საქმე Nბს-504-504(3კ-18) 13 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ბ.რ-ი (მოსარჩელე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ბ.რ-ის საკასაციო საჩივარზე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრებზე - ბ.რ-ი
მესამე პირები - დ.ს-ი, ბ.რ-ი, ბა.რ-ი,
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ.რ-მა 04.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.03.2014წ. წერილით მოეთხოვა მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის კანონიერების დამადასტურებელი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა. მისმა მეუღლემ დ.ს-მა 21.03.2014წ. წერილით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს აცნობა თუ რა ვითარებაში აშენდა საცხოვრებელი სახლი და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდგომაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 01.08.2014წ. დ.ს-ის სახელზე გასცა N000691 მითითება. აღნიშნულ მითითებასთან დაკავშირებით გამართულ 26.09.2014წ. სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მან ძმებთან შეთანხმებით განახორციელა მშენებლობა-რეკონსტრუქცია. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დ.ს-ის მიმართ შეწყვიტა სამართალდარღვევის საქმის წარმოება და 03.10.2014წ. N000815 მითითებით მოსარჩელის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა 2004 წელს და დამატებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია. მითითების შედგენის შემდეგ მან ლეგალიზების მოთხოვნით მიმართა არქიტექტურის სამსახურს, თუმცა თანამესაკუთრეების თანხმობების წარუდგენლობის გამო ზემოაღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველი, რის შემდგომაც სასარჩელო წარმოების წესით მოსარჩელემ მის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის შემდგომი ლეგალიზაციისათვის თანამესაკუთრეთათვის თანხმობის გაცემის დავალება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.06.2015წ. გადაწყვეტილებით ბ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2016წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე ჩაბულ იქნენ დ.ს-ი, ბ.რ-ი და ბა.რ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2017წ. გადაწყვეტილებით ბ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ბ.რ-ის მიმართ 03.10.2014წ. შედგა N000815 მითითება ქ. თბილისში, II ახალი ...ის ქ. N32-ში უნებართვოდ განხორციელებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გამო, სამართალდარღვევის გამოსასწორებლად ბ.რ-ს დაევალა 20 დღის ვადაში სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან ნაგებობის დემონტაჟი. ბ.რ-მა უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზების მოთხოვნით 21.10.2014წ. განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს. პროდუქტის უსაფთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.8 მუხლის შესაბამისად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეჩერებულ იქნა ლეგალიზების შესახებ წარმოების დასრულებამდე. არქიტექტურის სამსახურის 28.10.2014 N1562751 ბრძანებით ბ.რ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში შესწორებული არქიტექტურული პროექტის და თანამესაკუთრეთა თანხმობების წარდგენა. სსიპ თბილისის არქიტექურის სამსახურის 20.01.2015წ. N1691400 გადაწყვეტილებით ბ.რ-ის განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებისთვის საჭირო თანამესაკუთრეთა თანხმობები, რის შემდგომაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ 23.01.2015წ. შედგა N000815 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა 03.10.2014წ. მითითების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბ.რ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, II ახალი ...ის ქ. N32-ში უნებართვოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, ამავე დადგენილებით ბ.რ-ს დაევალა უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ბ.რ-ის მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანებით ბ.რ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15, 25-ე, 26-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ბ.რ-მა მითითების შედგენის მომენტიდან დაიწყო აქტიური მოქმედება დარღვევის აღმოსაფხვრელად. მითითებით განსაზღვრულ ვადაში 21.10.2014წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 20.01.2015წ. N1691400 გადაწყვეტილებით ბ.რ-ის განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებისთვის საჭირო თანამესაკუთრეთა თანხმობები. ბ.რ-მა მიიჩნია, რომ თანამესაკუთრეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას და მათი თანხმობის მოპოვების მიზნით მიმართა სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.06.2015წ. გადაწყვეტილებით ბ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ბ... და ბა.რ-ებს დაევალათ ბ.რ-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შემდგომი ლეგალიზაციისთვის თანხმობის გაცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2016წ. განჩინებით ბ... და ბა.რ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.02.2017წ. განჩინებით ბ... და ბა.რ-ების საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამდენად, რომ არა თანამესაკუთრეთა მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება ბ.რ-ი შეძლებდა უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებას, შეასრულებდა მითითებით დადგენილ ვალდებულებას და მის მიმართ აღარ გაგრძელდებოდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება. საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე, 237-ე, 264-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ბ.რ-მა გამოიყენა ყველა სამართლებრივი გზა სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. მითითების პირობების შეუსრულებლობა გამოწვეული არ არის მისი ბრალით, შესაბამისად უკანონოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილება ბ.რ-ისათვის ქ. თბილისში, II ახალი ...ის ქ. N32-ში უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალების ნაწილში და ამავე ნაწილში ბ.რ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალათ საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილების ბ.რ-ისათვის 8000 ლარით დაჯარიმებისა და ამავე ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ბ.რ-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 ლარის გადახდა ბ.რ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ გამხდარა ბ.რ-ის მიერ მშენებლობის უკანონოდ განხორციელების ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული "პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის" თანახმად ლეგალიზებას ექვემდებარება არა კანონიერი, ნებართვის საფუძველზე განხორციელებული მშენებლობა, არამედ უნებართვო და პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უნებართვო/პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შემდგომი ლეგალიზება გავლენას ახდენს მხოლოდ ამგვარი მშენებლობის დემონტაჟზე და არ მოქმედებს უკანონო მშენებლობის ფაქტის სამართალდარღვევად მიჩნევაზე, რომლისთვისაც მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით. საქმის მასალებში დაცული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც თანამესაკუთრეებს ბ.რ-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შემდგომი ლეგალიზაციისთვის თანხმობის გაცემა დაევალათ, იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მომავალში დიდი ალბათობით ლეგალიზება განხორციელდება, რაც წინააღმდეგობაში მოდის გასაჩივრებული აქტებით დადგენილ შედეგთან-უპირობო დემონტაჟთან და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხედველობაშია მისაღები აგრეთვე არქიტექტურის სამსახურის 30.06.2017წ. N3357918 ბრძანება, რომლის თანახმადაც ბ.რ-ს და მის მეუღლეს დ.ს-ს ნება დაერთოთ ქ. თბილისში, II ახალი ...ის ქ. N32-ში უნებართვოდ დაწყებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასამთავრებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ბ.რ-ის მიერ.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ მცდარია ბ.რ-ის ლეგალიზების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის პირობებში დემონტაჟის დავალდებულების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რადგან ნებისმიერი უნებართვო მშენებლობა პოტენციურად შეიძლება დაექვემდებაროს ლეგალიზებას, რაც გავლენას ვერ იქონიებს უკვე დასრულებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დემონტაჟის დავალების ნაწილში ახალი აქტის გამოცემა დაევალა, რაც უკანონოა პროცედურული თვალსაზრისით, ვინაიდან სამშენებლო სამართალდარღვევაზე კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ორგანოს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს, შესაბამისად გაუგებარია, რასთან დაკავშირებით უნდა გამოსცეს კასატორმა აქტი, რომელსაც მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში ენიჭება უფლებამოსილება შეისწავლოს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების კანონიერება.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რამეთუ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.9 მუხლის თანახმად, ზედამხედველობის განმახორციელებული ორგანო იღებს მხარის დაჯარიმების ან დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების შესახებ გადაწყვეტილებას, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ დემონტაჟის დავალების შესახებ, ვინაიდან ნორმა არ ითვალისწინებს სამართალდამრღვევისათვის მხოლოდ დემონტაჟის დავალების შესაძლებლობას. სადავო აქტის გამოცემისას არ დარღვეულა სზაკ-ის 601 მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორმა - ბ.რ-მა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა არსებობდა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტის შემადგენლობა და იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც განხორციელებული მშენებლობა ლეგალიზების პროცესში იყო, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ.რ-მა მითითების გადაცემისთანავე მიმართა შესაბამის ორგანოს უნებართვოდ აშენებული შენობის ლეგალიზებისათვის, თუმცა აღნიშნული თანამესაკუთრეთა უარის გამო ვერ განახორციელა. კასატორის მიმართ შედგენილი მითითებით მოთხოვნილი იყო სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან/და უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მითითების შინაარსზე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თუ ბ.რ-ი განახორციელებდა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს ამით დარღვევა არ აღმოიფხვრებოდა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტის ლეგალიზება მხოლოდ დემონტაჟის ნაწილში ახდენს გავლენას და არ მოქმედებს უკანონო მშენებლობის ფაქტის სამართალდარღვევად მიჩნევაზე, რადგან ბ.რ-ი სანებართვო დოკუმენტაციის 20 დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო იქნა დაჯარიმებული, ხოლო უკეთუ თანამესაკუთრეები განაცხადებდნენ თანხმობას ლეგალიზების პროცესზე, არქიტექტურის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 5.2 პუნქტის თანახმად დაუსრულებელი ობიექტის წარმოდგენილ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეაჩერებდა წარმოების ვადას არაუმეტეს ერთი წლის ვადით, შესაბამისად ბ.რ-ი ამ ვადაში შეძლებდა ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შესრულებას და არ დაჯარიმდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ.რ-მა განახორციელა უნებართვოდ სახლზე მიშენება, რაც არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოს სახეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ.რ-მა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრეებთან არსებული საზიარო კედლების პარალელურად ააშენა დამოუკიდებელი კედლები, შესაბამისად ის ვერ შეძლებდა მითითების შესრულებას დემონტაჟის დავალების ნაწილში, ვინაიდან ამით შეილახებოდა სხვა თანამესაკუთრეთა უფლებები. სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეეფასებინა დარღვევის მნიშვნელობა, დარღვევით გამოწვეული ზიანი და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.02.2020წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.02.2020წ. გაჩინებით ბ.რ-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სსკ-ის 408.3 მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბ.რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 03.10.2014წ. შედგა N000815 მითითების აქტი, რომლითაც ბ.რ-ს განესაზღვრა 20 დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან მითითების შედგენის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ 23.01.2015წ. შედგა N000815 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა 03.10.2014წ. მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 20.05.2015წ. მიღებულ იქნა N000815 დადგენილება, რომლითაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბ.რ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, II ახალი ...ის ქ. N32-ში უნებართვოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, ამავე დადგენილებით ბ.რ-ს დაევალა უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანებით ბ.რ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას - 8000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბ.რ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რის საფუძველზეც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მიმართ შედგა მითითების, შემდგომ შემოწმების აქტი და დარღვევის გამოუსწორებლობის გამო დადგენილებით მას შეეფარდა სანქცია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბ.რ-მა მითითების შედგენის მომენტიდან დაიწყო აქტიური მოქმედება და დარღვევის აღმოსაფხვრელად მიმართა სსიპ თბილისის არქტიტექტურის სამსახურს უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის ლეგალიზების მოთხოვნით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ,-ზედამხედველობის სამსახურმა, მითითების (03.10.2014წ. N000815) გაცემის შემდეგ, შეაჩერა საქმის წარმოება ლეგალიზაციის შესახებ წარმოების დასრულებამდე. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, "მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე." სსიპ არქიტექტურის სამსახურის 20.01.2015წ. N1691400 გადაწყვეტილებით ობიექტის ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დარჩა განუხილველი ობიექტის თანამესაკუთრეების თანხმობის წარუდგენლობის გამო, შესაბამისად განახლდა მითითებით განსაზღვრული ვადის დინება, 23.01.2015წ. ზედამხედველობის საქალაქო სასმახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. დადგენილებით სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ბ.რ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით და დაევალა ობიექტის დემონტაჟი. იმჟამად მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალიწინებდა მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერება ლეგალიზაციის საქმის წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ადასტურებს ლეგალიზაციის აქტის მნიშვნელობას ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საკითხისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის დასრულების შემდეგ დამრღვევის მიერ მომავალში ობიექტის ლეგალიზების განხორციელებას არ აქვს მნიშვნელობა უკვე დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის მიმართ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის დაკმაყოფილების გონივრული მოლოდინი, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის სადავო 05.08.2015წ. N558 ბრძანების გამოცემის მომენტისათვის უკვე არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.06.2015წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.რ-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების და შემდგომი ლეგალიზების მიზნით თანამესაკუთრეებს - ბ... და ბა.რ-ებს დაევალათ თანხმობის გაცემა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში საქმის განხილვა ადასტურებს, რომ დავა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე არ არის დასრულებული. შესაბამისად ადგილი არ აქვს უკვე დასრულებულ სამართალდარღვევის საქმის შემდეგ ლეგალიზებას. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სადავო აქტის თაობაზე დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში, პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 30.06.2017წ. N3357918 ბრძანებით დაკმაყოფილდა ბ.რ-ის და დ.ს-ის განცხადება, მათ ნება დაერთოთ ქ. თბილისში, II ახალი ...ის N32-ში უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, რისთვისაც განესაზღვრათ 10 თვის ვადა, ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ განმცხადებლებს უნდა მიემართათ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ობიექტის ლეგალიზებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული ბრძანება წარდგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილება და ამავე ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.08.2015წ. N558 ბრძანება, მოპასუხეებს დაევალათ საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტების გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.04.2018წ. N3906034 ბრძანებით დაკმაყოფილდა ბ.რ-ის და დ.ს-ის განცხადება, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, II ახალი ...ის ქ. N32-ში (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სადავო აქტების გამოცემის შემდგომ შექმნილი შეღავათიანი რეჟიმი და შეცვლილი ობიექტური გარემოებები. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ობიექტის ლეგალიზაცია ქმნის დარღვევის მცირე მნიშვნელობის და პირის მიმართ შეფარდებული სანქციის -პასუხისმგებლობის სახით ობიექტის დემონტაჟის არაადეკვატურად მიჩნევის პირობას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.04.2018წ. N3906034 ბრძანება მიღებულია საქართველოს პრეზინდეტის 24.11.2007წ. N660 ბრძანებულებით დამტკიცებული "პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის" შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესაძლებლობას. ამავე ბრძანებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებით ადმინისტრაციულმა ორგანომ, ფაქტიურად უარი თქვა დემონტაჟის განხორციელების დავალდებულებაზე. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტებით გათვალისწინებული დემონტაჟის დავალების ძალაში დატოვების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბ.რ-ისათვის ჯარიმის დაკისრების საფუძველიც, რადგან „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ სამშენებლო სამართალდაღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახეობა და მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლამდე, ხოლო ბ.რ-ისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ამდენად, ჯერ არ არის აღსრულებული, ამასთანავე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 28.09.2016წ. N7603/02-02-23/04-01 ცნობის თანახმად ბ.რ-ი არის სამხედრო ძალების ვეტერანი (ტ. 2, ს.ფ. 388), ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 18.04.2018წ. N04-00-d/15821 და 18.06.2021წ. N04-00-d/6401 ცნობების მიხედვით არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი („დ“ ქვ.პ.). ასევე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი („ე“ ქვ.პ.), ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ, ბ.რ-ისათვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მერიის და ზედამხედველობის სამსახურს დაევალა დემონტაჟის დავალების ნაწილში ახალი აქტების გამოცემა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერიის მიმართ აქტის გამოცემის დავალება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ობიექტის დემონტაჟთან დაკავშირებით აქტი გამოიცა ზედამხედველობის სამსახურის მიერ, სასამართლოს მიერ აქტი ბათილად იქნა ცნობილი, ასეთ პირობებში გაუგებარია თუ რასთან დაკავშირებით უნდა გამოსცეს აქტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას, რომ მერიას მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში უჩნდება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, აქტის მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამდე იმთავითვე მერიისათვის აქტის გამოცემის დავალება არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ორ შემთხვევას ითვალისწინებს - მხარის და დავის საგნის მიხედვით. მხარის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევაში გადამწყვეტია მხარის სტატუსი (მაგ.: მოსარჩელის სოციალურად დაუცველობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ.), ხოლო დავის საგნის მიხედვით სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებისათვის მნიშვნელოვანია უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნა, დავის შინაარსი (მაგ. სოციალური დავები, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სარჩელები და სხვ.). „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ყველა სარჩელზე, ხოლო ამავე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. ამდენად, განსახილველი დავის მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც გამორიცხავდა სარჩელის წარდგენისას ბ.რ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას, თუმცა მის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 98-99 ). აღნიშნული თავის მხრივ წარმოშობდა სასამართლოს ვალდებულებას დაებრუნებინა ბიუჯეტიდან შეცდომით გადახდილი ბაჟი მოსარჩელისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლი ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებას იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუმცა მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც ბაჟის გადახდა სარჩელის წარმოებაში მიღების აუცილებელი პირობაა. უკეთუ დავა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, მოსარჩელის მიერ ბაჟის შეცდომით გადახდა იწვევს გადახდილი თანხის არა მოპასუხისათვის დაკისრებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმეზე ბაჟის საკითხი, კერძოდ არასწორად დააკისრა მოპასუხეებს (ქ. თბილისის მერიას და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს) მოსარჩელის სასარგებლოდ ბ.რ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა, ხოლო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 50 ლარი, არასწორად ჩათვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ.რ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411–ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ.რ-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ბ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.05.2015წ. N000815 დადგენილება;
6. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 05.08.2015წ. N558 ბრძანება;
7. ბ.რ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სარჩელზე 16.11.2015წ. N1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
8.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი