ბს-939(კ-21) 21 ივლისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ე-მა 09.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 08.02.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ა. ე-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილებით, ა. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა. ე-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 08.02.2018წ. MOC 5 18 00001011 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ა. ე-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2019წ. სასამართლო სხდომაზე მიღებული განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2019წ. გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ე-ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 08.02.2018წ. MOC 5 18 00001011 ბრძანება ა. ე-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა ა. ე-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, ამდენად, კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების თანმიმდევროას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015წ. №144 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია მხოლოდ იმ მიზნით, რომ პირს მიადგეს ზიანი სამსახურიდან დათხოვნის სახით, მისი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დასჯა, არამედ შესაბამისი ღონისძიებების გამოყენებით უნდა დასტურდებოდეს იმ ძირითადი მიზნის მიუღწევლობა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას გააჩნია. დასკვნაში და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედების გამოუსწორებლობა, არ არის დასაბუთებული საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსის დასაცავად პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების საჭიროება. მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება არ შეესაბამება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015წ. №144 ბრძანებით დამტკიცებული წესდების 4.10 მუხლით დადგენილ პირობებს. უფლებამოსილი თანამდებობის პირი არ არის შეზღუდული ჩადენილი ქმედების გამო გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციული, თანაზომიერი ღონისძიება და ამ გზით უზრუნველყოს ერთი მხრივ საჯარო ინტერესის დაცვა, მოსამსახურეზე ადეკვატური ზემოქმედება ქცევის გაუმჯობესების და გამოსწორების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა თანმიმდევრობის დაცვა და ამ გზით მისი კერძო ინტერესის - საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების დაცვა. განსახილველ საქმეში მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 01.07.2019წ. ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, ამდენად, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ა. ე-ის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 08.02.2018წ. MOC 5 18 00001011 ბრძანება ა. ა-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხეს სსპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ა. ე-ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ა. ე-ისა და იმავე დაწესებულების რამდენიმე თანამშრომლის ახსნა-განმარტებებში აღნიშნულია, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის მოხვედრა გამოიწვია მათ მიერ სატრანსპორტო საშუალების არასათანადო შემოწმებამ. ა. ე-ი ვალდებული იყო ჯეროვნად მოეხდინა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რაც მან არ განახორციელა. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ერთი მხრივ - შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების უგულებელყოფას, საქართველოს კანონმდებლობის შეუსრულებლობას, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის პენიტენციური დაწესებულების სხვა თანამშრომლებისა და პატიმრების უსაფრთხოებას, აგრეთვე მთლიანად სამინისტროს რეპუტაციას. აღნიშნული გარემოება კი სახიფათოს ხდის მის შემდგომ მუშაობას სამინისტროს სისტემაში. სადავო ბრძანება ა. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სწორედ საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული. უმნიშვნელოვანეს საჯარო ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს პენიტენციური სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა, აღნიშნულ სისტემაში მოთავსებულ პირთა უსაფრთხოება და აღნიშნული სამსახურის მიერ თავისი ფუნქციების ჯეროვნად განხორციელება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება თავისთავად მნიშვნელოვან დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს. სამინისტრომ სადავო აქტის გამოცემისას გამოიკვლია ყველა გარემოება და დაასაბუთა სხვა დისციპლინური სახდელის გამოყენებით იმ მიზნის მიღწევის შეუძლებლობა, რასაც ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის საგანია ა. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 08.02.2018წ. ბრძანება, რომელიც გამოცემულია გენერალური ინსპექციის 07.02.2018წ. დასკვნის საფუძველზე. სადავო აქტი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, რაც ადასტურებს მის გამოცემას დასკვნაში ასახული მოსაზრებების გაზიარების შედეგად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შეფასების პროცესში, ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უნდა პასუხობდეს დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს, რამეთუ დაინტერესებული პირისათვის ცნობილი იყოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებეზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ მსგავსი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და მისი მიღების აუცილებლობა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 03.07.2017წ. №52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 39-ე მუხლი აწესრიგებს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველსა და დისციპლინური გადაცდომის სახეებს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძიმე ან მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის სამინისტროს მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილია დისციპლინური გადაცდომის სახეები და ის შემთხვევები, როდესაც დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ. ამდენად, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა მოსამსახურისთვის იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. ზემოთ მითითებული წესის 42-ე მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების წესი. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.10.2015წ. №144 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ (დანართი №1) 4.10 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. პირის გათავისუფლება სამსახურიდან არის იძულებითი ღონისძიება, რომელიც სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. გასაჩივრებული ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ შეიცავს დასაბუთებას ჩადენილი ქმედების გამოუსწორებელი შედეგების თაობაზე, პირიქით საქმის მასალებში დაცულ დასკვნაში აღნიშნულია ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობაზე, განსახილველ შემთხვევაში მძიმე შედეგები არ დამდგარა, საქმის მასალებით დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ აკრძალული ნივთი მცირე დროში იქნა აღმოჩენილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა უნდა შეფასდეს მისი სიმძიმის მიხედვით და მის მიმართ თანაზომიერების პრინციპის დაცვით მოხდეს შესაბამისი სახდელის შეფარდება, დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდეგ კვალიფიციური დასაბუთების მეშვეობით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმაზე, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს ა. ე-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება პირის სამსახურიდან დათხოვნისას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან. განსახილველ შემთხვევაში სადავო ბრძანება არ შეიცავს გადაცდომის სიმძიმის შეფასებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.07.2019წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი