Facebook Twitter

საქმე №ბს-970(კ-20) 13 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. ი-ი; მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; მესამე პირი - კ. ხ-ი (სასკ 16.2)).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 9 ოქტომბერს რ. ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სერვიტუტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის 2 697,61 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე (განმარტებით ბარათზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (დანართი№1)) სერვიტუტის რეგისტრაციის განხორცილების თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით რ. ი-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმეში მესამე პირად ჩაება კ. ღ-ი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სერვიტუტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რ. ი-ის 2018 წლის 30 ივლისის განცხადებასთან (სერვიტუტის საკითხთან) დაკავშირებით გამოცემა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 21-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავ ნივთზე სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სერვიტუტის უფლების დადგენა ხორციელდება ქონების მმართველის გადაწყვეტილების საფუძველზე და აღნიშნავს, რომ მართალია, მითითებული კანონი ითვალისწინებს სერვიტუტის უფლების დადგენის შესაძლებლობას სააგენტოს მიერ, თუმცა ხსენებული კანონით განსაზღვრულია მხოლოდ სახელმწიფო მიწაზე სერვიტუტის განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანო, ხოლო უშუალოდ სერვიტუტთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11, 24-ე, 180-ე, 247-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს იმისათვის, რომ კონკრეტული საპროცესო - სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განხორციელდეს სარჩელის დასაშვებად ცნობა და შემდგომ ეტაპზე ასევე არსებითად განხილვა, უპირველეს ყოვლისა უნდა არსებობდეს აღნიშნული მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის დასაშვებობის მთავარი პირობა - სადავო ინდივუდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქვეპუნქტში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ლეგალურ - ნორმატიული დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივინდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული წერილი მართალია გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა იგი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რამეთუ გასაჩივრებული წერილი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის შინაარსის მქონეა და ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ №13599/21 ადმინისტრაციული საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნები არ ექცევა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებულ სფეროში და მსგავსი სახის საკითხების მოწესრიგება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მხარეს ასევე, განემარტა მისივე უფლებებისა და ინტერესების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალი წარმოადგენს სამართლის დარგს, რომელიც აწესრიგებს მხარეთა უთანასწორობასა და დაქვემდებარებაზე დამყარებულ ე.წ. ვერტიკალურ ურთიერთობებს, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს საჯარო ხელისუფლებით (საჯარო სამართლებრივ) უფლებამოსილებებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 27 ივლისს რ. ი-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და დაირეგისტრირა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ...ს რაიონი, სოფელი ...ი, საერთო ფართით 44.629 კვ.მ, ს/კ ...; რ. ი-ს ამ მიწის ნაკვეთზე გაშენებული აქვს ნუშის ბაღი.

ამასთან, სახელმწიფომ 2017 წლის 17 აგვისტოს №1/5-227 ბრძანების საფუძველზე დაირეგისტრირა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი ს/კ ..., რომელიც ერთი მხრიდან ესაზღვრება რ. ი-ის მიწის ნაკვეთს, საიდანაც რ. ი-ს მოწყობილი ჰქონდა შესასვლელი საავტომობილო გზა მის ნაკვეთში. მოგვიანებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცა კ. ხ-ზე.

რ. ი-მა 2018 წლის 16 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ... კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სერვიტუტით დატვირთვა და ამ უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან, რ. ი-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს ს/კ ... არ ჰქონდა მისასვლელი გზა.

2018 წლის 11 ივლისს სააგენტომ №... წერილით აცნობა განმცხადებელს, რომ მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება, რის შედეგადაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს გააჩნდა მისასვლელი გზა სარწყავი არხის მხრიდან.

2018 წლის 31 ივლისს რ. ი-მა №... განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების კორექტირება იმგვარად, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს ჰქონოდა აუცილებელი მისასვლელი გზა ან №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის სერვიტუტის უფლებით დატვირთვა რ. ი-ის სასარგებლოდ.

2018 წლის 01 აგვისტოს სააგენტომ №... წერილით აცნობა განმცხადებელს, რომ მობილური ჯგუფის მიერ უკვე ჩატარებული იყო ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერება, რის შედეგადაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს გააჩნდა სხვა მისასვლელი გზა არხის მხრიდან. აღნიშნული ინფორმაცია, თანდართული სიტუაციური ნახაზით განმცხადებელს ეცნობა სააგენტოს 2018 წლის 11 ივლისის №... წერილით.

2018 წლის 13 აგვისტოს რ. ი-მა სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №... წერილი გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 10 იანვრის №04/129 წერილით რ. ი-ის ეცნობა, რომ ადმინისტრაციული საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნები არ ექცეოდა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებულ სფეროში და მსგავსი სახის საკითხების მოწესრიგება ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. შესაბამისად, მოსარჩელეს განემარტა მისივე უფლებებისა და ინტერესების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავ ნივთზე სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სერვიტუტის უფლების დადგენა ხორციელდება ქონების მმართველის გადაწყვეტილების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც შეიცავს სერვიტუტის ცნების განმარტებას. კერძოდ, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). ამავე კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.

მითითებული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სერვიტუტის უფლების დადგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არსებობს მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო გზებთან აუცილებელი კავშირი.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 11 ივლისის წერილზე დართულ სიტუაციურ ნახაზზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული ნახაზით არ დასტურდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დასავლეთით მისასვლელი გზის ქონა არხის მხრიდან. მართალია, ნახაზის მიხედვით, რ. ი-ის ნაკვეთს გააჩნია შესასვლელი სარწყავი არხის მხრიდან, მაგრამ ამ შესასვლელიდან შესაძლებელია თუ არა საჯარო გზაზე მოხვედრა არ დგინდება, რადგან საავტომობილო გზამდე ტერიტორია სხვა სუბიექტებზე არის რეგისტრირებული და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ცალსახად ვერ იქნა მითითებული თუ რა გზის გავლით არის შესაძლებელი საავტომობილო გზამდე მისვლა, სხვა ნაკვეთების გვერდის ავლით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სერვიტუტის რეგისტრაციაზე უარის შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი არ არის, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე შესვლა შესაძლებელია მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე, სხვა ალტერნატიული გზის გამოყენებით, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საჯარო გზას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები (წერილები) დაინტერესებული პირისათვის აყენებენ კონკრეტულად განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგს, რის გამოც, ისინი ცალსახად მიეკუთვნებიან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა