საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-457(3კ-21) 28 ივნისი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. დ.ზ-ი (მოსარჩელე); 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე); 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მესამე პირი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 21 მაისს დ.ზ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ დ.ზ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის №MIA 7 19 01157774 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დ.ზ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ; დ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დ.ზ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის №MIA 7 19 01157774 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, დ.ზ-თან დაკავშირებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა-შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამოცემა; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ.ზ-მა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
კასატორის - დ.ზ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სამინისტრო დაინტერესებულია დ.ზ-ის ნებისმიერი საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნაზე, მიზანშეწონილი იყო, სააპელაციო სასამართლოს თავად გადაეწყვიტა დავა არსებითად. ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ კონკრეტდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი ფაქტობრივი გარემოება არ გამოიკვლია. შესაბამისად, დ.ზ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მითითებით, პირის თანამდებობიდან განთავისუფლებით, მართალია, ხორციელდება მისი შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დ.ზ-ის მიერ ჩადენილმა გადაცდომის სიხშირემ, შესაძლოა, საზოგადოებაში გააჩინოს ნეგატიური განცდა მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ, მის მიმართ გამოყენებული ღონისძიება კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია. დ.ზ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებითი ხასიათის გამო კი, მის მიმართ გამოყენებულ იქნა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ.ზ-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ზ-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს (კანონის პირველი მუხლი). ამავე კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. ხსენებული კანონის 59-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობას, კერძოდ, მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებაზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესის მე-3 მუხლში კი ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო პალატა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ.ზ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სადავო ბრძანების გამოცემამდე ეკავა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის ...ის თანამდებობა. ასევე დადგენილია, რომ დ.ზ-ი, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და „თ“ (შრომის დისციპლინის წესის დარღვევა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.
შსს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ის ... დ.ზ-ი 2019 წლის 27-28 თებერვალს, 1, 6, 11, 15, 21, 25, 26, 29 მარტს და 3, 4, 5, 8, 10 აპრილს არ გამოცხადდა სამსახურში, 2019 წლის 14 მარტს სამსახურიდან თვითნებურად წავიდა სამუშაო საათების დასრულებამდე, ხოლო 20 მარტს სამსახურში გამოცხადდა საათ-ნახევრის დაგვიანებით, რის თაობაზეც არ აცნობა უშუალო ხელმძღვანელს. ამასთან, დადგენილია, რომ შსს გენერალური ინსპექციის მიერ, დ.ზ-ის მუშაობის კეთილსინდისიერების შესწავლის მიზნით, გამოთხოვილ იქნა დ.ზ-ზე განპირობებული გენერირების მოწყობილობა "DIGIPASS"-ის საშუალებით, დაცულ კომპიუტერულ ბაზაში 2019 წლის 1 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით გადამოწმებული პირების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ მას მოკლე პერიოდში მოძიებული აქვს დიდი რაოდენობით პერსონალური მონაცემები, რომელთაგან დიდ ნაწილზე ვერ ხსნის მოძიების მიზეზს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებული იყო, აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, არ იქნა დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული ის გარემოება, რატომ იყო აუცილებელი ადმინისტრაციული სახდელის სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება და რატომ იყო შეუძლებელი უფრო ნაკლებად მძიმე სახდელის დაკისრება. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მითითებებს სადავო აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ამ ნაწილში არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება დ.ზ-ის მიერ ისეთი სიმძიმის დარღვევის ჩადენა, რაც მისი გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ დ.ზ-ის განმარტებას, რომ განსახილველ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია, რაც მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, რის გამოც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დ.ზ-ის საკასაციო საჩივარს, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ დ.ზ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადავო აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი და სამინისტროს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ზ-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე