№ბს-946(კ-20) 13 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...ისათვის“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 6 401,48 აშშ დოლარის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდის დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაუბრუნებლობის გამო 36 372 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა; შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა და შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სახელწიმფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2007 წლის 26 ივნისს გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „...ს“ იჯარა გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალნეტი ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 26 მაისისა.
კასატორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი, 28.03.2016 წლიდან, განთავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა), ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე. ასევე გათავისუფლებულ იქნა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან. ასევე ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 01 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
კასატორი აღნიშნავს, რომ გარდა იმ შეღავათებისა რაც კანონმა დააწესა, მყიდველი ვერ ისარგებლებდა სხვა სახის შეღავათებით. სარჩელში მოთხოვნილი პირგასამტეხლო არც კანონით გაუქმებულა და არც შემცირებულა, შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოების დასკვნას, რომ ვინაიდან კანონმა მყიდველს რიგი შეღავათები დაუწესა, ამდენად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაც უნდა შემცირებულიყო.
კასატორის მითითებით, ხელშეკრულების 5.3 მუხლით გათვალისწინებული პირაგსამტეხლო 0,1% ოდენობით, გამომდინარეობს „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31 მარტის №1-3/152 ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში „მოიჯარე" იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდება დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0.1%-ით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად პირგასამტეხლოს შემცირებას ან რა მოტივით შემაცირა პირგასამტეხლო მოცემული ოდენობით, ვინაიდან შპს „...ისათვის“ კონკრეტული ოდენობის პირგსამტეხლოს თანხის განსაზღვრისას გამყიდველი ხელმძღვანელობდა როგორც ზემოხსნებული ნორმებით, ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების არსებითი პირობების შესაბამისად. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სასამართლოს არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შეუსრულებელ ვალდებულების თანაფარდობის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს მოტივაციით შეემცირებინა მოთხოვნილი თანხა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შპს „...ისათვის“ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 26 ივნისს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და შპს „...ს“ შორის დაიდო №26 საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 48 501 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად შპს „...ს“ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ტრაქტორი და 2 სხვა დანარჩენი მოწყობილობა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობა, 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე, გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან, ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
მოპასუხის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები კანონით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა, რის გამოც, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად. ამასთან, ხელშეკრულების 5.3 მუხლით გათვალისწინებული პირაგსამტეხლო 0,1% ოდენობით, გამომდინარეობდა „სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31 მარტის №1-3/152 ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში „მოიჯარე“ იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ჯარიმდებოდა დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0.1%-ით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის №ბს-813(კ-20) განჩინება).
შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრა - 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არის სამართლიანი და გონივრულობის ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა