ბს-1021(2კ-20) 21 ივლისი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2020წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ზ-ემ 25.06.2018წ. სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზედდების ნაწილში საქართველოს ეკონომკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამსახრეო სამმართველოს 27.07.2009წ. და 25.08.2009წ. მიმართვების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 29.07.2009წ., 01.09.2009წ. და 19.10.2009წ. გადაწყვეტილებების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის 08.10.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 02.05.2018წ. გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 30.05.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ასპინძის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 01.03.2018წ. განცხადებით მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავალდებულება.
06.07.2018წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად დაასახელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამავე სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შპს „...ი“, ასევე მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 25.06.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.07.2018წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ.ზ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 27.07.2009წ. და 25.08.2009წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ.ზ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2018წ. განჩინებით, გ.ზ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.07.2018წ. განჩინება დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „თ...“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია.
ახალციხის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.2019წ. გადაწყვეტილებით გ.ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ზ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2020წ. გადაწყვეტილებით, გ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.04.2019წ. გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 27.07.2009წ. №... მიმართვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურის 29.07.2009წ. №... გადაწყვეტილების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 25.08.2009წ. №... მიმართვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურის 01.09.2009წ. №... გადაწყვეტილების გ.ზ-ის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 27.07.2009წ. №... მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურის 29.07.2009წ. №... გადაწყვეტილება გ.ზ-ის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 25.08.2009წ. №768 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურის 01.09.2009წ. №... გადაწყვეტილება გ.ზ-ის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.04.2019წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის ორჯერ განკარგვას, ერთ შემთხვევაში, აღნიშნული ნაკვეთი მიწის რეფორმის შედეგად გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პრივატიზაციის გზით უძრავი ქონების შემძენი გახდა შპს „...“. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი სამსახურის 27.07.2009წ. № 680 და 25.08.2009წ. №768 მიმართვები და მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამო არსებობს გ.ზ-ის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის 08.10.2009წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.10.2009წ. რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სადავო ქონების გასხვისების მომენტში კანონშესაბამისად არ წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს, თუმცა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენა, ობიექტურად არამართლზომიერი ხასიათის მიუხედავად, საკანონმდებლო დაცვას მოკლებული არ არის. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და შემძენს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ევარაუდა საკუთრების ხარვეზიანობა, შპს „...“ მიჩნეული უნდა იქნეს კეთილსინდისიერად და მის მიმართ უნდა გავრცელდეს მართლზომიერი შემძენისათვის განსაზღვრული საკანონმდებლო გარანტიები, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის 08.10.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე 19.10.2009წ. მიღებული №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.05.2018წ. №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა გ.ზ-ის 01.03.2018წ. განცხადებაზე, ვინაიდან მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ მედიაციაზე გ.ზ-ისა და შპს „...ის“ წარმომადგენლის შეხვედრა ვერ შედგა, ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 22–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასევე არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.06.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რომლითაც გ.ზ-ეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (02.05.2018) გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლსა და შემოწმებაზე, თუ დავის საგანი არის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ.ზ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამსახრეო სამმართველოს №... და №... მიმართვები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან მიმართვა დამოუკიდებლად არ ადგენს, არ აწესებს პირთა უფლება-მოვალეოებებს. აღნიშნული გარემოება დადგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.09.2018წ. განჩინებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო 13.02.2020წ. გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილი იყო შეეფასებინა მხოლოდ საჯარო რეესტრის 29.07.2009წ. და 01.09.2009წ. გადაწყვეტილებების კანონიერება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მიმართვები ბათილად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ სამინისტრომ კერძო საკუთრება განკარგა. ამ მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან აღრეულია მართლზომიერი მფლობელობისა და საკუთრების ცნებები. გ.ზ-ის შესაძლო მოთხოვნის არსებობა კონკრეტულ ტერიტორიაზე არ დგინდება, რადგან სათანადო წესით არ არის დადგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, თუმცა მოწმეებს გ.ზ-ის შესაძლო დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა არ მიუთითებიათ, მხოლოდ ზოგადად კვარტალზე ან უბანზე მითითებით შემოიფარგლნენ, ამასთან, მოწმეთა ჩვნებებით გ.ზ-ისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი მისი მშობლებისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს არ ესაზღვრებოდა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულების შეფასების შედეგად გ.ზ-ის დაკვეთით შედგენილი აზომვითი ნახაზი მისი მშობლების მიწის ნაკვეთის გვერდით მდებარეობს. სასამართლომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დაადგინა 2012 წლის რეგისტრაციით, თუმცა ... საკადასტრო კოდზე რეგისტრაცია მხოლოდ აზომვითი ნახაზის შეცვლის შემდეგ განხორციელდა.
კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სახელმწიფოს მიერ ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის ორჯერ განკარგვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 27.27.2009წ. და 25.08.2009წ. მიმართვები, ისე საჯარო რეესტრის ასპინძის სარეგისტარციო სამსახურის 29.07.2009წ. და 01.09.2009წ. გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლიდან გამომდინარე ვერ იქნება დაცული ისეთი მონაცემის (სამართლებრივი) უსაფრთხოება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. როდესაც მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული შესაბამისი მონაცემი, გამოირიცხება საჯარო რეესტრის პასუხისმგებლობის საფუძვლები. სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დოკუმენტები სრულ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობასთან და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები. სასამართლომ არ დაასაბუთა რა გარემოება არ გამოიკვლია საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილებების მიღებისას. განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა არის კანონშეუსაბამო. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლით დიფერენცირებულია რეგისტრაციის ბათილობის და ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/ბ-2713/17წ. 29.06.2018წ.) და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა განაპირობებს რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაც პრინციპულად განასახვავებს იმ შედეგს, რაც დგება აქტის ბათილობის პირობებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დაუსაბუთებელია კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სადავო მიმართვები არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რის გამო სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერება უნდა შეეფასებინა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს საკუთრების უფლების და მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის თაობაზე სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 27.07.2009წ. და 25.08.2009წ. მიმართვების საფუძელზე. გასაჩივრებული მიმართვები, როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი, თავისი არსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, ვინაიდან ისინი აკმაყოფილებენ სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, იწვევენ სამართლებრივ შედეგს. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 28.09.2018წ. განჩინებას, აღნიშნული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სამმართველოს მიმართვების ნაწილში სარჩელის დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონმდებლობა არ ადგენს მათი გასაჩივრების ვალდებულებას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რის გამო ამ ნაწილში დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არარსებობა დაადგინა, შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არ შეადგენდა სადავო მიმართვების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 24.10.2007წ. №233 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის“ 7.2 მუხლზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი უფლება. ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში სხვადასხვა დროს მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო, როგორც სამართლის სუბიექტი, ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ ქმნიდა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვების გამოცემა საჭიროებდა სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა (სზაკ-ის 96-ე მუხ.) და აქტის დასაბუთების შესახებ (სზაკ-ის 53-ე მუხ.) მოთხოვნების დაცვას. განსახილველ შემთხვევაში სადავო მიმართვებით არ დგინდება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით სადავო ქონებაზე უფლების მქონე სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რაც აღნიშნული მიმართვების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
დაუსაბუთებელია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლზე მითითებით კასატორის - საჯარო რეესტრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - მიმართვის ბათილობა რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების და არა ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე, სამხარეო სამმართველოს მიმართვებთან ერთად, მოითხოვს ამ მიმართვების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლის - სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიმართვის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის შესაძლებლობას, სადავო მიმართვების ბათილად ცნობით არ ისპობა რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის დასმის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც 25.12.1998წ. სოფ. ...ის საკრებულოს წევრთა სხდომის ოქმით გადაეცა მოსარჩელე მხარეს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის არარსებობა არ გამორიცხავდა დაინტერესებული პირის არსებობას. სადავო მიმართვების გაცემისას და სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეუფასებიათ 25.12.1998წ. სოფ. ...ის საკრებულოს წევრთა სხდომის ოქმი, როგორც ზ.ზ-ის მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტი. ორგანოები უფლებამოსილები იყვნენ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით გაერკვიათ დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, სზაკ-ის 97-ე მუხლის საფუძველზე გამოეთხოვათ მტკიცებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან, შეეგროვებინათ დამატებითი დოკუმენტაცია, მოესმინათ დაინტერესებული პირისათვის, რაც მათ არ განუხორციელებიათ.
დაუსაბუთებელია კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ დგინდება გ.ზ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. საქმეში დაცული მასალებით ზ.ზ-ე საკრებულოს წევრთა სხდომის ოქმის საფუძველზე მოითხოვდა ასპინძის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან (საკადასტრო კოდი ...), შესაბამისად, გ.ზ-ის სახელზე აღირიცხა 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (902 კვ.მ.), რომელიც ზედდებაში არ მოექცა. ამდენად, მოსარჩელის ინტერესს შეადგენს დარჩენილი ფართის - 2077 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც მოსარჩელის განმარტებით მისთვის გადაცემული 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილს და მის სახელზე რეგისტრირებული 902 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაგრძელებას წარმოადგენს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სახელზე 902 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაშია, აღნიშნულ ფართზე უფლების რეგისტრაციისას გ.ზ-ისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო წარმოება არ შეუჩერებია, შესაბამისად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ დგინდება გ.ზ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ არის დასაბუთებული, არ ემყარება საქმის მასალებში დაცულ დოკუმენტებს და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2020წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.10.2020წ. №23815 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი