გაეცა ფინანსური კომპენსაცია. იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ლ.ლ-ი, საოჯახო ნომრით - ..., ირიცხება გადაგზავნილ სიაში ... „ა...ში“. ამავე საოჯახო ნომრით ასევე რეგისტრირებულნი არიან დ.გ-ა და გ.ბ-ი. წერილის თანახმად, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირებზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაცული არ არის და მიზანშეწონილია მისი მიღება განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეებისგან.

სს ,, ა...ის“ 2021 წლის 03 აგვისტოს წერილის (ს.ფ.375) თანახმად, ფიზიკური პირი ლ.ლ-ი ფიქსირდება ... „ა...ში“ საოჯახო ნომრით -... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული აქვს ფიზიკურ პირს - გ.ბ-ს, რომელმაც თანხა აიღო 13.04.2006 წელს. სხვა დოკუმენტაცია აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით არ მოიპოვება.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ო.ა-ას განაცხადში შეყვანილი მეუღლე - ლ.ლ-ი სახელმწიფოსგან კომპენსირებული იყო თანხით, თუმცა ლ.ლ-ის, გ.ბ-ის და დ.გ-ასთვის ერთი საოჯახო ნომრის (...) მინიჭების მიუხედავად, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ლ.ლ-ი წარმოადგენდა გ.ბ-ის ოჯახის წევრს და ასევე სარწმუნოდ არ არის გამოკვლეული გ.ბ-ის მიერ ოჯახის კომპენსირების მიზნით გამოყოფილი თანხის მიღების ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო აქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოების - ოჯახის მიერ სახელმწიფოსგან თანხის მიღების ფაქტის დადასტურება, რაც შექმნიდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენებისა და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერად მიჩნევის საფუძველს. ამასთან საგულისხმოა, რომ ო.ა-ას განაცხადში შეყვანილი ჰყავდა მისი არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისად, მოპასუხეს სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით უნდა დაედგინა ლ.ლ-ისა და გ.ბ-ის ერთ ოჯახად მიჩნევისა და ამავე ოჯახის მიერ კომპენსაციის მიღების საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. აღნიშნული კი, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა, რადგან მითითებული ფაქტის უტყუარად გამოკვლევის გარეშე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს კომპენსაციის რეალურად მიღების ფაქტი და საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ამ თვალსაზრისით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. ადმინისტრაციული ორგანოს მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით არარელევანტურია, მით უფრო მაშინ, როდესაც სასამართლომ მიერ მოპასუხეს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩაატაროს შესაბამისი წარმოება და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რისთვისაც დევნილის მიერ განაცხადის წარდგენა არ არის სავალდებულო. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორების - ო..., გ..., ს... და ლ.ა-ებისა და ლ.ლ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრება მოპასუხის მიერ განცხადების განხილვის ფორმასთან დაკავშირებით, რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანო არ არის შეზღუდული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. რაც შეეხება 2006 წლის მდგომარეობით ოჯახის დეფინიციის არარსებობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკითხი შეეხება აღნიშნულ პერიოდში კერძო ინვესტორის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფას. აღნიშნული ხორციელდებოდა მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად, შესაბამისი ხელშეკრულების დადების საფუძველზე, რა დროსაც ხელშეკრულება ფორმდებოდა კანონით დადგენილი წესით, ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან, მასთან მცხოვრები პირების უზრუნველყოფის გარანტიით და შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც მიიჩნეოდნენ თანხის მიმღებ პირებად (იხ. სუსგ 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18)).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრები უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ასევე ო.ა-ას, ლ.ლ-ის, გ.ა-ას, ლ.ა-ასა და ს.ა-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა