საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1006(კ-21) 12 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი.კ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები - შპს „ ...“, მ.ვ-ე, მ.კ-ი, კერძო აღმასრულებელი - ე.ღ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.კ-მა 2019 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის A... განკარგულების ბათილად ცნობის, აუქციონის შედეგების გაუქმებისა და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“, მ.ვ-ე და მ.კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება კერძო აღმასრულებელი ე.ღ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ი.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაება მ.კ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით ი.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.კ-მა.
კასატორის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 22 აპრილის N A... განკარგულება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,, ...ის“ სასარგებლოდ ი.კ-ისთვის დაკისრებული თანხის - 19 465 აშშ დოლარის და 1 090 ლარის ძირითადი ნაწილი გადახდილი ჰქონდა, რის გამოც, 2017 წლის 21 დეკემბერს დაწყებული სააღსრულებო საქმის შეჩერების მოთხოვნით კრედიტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა - დ.კ-მა 2019 წლის 12 აპრილს მეორედ მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა აღნიშნული მიმართვის პასუხად, 2019 წლის 25 აპრილს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ N32204 წერილით განმცხადებელს აცნობა, რომ დ.კ-ი არ წარმოადგენდა სააღსრულებო საქმის მხარეს ან/და სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს. ამავე წერილში მიეთითა, რომ განცხადებას არ ახლდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ სააღსრულებო საქმეში დ.კ-ის მიერ სააღსრულებო წარმოების რომელიმე მხარის ან წარმოებაში მონაწილე პირის წარმომადგენლობის უფლებას, რაც განმცხადებლისთვის ინფორმაციის მიწოდების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა დ.კ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება. აქედან გამომდინარე, 2019 წლის 12 აპრილს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონის შედეგად, 2019 წლის 22 აპრილს მიღებული NA... განკარგულებით ი.კ-ის საკუთრებაში რიცხული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინის შემძენი გახდა მ.ვ-ე.
კასატორის მოსაზრებით, მითითებული გარემოება ადასტურებს, რომ საქმეში არსებული მინდობილობის მიუხედავად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ გაითვალისწინა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა და საქმე განიხილა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. გარდა ამისა, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონი 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სესხის ძირითადი თანხა ფაქტობრივად გადახდილი იყო და დარჩენილი თანხის გადახდაზე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება და დაეკმაყოფილებინა 2019 წლის 12 აპრილს წარდგენილი განცხადება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიურო აღჭურვილია უფლებამოსილებით განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღოს სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება და კანონი იმპერატიულად არ ადგენს განსაკუთრებულ შემთხვევათა ჩამონათვალს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი.კ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტი ადგენს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, რომლის დროსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლება აქვს, შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება. აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მოთხოვნის წარდგენა კრედიტორის მიერ მისი დისპოზიციური უფლებების განხორციელების ერთ-ერთი გამოხატულებაა, თუმცა იგი არ სარგებლობს აღნიშნული განცხადების, მისი შეხედულებისამებრ, შეუზღუდავად წარდგენის უფლებით. კერძოდ, აღნიშნული ნორმა შეიცავს იმპერატიულ დანაწესს იძულებითი აღსრულების შეჩერების შესახებ განცხადების მხოლოდ ერთჯერადად წარდგენის თაობაზე და არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამრიგად, პალატა განმარტავს, რომ კრედიტორის მოთხოვნით აღსრულების შეჩერების შემთხვევაში, აღმასრულებელი შებოჭილია მისი ნებით, რაც გულისხმობს აღმასრულებლის მიერ გადახდევინების ხასიათისა თუ კონკრეტული სააღსრულებო წარმოების სხვა თავისებურებების გათვალისწინებას, თუმცა დასახელებული ნორმა, სააღსრულებო ბიუროს, აღსრულების პროცესში არ ანიჭებს უფლებას, განმეორებითი მოთხოვნის შემთხვევაში შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება, მიუხედავად იმისა, თუ შეჩერების რა საფუძველს მიუთითებს კრედიტორი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ კრედიტორის - შპს ,,...ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 21 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული NA... სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 23 იანვარს განცხადებით (ს.ფ. 287) მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და მოითხოვა მიმდინარე აუქციონის შეწყვეტა (ლოტი N...) და საქმის წარმოების შეჩერება, რაც დაკმაყოფილდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 25 იანვრის N3445 ბრძანებით (ს.ფ. 285-286); ასევე დადგენილია, რომ აუქციონის შეწყვეტის შემდგომ, 2019 წლის 13 მარტს, კრედიტორმა მოითხოვა NA... სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება და იძულებითი აუქციონის დანიშვნა, ხოლო დამატებით, 26 მარტს აუქციონის უმოკლეს ვადაში დანიშვნა. 2019 წლის 04 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადდა N... საჯარო აუქციონი ი.კ-ის სახელზე თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინის იძულებით რეალიზაციის მიზნით, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 12 აპრილს. 2019 წლის 12 აპრილს კრედიტორის წარმომადგენელმა, დ.კ-მა კვლავ მოითხოვა NA... სააღსრულებო საქმეზე დანიშნული აუქციონის შეწყვეტა და საქმის წარმოების შეჩერება მხარეებს შორის მოლაპარაკების მიმდინარეობის საფუძვლით, რაზეც მითითებულ დღეს პასუხი არ გაცემულა (უარყოფითი პასუხი გაეცა აღსრულების დასრულების შემდეგ, 2019 წლის 25 აპრილს) და იძულებით საჯარო აუქციონის შედეგად, 2019 წლის 22 აპრილს მიღებული NA... განკარგულებით ზემოაღნიშნული ბინის შემძენი გახდა მ.ვ-ე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ კრედიტორის მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზების პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმავე სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, დაეკმაყოფილებინა შპს ,,...ის“ მიერ მიმდინარე აუქციონის შეწყვეტისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მეორედ წარმოდგენილი განცხადება. მეტიც, კონკრეტულ შემთხვევაში, ამ სახის გადაწყვეტილების მიღება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ეკრძალებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/2596 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლითაც ძალადაკარგულად არის ცნობილი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე. ხსენებული სააღსრულებო წარმოება კი სწორედ სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესაბამისად იყო დაწყებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. კასატორს - ი.კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 16 დეკემბერს N1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა