№ბს-463(კ-22) 20 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 2 მარტს ნ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-95/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - ნ. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-95/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე - ნ. კ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-95/ო ბრძანების კანონიერების შემოწმება, რომლითაც მოსარჩელე ნ. კ-ას ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის მისამართია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ამჟამინდელი ...ის ქ. ...). სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით ნ. კ-ას ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენს ქალაქი ზუგდიდი, ...ის (ყოფილი „...ის“ შენობა) ... და იღებს საარსებო შემწეობას. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) ყოფილი „...ის“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 28 ივნისს განხორციელდა აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ნ. კ-ას ოჯახი მისამართზე არ დახვდათ. ნ. კ-ამ, 2020 წლის 27 ივლისს, თავად მიმართა სააგენტოს განცხადებით და განმარტა, რომ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, მაგრამ აღწერის დროს ვერ დახვდა მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს, რადგან იმყოფებოდა სოფ. ...ში. შესაბამისად, ნ. კ-ამ მოითხოვა ხელახალი მონიტორინგის განხორციელება. ნ. კ-ას განცხადებაზე რეაგირების მიზნით, 2020 წლის 16 სექტემბერს, მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...), ყოფილი „...ის“ შენობა, განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ ნ. კ-ა. შვილი - დ. კა მისამართზე არ იმყოფებოდა. მხარის განმარტებით ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დევნილობის შემდეგ. ჰყავს სამი დედმამიშვილი, რომელთაგან ორი ცხოვრობს რუსეთში, ხოლო ერთი თბილისში. მეუღლე - რ. ც-ა გარდაცვლილია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნ. კ-ა აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა, სადავო აქტის გამოცემის შემდგომაც, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული მოკვლევის დროს (2021 წლის 27 აპრილი) და მონიტორინგის ჯგუფი მას ადგილზე გაესაუბრა. მოსარჩელის ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) ცხოვრების ფაქტი ასევე დადასტურებულია სანოტარო წესით დამოწმებული, ამავე ნგრევად შენობაში მცხოვრები დევნილი პირების - ზ. ჯ-ას, რ. ჯ-ასა და ლ. ჯ-ას მიერ. აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნ. კ-ა და დ. კა 2001 წლიდან დღემდე დევნილად ცხოვრობენ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ყოფილი ...ის ქ. ...) - ყოფილი „...ი“, გაუსაძლის მდგომარეობაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცულია შპს ,,...ის“ 2021 წლის 25 ივნისის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ...ის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილები (სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 და 16 სექტემბრის გზავნილები, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს და 2021 წლის 20 აპრილის გზავნილები) პირადად ჩაბარდა ნ. კ-ას, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ყოფილი ...ის ქ.). გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ დირექტორის 2021 წლის 19 ოქტომბრის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ნ. კ-ა და დ. კა 2001 წლიდან ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) ყოფილი „...ის“ კუთვნილ ავტოფარეხის ნგრევად შენობაში, რომელიც ამჟამად ეკუთვნის სსიპ ...ს.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სააპელაციო პალატაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, მოხმარებული ელექტრო ენერგიის გადახდის ქვითარზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ. კ-ა სწორედ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) ყოფილი „...ი ...ი ...ის“ მისამართზეა რეგისტრირებული აბონენტად, ამ მისამართზე მოიხმარს ელექტროენერგიას და იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. კ-ა ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) მდებარე ყოფილი „...ის“ შენობაში - მისივე რეგისტრაციის მისამართზე, ვინაიდან აღნიშნულის გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის №03-95/ო ბრძანების მოტივაცია და მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების გამო, გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელ პირთა სიაში არ შეყვანა, არ შეესაბამება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და ეფუძნება მხოლოდ ფორმალურად ჩატარებულ მონიტორინგს, რომელიც სააპელაციო პალატის მოსაზრებით არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება შპს „...ის’’ დირექტორის მიერ გაცემულ ცნობაზე და მოწმეთა წერილობით ჩვენებაზე, რომელიც სასამართლო პროცესზე არ გამოკვლეულა და მით უფრო აღნიშნული პირები მოწმის სახითაც არ დაკითხულან პროცესზე. სასამართლოს უაპელაციოდ არ უნდა გაეზიარებინა ცნობაში მითითებული ინფორმაცია მხარის მისამართთან დაკავშირებით, რადგან, როგორც წესი, მსგავსი ხასიათის ცნობები არ იძლევიან უტყუარ ინფორმაციას მხარე ფაქტობრივად ცხოვრობს თუ არა ნგრევად ობიექტში. მაშინ როცა საუბარია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ბინის გადაცემაზე, ეს გულისხმობს, რომ სააგენტოს მხრიდან ხდება საქმის ყოველმხრივ, დეტალური და ობიექტური მოკვლევა. ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული ინფორმაცია, რომ უაპელაციოდ სწორი და გასაზიარებელი იყოს, საკანონმდებლო დონეზე არ იქნებოდა რეგულირებული მონიტორინგის სამსახურის არსებობა, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათ შორის, ამა თუ იმ მისამართზე დევნილის ცხოვრების ფაქტი. ვინაიდან მხარის სასარჩელო მოთხოვნა კრიტერიუმების გარეშე განსახლება იყო, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა შეეფასებინა და დაედგინა ნგრევად ობიექტში მხარის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, რაც არ გაუკეთებია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი წარმოების მასალებიდან არ დასტურდებოდა, რომ მხარე ნგრევად ობიექტში ცხოვრობდა და მისი გაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა. საქმეში წარდგენილი მონიტორინგის ოქმიდან ჩანს, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მხარე არ იმყოფებოდა ნგრევად ობიექტში. ხშირია შემთხვევები, როცა მხარის რეალური საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება რეგისტრაციის მისამართისგან. სწორედ ამიტომ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამმართველო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს და სწავლობს კონკრეტული დევნილი ოჯახის საკითხს: საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის რეალურ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს. საქმეში წარმოდგენილი იყო მსგავსი სახის მტკიცებულება მონიტორინგის ოქმი. ამ ყოველივეს საპირისპიროდ სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ნ. კ-ა ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრობდა.
კასატორის განმარტებით, 2020 წლის 3 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (სხდომის ოქმი №77) ზუგდიდი, ...ის ქ. ... „...ი ...ი’’ განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების გარეშე. 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად მოხდა აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა 2020 წლის 28 ივნისს. მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს ოჯახი მისამართზე არ დახვდათ. ინფორმაცია აღნიშნული ოჯახის თაობაზე სააგენტოსთვის იქ მცხოვრებ მეზობლებსაც არ მიუწოდებიათ. ნ. კ-ამ თავად მიმართა მოგვიანებით, 2020 წლის 27 ივლისს, სააგენტოს განცხადებით და განმარტა, რომ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, მაგრამ აღწერის დროს ვერ დახვდა მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს, რადგან იმყოფებოდა სოფ. ...ში. მხარე ითხოვდა ხელახალი მონიტორინგის განხორციელებას. ნ. კ-ას განცხადებაზე რეაგირების მიზნით 2020 წლის 16 სექტემბერს მხარის მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, ...ის ქ. ... „...ი ...ი’’) განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ ნ. კ-ა. შვილი - დ. კა მისამართზე არ იმყოფებოდა. მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დევნილობის შემდეგ. ჰყავს სამი დედმამიშვილი, რომელთაგან ორი ცხოვრობს რუსეთში, ხოლო ერთი - თბილისში. მეუღლე - რ. ც-ა გარდაცვლილია. აღნიშნულ მისამართზე დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა ასევე 2021 წლის 27 აპრილს. ნ. კ-ა მისამართზე არ იმყოფებოდა. ეზოს ჯიხურში მომუშავე ქალბატონის განმარტებით ნ. კ-ა გასული იყო აფთიაქში და მოვიდოდა 10 წუთში, რადგან დარეკილი ჰქონდა მისთვის. დაახლოებით 10 წუთში გამოცხადდა ნ. კ-ა. მისივე განმარტებით წასული იყო შაქრის გასაზომად, რადგან დიაბეტი აქვს. შვილი დ. კა იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში. მონიტორინგის მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა - ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით არ დადგინდა, რომ ნ. კ-ას ოჯახი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებელს. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 03 დეკემბერს (№77 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - მხარეს უარი ეთქვა კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
კასატორის განმარტებით, საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. დევნილი ოჯახისთვის მსგავსი პრივილეგიის მინიჭება და ქულათა გარეშე მისი განსახლება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამდენად, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ნგრევად ობიექტში, სააგენტო ვერ ჩააყენებს დევნილ ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში და კრიტერიუმების, ქულათა სისტემის გარეშე ვერ განასახლებს მას. აღნიშნული მიდგომა გამოიწვევს უსამართლობის განცდას და პროტესტის გრძნობას სხვა დასაკმაყოფილებელ დევნილ ოჯახებში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე ნ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართზე სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ამჟამინდელი ...ის ქ. ...) (ს.ფ. 27). ზემოაღნიშნული მისამართი ფიქსირდება ასევე ნ. კ-ას საცხოვრებელ ადგილად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერში, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სოციალურ სამსახურს მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები შემოწმებული აქვს აღნიშნულ მისამართზე, მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა და დანიშნული აქვს შემწეობა (ს.ფ. 16, 85). მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) ყოფილი „...ის“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (03.12.2020 წ., ოქმი №77), ნ. კ-ას უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში, ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების გარეშე დაკმაყოფილებაზე, ქ. ზუგდიდში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას ნ. კ-ა ადგილზე არ დახვდათ, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლდეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. კ-ამ, 2020 წლის 27 ივლისს, თავად მიმართა სააგენტოს განცხადებით და განმარტა, რომ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, მაგრამ აღწერის დროს ვერ დახვდა მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებს, რადგან იმყოფებოდა სოფ. ...ში. შესაბამისად, ნ. კ-ამ მოითხოვა ხელახალი მონიტორინგის განხორციელება. ნ. კ-ას განცხადებაზე რეაგირების მიზნით, 2020 წლის 16 სექტემბერს, მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...), ყოფილი „...ის“ შენობა, განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ ნ. კ-ა, შვილი - დ. კა მისამართზე არ იმყოფებოდა. მხარის განმარტებით ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დევნილობის შემდეგ. ჰყავს სამი დედმამიშვილი, რომელთაგან ორი ცხოვრობს რუსეთში, ხოლო ერთი თბილისში. მეუღლე - რ. ც-ა გარდაცვლილია (ს.ფ. 67, 68). საქმეში ასევე წარმოდგენილია 2021 წლის 27 აპრილით დათარიღებული ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი’’ (ს.ფ. 70), რომლის თანახმად, ზემოაღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა მოსარჩელეს. საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბარათი და ელ. ენერგიის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 80-83), რომლის თანახნად ნ. კ-ა აბონენტად რეგისტრირებულია მისამართზე ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...). საყურადღებოა, რომ აბონენტის ბარათი მოიცავს ინფორმაციას 2018 წლიდან და აღნიშნული დოკუმენტით უტყუარად დასტურდება ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი მისამართზე ზუგდიდი, ...ის ქ. ..., ბინა №9. მოსარჩელის ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) ცხოვრების ფაქტი ასევე დადასტურებულია სანოტარო წესით დამოწმებული, ამავე ნგრევად შენობაში მცხოვრები დევნილი პირების - ზ. ჯ-ას, რ. ჯ-ასა და ლ. ჯ-ას მიერ. აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნ. კ-ა და დ. კა 2001 წლიდან დღემდე დევნილად ცხოვრობენ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ყოფილი ...ის ქ. ...) - ყოფილი „...ი“ (ს.ფ. 86-87). საქმეში დაცულია შპს ,,...ის“ 2021 წლის 25 ივნისის წერილი (ს.ფ. 88-89), რომლითაც დგინდება, რომ ...ის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილები (სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 და 16 სექტემბრის გზავნილები, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 11 აგვისტოს და 2021 წლის 20 აპრილის გზავნილები) პირადად ჩაბარდა ნ. კ-ას, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. ... (ყოფილი ...ის ქ.). გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ დირექტორის 2021 წლის 19 ოქტომბრის ცნობა (ს.ფ. 99), რომელშიც მითითებულია, რომ ნ. კ-ა და დ. კა 2001 წლიდან ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) ყოფილი „...ის“ კუთვნილ ავტოფარეხის ნგრევად შენობაში, რომელიც ამჟამად ეკუთვნის სსიპ ...ს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. კ-ა ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. ...-ში (ყოფილი ...ის ქ. ...) მდებარე ყოფილი „...ის“ შენობაში - მისივე რეგისტრაციის მისამართზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე