ბს-671(კ-21) 29 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. რ. ი. ი-ამ 27.01.2020წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მოსარჩელის მიერ 12.11.2019წ. N1000692312 განცხადების განხილვის დავალების და სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. რ. ი. ი-ას მიერ სააგენტოში 12.11.2019წ. წარდგენილ N1000692312 განცხადებასთან დაკავშირებით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა, რომ სააგენტოს მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით სათანადო აქტის გამოცემა უნდა უზრუნველეყო ერთი თვის ვადაში, პირს აქვს კანონიერი მოლოდინი, რომ მის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სააგენტოს მიერ მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე აქტი არ გამოცემულა. ამასთანავე, თუ სააგენტო თვლიდა, რომ განცხადების განსახილველად ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა, მას შეეძლო სზაკ-ით დადგენილი წესის შესაბამისად აქტის გამოსაცემად გათვალისწინებული ვადა გაეგრძელებინა 3 თვემდე, რაც არ მომხდარა. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 10.12.2019წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მ. რ. ი. ი-ას შესახებ დეპარტამენტს ინფორმაცია არ გააჩნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით ორგანო გამოითხოვს და იკვლევს მტკიცებულებებს, რაც დროსთან არის დაკავშირებული. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება და მიუთითოს კონკრეტულ ფაქტებზე, რომელსაც დამდგარი შედეგი დაეფუძნა. მოსარჩელე ითხოვს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუმცა სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვის შედეგი. სააგენტომ არ გამოსცა შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან საკითხი მოითხოვს დამატებით გამოკვლევასა და შეფასებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის 17.10 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.3 მუხლის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. განსახილველ შემთხვევაში მ. რ. ი. ი-ამ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 12.11.2019წ., თუმცა არა მხოლოდ ნორმატიულად დადგენილ 30-დღიან ვადაში, არამედ მას შემდეგაც - სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, სააგენტოს მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
კასატორის მითითება, რომ აქტის გამოუცემლობა განაპირობა საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების, გადაწყვეტილების დასაბუთების საჭიროებამ, არ დასტურდება რაიმე მტიცებულებებით. მხარე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებსა თუ გარემოებებზე, რომელთა დადგენისა და გამოკვლევის მიზნით გარკვეული ქმედებები დღემდე მიმდინარეობს. სააგენტოს მხოლოდ ზოგადი ხასიათის, აბსტრაქტული მითითება გარემოებათა დამატებითი კვლევის საჭიროებაზე, არ ასაბუთებს სარჩელის უსაფუძვლობას.
ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე შედეგი არ დამდგარა და ადმინისტრაციული წარმოება დღემდე მიმდინარეობს, აგრეთვე არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობას. საკასაციო პალატა ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების საჭიროების შესახებ, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს აქტის გამოცემის მომენტის განუსაზღვრელი დროით გადადებას, ადმინისტრაციული წარმოების ვადის უსასრულოდ გახანგრძლივებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ თავის ნორმატიულ ვალდებულებათა შესრულება კანონით განსაზღვრულ ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამასთანავე, მართებულია სააპელაციო პალატის მითითება სზაკ-ის მე-100 მუხლზე, რომლის თანახმად თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ (მე-3 ნაწ.), აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს (მე-4 ნაწ.). ამდენად, უკეთუ სააგენტო თვლიდა, რომ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით მას ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა, ამის შესახებ წარმოების დაწყებისას უნდა მიღებულიყო სათანადო გადაწყვეტილება, რაც არ მომხდარა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელესთან მიმართებით უარყოფითი დასკვნა არ გაუცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2021წ. განჩინება;
3.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ. 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 10.05.2021წ. N07045 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი