საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-736(კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - კ.ჭ-ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2020 წლის 3 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - კ.ჭ-ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხის მიერ ზედმეტად მიღებული ხელფასის - 135,04 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კ.ჭ-ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა მისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება 50,64 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთებისას არასწორად მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 109-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, რა დროსაც არ იქნა გათვალისწინებული ამავე კანონის დათქმა, რომ თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვრცელდება კანონის მოქმედება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეებზე.
კასატორის განმარტებით, სპეციალურ მოწესრიგებას ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N491 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი,“ რომლის 221 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N988 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად კი, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირისა და სსიპ-ის სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით. სადავო შემთხვევაში, პროცესის მიმდინარეობისას სამსახურის მიერ დაფიქსირდა, რომ კ.ჭ-ს 23 სექტემბრიდან ფაქტობრივად არ უმუშავია. მისი ბოლო მორიგეობის დღე იყო 2017 წლის 20 სექტემბერი, რის შემდგომაც მოპასუხე სამსახურში აღარ გამოცხადებულა, შესაბამისად, მას არ უმუშავია 23 სექტემბრიდან, თუმცა კ.ჭ-ს ხელფასი ჩაერიცხა იმ პერიოდში, როდესაც მას ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა სამსახურთან შრომითი ურთიერთობა და არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც სასამართლომ, არსებული სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, უსაფუძვლოდ მიიჩნია კანონიერად მიღებულ ხელფასად და არ გაითვალისწინა კ.ჭ-ის ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების ოდენობა. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება ნაწილობრივ, კერძოდ, 2017 წლის 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უსაფუძვლოდ მიღებული თანხის (ხელფასის) დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ.ჭ-ს შსს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრება უსაფუძვლოდ მიღებული თანხის (ხელფასის) ანაზღაურება 2017 წლის 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, რაც თანხობრივად შეადგენს 135,04 (ას ოცდათხუთმეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა აგრეთვე გულისხმობს შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N491 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის“ 221 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 31 აგვისტოს №2179412 ბრძანებით, კ.ჭ-ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. ...) ქ. ...ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ... განყოფილების ...ის (...ის) თანამდებობაზე, საიდანაც მისივე პატაკის შესაბამისად გათავისუფლდა ამავე სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 28 სექტემბრის №2337564 ბრძანებით და 2017 წლის 27 სექტემბრიდან ჩაირიცხა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
2020 წლის 25 ივნისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წერილობით მიმართა კ.ჭ-ს და აცნობა, რომ მას ერიცხებოდა 2017 წლის სექტემბერში ზედმეტად მიღებული ხელფასი 135.04 ლარის ოდენობით, რაც კ.ჭ-ს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არ დაუბრუნებია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ.ჭ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის სამართლებრივი ურთიერთობა დასრულდა სწორედ სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 28 სექტემბრის №2337564 ბრძანების გამოცემით, ამდენად პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ კ.ჭ-ზე ამ პერიოდამდე დარიცხული ხელფასი უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებულ თანხას არ წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში კ.ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არ გამხდარა მისი სამსახურში გამოუცხადებლობა, შესაბამისად ამ გარემოებაზე მითითებით კასატორის სამართლებრივი პრეტენზია უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა