საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-922(კ-21) 28 ივნისი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს.თ-ე ( ნ.თ-ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (იმერეთის რეგიონალური ოფისი)
მესამე პირები - შ.თ-ე, ნი.თ-ე, მ.თ-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 21 დეკემბერს ნ.თ-ემ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - შ.თ-ის, ნი.თ-ისა და მ.თ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე ნ.თ-ის გარდაცვალების გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა ნ.თ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ს.თ-ე ცნობილ იქნა მოსარჩელე ნ.თ-ის უფლებამონაცვლედ და განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
2020 წლის 19 თებერვალს ნ.თ-ის უფლებამონაცვლე ს.თ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად - შ.თ-ე, ნი.თ-ე და მ.თ-ი. დაზუსტებული სარჩელით, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ს/კ ... რეგისტრირებული უძრავი ქონების ს.თ-ის სახელზე რეგისტრაციის დავალება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.თ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით ს.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.თ-ემ.
კასატორის განმარტებით, მამის ნი.თ-ის საკუთრებაში ირიცხებოდა 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ-ით № ... და ასევე 5089.96 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ-ით №... მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ჭ.თ-ე და რ.შ-ე. მესამე პირთა საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთები არასდროს ყოფილა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება და არ გაითვალისწინეს საქმეში არსებული მტკიცებულები, რომელთა შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი, არის ს.თ-ის მამის - ნი.თ-ის საკუთრება. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს.თ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების, კანონიერება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებული უძრავი ქონება აღრიცხოს მოსარჩელის საკუთრებად.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს დაირეგისტრიროს მამის - ნი.თ-ის სახელზე მიწის რეფორმის ფარგლებში 2000 წლის 13 ივნისს გადაცემული 5 089.96 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ს.თ-ის ინტერესის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებად მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე სადავო 5090 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ №..., ნაკვეთის წინა ნომერი ...) საკუთრების უფლებით აღირიცხა მესამე პირების - შ.თ-ის, ნი.თ-ისა და მ.თ-ის საკუთრებად. მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისი ოჯახი ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და გააჩნდა მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, რის საფუძველზეც მიაჩნია, რომ სწორედ მოსარჩელის მამას გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, ხოლო მესამე პირმა შ.თ-ემ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მისი მამა ნი.თ-ე იყო და საჯარო რეესტრმა არასწორად დაარეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები. კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაცია, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
2011 წლის 26 ოქტომბერს შ.თ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართობისა და საზღვრების დაზუსტება, ასევე, კომლის წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 31 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 5089.96 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სამტრედიის რაიონული არქივის 2011 წლის 7 ოქტომბრის საარქივო ცნობისა და მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების №... აქტის საფუძველზე აღირიცხა მ.თ-ის, ნი.თ-ისა და შ.თ-ის თანასაკუთრების უფლება, დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, რის შედეგადაც უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი №....
2017 წლის 9 ნოემბერს ნ.თ-ემ (ს.თ-ის მამკვიდრებელი) განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც წარადგინა 2000 წლის 13 ივნისს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა 5 089.96 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: სამტრედია, სოფელი ..., საკადასტრო კოდი: ... გაცემული ნი.თ-ის სახელზე და მოითხოვა მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, ვინაიდან, მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო მესამე პირების - შ.თ-ის, ნი.თ-ისა და მ.თ-ის სახელზე დაზუსტებული საკადასტრო კოდით №....
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა 2000 წლის 13 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით 5 089.96 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ... მდებარე: სამტრედია, სოფელი ..., გადაეცა ნი.თ-ეს (მოსარჩელე ს.თ-ის მამა), რომელიც ფლობს დოკუმენტის ორიგინალს, თუ ნი.თ-ეს (მესამე პირის შ.თ-ის მამა).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996 წლის 15 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტის შესაბამისად, სამტრედიის სოფელ ...ში მცხოვრებ კ.თ-ეს საკუთრებაში გამოეყო მიწის ნაკვეთი. მიწის რეფორმამდე არსებული იყო (საკარმიდამო, მიიღო დამატებით) 0.5 ჰა და 0.2. ჰა, 1) საკარმიდამო მიწის ნაკვეთს - 0.5 ჰა-ს ჩრდილოეთით ესაზღვრება - ტყე; სამხრეთით - გზა; აღმოსავლეთით-ღელე და დასავლეთით-ღელე; 2) დამატებით მიღებულ 0.2 ჰა მიწის ნაკვეთს ესაზღვრება - გზა; სამხრეთით - ღელე; აღმოსავლეთით-ღელე და დასავლეთით-რ.თ-ე; დამატებით გამოეყო (დამატებითი სახნავი) 2700კვ.მ და 2300კვ.მ სულ 1.2000; 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - ლ.თ-ე; სამხრეთით თ.თ-ე; აღმოსავლეთით-გზა და დასავლეთით-გზა; 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - რ.შ-ე; სამხრეთით დ.ღ-ე აღმოსავლეთით-გზა და დასავლეთით-გზა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 15 ნოემბრის სსიპ საჯარო რეესტრისადმი გაგზავნილი №... მიმართვით დგინდება, რომ სამტრედიის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს (სოფელი ...) 1986-1995 წლების საკომლო წიგნში ნ.თ-ე ჩაწერილია ნი.თ-ის კომლში. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნი.თ-ე - ოჯახის უფროსი; ნ.თ-ე -ცოლი; ს.თ-ე - შვილი, გადახაზულია (აქვეა ჩანაწერი, ამოწერილია) ლ.მ-ი - რძალი, გადახაზულია (აქვეა ჩანაწერი, ამოწერილია) გ.თ-ე - შვილიშვილი, გადახაზულია (აქვეა ჩანაწერი, ამოწერილია) გო.თ-ე - შვილიშვილი, გადახაზულია (აქვეა ჩანაწერი, ამოწერილია). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1960 წელს, საერთო სასარგებლო ფართით 63 კვ.მ 1986-1988 წლების მონაცემებით (1989-1995 წლებში ინფორმაცია ჩაწერილი არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 0.50 ჰექტარი 1986-1990 წლების მონაცემებით. 1991-1995 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.
...ის საკრებულოს (სოფელი ...) 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილი ნი.თ-ე გადახაზულია და მითითებულია ნ.თ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ნი.თ-ე - ოჯახის უფროსი, გარდაიცვალა 1999 წელს; ნ.თ-ე - მეუღლე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი (აგების წელი მითითებული არ არის), საერთო სასარგებლო ფართით 70 კვ.მ 1996-2000 წლების მონაცემებით და მიწის ნაკვეთის ფართობი 1.1800, 1997-2000 წლების მონაცემებით. 1996 წელს მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.
...ის საკრებულოს (სოფელი ...) 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ნ.თ-ე. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1960 წელს, საერთო სასარგებლო ფართით 70 კვ.მ 2001-2005 წლების მონაცემებით (2006 წელს ინფორმაცია ჩაწერილი არ არის) და მიწის ნაკვეთის ფართობი 1.18, 2001 წლის მონაცემებით. 2002-2006 წლებში მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... (...) და №... (...) გადაწყვეტილებები და სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 2700 კვ.მ და 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე დარეგისტრირდა ნ.თ-ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციებს საფუძვლად დაედო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 აგვისტოს №37/5104 და №37/5097 წერილები (უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერების ოქმები №... და №...) და საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2017წლის 15 ნოემბრის №... საარქივო ცნობა. რაც შეეხება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, აღნიშნული კოდით სისტემურად (დაუზუსტებელი მონაცემებით) ნი.თ-ის ოჯახის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო სამტრედიის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 5089.96 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად №... საკადასტრო კოდით, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით, რეგისტრაციის შესახებ №...(...) გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია მ.თ-ის, ნი.თ-ის და შ.თ-ის თანასაკუთრებაში. ასევე, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 599.8 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოება ,,...ის“ სერვიტუტის უფლება.
მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტით დადგენილია, რომ სამტრედიის სოფელ ...ში მცხოვრებ ნი.თ-ეს საკუთრებაში გამოეყო 0.87 ჰა მიწა 2 ნაკვეთად. მიწის რეფორმამდე არსებული იყო (საკარმიდამო, მიიღო დამატებით) 4700 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა - ხრამი; სამხრეთით - თ-ე; აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით-თ-ე; დამატებით გამოეყო (დამატებითი სახნავი) 4000 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა -ა-ე; სამხრეთით - "..."; აღმოსავლეთით - გზა და დასავლეთით-გზა. დადგენილია, რომ სადავო დოკუმენტში - 2000 წლის 13 ივნისით დათარიღებულ მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის მითითებული მფლობელის მამის სახელი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემი.
საქმეზე წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით (განცხადების რეგისტრაციის №..., თარიღი 03.05.2000 წ) დადგენილია, რომ სარეგისტრაციო ზონა სამტრედია, კოდი ...; სექტორი, ..., კოდი -...; კვარტალი №... ნაკვეთის №..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართით 5089.96 კვ.მ მესაკუთრედ მითითებულია თ-ე ნ.ის ოჯახი, სამტრედია ...; უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტი.
მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით (განცხადების რეგისტრაციის №..., თარიღი 11.11.02 წ) დადგენილია, რომ სარეგისტრაციო ზონა სამტრედია, კოდი ...; სექტორი, ..., კოდი ...; კვარტალი №.., ნაკვეთის №..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართით 0.999 ჰა. მესაკუთრედ მითითებულია თ-ე ს.=ოს ოჯახი, სამტრედია ..., სოფელი ...; უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად კი მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტზე რომლის თანახმად, 1997 წლისათვის მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მეორე მუხლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე დგებოდა მიწის ნაკვეთის აქტი 5 ცალად, სადაც აღნიშნული იყო შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საერთო ფართობი სავარგულების მიხედვით. მონაცემების დატანა ხდებოდა მიწათსარგებლობის გეგმაზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის საფუძველს. ამასთან, არსებული წესის შესაბამისად, მფლობელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ასევე წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლებათა დასადგენ საბუთს.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი №... მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის ორიგინალს ფლობს მესამე პირის ოჯახი და რომელიც გაცემულია 1996 წლის 5 სექტემბერს მესამე პირის, შ.თ-ის მამის - ნი.თ-ის სახელზე, უტყუარად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო სწორედ მესამე პირის ოჯახი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ სადავო რეგისტრაციის მიმდინარეობისას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული ინფორმაცია ერთობლიობაში იძლეოდა გასაჩივრებული, 2011 წლის 31 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ს.თ-ეს საკასაციო საჩივარზე 26.11.2021წ საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს.თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. ს.თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.11.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე