Facebook Twitter

№ბს-1040(3კ-20) 13 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ე-ი (მოსარჩელე)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 30 მაისს ჯ. ე-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის, ზიანის ანაზღაურების - 43 432 (ორმოცდასამი ათას ოთხას ოცდათორმეტი) აშშ დოლარის, გადახდის დღისათვის არსებული კურსით ლარებში, სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჯ. ე-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის სახით - 43 432 (ორმოცდასამი ათას ოთხას ოცდათორმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა (გადახდის დღისათვის არსებული კურსით).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

კასატორი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...აში არსებული 712 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...).

ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების შებამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 21 ივნისს ჩატარებულ აუქციონზე აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გამარჯვებულად გამოვლინდა ა. გ-ი (ნასყიდობის საფასურის - 18 512 ლარის გადახდის სანაცვლოდ) და მის სახელზე გაიცა №ე-... ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება), ხოლო აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის შემდეგ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს გაცემული იქნა №... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილება. ხოლო, რაც შეეხება სადავო უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული აქტები არის კანონშესაბამისი, ვინაიდან, მათი გამოცემის მომენტისათვის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული გახლდათ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგიტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილების საფუძველზე.

კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 992-ე, 1005-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 389-ე, 108-ე და 109-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობასთან საქმე გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით გათვალისწინებული აკრძალვების საწინააღმდეგოდ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიმართ სისრულის და უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს, როგორც მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა განეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ძალაშია სადავო უძრავი ქონების განარგვასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, არ დადგენილა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობა და ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა მხოლოდ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებლობითი მოქმედებით მიყენებულ ზიანს და შესაბამისად არ არსებობს სააგენტოს მხრიდან მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თუ სასამართლო მაინც მიიჩნევდა, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები, უფლებამოსილი იყო თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის აღედგინა პირვანდელი მდგომარეობა, რაც გულისხმობს მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. აღნიშნულის სანაცვლოდ კი, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითც მოსარჩელე არა თუ პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინა, არამედ უსაფუძვლოდ მიაკუთვნა გარკვეული მატერიალური სიკეთე. სასამართლოს, თანხის დაკისრებისას უნდა ემსჯელა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასხვისებისას აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი თანხის – 18512 ლარის ფარგლებში.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივარში იმავე საფუძვლებზე მიუთითებს რაზეც ყურადღებას ამახვილებს სსიპ ქონების მართვის სააგენტო მის საკასაციო საჩივარში.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 207-ე, 395-ე და 992-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დააკისრა ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციულ ორგანოებს სოლიდარულად, რომ არ შეუფასებია არსებობდა თუ არა ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა კომპონენტი კუმულატიურად. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ისეთ ქმედებაზე, რომელიც განხორციელებული იყო სააგენტოს მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, შეგნებულად და მიზანმიმართულად.

კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის პირობები.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან თვითმმართველი ერთეულის მიერ განხორციელებულ აუქციონზე სადავო უძრავი ნივთი აუქციონზე შეიძინა ა. გ-მა, რომლის მიერ გადახდილმა თანხამ შეადგინა 18 512 ლარი და აღნიშნული თანხის ჩარიცხვა განხორციელდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ანგარიშზე, ანუ მატერიალური სიკეთე მიიღო ზემოაღნიშნულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ და არა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. შესაბამისად, კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.

ამასთან, 2021 წლის 1 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის თაობაზე იშუამდგომლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ...ის რაიონის ტერიტორიული ორგანოს, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2006 წლის 21 თებერვლის №29 ოქმის მიხედვით, ჟ. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა 2,00 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი ...ის რაიონის, ...ს საკრებულოს თბილისის ხეხილ-სანერგე მეურნეობის მიწებიდან. გამოსასყიდი თანხა შეადგენს 1040 ლარს, გადახდილი თანხა 520 ლარი. ოქმის გაცემის საფუძველი საიჯარო ხელშეკრულება №25. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 6/03/2006, საკადასტრო კოდი №...) დასტურდება, რომ ჟ. მ-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ...ის რაიონის ...ის ...ში 2.00 ჰექტარზე დაუზუსტებელი მონაცემებით. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №29.

2006 წლის 10 აპრილს, ჟ. მ-ესა და ჯ. ე-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გამყიდველის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1000 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა მისამართზე: ...ის რაიონი, ...ს საკრებულო, ...ა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 19/09/2011, საკადასტრო კოდი №...) დასტურდება, რომ ჯ. ე-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ...აში მდებარე 0,10 ჰექტარ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე. ამდენად, ჯ. ე-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თავისუფლად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლებამოსილება.

საჯარო რეესტრში, ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის №... (712.00 კვ.მ) და 2011 წლის 12 დეკემბრის №... (11 კვ.მ.) გადაწყვეტილებებით, უძრავი ქონება ჯერ აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, ხოლო შემდგომ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მიერ მოწყობილ 2011 წლის 21 ივნისის აუქციონზე, ლოტი №...-ით განსაზღვრულ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე 712 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..., გამარჯვებულად გამოცხადდა ა. გ-ი და აღრიცხული იქნა მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, ხოლო ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი, 2012 წლის 07 თებერვლის № ... ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) მიხედვით, აუქციონში გაიმარჯვა დ. ც-ამ, აუქციონი №..., ლოტი №.... დ. ც-ას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ...აში 11 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ....

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმეზე №3ბ/820-12 (აპელანტი: ჯ. ე-ი; მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახური; ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო; მესამე პირები: ქალაქ თბილისის მერია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ა. გ-ი; დ. ც-ა; დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება) აპელანტ ჯ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ჯ. ე-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის №... გადაწყვეტილება ძალაში შესვლის დღიდან და დაევალა ადმინსტრაციულ ორგანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქმეზე №ბს-274-266(4კ-13).

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე №3/3618-12 (მოსარჩელე: ჯ. ე-ი; მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახური, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო, მესამე პირები: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ა. გ-ი, დ. ც-ა) ჯ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 08.06.2012 წლის №06–8/6483 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით საქმეზე №3ბ/54-14, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქმეზე №ბს-469-458(3კ-14) კი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი: 2015 წლის 20 ივლისი) ქალაქ თბილისი, ...აში 288 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მესაკუთრეა ჯ. ე-ი, მიწის/უძრავი ქონების საკადასტრო კოდია №....

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ჯ. ე-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 43 432 (ორმოცდასამი ათას ოთხას ოცდათორმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის (გადახდის დღისათვის არსებული კურსით) დაკისრების საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, კერძოდ, კონსტიტუციის მე-18 მუხის მე-4 ნაწილის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების რეალიზაციას ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხს, კერძოდ, 208-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამდენად, კანონმდებლობა ადგენს სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, უნდა არსებობდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, სახეზეა ადინისტრაციული ორგანოების მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ვინაიდან, მოსარჩელის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა მოხდა გაუმართლებლად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს არ ჰქონდა მოქმედების თავისუფლება და ჩარევა არ იყო ნაკარნახევი გარდაუვალი აუცილებლობით. შესაბამისად, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, ქ. თბილისის, ...აში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...; ფართით 1000 კვ.მ.) მთლიანი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 61 000 აშშ დოლარს (1 კვ.მ - 61 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 151 201 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების - 43 432 (ორმოცდასამი ათას ოთხას ოცდათორმეტი) აშშ დოლარის (გადახდის დღისთვის არსებული კურსით) ექვივალენტის ლარის ოდენობით დაკისრებას (1000 კვ.მ-ს გამოკლებული რეგისტრირებული 288 კვ.მ = 712 კვ.მ-ს ; 1 კვ.მ - 61 აშშ დოლარი).

რაც შეეხება, საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოში მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი შეიძლება ჩაებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სავალდებულო წესით ჩასაბმელ მესამე პირს, კასატორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის №ბს-477(კ-21) განჩინება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 09.11.2020წ. №... და 08.01.2021წ. №... საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 723,87 და 1664,97 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2388,84 (723,87+1664,97) ლარის 70 პროცენტი - 1672,18 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ამასთან, ვინაიდან, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 09.11.2020წ. №02992 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 2461,14 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1722,79 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 341 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.11.2020წ. №... და 08.01.2021წ. №... საგადახდო მოთხოვნებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2388,84 (723,87+1664,97) ლარის 70 პროცენტი - 1672,18 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.11.2020წ. №02992 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2461,14 ლარის 70 პროცენტი - 1722,79 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა