Facebook Twitter
საქმე №ბს-654(კ-21) 7 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიუღებელი ხელფასის და დაყოვნებული ხელფასის 0,07 პროცენტის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 8 თებერვალს ი. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ი. კ-ა 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო 2014 წლიდან ი. კ-ა ...ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტს. 2018 წლის 12 ივლისს განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და რიგი სამინისტროები გაერთიანდა, რის შესაბამისად აღნიშნული დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
სარჩელის მიხედვით, სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტიდან ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ მოსარჩელეს და დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტში. მისცეს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტში მისცეს მიმართვა სამედიცინო შემოწმებაზე და ფიზიკური მომზადებისათვის. გაიარა ყველა პროცედურა რაც იყო მოთხოვნილი, კერძოდ: აუღეს თითის ანაბეჭდები, გაიარა სამედიცინო შემოწმება, ასევე მოთხოვნილი წესით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაამოწმებინა დიპლომი, რომელიც სხვა, მათ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად ჩააბარა კადრების დეპარტამენტს.
მოსარჩელის მითითებით, სექტემბრის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მისი თანამშრომლები და გადასცეს დანიშვნის ბრძანებები, რა პერიოდიდანაც იგი ცდილობდა გაერკვია მისი მდგომარეობა და არაერთხელ მიმართა სამინისტროს. კერძოდ, 2018 წლის 16 ოქტომბერს წერილობით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ეცნობებინათ მის გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რაზეც მიიღო შუალედური წერილი, სადაც ატყობინებდნენ, რომ მისი განცხადება იხილებოდა. 2018 წლის 7 დეკემბერს განმეორებით მიმართა სამინისტროს, რაზეც კვლავ შუალედური წერილით უპასუხეს.
მოსარჩელე მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ ...ა დეპარტამენტის ყველა საშტატო ერთეული (მათ შორის მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია) სრულად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავე სამინისტროს გადაეცა დეპარტამენტის საშტატო ერთეულებისათვის განკუთვნილი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები (მათ შორის თანამდებობრივი სარგო, სამივლინებო ხარჯები და სხვ.) და დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობები. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჭიროების შემთხვევაში უკონკურსოდ უნდა გადაყვანილიყვნენ შესაბამის თანამდებობაზე უფლებამონაცვლე სამინისტროში და გამოყენებული ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესი (რაც გამოიყენა ყველა იმ სამინისტრომ, რომელსაც შეეხო რეორგანიზაციის პროცესი), რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; ხოლო მოხელის მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა კანონის შესაბამისად და უზრუნველეყო მოსარჩელის გადაყვანა შესაბამის თანამდებობაზე უკონკურსოდ, სწორედ ისე, როგორც გადაიყვანეს სამინისტროს სხვა თანამშრომლები სხვადასხვა უწყებებში, იმავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები კი დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მოსარჩელის განმარტებით, თუკი მისი კანდიდატურა მიუღებელი იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ან არ არსებობდა მისი გადაყვანის საჭიროება, უწყებას უნდა მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება, რომელიც იქნებოდა სათანადოდ დასაბუთებული, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა კანონდებლობის შესაბამისად დაეცვა საკუთარი უფლებები. აღნიშნულის მიუხედავად, სამინისტროს მის მიმართ გადაწყვეტილება არ მიუღია. აქვე მოსარჩელე მიუთითებს მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხისთვის ი. კ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ასევე 2018 წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 3800 ლარის ოდენობით მიუღებელი ხელფასის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (...ის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (...ის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. კ-ა მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ... დეპარტამენტის ...ად.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) შესაბამისად, 2018 წლის 12 ივლისს განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ...ის მიმართულებით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული კანონის საფუძველზე ი. კ-ა გათავისუფლებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ... დეპარტამენტის ...ის თანამდებობიდან.
სასამართლოს მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემებში შემავალმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო სამსახურის ბიურომ და ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი, უზრუნველყონ ამ უწყებების სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით. ხოლო, ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დასაქმებული ის საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სამსახურს გააგრძელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩაითვლებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის, ოპტიმიზაციას, განახორციელებს ამ სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, ასევე მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების პირველი მუხლის 31 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. სასამართლომ აქვე განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულ გარემოებებზე და ყურადღება მიაქცია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემებში შემავალმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიანიჭა უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობაზე უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია 2018 წლის 12 ივლისს ი. კ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა თანხმობა დანიშნულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე, თუმცა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განხორციელებულა. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელდა ი. კ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვანა, ვინაიდან ამის საჭიროება არ დამდგარა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ განმარტა, რომ საკადრო საკითხების - კონკრეტულ თანამდებობაზე პირის დანიშვნის გადაწყვეტის საკითხი განეკუთვნება ფართო დისკრეციის საგანს. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს მისივე დისკრეციის ფარგლებში. შესაბამისად, პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხი შედის კონკრეტული თანამდებობის პირის უფლებამოსილებაში, ხოლო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია/უფლებამოსილება სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირს თანამშრომლის სამსახურში მიღება/გათავისუფლების და ზოგადად საკადრო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული დავალებები მისცეს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან არ არსებობდა საქართველოს შინაგან სამინისტროსათვის ი. კ-ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას განაცდურისა და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა აქტის გამოცემის შესახებ მოთხოვნა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კადრების საჭიროება გულისხმობს შესაბამისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დამატების აუცილებლობას. ამდენად, იმის შესამოწმებლად თუ რამდენად კანონშესაბამისად ეთქვა უარი ი. კ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილობა/გადაყვანაზე და ხომ არ იქნა დარღვეული მოცემულ შემთხვევაში კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, უნდა დადგინდეს არსებობდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ი. კ-ას გადაყვანის საჭიროება.
პალატის მითითებით, როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №... ბრძანებით დასტურდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის ...ის (ი. კ-ას მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი) თანამდებობრივი რაოდენობა განისაზღვრა ორი საშტატო ერთეულით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 ივლისის №... ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №... ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში, რომლის მიხედვით …ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობრივ რაოდენობას დაემატა ერთი საშტატო ერთეული. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 14 მარტის MIA 4 18 00597496 ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება (დანართის შესაბამისად) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №... ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში, რომლის მიხედვით …ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობრივი რაოდენობა შემცირდა ერთი საშტატო ერთეულით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 3 აგვისტოს MIA 4 1801877549 ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება (დანართის შესაბამისად) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს №... ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში, რომლის მიხედვით …ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობრივ რაოდენობას დაემატა ერთი საშტატო ერთეული. ბრძანება ამოქმედდა 2018 წლის 12 ივლისიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ი. კ-ამ სწორედ 2018 წლის 12 ივლისს მიმართა განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა თანხმობა, რომ დანიშნულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 12 ივლისიდან …ის დეპარტამენტში შექმნილი იყო, ი. კ-ას მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, ...ის დამატებით ერთი საშტატო ერთეული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ი. კ-ასთვის არ იქნა შეთავაზებული აღნიშნულ თანამდებობაზე გადაყვანა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თანამშრომელთა დასაქმების საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს მიეკუთვნება, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მასზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. №ბს-448-443(კ-12)). სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად შერჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული უფლებამოსილებით მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული უნდა იყოს მისი შინაარსის, საგნის, მიზნისა და მოცულობის მიხედვით. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირს გარკვეულ დონეზე უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა და გათვლა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, რადგან ეს უკანასკნელი მმართველობის სფეროს განეკუთვნება.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოცემულ დავაში სადავოდ არ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ი. კ-ას მობილობა/გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის №MIA 6 19 00625251 წერილი) და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ი. კ-ას შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის ...ის ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება - მიუღებელი ხელფასის სახით, ყოველთვიურად 3800 ლარის ოდენობით 2018 წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა ასევე საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შედგენილ 21/12/2020 №04-5/12559 რეკომენდაციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლების დარღვევას, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც უფლებამონავლე და შესაბამისი ასიგნებების მიმღები უწყება ვალდებული იყო ეხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით უზრუნველეყო ი. კ-ას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა და კომპენსაციის სახით 3 თვის ოდენობით თანამდებობრივი სარგოს გაცემა. რაც შეეხება ი. კ-ას უფლებამონაცვლე საჯარო დაწესებულებაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში) მობილობა/გადაყვანაზე უარს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით შს სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობაზე უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა, ხოლო იმ პირთა შემთხვევაში რომელთა გადაყვანაც არ/ვერ მოხდებოდა უფლებამონაცვლე უწყებაში აღნიშნული საკანონმდებლო აქტით რაიმე სპეციალური რეგულირება მათი შრომითი მოწყობის თაობაზე დადგენილი არ იქნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არ მიღებას, ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობასა და არსებითად უთანასწორო მოპყრობას, რამაც არსებითად დააზიანა მისი ინტერესები და საჯარო მოხელე დატოვა ყოველგვარი სარგებლის გარეშე. კასატორის განმარტებით, აღნიშნულით იგი დარჩა სამსახურის გარეშე, ასევე დაკარგა შესაძლებლობა მიეღო სამი თვის კომპენსაცია და ჩარიცხულიყო მოხელეთა რეზერვში, რაზეც უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებაზე და აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის გაგზავნილი სიებით, გადანიშნულ თანამშრომელთა მონაცემებით, ცალსახად დგინდება მის მიმართ უთანასწორო მოპყრობა, რომელიც ვითომდა საჭიროების არარსებობის მოტივით არ დაინიშნა შესაბამის მოთხოვნილ თანამდებობაზე. კასატორის მითითებით, სასამართლოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა დაედგინა სწორედ ამ საჭიროების საკითხი და არსებითად ემსჯელა რამდენად კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოება ი. კ-ას მიმართ ან საერთოდ განხორციელდა თუ არა.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო თავად მიუთითებს სახალხო დამცველის პოზიციაზე, აღნიშნავს, რომ არ ჩატარებულა წარმოება, არ გამოცემულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მაგრამ ამის მიუხედავად არ ადგენს დარღვევის ფაქტს და სარჩელს არ აკმაყოფილებს.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს გარემოებათა არასწორ შეფასებაზე მიუთითებს გადაწყვეტილებაში აღნიშნული ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მოცემულ დავაში სადავოდ არ ხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ი. კ-ას მობილობაზე/გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოება არასდროს ყოფილა განხილვის საკითხი და დადასტურებული მოსარჩელე მხარის მიერ, ვინაიდან არ არსებობდა ამგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია აქტი ი. კ-ას განცხადებაზე და ამას თავადვე ადასტურებდნენ სასამართლო პროცესზე. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ამგვარი აქტის არსებობის პირობებშიც, სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე შეტანილი სარჩელი მოიცავს 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ქვემდგომი აქტების ბათილად ცნობასაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და არ საჭიროებს დამატებით სასარჩელო მოთხოვნას. კასატორის განმარტებით, თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნა გულისხმობს მანამდე განხორციელებული გადაწყვეტილებებისა და ქმედებების უკანონოდ მიჩნევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის განჩინებით ი. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე ი. კ-ა სადავოდ ხდის მისი შრომითი უფლებების დარღვევას, რამაც არსებითად დააზიანა მისი ინტერესები და საჯარო მოხელე დატოვა ყოველგვარი სარგებლის გარეშე.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ი. კ-ა 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო 2014 წლიდან ი. კ-ა იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ... დეპარტამენტის ...ის თანამდებობას. 2018 წელს განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად აღნიშნული დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონზე (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს), რომლის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (...ის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (...ის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭათ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს მთავრობას საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უნდა უზრუნველეყო „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა. ხოლო ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემებში შემავალმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. მე-15 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დასაქმებული ის საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სამსახურს გააგრძელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩაითვლებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის, ოპტიმიზაციას, განახორციელებს ამ სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის გათვალისწინებით.
ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად იმ დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლის ...ის პოზიციასაც იკავებდა მოსარჩელე ი. კ-ა, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის გამოც სამინისტროს დღის წესრიგში დადგა ი. კ-ას მიმართ კანონით დადგენილი პროცედურის განხორციელება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივლისს ი. კ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა თანხმობა, რომ დანიშნულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე და წარდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტები.
2018 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელე ი. კ-ამ წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა ეცნობებინათ მისთვის 2018 წლის ივლისის თვეში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი გადაყვანის შესახებ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნული წერილი 2018 წლის 22 ოქტომბერს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ გადაგზავნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტში, ხოლო 2018 წლის 12 დეკემბერს - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ გადაგზავნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2019 წლის 8 იანვრის წერილით შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ი. კ-ას განცხადებაში მითითებულ საკითხზე რეაგირება სცდებოდა შსს იურიდიული დეპარტამენტის კომპენტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 12 დეკემბრის №2999792 სამსახურებრივ ბარათს მსვლელობა არ მიეცემოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის №MIA 6 19 00625251 წერილის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ...ის მიმართულებით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავე მუხლის მე-13 პუნქტი შს სამინისტროს ანიჭებდა უფლებამოსილებას (და არა ვალდებულებას) მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობაზე უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა. ...ის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განმახორციელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განისაზღვრა ამავე სამინისტროს …ის დეპარტამენტი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 აგვისტოს №391 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტს ...ა …ის დეპარტამენტის ...ი და აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული სამინისტროს მოსამსახურე. შესაბამისად, ... ...ის დეპარტამენტის ...ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში …ის დეპარტამენტის ...ის პოზიციაზე გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 31 ივლისის №01/13883 წერილით ი. კ-ას 2019 წლის 29 ივლისის №106408 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2018 წელს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ - ...ის მიმართულებით. აღნიშნული ფუნქციების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 ივლისის №1420 განკარგულებით, პროგრამული კოდის ... „...“ ასიგნებების განმკარგავად განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ... ...ის დეპარტამენტის ...ის ... რანგის ...ი სტრუქტურული ერთეულის ...ის თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებულ იქნა ზემოაღნიშნულ პროგრამულ კოდზე.
საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 მაისის №გ4597 წერილის თანახმად, ბიუროს მიერ ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გადამოწმების შედეგად, ი. კ-ა 06.07.2015 წლიდან 11.07.2018 წლამდე ფიქსირდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტის ...ად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში აღარ იძებნებოდა, ვინაიდან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების (№...-რს, 05.07.2018) შესაბამისად, იგი ტექნიკურად დაიხურა 2018 წლის 12 ივლისის თარიღით. საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 3 ივნისის №გ4800 წერილის მიხედვით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მოხელეთა რეზერვში ი. კ-ა, როგორც საჯარო მოხელე, იმ დროის მდგომარეობით არ ფიქსირდებოდა. საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 მაისის №გ4592 წერილით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ყოფილი) მიერ საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდებული ... ...ის დეპარტამენტის თანამშრომლების თავდაპირველი და დაზუსტებული ინფორმაცია ბიუროს მიერ შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წელს განხორციელებულ აღნიშნულ ცვლილებებამდე ი. კ-ა იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ... დეპარტამენტის ...ის თანამდებობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის №MIA 6 19 00625251 წერილის თანახმად, ...ის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განმახორციელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განისაზღვრა ამავე სამინისტროს …ის დეპარტამენტი, რომელსაც ...ა …ის დეპარტამენტის ...ი და აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული სამინისტროს მოსამსახურე, შესაბამისად, ... ...ის დეპარტამენტის ...ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში …ის დეპარტამენტის ...ის პოზიციაზე გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა. ხოლო ი. კ-ა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენილი განცხადებებით, ასევე წარმოდგენილი სარჩელით პრეტენზიას აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს …ის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე და მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი მობილობის წესი და პროცედურა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ იქნა შეფასებული. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობას, მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩაუტარებლობასა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარსებობას.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მართალია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების (...ის მიმართულებით) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა და აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საკადრო საკითხები, თუმცა აღნიშნული ნორმატიული მოწესრიგების მიუხედავად, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ინდივიდუალურად ი. კ-ას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც მის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების გზით, სათანადო პროცედურის გავლის სამართლებრივი შედეგი. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მობილობის წესის განუხორციელებლობას, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ხოლო მოხელის მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია („საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 52-ე მუხ.). აღნიშნულის მიუხედავად, განსახილველ შემთხვევაში ი. კ-ას მიმართ არ განხორციელებულა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი მობილობის პროცედურა, მოსარჩელეს არ უსარგებლია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მისთვის, როგორც საჯარო მოხელისთვის, მინიჭებული გარანტიებით.
ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ დარღვევაზე მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის 21/12/2020 №04-5/12559 რეკომენდაციაც, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლების დარღვევას, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც უფლებამონავლე და შესაბამისი ასიგნებების მიმღები უწყება ვალდებული იყო ეხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით უზრუნველეყო ი. კ-ას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა და კომპენსაციის სახით 3 თვის ოდენობით თანამდებობრივი სარგოს გაცემა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ი. კ-ას მობილობის შეუძლებლობის შემთხვევა არ უნდა გამხდარიყო სახელმწიფო უწყების მხრიდან მოხელისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური გარანტიის შექმნაზე თავის არიდების საფუძველი, რამდენადაც კანონმდებლობით სწორედ აღნიშნული მიზნით იყო გათვალისწინებული მოხელის რეზერვში ჩარიცხვისა და შესაბამისი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ი. კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობაზე უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა. აღნიშნულ დანაწესზე დაყრდნობით ი. კ-ას დასაქმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სამინისტროს მიხედულებას დაუკავშირდა. ამასთან, მითითება კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში სპეციალური მოწესრიგების არსებობაზე.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებამოსილება - საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე, არ შეიძლება გაგებულ იქნეს ი. კ-ას, როგორც საჯარო მოხელის, სამართლებრივი და სოციალური განარტიების გამოსარიცხად. ი. კ-ას შრომითი უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. სპეციალური მოწესრიგების პირობებშიც, ადმინისტრაციული ორგანო არ თავისუფლდება სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისგან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოების წესები ასევე გამოიყენება სპეციალური რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში სათანადო წარმოების ჩატარების გზით ი. კ-ას მიმართ უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ამასთან, მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ პირველი მუხლის 31 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი. კ-ა განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებამდე იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ... დეპარტამენტის ...ის თანამდებობას, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (...ის მიმართულებით) გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (...ის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში; ხოლო საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად ი. კ-ას გადაყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განხორციელებულა და იგი არ წარმოადგენდა აღნიშნული უწყების მოსამსახურეს, რომელზეც შესაძლოა გავრცელებულიყო სპეციალური რეგულაცია. ამასთანავე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონს (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) არ დაუდგენია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისგან განსხვავებული რეგულაციები საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე (...ის მიმართულებით) და შესაბამისი ასიგნებების მიმღები უწყება, ვალდებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით უზრუნველეყო ი. კ-ა, როგორც საჯარო მოხელე, შესაბამისი სამართლებრივი და სოციალური გარანტიებით, განეხორციელებინა მობილობის პროცედურა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობით, მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში - რეზერვში ჩარიცხვა და კომპენსაციის გაცემა. ი. კ-ა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოხელე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმების შეუძლებლობის მიუხედავად, იმსახურებდა მობილობის პროცედურის სათანადოდ გავლას საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით და მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვასა და კომპენსაციას, რითაც მას, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოხელეს უზრუნველყოფდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელმაც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას სწორედ საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად შემოიტანა მობილობის ინსტიტუტი.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე მოცემულ დავაში სადავოდ არ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის №MIA 6 19 00625251 წერილს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემული დავის ფარგლებში ი. კ-ა სადავოდ ხდის მის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მობილობის პროცედურის განუხორციელებლობას, სათანადო წარმოების ჩაუტარებლობასა და ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობას, რასაც ვერ პასუხობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ...ის, პოლიციის პოლკოვნიკის მიერ ხელმოწერილი აღნიშნული წერილი, რომელიც შედგენილია ი. კ-ას მიერ სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის შემდგომ. საქმეზე არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ი. კ-ას მიმართ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ი. კ-ას მიმართ უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიღებულა. წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მისი არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, სამინისტროს მის მიმართ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის №MIA 6 19 00625251 წერილის გასაჩივრების საკითხი არ არის რელევანტური მოცემული დავის გადაწყვეტისას და მისი გაუსაჩივრებლობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ი. კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად ი. კ-ას მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობით, ხოლო მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. კ-ას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე 6 თვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე, რამდენადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობით ვერ უზრუნველყო ი. კ-ას მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი პროცედურის განხორციელება.
რაც შეეხება ი. კ-ას მოთხოვნას მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო სასამართლო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2018წ. №...-რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახელებული დანაწესი არ გამორიცხავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებას მის უწყებაში ი. კ-ას დასაქმების შეუძლებლობის მიუხედავად მის მიმართ საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობით უზრუნველეყო მობილობის პროცედურის სათანადო განხორციელება და მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა და კომპენსაციის გაცემა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ი. კ-ას უშუალოდ მის უწყებაში დასაქმების ვალდებულება არ გააჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესთან დაკავშირებული სპეციალური რეგულაციების არსებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობებით არის გათვალისწინებული, რამდენადაც შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური წარმოადგენს კანონმდებლობით რეგლამენტირებული საქმიანობის განსაკუთრებულ სახეს. შესაბამისად, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ი. კ-ას უშუალოდ მის უწყებაში დასაქმების ვალდებულება არ გააჩნდა, მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მოცემულ შემთხვევაში არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ი. კ-ას მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობით, ხოლო მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. კ-ას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე 6 თვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში ი. კ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ი. კ-ას მიმართ განახორციელოს მობილობის პროცედურა საჯარო სამსახურის ბიუროს მონაწილეობით, ხოლო მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. კ-ას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვისა და მასზე 6 თვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე;
5. დანარჩენ ნაწილში ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა