№ბს-977(კ-20) 13 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ., რ. და ნ. დ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი (სასკ 16.2) - მ. ც-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 06 აპრილს დ., რ. და ნ. დ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელეებმა სოფელ ...ის ...ის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ და სოფელ ...ში მდებარე, ე.წ. ,,...ისა“ და სოფელ ...ის ...ის მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მფლობელებად, მოსარჩელეების მიჩნევის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 24 ნოემბრის №2/2-16/705 მიმართვის (სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 7 მარტის №05/1102 წერილის (მიწის ნაკვეთებზე მოსაჩელეთა ფაქტობრივი მფლობელობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის კომპენსაციის გასაცემ პირთა სიაში მოსარჩელეთა შეყვანის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ც-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით დ. დ-ის, რ. დ-ისა და ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. დ-ემ, რ. დ-ემ და ნ. დ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით მესამე პირის - მ. ც-ის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება შეჩერდა, ხოლო, 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინებით დ. დ-ის, რ. დ-ისა და ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. დ-ემ, რ. დ-ემ და ნ. დ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმაზე, რომ „მოცემული საკითხის გადაწყვეტა არ მიეკუთვნება ადგილობრივი ორგანოს კომპეტენციას“ (გადაწყვეტილების გვ. 12), რადგან მათ მიმართეს განცხადებით საქართველოს პრემირ-მინისტრს, რომელმაც განცხადება განსახილველად გადაუგზავნა აჭარის მთავრობას, ხოლო ამ უკანასკნელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, სახელმწიფოს ცენტრალურმა ორგანოებმა მათზე კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტა გადაანდო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას.
სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მ-14 მუხლის მოთხოვნები, რადგან სხვა პირებს, რომლებსაც თითქოსდა მფლობელობაში ჰქონდათ სასაზღვრო ზოლში - მავთულხლართებიანი ღობის შიგნით მდებარე მიწები, სადაც აკრძალულია ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა, მიეცათ კომპენსაცია, ხოლო კასატორებს, როგორც რეპრესირებული პირის უფლებამონაცვლეებს უარი ეთქვათ ინვესტორზე წარსადგენ კომპენსაციის სიაში შეყვანაზე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ე.წ. „...ი“ და სოფელ ...ის ...ის ტერიტორიები იყო კასატორების ოჯახის საკუთრება. ეს დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტებით, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიების პერიოდში იქნა ჩამორთმეული. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის გარანტირებული, კასატორთა უფლებები, რომლის თანახმად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა დ., რ. და ნ. დ-ეების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ., რ. და ნ. დ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების მამა, ხ. ს. დ-ე „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
2008 წლის 24 ნოემბრიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ირიცხებოდა სოფელ ...ში მდებარე, 1618 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოწყობილი იყო სოფლის ...ო ...ი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) ...ის მშენებლობას უზრუნველყოფდა შპს „...“. მიწის ნაკვეთების ნაწილს, რომელზედაც მიმდინარეობდა მშენებლობა, ფაქტობრივად ფლობენ და სარგებლობენ ამავე სოფლის მცხოვრები მოსახლეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „...-სა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, შპს „...-მა“ იკისრა ვალდებულება, მოსახლეობისათვის გონივრულ ფარგლებში სათანადო საკომპენსაციო თანხების გადახდის შესახებ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 9 მარტის №01-08/145 ბრძანებით შპს „...-ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით, შეიქმნა კომისია. დ., რ. და ნ. დ-ეებმა 2015 წლის 11 ნოემბერს განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლითაც მოითხოვეს სოფელ ...ის ...ის მფლობელად მათი მიჩნევა და ამ მიწის ნაკვეთზე კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 16 ნოემბრის №05/3659 წერილით მოსარჩელეებს განემარტათ, რომ მიწის ნაკვეთებზე კონკრეტულ მოსარგებლე პირებს ადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის კომისია, ხოლო ...ის ...ის ...ი წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
დ., რ. და ნ. დ-ეებმა 2016 წლის 19 თებერვალს კვლავ მიმართეს განცხადებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლითაც მოითხოვეს სოფელ ...ის ...ისა და ე.წ. „...ის“ ფაქტობრივ მფლობელად მათი მიჩნევა და სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიისთვის ამ მიწის ნაკვეთზე მათი მონაცემების გადაცემა, კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში შეყვანის მიზნით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 7 მარტის №05/1102 წერილით მოსარჩელეებს ისევ განემარტათ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 9 მარტის №01-08/145 ბრძანებით შექმნილი კომისია ადგენდა შპს „...-ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მოსარგებლეებს. ამასთან, დ., რ. და ნ. დ-ეებს ეცნობათ, რომ ე.წ. „...ის“ ფაქტობრივი მფლობელობა მათი მხრიდან არ დგინდებოდა, ხოლო ...ის ...ო ...ი წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ (ძალადაკარგულია - საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 5 თებერვალი 2014 წ. №1958-IIს) 47-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა.
ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თვითმმართველი ერთეულები საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან. დაუშვებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, მართვისა და განკარგვის საკითხებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობისა და განკარგვის, მისით სარგებლობის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახური.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 24 ნოემბრის №2/2-16/705 მიმართვის (სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) კანონიერების შესახებ.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შპს „...-სა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, შპს „...-მა“ იკისრა ვალდებულება, მოსახლეობისათვის გონივრულ ფარგლებში სათანადო საკომპენსაციო თანხების გადახდის შესახებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 9 მარტის №01-08/145 ბრძანებით შპს „...-ის“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (...ი, ...ი, ...ი, ...ი, ...ი) მიმდინარე ...ის მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით, შეიქმნა კომისია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 9 მარტის №01-08/145 ბრძანებით კომისია შეიქმნა სწორედ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ ფლობდნენ ე.წ. „...ს“. თავად მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დ-ეების ოჯახს რეპრესიის შედეგად ჩამოერთვათ რამოდენიმე ათწლეულის უკან (დაახლოებით 1947 წელს მათ დატოვეს საცხოვრებელი), ხოლო მოგვიანებით მას ფლობდა და მიწის ნაკვეთით სარგებლობდა სხვა ფიზიკური პირი, მ. ც-ე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გააჩნდა საფუძველი, ეღიარებინა (დაედასტურებინა) მითითებულ მიწის ნაკვეთის, მოსარჩელეთა მიერ ფაქტობრივი მფლობელობა.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მართალია მოსარჩელეთა მამა - ხ. დ-ე „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რადგან მითითებული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით და ექვემდებარება ცალკე სამართალწარმოებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება/საოქმო განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე დ. დ-ეს 12/08/2020 წ. საგადახდო დავალება №1-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი -300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. დ-ის, რ. დ-ის და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივლისის განჩინება;
3. დ. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12/08/2020 წ. საგადახდო დავალება №1-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი