Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-850(კ-22) 28 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ტ. ა-ი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, სს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 12 თებერვალს ე. ა-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 თებერვლის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 იანვრის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 14 თებერვლის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 თებერვლის N... გადაწყვეტილების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 29 ნოემბრის N19/840/2019 განკარგულებისა და 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული საკუთრების უფლების N162 მოწმობის ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ე. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა N... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ მიწის ნაკვეთზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 იანვრის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 თებერვლის N... გადაწყვეტილება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 29 ნოემბრის N19/840/2019 განკარგულება და 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N162; მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ემსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ 2019 წლის 1 აგვისტოს N... განცხადებასა და 2020 წლის 22 ოქტომბრის N... განცხადებაზე ე. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ემსჯელა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აღიარების კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ტ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 15 იანვრის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 თებერვლის N... გადაწყვეტილება, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 29 ნოემბრის N19/840/2019 განკარგულება, 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული საკუთრების უფლების N162 მოწმობა და მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ემსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილ 2019 წლის 1 აგვისტოს N... განცხადებასა და 2020 წლის 22 ოქტომბრის N... განცხადებაზე ე. ა-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ემსჯელა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აღიარების კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარისათვის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცნობილი იყო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ე. ა-ი, რაც მის მიერ გამოხატული იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, რითაც იგი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ გასაჩივრებულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად არის დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღსასრულებლად მიექცევა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დაუშვებელია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე