Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-542(3კს-21) 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - 1. შპს „...ი“ (მოსარჩელე); 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე); 3. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2014 წლის 28 თებერვალს შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის №23316 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საშემოსავლო და სოციალური გადასახადის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის №761 საგადასახადო მოთხოვნისა და საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

შპს „...მა“ 2019 წლის 29 იანვარს, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე შპს „...ს“ გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესრულება სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

2020 წლის 19 ოქტომბერს შპს „...ის“ დირექტორმა - ი. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის №761 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერება მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორმა მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო აქტების შეჩერების 2 საფუძველი: 1) არსებობდა დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; 2) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებდა მხარეს ან შეუძლებელს გახდიდა მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის №761 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით შპს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შპს „...ის“ შუამდგომლობა ჯარიმისა და საურავის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; შპს „...ის“ კერძო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე შპს „...ის“ შუამდგომლობა ჯარიმისა და საურავის ნაწილში დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში შეჩერდა მათი მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს, სადავო აქტებით, ძირითად გადასახადთან ერთად დაეკისრა ჯარიმა და საურავი, რამაც მის ქონებაზე ყადაღის დადება და ფინანსური სირთულეების წარმოქმნა გამოიწვია, ჯარიმამ და საურავმა (რომელიც ყოველთვიურად მზარდია) კი, უფრო მეტად გააუარესა აპელანტის ფინანსური მდგომარეობა.

სააპელაციო სასამართლომ, ამავე სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე მითითებით ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო შპს „...ის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მისი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტობრივი შეუძლებლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, დააკმაყოფილა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მხარის შუამდგომლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „...მა“, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორის - შპს „...ის“ მითითებით, გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. საჩივრის ავტორი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო აქტების მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება. ხოლო სადავო აქტების საფუძველზე, საწარმოს მიმართ გავრცელდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ავტომატურად შეწყდა კომპანიის საქმიანობა, რაც მის გაკოტრებასთან არის დაკავშირებული. საჩივრის ავტორის მითითებით, კომპანია განიცდის მძიმე მატერიალურ ზარალს. შპს „...ი“ მიიჩნევს, რომ სახეზე არის სადავო აქტების შეჩერების 2 საფუძველი: 1) არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; 2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჯარიმისა და საურავის ნაწილში შეჩერების შემთხვევაში, მისთვის გაუგებარია, ძირითადი თანხის ნაწილში სასამართლოს პოზიცია აქტების შეჩერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შპს „...მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინების, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე და 272-ე მუხლებზე მითითებით განმარტეს, რომ საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისთვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საურავი კი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამდენად, საგადასახადო ორგანოები მიუთითებენ, მოსარჩელის მიმართ შეფარდებული სანქცია, რომელიც წარმოადგენს შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებისთვის დადგენილ პასუხისმგებლობის ზომას, ემსახურება საგადასახადო ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სადავო აქტები წარმოადგენენ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან, მათი მოქმედება არ ჩერდება.

ადმინისტრაციული ორგანოები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი საქმის მასალები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი განჩინების მიღება გამოიწვია. კერძო საჩივრების ავტორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, მოცემული დავის ჭრილში საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაუსაბუთებელია. ამგვარად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინების, შუამდგომლობის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისისა და 2021 წლის 16 ივლისის განჩინებებით შპს „...ის“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები, ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო ინტერესთან შედარებით, საჯარო ინტერესების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ის“ განცხადების მოთხოვნას წარმოადგენს: 1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის №761 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერება, რომლითაც, შპს „...ს“ დაერიცხა 3 085 576.99 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 1 496 905 ლარი, ჯარიმა - 549 684 ლარი და საურავი - 1 038 987.99 ლარი; 2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანების მოქმედების შეჩერება, რომლითაც შპს „...ის“ საჩივარი (სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის №23316 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის №761 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხების კორექტირება; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება, რომლითაც შპს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ნათელი უნდა იყოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევებში მხარის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მას, ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, აგრეთვე ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ეჭვის დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე უფლების გამოყენებისას, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის მოქმედების შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამგვარად, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის აღსრულებისა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე.

ამდენად, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებისას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად.

საკასაციო სასამართლო, შპს „...ის“ კერძო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლომ, მოცემული საჩივრის იდენტური შინაარსის კერძო საჩივრის ფარგლებში, ერთხელ უკვე განიხილა სადავო საკითხი და განმარტა, რომ სადავო აქტების კანონიერების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა სასამართლოს არსებითი განხილვის საგანს წარმოადგენდა და აღნიშნული აქტების კანონიერების შემოწმება სწორედ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიმდინარეობს. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს მხარის ყურადღებას მასზედ, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ დაასკვნას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ძირითადი გადასახადის ნაწილში) ცალსახა უკანონობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო, მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს შპს „...ის“ პოზიცია.

რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრებს, საკასაციო პალატა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. თუმცა საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ს“ ძირითად გადასახადთან ერთად დაეკისრა ჯარიმა და საურავი, რამაც მის ქონებაზე ყადაღის დადება და ფინანსური სირთულეების წარმოქმნა გამოიწვია (განსაკუთრებით, საურავის ბუნების გათვალისწინებით, რომელიც ყოველდღიურად მზარდია). ამგვარად, მოსარჩელისათვის, ძირითად გადასახადთან ერთად დაკისრებულმა ჯარიმამ და საურავმა კიდევ უფრო გააუარესა მისი ფინანსური მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლოში, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა შპს „...ის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობისა და მისი მხრიდან ბაჟის გადახდის ფაქტობრივი შეუძლებლობის მოტივით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ აქტის კანონიერების თაობაზე არსებითი განხილვის მიმდინარეობა არ წარმოადგენს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გამორიცხვის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა აქტის მოქმედების შეჩერების წინაპირობად სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულებით მხარისთვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტსაც ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტების, ჯარიმისა და საურავის ნაწილში, მოქმედების შეუჩერებლობით კი არსებითი ზიანი ადგება მხარეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ჯარიმისა და საურავის ნაწილში სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე შპს „...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „...ის“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე