საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№707(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ა. მ-ი-რ-ე, ე. რ-ე (მესამე პირები)
პროცესუალური მოწინააღმდეგე - თ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ბ-ემ 2018 წლის 27 თებერვალს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 163,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ა. მ-ი-რ-ის და ე. რ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. მ-ი-რ-ე და ე. რ-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელე თ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს აეკრძალა სარეგისტრაციო წარმოება მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 163 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...).
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით, თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის სასამართლო პროცესზე თ. ბ-ის მიერ დაზუსტდა, რომ მის კანონიერ ინტერესს წარმოადგენდა ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის საკუთრებაში არსებული 163 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მხოლოდ ნაწილზე (დაახლოებით 22 კვ.მ-ზე) საკუთრების უფლების გაუქმება, რომელიც ემიჯნება თ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და წარმოადგენს თ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელ ერთადერთ გზას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს, საქმის ხელახალი განხილვისას, მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გათვალისწინებით, უნდა შეეფასებინა და დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებამდე მისასვლელ ერთადერთ გზად მიჩნევის და მოსარჩელის მიერ აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის აუცილებელი საჭიროების არსებობა/არარსებობის საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ გაუქმდა მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ბ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №... გადაწყვეტილება მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე თ. ბ-ის კუთვნილ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი 22.79. კვ.მ ფართის ა. მ-ი-რ-ის და ე. რ-ის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე; ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა-შემოწმების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება; დანარჩენ ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-ი-რ-ემ და ე. რ-ემ.
კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაავალა მარეგისტრირებელ ორგანოს საქმის ხელახლა შესწავლისა და გარემოებების გამოკვლევის შემდეგ დაედგინა ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 22 კვ.მ ფართი წარმოადგენდა თუ არა გზას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული საკითხის გამოკვლევის მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც ცალსახად დადასტურდა, რომ სადავო ქონება არ იყო საჯარო გზის ფუნქციის მატარებელი.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, აღნიშნული სადავო ფართი ა. მ-ი - რ-ეს და ე. რ-ეს რეგისტრირებული აქვთ 2008 წლის 13 ნოემბრის №2-663 სამკვიდრო მოწმობისა და 1997 წლის 15 მაისს კ. რ-ის სახელზე გაცემული №140 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლითაც მათ მამკვიდრებელს - კ. რ-ეს გამოეყო 1 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო კასატორებს რეგისტრირებული აქვს არა 1 ჰა, არამდე 200 კვ.მ ფართით ნაკლები - 9800 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე მოიცავს სადავო 22 კვ.მ-ს, ხოლო მოსარჩელე აღნიშნული ფართით (გზის ფუნქციით) სარგებლობდა კასატორების კეთილი ნების საფუძველზე, მეზობლური ურთიერთობის გამო. საქმეში არსებული, მათ შორის, სარეგისტრაციო წარმოებისას საჯარო რეესტრის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე მოსახლეობის ხელწერილებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელისა და კ. რ-ის მიწის ნაკვეთებს შორის არასოდეს ყოფილა გზა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ თ. ბ-ემ 2017 წლის 27 აპრილს მიმართა აღიარების კომისიას და მოითხოვა სადავო ფართზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც იმის დასტურია, რომ მოსარჩელეს 22 კვ.მ ფართზე არ გააჩნია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ამისა, კასატორები მიუთითებენ, რომ თ. ბ-ემ თავდაპირველად სარჩელი წარადგინა 163 კვ.მ ფართობზე, ხოლო საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ მისი ინტერესი იყო კასატორების სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთიდან 22 კვ.მ ფართობზე, როგორც სავალ გზაზე, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც კასატორების მოსაზრებით ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ თ. ბ-ეს არ გააჩნდა ურიდიული ინტერესი, დავა იყო სამოქალაქო ხასიათის და აღნიშნული საფუძვლით უნდა შეწყვეტილიყო წარმოება.
კასატორების მოსაზრებით, ვინაიდან ვერ დადასტურდა, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა საჯარო/საერთო სარგებლობის გზას და მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი, სასამართლოს მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საკითხის გამოკვლევის მიზნით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ლახავდა და ზიანს აყენებდა მათ საკუთრების უფლებას, შესაბამისად, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა კასატორების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული 22.79 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და არა ზოგადად ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (სუსგ 20.04.2010წ. საქმეზე №ბს-1285-1229(2კ-09)).
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის გარემოებები, ამ გარემოებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მათი დადგენა და გამოკვლევა სასამართლოს მიერ შეუძლებელია. ხსენებული მუხლის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოება არ იქნა შესწავლილი და დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რა საკითხი საჭიროებს გამოკვლევას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული მტკიცებულებათა საკუთარი ინიციატივით მოპოვების უფლებამოსილების გამოყენების პირობებშიც კი, რატომ არის ამ ფაქტების დადგენა შეუძლებელი სასამართლოს მიერ. მხოლოდ ამგვარი დასაბუთების შემთხვევაში მიიჩნევა მართებულად ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, არსებითად გადაწყვიტოს სასამართლოში მიმდინარე დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკითხი შეეხება სადავო ნივთის ადგილმდებარეობის დადგენის თვალსაზრისით საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას, პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლში 2016 წლის 17 ივნისს შევიდა ცვლილება (03.06.2016 წ. № 5154 რს) და დაემატა 62 პუნქტი, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა, მისი საქმიანობის სპეციფიკისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის გამო, სარეგისტრაციო საქმიანობა უნდა განახორციელოს კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად დაცვით, ყოველი რეგისტრაცია, მასში ცვლილების შეტანა თუ სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქცია განახორციელოს არა აბსტრაქტულად შესაძლო გარემოებასა და ვარაუდზე, არამედ, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, განახორციელოს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და არ დაუშვას საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველი - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეგისტრაციო წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორის დადგენა, ასევე - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 10 იანვრისს №... გადაწყვეტილებით, 1997 წლის 15 მაისის მიწის ნაკვეთის №140 მიღება-ჩაბარების აქტისა და 2008 წლის 13 ნოემბრის №2-663 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 163 კვ.მ უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის საკუთრების უფლება. მოსარჩელე თ. ბ-ის ახსნა-განმარტებით, ა. მ-ი-რ-ის მიერ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზი მოიცავდა თ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ (საკადასტრო კოდი ...) უძრავ ნივთთან მისასვლელ გზას. სააპელაციო პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთს (163 კვ.მ-დან ნაწილს, 22.79 კვ. მ-ს), ერთი მხრიდან ესაზღვრება თ. ბ-ის, ხოლო მეორე მხრიდან ა. მ-ი-რ-ის მიწის ნაკვეთი; სადავო მიწის ნაკვეთიდან დამოუკიდებელი გასასვლელია სოფლის გზაზე; №140 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია კ. რ-ისთვის (მამკვიდრებელი) აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთების მდებარეობა მოსაზღვრეების მითითებით, მათ შორის, რამდენჯერმე ფიქსირდება „გზა“. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად მიწის ნაკვეთის N140 მიღება-ჩაბარების აქტში „გზის“ შესახებ არსებული ჩანაწერისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 და 62 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნათა უგულებელყოფით, ისე მიიღო 2018 წლის 10 იანვრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ დაუდგენია ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის მიერ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ნაწილი ხომ არ წარმოადგენდა იმ გზას, რომელსაც გააჩნია საჯარო გზის ფუნქციონალური დატვირთვა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, კონკრეტულად რა გარემოებები არ იყო შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და რა საკითხებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება მარეგისტრირებელ ორგანოს, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს უტყუარად არ დაუდგენია კასატორთა მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. აღნიშნულის შემოწმება კი, საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის მიუხედავად, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის შესრულებას და იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც მოცემულ საქმეში სახეზეა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ადმინისტრაციული ორგანოს. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მოიცავდა თუ არა საერთო სარგებლობის გზას, მათ შორის მირება-ჩაბარების აქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.
რაც შეეხება კასატორების მითითებას „გზით“ სარგებლობის უფლების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველთან დაკავშირებით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესისა და დავის საგნიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შემოწმებულია მესამე პირთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, რა დროსაც გამოვლინდა სადავო ფართის საქმის სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე რეგისტრაციის ფაქტი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორები დამატებით ვერ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ა. მ-ი-რ-ეს და ე. რ-ეს საკასაციო საჩივარზე 06.07.2022წ. №13779717089 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ი-რ-ისა და ე. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორებს - ა. მ-ი-რ-ეს (პ/ნ...) და ე. რ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეთ 06.07.2022წ. №13779717089 საგადახდო დავალებით ა. მ-ი-რ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მაკარიძე
ბ. სტურუა