Facebook Twitter

№ბს-866(კ-20) 13 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „ე...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 3 ივლისს სს „ ს...მა“, შპს „უ...ამ“, შპს „ უნ...მა“, შპს „ უნი...ემ“, სს „ ფ...ომ“ და შპს „ ა...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო და განსჯადობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა სარჩელი - სს „ ს...სა“ და სს „ ფ...ოს“ მიერ მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ნაწილში.

მოსარჩელეთა მოთხოვნებს წარმოადგენდა:

,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მიმწოდებელი ზოგიერთი დაწესებულების მხრიდან სადავოდ ქცეული შემთხვევების ანაზღაურებაზე სს ,,ს...ს" მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (კონტროლის დეპარტამენტის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების კონტროლის სამმართველოს) 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაც სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის დანართის მეორე სვეტში - მიმწოდებლად განსაზღვრულია სს ,,ს..." და სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების სამედიცინო შემთხვევებზე, განმეორებით არის განსაზღვრული სტატუსი არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის ქვემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა:

2016 წლის 30 ივნისის №04-09/5230 და №04-09/5229 გადაწყვეტილებები (ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები: 29.07.2016 №80018, ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული შუალედური გადაწყვეტილება 30.09.2016 №04/74413, თანხა, რომელიც არ ანაზღაურდა აღნიშნულ გადაწყვეტილებათა საფუძველზე - 202855,68 ლარი);

2016 წლის 12 აგვისტოს №04-09/6283 და №04-09/6284 გადაწყვეტილებები (ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები: 06.09.2016 №91842, ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული შუალედური გადაწყვეტილება: 20.12.2016 №04/92100, ცვლილება 15.05.2017 №04/30450, თანხა, რომელიც არ ანაზღაურდა - 149 417,96 ლარი);

2016 წლის 10 აგვისტოს №04-09/6241 გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები 06.09.2016 №91808, ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული შუალედური გადაწყვეტილება 20.12.2016 № 04/92096, თანხა რომელიც არ ანაზღაურდა - 2560,95 ლარი.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მისი დანართისა და შესაბამისად მისი სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის იმ ნაწილში, სადაც დანართის მეორე სვეტში მიმწოდებლად განსაზღვრულია სს ,,ს..." და სამედიცინო შემთხვევებზე განმეორებით არის განსაზღვრული სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას;

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №04-06/6599 გადაწყვეტილების ბათილობა (ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები 27.09.2016 წ, №99867; თანხა რომელიც არ ანაზღაურდა - 1026 ლარი);

,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" მიმწოდებელი ზოგიერთი დაწესებულების მხრიდან სადავოდ ქცეული შემთხვევების ანაზღაურებაზე სს ,,ფ...ოს" მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (კონტროლის დეპარტამენტის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების კონტროლის სამმართველოს) 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილობა, სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის იმ ნაწილში, სადაც დანართის მეორე სვეტში მიმწოდებლად განსაზღვრულია სს „ფ...ო“ და სამედიცინო შემთხვევებზე, განმეორებით არის განსაზღვრული სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის ქვემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა:

2016 წლის 11 ივლისის №04-09/5547 გადაწყვეტილება (საჩივრის რეკვიზიტები 29.07.2016, №80036; მიღებული შუალედური გადაწყვეტილება 29.09.2016 წ. №04/74083; თანხა რომელიც არ ანაზღაურდა - 28983,88 ლარი;

2016 წლის 28 ივლისის №04-09/5979 გადაწყვეტილება (საჩივრის რეკვიზიტები 06.09.2016, №91246; შუალედური გადაწყვეტილება 20.12.2016 წ. №04/92107; თანხა, რომელიც არ ანაზღაურდა - 15131,91 ლარი).

სადავო აქტებით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევების სრულად ანაზღაურება, რომელთაც ამ აქტებით მინიჭებული ჰქონდათ სტატუსი - არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, სს ,,ს...სა“ და სს ,,ფ...ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მომსახურების სამხარეო ცენტრმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით სს ,,ს...ისა“ და სს ,,ფ...ოს“ საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...ი“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „ ე...ის“ (სს „ს...ის“ და სს „ფ...ოს“ უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ №586 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებისა და მათი განხორციელების წესის თაობაზე მოსარჩელეთა მოსაზრებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეცნობა 2015 წლის 26 ნოემბრის №out-15-1126-01 წერილით. მიუხედავად იმისა, რომ წერილის ავტორი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, მათი პოზიციის დაფიქსირებამდე სამინისტროს მხრიდან მსგავსი შინაარსის ცვლილების განხორციელებაზე, ამავდროულად განმარტა, რომ კომპანია აგრძელებდა მონაწილეობას „დადგენილებით“ გათვალისწინებულ პროგრამაში.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №586 დადგენილებით განხორციელდა რიგი ცვლილება-დამატებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში, რომლითაც შეიცვალა პროგრამული მომსახურების ღირებულებიდან მოსარგებლის თანაგადახდის წილი. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მიმწოდებელს პროგრამის განმახორციელებელს პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს, პროგრამის მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა.

მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 19 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პროგრამული უზრუნველყოფა მოითხოვდა 4 თვეს. თუმცა დადგენილია, რომ საკანონმდებლო ცვლილებიდან ინსპექტირების განხორციელებამდე გასული იყო 6 თვე, რის გამოც სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ შემჭიდროებული ვადების გამო ვერ მოხდა ცვლილებების პროგრამული უზრუნველყოფა. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო პროგრამის ელექტრონულ მოდულში ცვლილებები აისახა დაუყოვნებლივ. უდავოა, რომ თანხა ზედმეტობით გადაიხადა 3,920.0 პირმა ჯამში 83,733.18 ლარის ოდენობით, საიდანაც თანხა დაუბრუნდა 2,803.0 პირს, ჯამში 56,094.57 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ზედმეტად მიღებული თანხის სახით ჯამში დასაბრუნებელი რჩებოდა 27,638.61 ლარი, რომელიც უნდა დაბრუნებოდა 1,117.0 პირს.

სააგენტოს მხრიდან შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელ სუბიექტებს უარი ეთქვათ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე ჯამში 3,041,797.72 ლარის ოდენობით, მათ შორის იყო მოსარჩელეთა კუთვნილი თანხაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში, მხარეები, ერთი მხრივ განმახორციელებელი (სააგენტო) და მეორე მხრივ მიმწოდებელი (სამედიცინო დაწესებულება) წარმოადგენდნენ და დღემდე წარმოადგენენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარეებს, ვინაიდან როგორც არის ცნობილი და არაერთი გადაწყვეტილებით გამყარებული, 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით გათვალისწინებულ პროგრამის ფარგლებში, განმახორციელებელსა და მიმწოდებელ შორის ითვლება, რომ დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

მოცემული სადავო შემთხვევის ფარგლებში განმახორციელებელმა, დადგენილებაში მომხდარი ცვლილების საფუძველზე 1 დღეში შეიტანა ხელშეკრულებაში (საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამაში) იმგვარი ცვლილება, რომლის ასახვასა და გათვალისწინებას მიმწოდებლისთვის ესაჭიროებოდა არანაკლებ 4 თვე და გამომდინარე იქიდან, რომ მიმწოდებელმა ამ პერიოდის განმავლობაში, მანამ, სანამ, მოახდენდა ცვლილებით გათვალისწინებული განფასების პროგრამულ იმპლემენტაციას, მისდა უნებურად, დაარღვია 36-ე დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, სამედიცინო მომსახურებაზე შეცვლილი (შემცირებული) ფასების დაუყოვნებლივი ასახვამდე, პაციენტებს ზედმეტად გადაახდევინა თანაგადახდის წილი, რომლის 80%-ზე მეტი არის უკან დაბრუნებული, ხოლო 19%-ის დაბრუნება ფიზიკურად ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ მოხდა აღნიშნული პაციენტების საბანკო რეკვიზიტების მოძიება.

მოცემული დავის ფარგლებში, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოთვალა ვადები და ბოლო, მეხუთე თვის ფარგლებში არსებული დარღვევების კუთხითაც გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ...ს მიერ მომზადებულ წერილში ეწერა არა 4 თვე არამედ <<არანაკლებ>> ოთხი თვე და ამავდროულად, 2016 წლის აპრილის თვეში მომხდარი, კიდევ ერთი, ანალოგიური ხასიათის ცვლილება. რაზეც სააპელაციო სასამართლო უბრალოდ თვალი დახუჭა და ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა მტკიცებულებათა შემოწმება, განაცხადა, რომ ყველა კორექტირება განხორციელებული იყო 2016 წლის აპრილის თვეში, ცვლილებიდან მე-6 თვეს.

საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №586 დადგენილებით, რომელიც ძალაში იქნა შეყვანილი დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე - 2015 წლის 20 ნოემბერს. აღნიშნული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები თერაპიულ სერვისებზე/კოდებზე განხორციელდა რა ფიქსირებული ტარიფების დადგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 ნოემბრის №04/420/ო ბრძანებით. თავის მხრივ, ინსპექტირების შედეგად, გასაჩივრებულ შემთხვევაში ე.წ. დარღვევები ინახა 2016 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში რაც შეესაბამება ცვლილებიდან მე-3, მე-4 და მე-5 თვეებს. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გაცნობისა და ყოველგვარი ანალიზის/შესწავლის გარეშე.

სასამართლოს აპელირება 4 თვიანი ვადის დარღვევაზე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და წარმოადგენს ისეთივე უსამართლო მსჯელობას როგორც არის განვითარებული სააგენტოს გადაწყვეტილებაში ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელს უარი ეთქვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე იმ შედეგის გამო, რომელიც (პირდაპირი შედეგის სახით) გამოწვეული იყო სააგენტოს ცალმხრივი ქმედებით.

ამრიგად, მიმწოდებელს, მისივე ნებისგან დამოუკიდებლად, ტექნიკურად არ მისცემია საშუალება, გონივრული დროით ადრე დაეკვეთა ცვლილებები და დათქმულ დროს მოეხდინა მათი ასახვა/გატარება, ხოლო საკუთარ პორტალზე ამ ცვლილებების ასახვას, რომ დასჭირდა 1 დღე არ არის არგუმენტი იმისა, რომ იგივე ვადა უნდა დასჭირებოდა მიმწოდებელს, რომელიც ფუნქციონირებს ათეულობით ჰოსპიტალითა და განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფებით.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო 36-ე დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა რაც აგრეთვე გამყარებულია უზენაესის სასამართლოს უახლეს გადაწყვეტილებაში საქმეზე №ბს-73(კ-20). სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა, მით უფრო, აღნიშნულისთვის განესაზღვროს ჯარიმა. სწორედ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით კასატორს მიაჩნია, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არის უსაფუძვლო და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული მომსახურების სამხარეო ცენტრის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ცენტრი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სს ,,ს...“ და სს ,,ფ...ო“ წარმოადგენდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელ სუბიექტებს.

საქართველოს მთავრობის 19.11.2015 წლის №586 დადგენილებით განხორციელდა ცვლილებები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილებაში. ცვლილებებით, რომელიც ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ, შემცირდა ფასები თერაპიულ სერვისებზე/კოდებზე. სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის №04/420/ო ბრძანებით მეორე დღესვე - 20.11.2015 წ. განისაზღვრა ახალი ფიქსირებული ტარიფები.

საქართველოს მთავრობის №586 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებისა და მათი განხორციელების წესის თაობაზე მოსარჩელეთა მოსაზრებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეცნობა 2015 წლის 26 ნოემბრის №out-15-1126-01 წერილით. მიუხედავად იმისა, რომ წერილის ავტორი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, მათი პოზიციის დაფიქსირებამდე სამინისტროს მხრიდან მსგავსი შინაარსის ცვლილების განხორციელებაზე, ამავდროულად განმარტა, რომ კომპანია აგრძელებდა მონაწილეობას „დადგენილებით“ გათვალისწინებულ პროგრამაში.

ცვლილებების ასახვაზე კონსულტაციის მიღების მიზნით მოსარჩელეებმა ( ს...მა) მიმართეს შპს ,,ვ...ს“, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელეთა კონტრაქტორ IT სერვისების მიმწოდებელ კომპანიას მსგავსი სახის სამუშაოების წარმოებაში.

შპს ,,ვ...ის“ 2015 წლის 25 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ კლინიკების პროგრამულ უზრუნველყოფებში ცვლილებების ჯეროვნად ასახავა/განხორციელებას ესაჭიროებოდა არანაკლებ ოთხი თვის ვადა. ამის შესახებ მოსარჩელეებმა დაუყოვნებლივ აცნობეს დამკვეთს და მიმართეს ბიზნესომბუდსმენს.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიუთითოს მოსარჩელეს, მოპასუხესა და მესამე პირებს შორის არსებული სამართალურთიერთობის ხასიათზე. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის (მოპასუხის) 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (მოსარჩელეები), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს (სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ (მუხლი 3.1.)) პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე პროგრამა და თანდართული დანართები, ამ პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან. შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და ეფუძნება ერთის მხრივ სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებისა და სტანდარტების დაკმაყოფილებას და პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სამედიცინო დაწესებულების ნებას. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის პირობები გაწერილია თავად ამ პროგრამით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ №586 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებებისა და მათი განხორციელების წესის თაობაზე მოსარჩელეთა მოსაზრებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეცნობა 2015 წლის 26 ნოემბრის №out-15-1126-01 წერილით. მიუხედავად იმისა, რომ წერილის ავტორი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, მათი პოზიციის დაფიქსირებამდე სამინისტროს მხრიდან მსგავსი შინაარსის ცვლილების განხორციელებაზე, ამავდროულად განმარტა, რომ კომპანია აგრძელებდა მონაწილეობას „დადგენილებით“ გათვალისწინებულ პროგრამაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შედეგად, მოსარჩელე მიუთითებდა რომ გაუარესდა მისი მდგომაროება, მას არ გამოუხატავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დატოვების ნება, რითაც ფაქტობრივად დაეთანხმა ახალი რეგულაციების მათზე გავრცელებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, სასამართლოს შესაფასებელი საკითხია მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და არა მათი გამოცემის მიზანშეწონილობა, რადგან აღნიშნული საკითხი სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულების ფარგლებს. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სადავო აქტების გამოცემის საფუძველი - საქართველოს მთავრობის 19.11.2015 წლის №586 დადგენილება და სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის 20.11.2015 წ. №04/420/ო ბრძანება (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაუდებელი თარაპიის ტარიფების დამტკიცების შესახებ) ცალკე სადავოდ არ არის გამხდარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე სს „ე...ს“ 25.08.2020 წ. დავალება №663-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 5600 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სს „ე...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.08.2020 წ. დავალება №663-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70 პროცენტი - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი