Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-42(კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ბ.ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბ.ჩ-მა 2018 წლის 4 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა კადრების განკარგულებაში მყოფი თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 18 00003249 ბრძანების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ბ.ჩ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 25 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ოს უფროსის მოადგილედ, საიდანაც ამავე სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 22 აპრილის №1254 ბრძანებით გათავისუფლდა. მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის 3ბ/699-14 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 22 აპრილის №1254 ბრძანება ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში. მიუხედავად აღნიშნულისა, თავდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ 2016 წლის 20 იანვარს მიიღო ბ.ჩ-ის 2013 წლის 7 აპრილიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე აბსოლუტურად იგივე №MOD 5 16 00000149 ბრძანება, რაც ასევე გასაჩივრდა სასამართლო წესით, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 20 იანვარს №MOD 5 16 00000149 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 20 იანვრის №MOD 5 16 00000149 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ბ.ჩ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 72 798 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით დაუშვებლად ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

მოსარჩელის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის შემდგომ, 2018 წლის 20 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ შეთავაზება, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოსაზრებით შემოთავაზებული თანამდებობები არ იყო შესაბამისი - გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, მოსარჩელის მიერ სამინისტროს შეთავაზებაზე გაეგზავნა პასუხი, სადაც მისივე განმარტებით, უარი არ უთქვამს შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე და კონსენსუსის გზით სათანადო გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამოთქვამდა კონსულტაციების გავლის მზადყოფნას, რაც არ მომხდარა. მიუხედავად შეთავაზებაზე გაგზავნილი პასუხის შინაარსისა, თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 21 სექტემბერს გამოსცა აშკარა უკანონო №MOD 1 18 00003249 ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შემოთავაზებული თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის მოტივით.

სარჩელის მიხედვით, ბ.ჩ-ს ეკავა ...ოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული თანამდებობები იყო უფროსი ინსპექტორის თანამდებობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი (ცვლილებები შეტანილ იქნა 2017 წლის 21 აგვისტოს №64 ბრძანებით) უკანონოდ განთავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფასი) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უხეშად შეილახა მისი შრომითი უფლებები და ინტერესები, ვინაიდან, სამინისტრომ დაარღვია „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, შეთავაზებული თანამდებობა არ იყო მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, ამდენად ითხოვს 2018 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 18 00003249 ბრძანების ბათილად ცნობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 18 00003249 ბრძანება კადრების განკარგულებაში მყოფი თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... - ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ.ჩ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 4 ოქტომბრის (საქმე №3ბ/2318-16) გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 20 იანვრის №MOD 5 16 00000149 ბრძანება ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ბ.ჩ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 72 798 ლარის ანაზღაურება; ბ.ჩ-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე, დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 20 იანვრის №MOD 5 16 00000149 ბრძანების (ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობით, აღდგა მოცემული ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობა - კადრების განკარგულებაში გადაყვანა, რომელიც გათვალისწინებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 18 00003249 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... - ბ.ჩ-ი ჩაითვალა სამსახურიდან გათავისუფლებულად 2013 წლის 8 აპრილიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მოსარჩელის დათხოვნისა და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების კანონიერების შეფასების მიზნით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლზე და არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ „წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირისათვის კონკრეტული თანამდებობის შერჩევა-შეთავაზება წარმოადგენს სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლი გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს იმპერატიულ ვალდებულებას დაადგინოს/მოიძიოს/შეარჩიოს კონკრეტული თანამდებობა კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თუ სამინისტრო დაადგენს, რომ არ არსებობს კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შესაფერისი თანამდებობა, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს კადრების განკარგულებაში მყოფი პირი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს №MOD 7 18 00832885 წერილით ბ.ჩ-ს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეეთავაზა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დასახლებული თანამდებობები, კერძოდ: 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს კახეთი, ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია: „თავდაცვის მაიორი“; შტატის ნომერი: ...); 2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია: „თავდაცვის .მაიორი“; შტატის ნომერი: ...); 3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია: „თავდაცვის მაიორი“; შტატის ნომერი: ...); 4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია: „თავდაცვის მაიორი“; შტატის ნომერი: ...) და აღნიშნული წესის 131 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განემარტა, რომ მხარის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, კადრების განკარგულების ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლდებოდა 2013 წლის 7 აპრილიდან.

საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს ბ.ჩ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სადაც მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ შეთავაზებული თანამდებობიდან არც ერთი არ წარმოადგენდა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ...ოს უფროსის მოადგილის ტოლფას თანამდებობას. შეთავაზებული თანამდებობებით კი, კვლავ ილახებოდა მისი შრომითი უფლებები და ინტერესები. ამავე განცხადებაში ბ.ჩ-მა მიუთითა, რომ იგი მზად იყო განხილულიყო მისი თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების საკითხი და წარედგინა მისი პოზიცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 18 00003249 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... ბ.ჩ-ი ჩაითვალა სამსახურიდან გათავისუფლებულად 2013 წლის 8 აპრილიდან. ამავე, ბრძანებაში მიეთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კადრების განკარგულებაში მყოფ თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... ბ.ჩ-ს შეეთავაზა (№MOD 7 18 00832885 20/08/2018) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს 4 (ოთხი) სხვადასხვა სამმართველოში უფროსი ინსპექტორის (საშტატო კატეგორია: „თავდაცვის მაორი) 4 (ოთხი) ვაკანტური თანამდებობა, თუმცა 2018 წლის 17 სექტემბრის №MOD 0 18 00929610 განცხადებით, ბ.ჩ-მა უარი განაცხადა მითითებულ შეთავაზებაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ დაწერილ განცხადებაში მის მიერ გამოხატულ ნებაზე, სადაც საუბარია, რომ იგი უარს არ ამბობდა შეთავაზებაზე, არამედ მის განმარტებაზე, რომ შეთავაზებული თანამდებობები არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ოს უფროსის მოადგილე) ტოლფას თანამდებობას. ამასთან, განცხადებაში მოსარჩელე მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა მისი პოზიცია დაეფიქსირებინა პირადად სამინისტროში და გაევლო კონსულტაციები.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლომ ასევე მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის №ბს-246-243(კ-14) განჩინებაში გაკეთებული განმარტება, სადაც ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ისე გამოსცა სადავო აქტი, რომლის გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლადაც მიუთითა „მოსარჩელის უარი შეთავაზებულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით“, რომ არ გამოუკვლევია მოსარჩელის რეალური ნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ.ჩ-ის მიერ გამოხატული ნება სამინისტროს მხრიდან არ უნდა შეფასებულიყო უარად და იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მხარის პოზიცია წარდგენილ შეთავაზებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა, შესაბამისად ბ.ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 21 სექტემბრის №MOD 1 18 00003249 ბრძანება სასამართლომ ცნო ბათილად.

თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან, განთავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, არსებობდა მოპასუხისათვის ბ.ჩ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ დაწერილ განცხადებაში გამოხატულ ნებაზე, სადაც იგი უარს არ ამბობდა შეთავაზებაზე, არამედ მის განმარტებაზე, რომ შეთავაზებული თანამდებობები არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ოს უფროსის მოადგილე) ტოლფას თანამდებობას. ამასთან, განცხადებაში მოსარჩელე მზადყოფნას გამოთქვამდა მისი პოზიცია დაეფიქსირებინა პირადად სამინისტროში და გაევლო კონსულტაციები, შესაბამისად სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ბ.ჩ-ის მიერ გამოხატული ნება სამინისტროს მხრიდან არ უნდა შეფასებულიყო უარად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 04 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 20 იანვრის №MOD5 16 00000149 ბრძანება ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაავალა ბ.ჩ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის - 72 798 ლარის ანაზღაურება, ხოლო სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ოს უფროსის მოადგილის თანამდებობა გადაკეთდა მხოლოდ სამხედრო ოფიცრის თანამდებობად „ვიცე-პოლკოვნიკი“-ს ჭერით და ბ.ჩ-ის სასარჩელოს მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ ამ თანამდებობაზე აღდგენა, იგი ვეღარ აკმაყოფილებდა ამ თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნას (მითითებულ თანამდებობაზე შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მატარებელი პირი, ხოლო ბ.ჩ-ი წარმოადგენდა სპეციალური წოდების მქონე პირს).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ 131 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან“. შესაბამისად, მითითებული ჩანაწერი ითვალისწინებს ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას.

იმ გარემოებიდან გამომდინარე, როდესაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 20 იანვრის №MOD 5 16 00000149 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ძალაში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.12.2012 წლის №63455 ბრძანება მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაბათილებამ გამოიწვია ბ.ჩ-ის კადრების განკარგულებაში დაბრუნება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მას შეეთავაზა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს 4 სხვადასხვა სამმართველოში უფროსი ინსპექტორის თანამდებობები, საშტატო კატეგორია „თავდაცვის მაიორი“, რაზეც მან უარი განაცხადა.

კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 2018 წლის 21 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული იქნა №MOD 1 18 00003249 ბრძანება, რომლითაც კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილე თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... ბ.ჩ-ი ჩაითვალა სამსახურიდან გათავისუფლებულად 2013 წლის 8 აპრილიდან.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობაზე, სადაც სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირისათვის კონკრეტული თანამდებობის შერჩევა-შეთავაზება წარმოადგენს სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას და განმარტა, რომ მითითებული მუხლი გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს იმპერატიულ ვალდებულებას დაადგინოს/მოიძიოს/შეარჩიოს კონკრეტული თანამდებობა კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თუ სამინისტრო დაადგენს, რომ არ არსებობს კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შესაფერისი თანამდებობა, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს კადრების განკარგულებაში მყოფი პირი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 21 სექტემბრის №MOD1 18 00003249 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილე თავდაცვის სამხედრო პოლიციის ... ბ.ჩ-ი ჩაითვალა სამსახურიდან გათავისუფლებულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებას, მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებას და არა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც ამას უთითებს თბილისის საქალაქო სასამართლო თავის მსჯელობაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს არც თავის შესაგებელში და არც სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და ვერც მიუთითებდა, ვინაიდან აღნიშნული პუნქტი არ წარმოადგენდა ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ხსენებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტი კი, არ ავალდებულებდა თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი მოხელისათვის შეთავაზების ვალდებულებას, რაც სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა. კასატორის მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოხატული შეთავაზება წარმოადგენდა სამინისტროს კეთილ ნებას და მიჩნევს, რომ ბ.ჩ-ის მიერ გამოხატული უარი (მიუხედავად იმ შინაარსისა, რომ იგი მზად იყო მისი პოზიცია დაეფიქსირებინა პირადად მინისტრთან) საკმარისი საფუძველი იყო თავდაცვის მინისტრის მიერ აქტის გამოსაცემად, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სამინისტროს შეთავაზების ვალდებულება არ გააჩნდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საკასაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხლი). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის კანონიერების საკითხის გამორკვევაა, რაც სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №3455 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილე (საშტატო კატეგორია - ,,ვიცე-პოლკოვნიკი’’, შტატი - №...) ბ.ჩ-ი, ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ'' საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში 2012 წლის 7 დეკემბრიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ'' საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანება (13.1 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტი) მოსამსახურის შესაბამისი თანამდებობიდან გათავისუფლებასა და კადრების განკარგულებაში გადაყვანას უკავშირებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებას).

მითითებული ბრძანების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

მოყვანილი ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №3455 ბრძანების გამოცემა საჯარო დაწესებულებაში დაწყებული რეორგანიზაციის თანმდევ შედეგს წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენდა ბ.ჩ-თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოოდ შეწყვეტის (სამსახურიდან განთავისუფლების) საფუძველს, რადგანაც მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმთავითვე არ გულისხმობს მისი სამსახურიდან უპირობო დათხოვნას. პირის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოს მოსამსახურის დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად ეკისრება ვალდებულება მოიძიოს მისი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, განსაზღვროს რეორგანიზაციის შემდგომ არსებულ საშტატო ერთეულებზე პირის დანიშვნის წინაპირობების არსებობა და სხვ., რათა კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მოხელის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, გამოიცემა ბრძანება ვადის ამოწურვიდან მეორე დღის თარიღით მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის და ამავე პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებებზე, რომლითაც მართალია ბ.ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა მისი სარჩელი სამსახურში აღდგენის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამ სახის გადაწყვეტილების დასაბუთებისას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მდგომარეობა, როდესაც შეიცვალა მოთხოვნები, რაც საჭირო იყო კონკრეტული თანამდებობის - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ოს უფროსის მოადგილის დასაკავებლად, რასაც ბ.ჩ-ი ვერ აკმაყოფილებდა.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს №MOD 7 18 00832885 წერილზე, რომლითაც ბ.ჩ-ს, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფ პირს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეეთავაზა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში არსებულ ოთხ ვაკანსიაზე (უფროსი ინსპექტორი, საშტატო კატეგორია: „თავდაცვის მაიორი“) დანიშვნა, ამასთან განემარტა, რომ უარის თქმის შემთხვევაში, კადრების განკარგულების ვადის გასვლის გამო სამსახურიდან განთავისუფლდებოდა 2013 წლის 7 აპრილიდან.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო დანაწესი - კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, გულისხმობს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე მოიძიოს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, რომელიც არსებითად არ ცვლის მოსამსახურის შრომის პირობებს და რომლის განსახორციელებლად საკმარისია ის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელსაც კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე ახმარდა უწინდელი სამუშაოს შესრულებისას, ამასთან ახალი თანამდებობა საჯარო მოხელეს არსებითად უნდა უნარჩუნებდეს მატერიალურ და სოციალურ სიკეთეს, რაც გააჩნდა უწინდელ თანამდებობაზე მუშაობისას.

საქმეში წარმოდგენილია ბ.ჩ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელზე 2018 წლის 17 სექტემბერს გაგზავნილი განცხადება, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ მას არ სურს შეთავაზებულ თანამდებობებზე დანიშვნა, რადგანაც მიაჩნია, რომ აღნიშნული თანამდებობები არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობას, ამასთან არ ემსახურებოდა მისი შრომითი უფლებრივი ინტერესების ღირსეულ აღდგენას, რამეთუ შემოთავაზებებით უარესდებოდა მისი შრომითი უფლებრივი ინტერესი (თანამდებობები იყო რეგიონებში და თანაც უფროსი ინსპექტორის საშტატო კატეგორია).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამაც, ბ.ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაავალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ.ჩ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...სა და ...ის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, მაშინ როდესაც ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის უარყოფითი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია თუ რატომ არ მიიჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლომ ბ.ჩ-ისათვის შეთავაზებული თანამდებობები „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობად, რომელთა დანიშვნაზე, წარდგენილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ბ.ჩ-მა უარი განაცხადა. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ აკმაყოფილებდა შეთავაზებული თანამდებობები კანონის მოთხოვნას შესაბამის თანამდებობაზე ბ.ჩ-ის დანიშვნის შესახებ, ან ამ პერიოდისთვის არსებობდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ბ.ჩ-ის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესატყვისი იმ სახის ვაკანტური თანამდებობა, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მხარეს არ შესთავაზა და რა შემთხვევაშიც, ბ.ჩ-ის მატერიალური და სოციალური პირობები გაუთანაბრდებოდა/დაუახლოვდებოდა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისთვის დაწესებულ საშეღავათო პირობებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო პალატა არ არის შეზღუდული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დანაწესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელი მტკიცებულებები, მათ შორის გამოიკვლიოს ბ.ჩ-ისათვის შეთავაზებული და გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობისთვის განსაზღვრული ფუნქციები, მოახდინოს მათი ურთიერთშედარება, გამოიკვლიოს შეთავაზების პერიოდისთვის სხვა ვაკანტური თანამდებობის არსებობის საკითხი და შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს საკითხის ადეკვატური და თანმხვედრი მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასებიდან. სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, აღნიშნული კი თავის მხრივ, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა