საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-432(კს-22) 20 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი(მოპასუხე): სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე): ბ. ბ-ი
მესამე პირები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (სასკ 16.1)
დავის საგანი: მესამე პირად ჩაბმა (სასკ 16.1)
გასაჩივრებული განჩინება: მ. შ-ის, მ. მ-ისა და ი. პ-ის მესამე პირებად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. ბ-იმ 2019 წლის 8 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის, მოსარჩელე - ბ. ბ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალება 2 452 900 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა, 2021 წლის 2 მარტის სასამართლოს სხდომაზე, იშუამდგომლეს საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად მ. შ-ის, მ. მ-ისა და ი. პ-ის ჩაბმის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირების ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა 2021 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში ჩაება არასავალდებულო მოწვევის მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მოსარჩელე ბ. ბ-ის სასარგებლოდ, 1 177 809 (ერთი მილიონ ას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ცხრა) აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასევე დაევალა მოსარჩელე ბ. ბ-ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
აპელანტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, 2022 წლის 11 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე.
2022 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შუამდგომლობა, ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გენერალური პროკურატურა საქმეში ჩაებნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებად.
აპელანტის წარმომადგენლებმა 2022 წლის 11 თებერვალს გამართულ სასამართლოს სხდომაზე ასევე იშუამდგომლეს საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად, მ. შ-ის, მ. მ-ისა და ი. პ-ის ჩაბმა.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შუამდგომლობა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. შ-ის, ი. პ-ისა და მ. მ-ის ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი უძრავი ნივთის მისი ნების გარეშე განკარგვის შედაგად და სწორედ მ. შ-ის, მ. მ-ისა და ი. პ-ის ბრალეულმა ქმედებამ განაპირობა ეს. მათ შეადგინეს ყალბი დოკუმენტაცია, რაც შემდგომ გამოიყენეს იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით. სწორედ ამიტომ, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქმეში მესამე პირებად უნდა ჩაერთონ აღნიშნული პირები.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება მესამე პირების ჩართვასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ სადავოდ არაა გამხდარი ის გარემოება, რომ მ. შ-ე, მ. მ-ი და ი. პ-ე არიან მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილენი.
საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 24 ნოემბერსს და 2018 წლის 15 მაისს მიღებული განაჩენებით მ. მ-ი, ი. პ-ე და მ. შ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამის მიუხედავად, სასამართლო არ დაინტერესებულა, აღნიშნულმა პირებმა გადაუხადეს თუ არა მოსარჩელეს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ თანხა და საპროცესო შეთანხმების დადების დროს ხომ არ არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ზიანის ანაზღაურებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მოსარჩელეს თანხა უკვე მიღებული აქვს განაჩენში მითითებული პირებისგან, მოსარჩელე უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ამ საკითხების დეტალური გამოკვლევა არამარტო ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთია, არამედ სასამართლოს უფლებამოსილება და ამავდროულად ვალდებულებაც არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია რომ საქმის სრულყოფილი გამოკვლევა შესაძლებელი იქნება იმ პირების ჩართულობით, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც მიადგა ზიანი მოსარჩელე მხარეს და ამავდროულად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი ზემოაღნიშნული პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ, აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტის არსებობა უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი(სუსგ 16.01.2020წ. Nბს-1170(კს-18), ხოლო სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი არ არის სავალდებულო მოწვევის მესამე პირი, რაც გულისხმობს იმას, იგი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე, ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული უზრუნველყოს ასეთი პირის საქმეში ჩართვა. ორივე მოწვევის მესამე პირების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს მათივე სამართლებრივი ინტერესის დაცვის საჭიროება. პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი შედეგი, ანუ ის ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესამე პირის ინსტიტუტის დანიშნულებას იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი მოწვევა ხორციელდება სასამართლოს შეხედულების მიხედვით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დავის საგნიდან გამომდინარე ცალსახად იკვეთება კონკრეტული პირის სამართლებრივი ინტერესი, სასამართლომ პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უზრუნველყოს მესამე პირის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამდენად, მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს მ. მ-ის, ი. პ-ისა და მ. შ-ის პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა მათი სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მათი მარტივი მოწვევის მესამე პირებად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში კი, დაინტერესებულმა პირმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მისაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივესთან, ან კი მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წაგებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, შელახული სამართლებრივი ინტერესი საკუთარი უნდა იყოს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან, აღნიშნული დავის ფარგლებში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელისათვის, იმის მიუხედავად, რომ მ. შ-ის, მ. მ-ისა და ი. პ-ის (რომელთა მესამე პირებად ჩართვასაც ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) სისხლისამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შედეგად მიმდინარეობს მოცემული ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სასამართლოს გადაწყვეტილება მათ ინტერესს ვერ შეეხება. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გავლენას ვერ მოახდენს დასახელებულ ინტერესებზე. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწნებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან მხოლოდ იმის მითითება, რომ მ. შ-ის, მ. მ-ისა და ი. პ-ის ბრალეული ქმედებით საჯარო რეესტრსა და მოსარჩელეს ზიანი მიადგათ, ვერ ასაბუთებს აღნიშნული პირების კანონიერ ინტერესს მოცემული დავის მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეში არ იკვეთება ამ პირების სადავო საკითხთან სხვა რაიმე კუთხით შემხებლობა და არც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ყოფილა რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაასაბუთებდა ამას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, იმის შესახებ, რომ მ. მ-მა, ი. პ-ემ და მ. შ-ემ შესაძლოა მოსარჩელეს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ უკვე გადაუხადეს თანხა, ან საპროცესო შეთანხმების დადების დროს არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ზიანის ანაზღაურებაზე, ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული არგუმენტი არ ადასტურებს ამ პირების სამართლებრივ ინტერესს დავის მიმართ და შესაბამისად, ჩაბმის აუცილებლობას საქმეში, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოცემული დავის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით გენერალურ პროკურატურას დაევალა მსჯავრდებულებთან: ი. პ-ესთან, მ. შ-ესთან, მ. მ-თან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მსჯავრდებულების მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) სასამართლოსათვის წარდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის უზრუნველყოფის მიზნით არ უნდა მოხდეს დავაში ჩასართავ პირთა წრის ხელოვნური გაფართოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქმეში მ. მ-ის, ი. პ-ისა და მ. შ-ის მესამე პირებად ჩაბმის საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, მ. შ-ის, მ. მ-ისა და ი. პ-ის მესამე პირებად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინება;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე